ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლიტერატურული თანამგზავრი

ყოველი წაკითხული წიგნი ახალ გამოცდილებას სძენს ადამიანს, შთაბეჭდილებაც განსხვავებულია. ხანდახან ტექსტი ისეთ გავლენას ახდენს მკითხველზე, ემოციები წლების განმავლობაში მიჰყვება, ზოგჯერ კი, პირიქით, ბევრი რამ ავიწყდება.

არსებობს წიგნები, რომელთა არა მხოლოდ პერსონაჟები, ავტორი ან სიუჟეტი მახსოვს, არამედ ისიც, როდის და სად წავიკითხე, რას განვიცდიდი. მაგალითად, ,,გრძელფეხება მამილომ” ნიუ-იორკი აღმომაჩენინა და ჯუდი ებოტი ჩემი წერილების ადრესატად აქცია. ვერასოდეს დავივიწყებ, დედამ ,,ბულერბიელი ბავშვები” რომ გამაცნო და წამიკითხა ,,როგორ ამოაძვრეს ულეს კბილი”, მერე წიგნი დახურა და ოთახიდან გავიდა. მეხსიერებას კარგად შემორჩა ეს ოთახი, მწვანე ხალიჩა, სავარძელი, თეთრი ფანჯრები, ისიც, როგორ გადავფურცლე ნარინჯისფერყდიანი წიგნი და რა მხიარულად ვკითხულობდი ლიზის, ლასეს, ბოსეს, ულეს, ბრიტასა და ანას ამბებს. ეს რომ მაგონდება, ახლაც საოცარ სიამოვნებას განვიცდი.

სხვაგვარადაც მომხდარა. მოულოდნელად გონებაში ამომიტივტივდება რომელიმე ილუსტრაცია, თავგადასავალი, პერსონაჟის ქცევა და ვერაფრით ვიხსენებ, რომელი წიგნიდანაა.

მასწავლებლობამ ბავშვობისდროინდელ წიგნებთან დამაბრუნა, თავიდან წამაკითხა ისინი და საინტერესო რამ აღმომაჩენინა – პატარაობისას ფურცლებზე ამოკითხული ბევრი რამ ჩემს ქვეცნობიერში ყოფილა დალექილი, მიმახვედრა, რატომ მიყვარდა ზოგიერთი ფერი, სახელი, თამაში, საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხებიც მაპოვნინა.

ამ ფიქრებმა და გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა ლიტერატურული თანამგზავრი, რომელიც ხელს შეუწყობდა წერითი მეტყველებისა და თავისუფალი აზროვნების უნარების განვითარებას, შეინახავდა ბავშვების შთაბეჭდილებებს და, რაც მთავარია, წლების შემდეგ მათ საკუთარი თავის შე(გა)ცნობაში დაეხმარებოდა.

 

რა არის ლიტერატურული თანამგზავრი

ლიტერატურული თანამგზავრი არის ბლოკნოტი, რომელშიც მოსწავლეები წერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, აზრებს წაკითხულ წიგნებზე, მოთხრობებზე, ლექსებზე ან, უბრალოდ, იმას, რის შესახებ წერაც სურთ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. იგი შედგება რამდენიმე თემატური ნაწილისაგან:

  1. მკითხველთა საბჭო;
  2. იცით თუ არა, რომ…,
  3. ჩემი წაკითხული წიგნები/ჩემი ბიბლიოთეკა;
  4. ჩანაწერები.

მთავარი პრინციპი ისაა, რომ ამ ბლოკნოტში უნდა იწერებოდეს წლების განმავლობაში, სასურველია – სკოლის დამთავრებამდე.

 

 

 

მკითხველთა საბჭო

ლიტერატურული თანამგზავრი შევქმენით 2014-2015 სასწავლო წელს, როდესაც ჩემი მოსწავლეები მეოთხე კლასში იყვნენ. კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით, ხმამაღლა ვკითხულობდით წინასწარ შერჩეულ მოთხრობას, შემდეგ ვმსჯელობდით, ბავშვები გამოთქვამდნენ შეხედულებებს და ბოლოს თავიანთ აზრებს ბლოკნოტებში წერდნენ. მკითხველთა საბჭო – ასე დავარქვით ამ შეკრებებს და ბლოკნოტის ერთი ნაწილიც ამგვარად დავასათაურეთ.

 

იცით თუ არა, რომ…

ეს ნაწილი საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს დავუთმეთ. ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ახალ ამბავს ისმენენ, მათი დახარისხება და დამახსოვრება ყველას ერთნაირად არ შეუძლია, ამიტომაც მოვიფიქრე ასეთი ფორმა. ეს ფურცლები ნელ-ნელა შეივსება სანდო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციებით, რომლებიც მათი ზოგადი განათლების დონეს აამაღლებს. სამომავლოდ ვგეგმავ, ამ მიმართულებით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები უფრო აქტიურად გამოვიყენო და ამას ჰქონდეს სისტემატური სახე –  კვირაში ერთხელ, მინილექციის მოსმენისა და ჩაწერის გარდა, მოსწავლეებს მივცე საშუალება, გაკვეთილზევე ნახონ ვიდეორგოლი ან დაათვალიერონ შესაბამისი ფოტომასალა, რათა ეს ყველაფერი უკეთ დაამახსოვრდეთ.

 

ჩემი წაკითხული წიგნები/ჩემი ბიბლიოთეკა

ლიტერატურული თანამგზავრის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი ჩემთვის სწორედ ესაა. მოსწავლეები წერენ თავიანთ შეხედულებებს წაკითხული წიგნების შესახებ, ათავსებენ ინფორმაციას ავტორებზე, საუბრობენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟებზე, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ, რა დაამახსოვრდათ და რატომ.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დრო ვერ იპოვონ ვრცელი ჩანაწერისთვის და მოკლედ მიანიშნონ, როდის რა წაიკითხეს.

სასწავლო რესურსად ქცეული ეს აქტივობა ძალზე შედეგიანია:

  • მოსწავლეები თავს უყრიან ინფორმაციას წლების განმავლობაში წაკითხული წიგნების შესახებ;
  • უკეთ ამახსოვრდებათ ამა თუ იმ ავტორის სახელი და გვარი, პერსონაჟები, დეტალები, ტექსტის მთავარი სათქმელი;
  • უვითარდებათ წერითი მეტყველებისა და თავისუფალი აზროვნების უნარები;
  • აკვირდებიან თავიანთ პროგრესს;
  • სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გაიგონ, რამდენი/რომელი წიგნი წაიკითხეს 1 (2, 3, 4, 5 და ა.შ.) წელში, როგორ აზროვნებდნენ 10 ან 12 წლის ასაკში, როგორ წერდნენ და რა ინტერესები ჰქონდათ მეექვსე კლასში და სხვა.

 

 

ჩანაწერები

ლიტერატურული თანამგზავრის ბოლო ,,განყოფილება” დღიურს ჰგავს. აქ აუცილებლად შეხვდებით მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლის ჩახატულ ხელს. გარდა იმისა, რომ ბავშვებს ეხალისებათ საკუთარი მარჯვენის ან მარცხენის მოხაზვა, ეს გარკვეულ მიჯაჭვულობასაც იწვევს. ბლოკნოტის ყოველ გადაფურცვლაზე ნახატს ატოლებენ თავიანთ ხელებს და აცნობიერებენ, რომ იზრდებიან, დრო გადის და მათი ფიქრებიც იცვლება.

ჩანაწერების შინაარსი მრავალფეროვანია, შეხვედრის ადგილი – ერთი და იგივე – ქართულის გაკვეთილები. შეიძლება არაფრით გამორჩეული დღე შეინახონ ფურცლებზე, ძირითადად კი განსაკუთრებულ ამბებზე წერენ.

ვერ ვიხსენებ შემთხვევას, მოსწავლეებს ეს მოვალეობის მოხდის მიზნით გაეკეთებინოთ, ყოველთვის ეხალისებათ ბლოკნოტებში წერა. ამ დღიურების ხმამაღლა წაკითხვაც უნდათ. ახლაც სიამოვნებით დამრთეს ნება, გამომექვეყნებინა მათი ნააზრევი. იციან, რომ ეს ფიქრები მათი მომავლის თანამგზავრები გახდებიან, წლების შემდეგ საკუთარ ჩანაწერებს წაიკითხავენ და ამიტომაც ეკიდებიან ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით.

 

ჩემი აზრით, სწორედ მაშინ იქცევა წერითი მეტყველება მოსწავლის ძლიერ მხარედ, როცა მას აქვს თავისუფლების განცდა, არ არის შეზღუდული და წერს იმაზე, რაც სიამოვნებს.

 

ახალი ლიტერატურული თანამგზავრი

შარშანდელ მეოთხეკლასელებთან ერთად ისევ შევქმენი ლიტერატურული თანამგზავრი. ხელების ხატვა ტრადიციად იქცა, ფურცლების შევსებას კი განსხვავებული იდეების გაჩენა მოჰყვა.

წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებების წერის სხვადასხვა ფორმას ვიგონებ, ეს მოსწავლეებისთვის მოსაწყენ აქტივობად რომ არ იქცეს. ზოგჯერ მათგან ინტერვიუს ვიღებ, ხანდახან თვითონ საუბრობენ პერსონაჟების ან მწერლების ენით.

მთავარია, ბავშვები მივახვედროთ იმას, რომ ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითობა საინტერესოს ხდის ცხოვრებას, მათი ნებისმიერი მცდელობა წავახალისოთ, რათა მერე თავად გახდნენ არაჩვეულებრივი იდეების ავტორები.

 

 

 

 

* * *

ლიტერატურული თანამგზავრი დაეხმარება პედაგოგებს, დააკვირდნენ მოსწავლეთა აზროვნების განვითარებისა და გემოვნების ჩამოყალიბების პროცესს და შესაძლებლობას მისცემს მათ, წლების შემდეგაც გააცოცხლონ ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებები.

აღნიშნული აქტივობა იმით არის საინტერესო, რომ გამოყენების მრავალჯერადი ხასიათი აქვს. მისი დანერგვა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რომელიც აცნობიერებს, რომ წერა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი