ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სიყრმის წიგნების საზოგადოება

 

მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციებში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ სწორედ მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და სიამაყით გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ ამ ამბის მთავარი სიკეთე სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო? მერე რაღა მენახა სიზმრად?

მე და ჩემი მშობლები ერთი დასახელების წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომელთა მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია მოთხრობილი, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე მთელი ეს ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე“ გადავცვალე, 4 ნომერი იყო და ძნელად ამოდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ ერქვა „ბიძია თომას ქოხს“ საბავშვო, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალი“ წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება – ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო. მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა, რამე დაეშავებინა და მერე ეგ ამბავი ჩემს თავზე ამეღო და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის…

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც მგონი ახალი თაობა აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი“, მოთხრობა საბჭოთა, სამაგალითო პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა“, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მათი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები“ – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად აწყვია ახლა ეს წიგნები, ან აწყვია კი?

„ბემბის“ რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა, რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ: ფ. ზალტენი. წიგნს ასეთი, გარე-ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. უი, ფელიქსი, – იტყვი და თითქოს დიდი ამოცანა ამოხსენი.

რაღაც წიგნები საერთოდაც გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო“ (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც“ სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით „წაკითხული ხომ უნდა გქონდეს“. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილის ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებით.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია, იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით – სკივრს ნიჩაბს დაარტყამ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი