ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„თეთრი ბაფთა“: სად იწყება ტერორი?

ამასწინათ ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ინტერვიუს ფრანგულად ნათარგმნ ნაწყვეტებს გადავაწყდი. ავსტრიულ ჟურნალ „კურიერში“ გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუ, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. ნათარგმნი ნაწყვეტებიდან და ფრანგი მიმომხილველის კომენტარებიდან ჩანდა, რომ ცნობილი რეჟისორი მეტად გაეღიზიანებინა მოძრაობას #Metoo, რომელშიც ის „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხეს ხედავდა. ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად ემსგავსება კუდიანებზე ნადირობასო, – ამბობდა და იქვე განმარტავდა: ცხადია, ძალადობისა და შევიწროების ყოველგვარი გამოვლინება უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება – მთელი ეს ისტერიული განსჯა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შემაძრწუნებელიაო.

მახაელ ჰანეკე ის რეჟისორია, რომელსაც უდავოდ ბევრი უფიქრია ძალადობაზე, სამყაროს ბნელ მხარეზე, ბოროტების ფესვებზე, დედამიწის გულამდე რომ უწევს. „ჩვენში იმდენივე ბოროტებაა, რამდენიც სიკეთე“, – ეს მისი სიტყვებია, რომელთა საილუსტრაციოდაც მისივე ფილმები გამოდგება. ამ ფილმებიდან კი ერთის გამორჩევა თუ მომიხდებოდა, ეს ნამდვილად „თეთრი ბაფთა“ იქნებოდა – მის ნახვას ყველა მშობელს, ყველა მასწავლებელს ვურჩევდი.

„Das weiße Band – Eine deutsche Kindergeschichte“ – ფილმის გერმანული სახელწოდება შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: „თეთრი ბაფთა – გერმანული ამბავი ბავშვებზე“. არა, ეს საბავშვო ისტორია არ არის. იმ ბავშვების ამბავია, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდელ გერმანიაში, პროტესტანტული სულისკვეთებით აღსავსე გარემოში იზრდებიან. ჩრდილოგერმანულ სოფელში ერთმანეთს მოჰყვება ცუდი, უცნაური, თავზარდამცემი ამბები. დამნაშავე არსად ჩანს, დანაშაული კი შემაძრწუნებელი სიცხადით მიგვანიშნებს რომელიღაც ჭეშმარიტებაზე,  რომელიც ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. დასაწყისში ყოვლად შეუძლებელია დაინახო ის, რამაც ფილმის დასასრულს მოულოდნელად უნდა გამოგაფხიზლოს.

ახალგაზრდა მასწავლებელი მომხდარში გარკვევას ცდილობს – პასუხისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. სანამ თვალი აეხილება, მანამდე უამრავი რამ უნდა მოხდეს…

2009 წელს გადაღებული ეს შავ-თეთრი ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით – ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოეს, სწორხაზოვანი ანალიზის, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა. ცხადია, ჩნდება ცდუნება – ნანახი ფაშისტური გერმანიის იმ სახეს დაუკავშირო, ნასწავლს, წაკითხულსა თუ ბებია-ბაბუების მონათხრობს რომ შეუქმნია: ფაშიზმის საწყისი პროტესტანტულ მორალსა თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში ეძებო. პასტორი ხელებს საწოლზე მიუბამს საბრალო ბიჭს, რომელიც თურმე ღამღამობით „საშინელ ცოდვას“ სჩადის. ბავშვებს მკლავზე თეთრ ბაფთას აბამენ, რომელმაც მათ დაკარგული უმანკოება, პირველქმნილი სისუფთავე უნდა გაახსენოს, ხან წკეპლას ურტყამენ, ხან უვახშმოდ აძინებენ… ოღონდ ეს ფილმი მხოლოდ გერმანული ფაშიზმის საწყისს არ იკვლევს. ის, ზოგადად, ძალადობისა და ტერორის, მათი ყოველდღიური გამოვლინებების კინემატოგრაფიული ანალიზის უდავოდ წარმატებული მცდელობაა.

სხვაგვარად ვერ ავხსნი იმას, რომ „თეთრი ბაფთის“ ნახვისას საბჭოთა ეპოქა, საბჭოთა სკოლის საშინელებები გამახსენდა. წარმოვიდგინე ასეთივე შავ-თეთრი ფილმი, თეთრპერანგიანი, მუქყელსახვევიანი ბავშვებით, პიონერული ატრიბუტიკით, სკოლის დერეფნებით, კიბეებით, პორტრეტებიანი კედლებით, სამასწავლებლოთი, დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებით… მიხაელ ჰანეკე ამბობს, რომ პირველ მსოფლიო ომამდელი, ჩრდილოგერმანული სოფლის ნაცვლად შეეძლო გადაეღო ფილმი თანამედროვე ირანზე, რადგან მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის პოვნასაც ცდილობს, ასეთია: სად იწყება ტერორი? სად არის ძალადობის სათავე?

მძიმე, დამთრგუნველი ატმოსფერო, ჩაკეტილი სივრცის მოწამლული ჰაერი, რომელსაც მთავარი გმირები სუნთქავენ, ბოროტების გადამდები სენი, რომლის გასავრცელებლადაც ყველა პირობა არსებობს სოფელში… როგორც ჩანს, ერთმნიშვნელოვანი პასუხის ძებნის ცდუნებას ვერც მე გავექეცი. მეორე მხრივ, „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხე, რომელზეც ავსტრიელი რეჟისორი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში საუბრობს, ღია საზოგადოებაში ჩნდება – თანამედროვე დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში. იქნებ თეთრი ბაფთის მკლავზე შებმის პრაქტიკაც გამართლებული აღმოჩნდეს მათ თვალში, ვისაც სურს, მუდამ გვახსოვდეს დაკარგული უმანკოება, დაშვებული შეცდომები, დღისით თუ ღამით ჩადენილი ცოდვები?

და მაინც, რატომ არის ეს ფილმი შავ-თეთრი? მიხაელ ჰანეკე ამბობს, რომ უნდოდა, ძველისძველ ფოტოსურათებზე ასახული გარემო გაეცოცხლებინა, ამ ფოტოსურათების შესაბამისი განწყობა შეექმნა. ამასთანავე, შავ-თეთრი ფილმი მაყურებელსა და კინოეკრანს შორის ერთგვარ დისტანციასაც გააჩენდა – ვერ წარმოიდგენდი, რომ იქაურობის ნაწილი ხარ,  რასაც ხელი უნდა შეეწყო დაკვირვებისთვის, რეფლექსიისთვის, პასუხების ძებნისთვის. ჩვენი მოგონებებიც ხომ უმეტესწილად შავ-თეთრია. მათ მუდმივად ვუბრუნდებით, აწმყოსა და წარსულს შორის გაბმულ ძაფებს ვითვლით. „თეთრი ბაფთაც“ ესაა – თავის უკან მიბრუნება, შორეული წერტილისთვის თვალის გაშტერება და ძველი კითხვების გადამეორება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი