ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ემოციური რეგულაცია და მისი სწავლების ასპექტები

უკეთეს, არაძალადობრივ საზოგადოებაში ცხოვრებას, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ნატრობს. არადა, ძალადობასა და მის გამაოგნებელ შედეგებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ძალადობენ უგულებელყოფით, ირონიით, დაცინვით, ბრაზით, ყვირილით, გინებით, ხელის წამოკვრით, ცემით, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით – მოკლედ, ნებისმიერი ფორმით, შეუნიღბავად და შენიღბულად, დღისით და მზისით. რისკები, რომლებიც ამ საშინელ მოვლენას ახლავს თან, განუზომელია და ერისთვის დამღუპველი, რადგან სარკესავით აირეკლება მომავალი თაობების ცნობიერებაში.

ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების საფუძვლად ნეიროფსიქოლეგები ემოციური რეგულაციის არცოდნას მიიჩნევენ. მათი აზრით, დამღუპველია, რომ ქართველების მსგავსი ტემპერამენტის მქონე ხალხს ემოციური რეგულაციის სწავლება ამოღებული აქვს ყოველგვარი ცნობიერებიდან, მაშინ როდესაც დასავლეთში დიდი ძალისხმევა იხარჯება ემოციური რეგულაციის შესასწავლად. ემოციურ რეგულაციად ისინი მოიაზრებენ:

* სხვისი ემოციის გაგებას;

* საკუთარი ემოციის გაგებას;

* ბრაზის მართვას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური უნარების სწავლება?

ჯანსაღი ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებს მხოლოდ მეგობრების შეძენასა და სხვებთან შეწყობაში კი არ ეხმარება, არამედ საშუალებას აძლევს:

* ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები (Fabes&Eisenberg, 1992);

* განიმტკიცონ თავდაჯერება და თვითშეფასება (Michelson&Mannarino, 1986);

* გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებაგრესიულად (Fabes&Eisenberg, 1992);

* თავიდან აიცილონ თანატოლებისგან გარიყვა და ვიქტიმიზაცია (Perry, Kusel&Perry, 1988);

* უკეთესი შედეგები ჰქონდეთ სწავლაში (Elias&Schwab, 2006);

* შეამცირონ დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის რისკი (Nagin&Tremblay, 2001).

 

ბავშვის ემოციური განვითარება და პოზიტიური, კოოპერაციული სოციალური ურთიერთობები გადაჯაჭვულია: ერთი მეორეს აძლიერებს (Hawkins, Smith&Catalano, 2004). კურიკულუმში ამ უნარებისთვის ფორმალური ადგილის მინიჭება სწავლებას წინასწარგანზრახულს და არა უნებლიეს გახდის (Elias&Schwab, 2006), ხაზს გაუსვამს მათ ღირებულებას და გააძლიერებს ჯგუფის პროსოციალურ კლიმატს. ამასთან, ემოციური და სოციალური განვითარების პროგრამა პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ის უნარები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ვერ გამოიმუშავებდნენ. სოციალური ურთიერთობების მართვა შეგიძლიათ არა მხოლოდ ინკლუზიური და პროსოციალური გარემოს შექმნით, არამედ ქცევებით, დამოკიდებულებებით, ქმედებებითა და სიტყვებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ პოზიტიური სოციალური ურთიერთობები სწავლებით (Rubin, Bukowski&Parker, 1998).

კვლევების თანახმად, ემოციური და სოციალური უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისათვის, რათა მათ ცხოვრებაში არსებული სტრესი მართონ და აკადემიურ წარმატებას მიაღწიონ (Raver, 2002). პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები სოციალურადაც და ემოციურადაც დიდ სირთულეებს აწყდებიან (Bierman&Erath, 2006). თანატოლებისგან გარიყულებს და ხშირად უმეგობროებს, ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება უჭირთ და თავდაჯერებაც აკლიათ. რაც უფრო ექცევიან იზოლაციაში, მით უფრო გულჩახვეულები ხდებიან და საფრთხის შეგრძნება აქვთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მათი აგრესიული ქცევა გახშირდეს (Fabes, Gaertner&Popp, 2006; Raver et al., 2007).

ემოციური განვითარება დაკავშირებულია შემეცნებით განვითარებასთან, შესაძლოა, ბავშვის აზროვნების უნარი შეიზღუდოს, რაც თავისთავად გამოიწვევს სკოლაში წარუმატებლობას (ნაციონალური მეცნიერული საბჭო განვითარებად ბავშვზე, 2004). ბავშვებს, რომლებიც აგრესიულად იქცევიან, შესაძლოა გაუჭირდეთ სოციალური ინფორმაციის გადამუშავებაც, ვერ მოახერხონ სოციალური მინიშნებების სწორად გაგება და გადაწყვიტონ, რომ სხვებს მტრული განზრახვები აქვთ; შესაძლოა, არც კი მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ან არ იფიქრონ პრობლემიდან ალტერნატიულ გამოსავალზე; დაბოლოს, არ გაითვალისწინონ აგრესიული ქცევის შედეგი (იხ. 1 თავი). მის თანაკლასელებს (და მასწავლებლებსაც) მისი ეშინიათ, მის საქციელს ხშირად უარყოფითად აღიქვამენ. პრობლემური ქცევის მქონე ბავშვების რეპუტაცია ართულებს მათ ინტეგრირებას თანატოლებსა და მასწავლებლებთანაც მაშინაც კი, როდესაც ისინი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას იწყებენ (Coie&Koeppl, 1990). სწორედ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტად სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება.

 

როგორ იძენენ ბავშვები ემოციური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო უნარებს?

უფროსები სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების მოდელირებას ახდენენ და მათ მაგალითზე ბავშვებიც სწავლობენ. თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვები გაცილებით მეტს სწავლობენ თანატოლებთან ურთიერთობისას (Fabes et al., 2006). ისინი სოციალურად თანასწორებთან ერთად (რომლებიც ოჯახის წევრებთან შედარებით ნაკლებად მიმტევებლები არიან) გაითამაშებენ როლებს და აწყდებიან ისეთ დილემებს, რომლებიც უფროსებთან არ ხვდებათ. შედეგად, თუ ისინი სოციალურად უნარიანები არიან და ურთიერთქმედებაც პოზიტიურია, სწავლობენ მართვას, დამორჩილებას, იდეების გაცვლა-გამოცვლას, კომუნიკაციას, ხიფათსა და მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემას, შეთანხმებას, კომპრომისს, ანგარიშის გაწევას, პრობლემების მოგვარებას, განსხვავებული პერსპექტივების დანახვას, დარწმუნებას, რიგის დაცვას, აზროვნებას, თანამშრომლობას, გაზიარებას, თანადგომას, მჭიდრო კავშირების დამყარებას და მშვიდი ურთიერთქმედების ხელშემწყობ წესებსა და დეტალებს.

სოციალური უნარების მქონე ბავშვები ერთად ყოფნას ამჯობინებენ. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, სოციალურად მით უფრო კომპეტენტურები ხდებიან. მათთვის კონფლიქტიც სასარგებლოა – ეხმარება მათ ყველა ამ უნარის განვითარებაში, სხვა ადამიანების განცდების გაგებაში (Fabes et al., 2006).

ამის საპირისპიროდ, რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს შესაძლოა თანატოლებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ. მათი სოციალური ურთიერთქმედება ხშირად ხანმოკლეა, ნეგატიური და დესტრუქციული, რადგან ამ ბავშვებს სათანადოდ არ აქვთ გამომუშავებული სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარები, უჭირთ თავიანთი განცდების მართვა. სოციალურ-ემოციურად მათზე მეტად განვითარებული ბავშვებისგან უარყოფილებს და გარიყულებს, არ ეძლევათ საჭირო უნარების (Fabes et al., 2006) შეძენის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გარიყვის შემდეგ ბავშვს შესაძლოა ჰყავდეს მეგობარი (Katz&McClellan, 1997) და სწორედ ეს მეგობრობა იცავს გარიყულობის საზიანო ეფექტებისგან (Andrews&Trawick-Smith, 1996). მეორე მხრივ, ის ბავშვები, რომლებიც აგრესიულობის გამო გარიყეს, ხშირად ერთად იკრიბებიან და ერთმანეთის ანტისოციალურ მიდრეკილებებს განამტკიცებენ (Bagwell, 2004).

თანატოლები ძალიან მნიშვნელოვანი როლური მოდელები არიან: ბავშვები ცდილობენ, მიბაძონ მათ, ვინც სოციალურ-ემოციურად მათი მსგავსია (Michelson&Mannarino, 1986). როდესაც ურთიერთობაში სოციალურად უნარიანი თანატოლები არიან ჩართული, პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები ნაკლებად აგრესიულები და მეტად მიღებულებიც არიან (Bierman, 1986). სასტიკი მოპყრობის მსხვერპლ და უგულებელყოფილ ბავშვებზე ჩატარებული კვლევის დროს მასწავლებლის მიერ სასურველი ქცევის განმტკიცებამ მხოლოდ 12%-ში გამოიღო ნაყოფი, მაგრამ როდესაც პროცესში თანატოლებიც იყვნენ ჩართული, პოზიტიური პასუხები 53%-მდე გაიზარდა (Strayhorn&Strain, 1986). სოციალურად კომპეტენტური თანატოლები, რომლებსაც ყოველდღიურად შეუძლიათ მისაღები ქცევის მოდელირება და განმტკიცება, პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებისთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან (Slaby et al., 1995; Vitar&Tremblay, 1994).

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარები?

ვინაიდან პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები უკეთესად სწავლობენ, როდესაც სოციალურად უნარიან თანატოლებთან ერთად არიან, სასურველია სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების მთელი ჯგუფისთვის ან სკოლისთვის სწავლება, როგორც ამას პოზიტიური ქცევის განმტკიცების სისტემა გვთავაზობს. ყველა ბავშვი მოგებული რჩება: არავინ არის გარიყული ან გამორჩეული; ყველა სწავლობს ერთსა და იმავე ცნებებს და ლექსიკას, რაც გაცილებით ამარტივებს დღის განმავლობაში უნარების მოდელირებას, გამოყენებასა და განმტკიცებას (Elias&Schwab, 2006). ამ ტიპის უნივერსალური ინტერვენცია (ჩარევა) ბავშვების 80-90%-თან წარმატებულია (Sugai, Horner&Gresham, 2002). მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური ინტერვენცია, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული პატარა ჯგუფზე ან ინდივიდუალიზებული იმ ბავშვისთვის, რომელსაც მუდმივად პრობლემები აქვს.

ზოგიერთი ექსპერტი საბავშვო ბაღის პერიოდს ოპტიმალურ დროდ მიიჩნევს ინტერვენციის დასაწყებად (Bierman&Erath, 2006; Mize&Ladd, 1990).

სოციალური და ემოციური სწავლების პროგრამები ხშირად ალბერტ ბანდურას დასწავლის სოციალურ-კოგნიტიურ თეორიას ეყრდნობა და მეთოდების ნაირსახეობას იყენებს, მათ შორის – დიდაქტიკურ ინსტრუქციას, მოდელირებას, როლურ თამაშებს, უკუკავშირსა და ჯგუფურ დისკუსიებს. როდესაც ბავშვი სტრესშია, რთულია ახალი უნარის გამომუშავებაზე გადასვლა (Elias&Butler, 1999), შესაბამისად, მრავალფეროვანი რეპეტიცია და პრაქტიკა წყნარ და უსაფრთხო გარემოში მეტად მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ კლასსა და ეზოში ინტერაქციის დროს ამ უნარებს ყოველდღიურად განამტკიცებთ, რათა ბავშვებს მათ გენერალიზებაში დაეხმაროთ (Mize&Ladd, 1990).

სოციალური და ემოციური სწავლების კურიკულუმში ინტეგრირება მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის (Elias&Schwab, 2006). მაგალითად:

* ფიქციური პერსონაჟების გრძნობებზე საუბრით ან თემის დაწერით;

* მათი ქმედებების სხვებზე გავლენის განხილვით და იმაზე სპეკულირებით, რა მოხდებოდა, სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინათ – შესაძლოა, ბავშვები სხვისი აზრის გათვალისწინებაში გავარჯიშდნენ;

* როდესაც აქტივობას ემოციურ-სოციალური უნარის გამომუშავებაზე ატარებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ როლური მოდელი ხართ და ყურადღება მიაქციეთ, რომ პროსოციალურობის თქვენი მაქსიმუმი აჩვენოთ;

* ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებში გათვითცნობიერება.

ხშირად ბავშვი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩართულობა, ყველაზე ნაკლებადაა დაინტერესებული, რომ მონაწილეობა მიიღოს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს იდეა ეწინააღმდეგება ქცევათა იმ შაბლონს, რომელსაც ჩვეულებრივ ეყრდნობა, ან აკლია თვითშეფასება, რათა დაიჯეროს, რომ რამეს საერთოდ შეუძლია ჯგუფში მისი სტატუსის შეცვლა. თუ მას მონაწილეობა არ სურს:

* ოთახის ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია მოსმენა;

* შენიღბეთ და გააცოცხლეთ რეალური ამბები მარიონეტების, სურათების, ნახატების, წიგნების, როლური თამაშებისა და დისკუსიების საშუალებით.

ამ უსუბიექტო და ექსტერნალიზებული მიდგომით არავინ იფიქრებს, რომ აქცენტს პირადად მასზე სვამენ და მომდევნო ჯერზე უნარებს ყველა განავითარებს. როგორც ყოველგვარი სწავლების პროცესი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო სწავლებაც უნდა იყოს სახალისო, ბავშვის განვითარების დონის შესაბამისი და კულტურის მიმართ სენსიტიური.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე იდეა:

* ჩართეთ პროგრამაში როლური და სხვა თამაშები.

* გადაიღეთ ვიდეო და შემდეგ განიხილეთ.

* სთხოვეთ ბავშვებს, გაგიზიარონ ამბები პროსოციალურ ქცევაზე, რომლის მოწმეებიც გახდნენ.

* საჯაროდ იზეიმეთ მიღწევები.

* დაუკავშირეთ აქტივობები ბავშვების მიზნებს – მეტი მეგობარი, უკეთესი აკადემიური მიღწევები, უფრო უსაფრთხო სკოლა (Thornton et al., 2000).

ბავშვები რეალურ სიტუაციებში იყენებენ ნასწავლს. ჩვენი მოვალეობაა, ყურადღებით ვიყოთ და ბიძგი მივცეთ, ვუკარნახოთ, რათა უზრუნველვყოთ სასურველი შედეგის მიღება. სასურველი ქცევის განმტკიცება ბავშვს მიანიშნებს, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის და სტიმულს მისცემს მცდელობის გაგრძელებისთვის. როდესაც ბავშვი ამ უნარებს მყარად გაითავისებს, შეგვიძლია, ჩვენი ჩარევის ხარისხი თანდათან შევამციროთ, რადგან ბუნებრივი ჯილდო – უკეთესი ურთიერთობა თანატოლებთან – საკმარისი იქნება. კვლევებმა ცხადყო, რომ სოციალური და ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარების შედეგიანი სწავლების გასაღები მასწავლებლის ენთუზიაზმია (Thornton et al., 2000).

მთავარია, ვირწმუნოთ, რომ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია. მიჯაჭვულობის თეორიის მიხედვით ხომ რაც უფრო სენსიტიურია მზრუნველი და ხშირად რეაგირებს ბავშვის მინიშნებებზე, მით უფრო უკეთესად მართავს ბავშვი საკუთარ ემოციებს. მეორე მხრივ, თუ მასზე მზრუნველი არაპროგნოზირებადია, მიუწვდომელი ან უარმყოფელი, ბავშვი სწავლობს თავისი გრძნობების იმ ფორმით მართვას, რომელიც ჯგუფში შესაძლოა მიუღებელი იყოს (Greenberg, DeKlyen, Speltz&Endriga, 1997). მისი ურთიერთობა თავის მზრუნველთან მომავალი ურთერთობის მოდელი და ღირსების განცდის საფუძველი ხდება (Bowlby, 1969/1982).

გრძნობებზე საუბარი – მათი ამოცნობა, აღიარება, დასახელება და გათამაშება –იმის სწავლაში ეხმარება ბავშვებს, როგორ განასხვაონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები (Dunn&Brown, 1991). ეს ემოციური გათვითცნობიერება სოციალური კომპეტენციებისა და ემოციური რეგულაციისთვის ფუნდამენტურია და, ამავე დროს, ბავშვებს ძლიერი იარაღით ამარაგებს: ნაცვლად გრძნობების ფიზიკურად გამოხატვისა, სიტყვების გამოყენების საშუალებას იძლევა (Raver, 2002). ყოველთვის, როცა ბავშვებს ემოციები მოსჭარბდებათ, კარგი იქნება, მათი სახელდება და ერთად განხილვა.

* ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს და შესთავაზეთ ერთი ან ორი ვარიანტი, მაგალითად, „იმან გაგაბრაზა, რომ ჯეფრიმ სარბოლი მანქანა აიღო?“

* ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ პოზიტიურ ემოციებზე: „ჩანს, შენ და ლეოს ეს წიგნი ძალიან მოგეწონათ”.

* დაეხმარეთ ბავშვებს, გაარკვიონ, რომელი სიტუაცია რა ემოციას აღძრავს: „მოწყენილი ხარ, რაკი ნოა თამაშის საშუალებას არ გაძლევს?“

* ესაუბრეთ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანს ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვაადასხვა ემოცია გაუჩნდეს: „გიო აღგზნებულია სასრიალოდან დაშვების წინ, ირინე კი ძალიან შეშინებულია“.

ბავშვები საკუთარი გრძნობების გაცნობიერებას სწავლობენ:

* წარმოსახვით თამაშებში ჩართვით;

* სხვებზე დაკვირვებით;

* სარკეში ყურებით:

* სხვადასხვა ემოციის გამომხატველი ადამიანების სურათების თვალიერებით;

* კითხვების დასმით, რთულ სიტუაციებში უფროსისგან დახმარების მიღებით;

* ისეთი სტრატეგიების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარ თავთან საუბარი (Dunn&Brown, 1991).

საუკეთესო იარაღი იმისთვის, რომ ბავშვმა თავისი ემოციები მართოს, ჩვენი ურთიერთობის სტილია. როდესაც ემპათიით (სხვა ადამიანთა ქცევის გაგების უნარი) ვუსმენთ და ვპასუხობთ ბავშვს, არა მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, არამედ ვეხმარებით კიდეც, გაუმკლავდეს თავის გრძნობებს და ვუძლიერებთ იმის განცდას, რომ ემოციების გაკონტროლება შესაძლებელია (Karen, 1998).

ასეთივე მესიჯს ვაგზავნით, როდესაც გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს (პოზიტიურსა თუ ნეგატიურს): ბავშვი სწავლობს, რომ სავსებით ბუნებრივია, გვქონდეს და გამოვხატავდეთ ემოციებს და, ამასთან, მათი მართვაც შეიძლება. თუკი ეცოდინება, რომ საჭიროების შემთხვევაში მის გვერდით ვიქნებით, შესაძლოა, მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი, თვითონვე გაუმკლავდეს საკუთარ რთულ გრძნობებს და მეტიც – გაითვალისწინოს სხვისი (Karen, 1998).

მას შემდეგ, რაც ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ყველა არ განიცდის იმას, რასაც თვითონ განიცდიან და რომ სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა გრძნობა ჰქონდეს, მათ შეუძლიათ ისწავლონ სხვათა ემოციების წინასწარ განჭვრეტა და ადეკვატურად რეაგირება. შესაძლებლობა, დაინახო სიტუაცია სხვისი თვალით, სამყაროს შესახებ ბავშვების ხედვას სრულიად ცვლის და აგრესიული ქცევის გაკონტროლებისთვის გადამწყვეტია (Beland, 1996; Cartledge&Milburn, 1995; Slaby et al., 1995).

პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებს ვითარებისა თუ სხვათა ემოციების სხვისი თვალით დანახვა უჭირთ. თანატოლის გაბრაზების ან განცდების გამო მათ შესაძლოა საფრთხის შეგრძნება გაუჩნდეთ და თავი დაიცვან მისი იგნორირებით ან ტკივილის მიყენებით (Thompson&Lagattuta, 2006). ბავშვებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან ან შესწრებიან ძალადობას, შესაძლოა ემპათიის უნარი დაიბლოკონ, რათა ტრავმას გაუმკლავდნენ (Beland, 1996).

ამის საპირისპიროდ, ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი გრძნობების წარმოდგენა, აგრესიული ქცევისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. როდესაც ბავშვს შეუძლია გაუგოს და თანაუგრძნოს თანატოლს, მეტი შანსია, დაეხმაროს მას და ნაკლები, რომ მასზე გაბრაზდეს ან არასწორად შეაფასოს ვითარება და მისი ზრახვები (Eisenberg&Fabes, 1998). ასეთ ბავშვებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი სიტყვებისა და ქმედებების შედეგები და მიხვდნენ, რომ ხელის კვრამ ან დაცინვამ შესაძლოა ვინმე დააზიანოს. ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ითვალისწინებენ სხვების გრძნობებს პრობლემების გადაწყვეტისას, რითაც სასურველი გამოსავლის პოვნის შანსს ზრდიან (Ianotti, 1985).

ბავშვებს ემპათია შეიძლება ვასწავლოთ იმავე ტაქტიკით, რომლითაც ემოციების გაცნობიერებასა და სახელდებაში ვეხმარებით. აუცილებელია, ავუხსნათ:

* პროვოკაციულ ქმედებასა და ემოციურ შედეგს შორის კავშირი (“სარას ცუდ გუნებაზე აყენებს ის, რომ არ ათამაშებ”);

* წავახალისოთ და განვამტკიცოთ ემპათიის ნიშნები ჯგუფში;

* დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც ბავშვებს სხვისი აზრისა და განცდის დანახვა-გაზიარებაში გაავარჯიშებს.

როგორც ყველა სხვა სოციალურ და ემოციურ უნარს, ემპათიასაც სჭირდება ვარჯიში. სხვადასხვა კულტურას ემოციების რეგულაციისა და გამოხატვის შესახებ განსხვავებული დამოკიდებულება და ხედვა აქვს. ინდივიდუალისტურ ევროპულ და ამერიკულ კულტურებში ბავშვებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი გრძნობები თავისუფლად გამოხატონ. კოლექტივისტური კულტურების მქონე ქვეყნებში, იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, სადაც ჯგუფური ჰარმონია ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები გრძნობებს მალავენ, რომ სხვებს არ აწყენინონ (Chan&Lee, 2004). ერთი კულტურიდან მეორეში მოხვედრისას ბავშვებმა შესაძლოა ძნელად აღიქვან განსხვავებული ემოციური ხერხები (Gonzalez-Mena, 2008). მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების რეაქციები და სწავლება იყოს კულტურულად სენსიტიური. მაგალითად, ვეცადოთ, ბავშვი კოლექტივისტური კულტურიდან არ მოვახვედროთ ისეთ სიტუაციაში, სადაც თანაკლასელის საპირისპირო აზრის გამოთქმა მოუწევს.

სოციალური და ემოციური უნარების ზოგიერთი პროგრამა ბავშვს ასწავლის, ბრაზის ან იმედგაცრუების (ფრუსტრაციის) განცდისას ხმამაღლა შეახსენოს საკუთარ თავს: „შეჩერდი, დააკვირდი და მოუსმინე”. ხმამაღლა საუბრითა და აზროვნების ფარული პროცესების გახმოვანებით მასწავლებლებს მაგალითის მიცემა შეუძლიათ. ბავშვებმა ასევე შეიძლება ისწავლონ:

* ღრმად სუნთქვა,

* ხუთამდე დათვლა,

* სარელაქსაციო ვარჯიშები.

სანამ ყოველივე ამას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ, სასურველია, ბავშვებმა მშვიდ ვითარებაში ივარჯიშონ. კარგი იქნება, მასწავლებელსა და თანატოლებთან ერთად გაითამაშონ პოტენციურად პროვოკაციული სიტუაციები. აუცილებლად გამოიყენონ მინიშნებები, რეპლიკები და განმარტებები.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.weareteachers.com/emotional-regulation/
  2. https://www.youtube.com/watch?v=gpPgmJJyeXY
  3. https://portage.ge/sites/default/files/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი