შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავწეროთ სასწავლო-მეთოდური სტატია

ავტორი: მაია ინასარიძე

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის” მიხედვით (დადგენილება № 75, მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ), მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა. ამ ჩამონათვალში მოიაზრება სასწავლო-მეთოდური სტატიაც.

 

მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მიგნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც აუდიტორიას ვთავაზობთ, უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?

ზოგადად, სტატიის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები:

1.სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას.

2.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
·„პრობლემა + გადაჭრის გზა” – გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, „მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა”; „რას ნიშნავს კარგი რეფლექსია – დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის” და ა.შ.). მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემიი გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ექრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა – ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს.

·მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული…” – ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტრიისათვის ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.

·მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან – ვუპასუხებთ”. ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ…” და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს / კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.

·შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები”, პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა…”

გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით დააინტერესებს მათ.

3.შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

·სათაურმა უნდა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.

·შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასათანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.

·სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
·გამოიყენეთ სათაურში სიტყვა / სიტყვები, რომელიც / რომლებიც თქვენი აუდიტორიისათვის ნაცნობია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სათაურში უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც”.

·არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია.

·სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ…”, „როცა…”, „მოკლედ … შესახებ”, „თუ…”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.

4.შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ” სტატიის კონცეფცია. გეგმა ყველასათვის ნაცნობია:

·შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ შესავალშივე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.

·ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალოდ უნდა იხილავდეს თემას. ძირითად ნაწილი თავისთავად არაეფექტურია, თუ ის ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან მიაწოდოთ ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას / საკითხს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული სტატიის ძირითადი ნაწილი აღემატებოდეს 3 გვერდს. გახსოვდეთ, თქვენი ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა”. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და გასაგებს.

·დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები – სასარგებლო. დაუშვებელია დასკვნით ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.

2.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. შეამოწმეთ თქვენი სტატია პლაგიატზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ არაერთი საიტისა და პროგრამის საშუალებით. მაგალითად, Plagiarism Checker-ით.

3.დაბოლოს – ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს” მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:

  • ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა.
  • დანომვრა ან ე.წ. „ბულიტების” გამოყენება.
  • საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (ე.წ. „ბოლდი”).
  • სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.
თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი.

მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესი.

ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბილისი, 2007.
https://www.rogor.ge/article_1103_rogor-davwerot-kargi-statia.html
https://www.psychologos.ru/articles/view/kak_napisat_statyu._algoritm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი