პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ დავადგინოთ, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლაში სწავლისთვის

დღეს ბევრს საუბრობენ და კამათობენ იმის შესახებ, თუ რა ასაკის ბავშვი უნდა შევიყვანოთ სკოლაში. თუმცა არავინ ლაპარაკობს იმის შესახებ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვი, რომელი უნარები დასჭირდება მას სასკოლო სწავლების დასაწყისში და რომელი ფაქტორები იქცევა მომავალში მისთვის ხელშემწყობ ფაქტორად სკოლასთან ადაპტაციისა და სასწავლო წარმატების მიღწევაში. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ განსაზღვრული და დადგენილი ესა თუ ის საპასპორტო ასაკი სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვი სკოლაში სწავლისათვის მომზადებულად ჩავთვალოთ. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სკოლაში შემოსული ორი თანატოლიდან ერთი შეიძლება სასკოლო მზაობის საკმაოდ მაღალ დონეს გვიჩვენებდეს, მეორე კი – ძალიან დაბალს. უფრო მეტიც, არის ისეთი შემთხვევები, როცა ბავშვი, რომელსაც ასაკი ხელს არ უწყობს, რომ სკოლაში მიიღონ, სკოლაში სწავლისათვის საჭირო ცალკეული უნარების განვითარების უფრო მაღალ დონეს ამჟღავნებს, ვიდრე ის, რომელიც ასაკიდან გამომდინარე პირველ კლასში თავისუფლად ჩაირიცხა. 

სკოლაში შემოსული ბავშვის სასკოლო მზაობის დონის განსაზღვრა დიდ დახმარებას გაუწევს მომავალში მასთან მომუშავე პედაგოგს, ვინაიდან დიაგნოსტირების საფუძველზე შესაძლებელი იქნება წინასწარ შემუშავდეს პროგრამა ბავშვის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.

არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც ბავშვის სკოლისათვის მზაობის ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. მაგრამ, იმის გამო, რომ ფსიქოლოგიური მომსახურება დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის დიდ ფუფუნებად ითვლება, ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონის განსაზღვრა ფაქტობრივად მშობლების იმედად გვაქვს მიტოვებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე სატელევიზიო დებატებშიც გაჟღერდა აზრი იმის შესახებ, თითქოს დედაზე უკეთესად არავინ იცის, მისი შვილი მზად არის თუ არა სკოლისთვის. დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგთა წრეში ამგვარი მოსაზრების მიღება და აღიარება ადვილი არ იქნება, მაგრამ რადგანაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია საქართველოს სკოლების პირველ კლასებში შემოსული ყველა ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება სასკოლო მზაობის ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, და ეს საქმე ასე თუ ისე მშობლებს მივანდეთ, კარგი იქნებოდა მათთვის მიგვეწოდებინა მცირე ინფორმაცია მაინც იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობის პროცესში მის ქცევაზე დაკვირვებით. და, თუ აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, რა გააკეთონ იმისათვის, რომ მის შემდგომ განვითარებას შეუწყონ ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლის ამგვარი მუშაობა საკუთარ შვილთან საჭირო და აუცილებელია მაშინაც კი, თუ ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონის დასადგენად, სპეციალისტების მხრიდან ფსიქოლოგიური ტესტირების შესაძლებლობა არსებობს. ამგვარი მოსაზრების გამოთქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მშობლისა და ოჯახის როლი ბავშვის სასკოლო სწავლისათვის მომზადების პროცესში უმნიშვნელოვანესი და განუზომელია. ამდენად, მშობელმა უნდა იცოდეს, რა უნარების განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება იმისათვის, რომ მომავალში მის შვილს სასკოლო სწავლების პროცესში სირთულეები არ შეექმნას. როცა ჩვენ ბავშვის სასკოლო მზაობის დონის განსაზღვრაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ უნარებზე:

· საკუთარი მოქმედების მიზნის შესატყვისად ორგანიზების უნარი. ნებისმიერი მარტივი სასკოლო დავალება მიზანდასახულ მოქმედებას საჭიროებს. თუ ბავშვი ცდილობს გადალახოს სირთულე, არ დათმოს პოზიცია და მიაღწიოს მიზანს, მას საკმაოდ განვითარებული აქვს ნებისყოფა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს სწავლის პროცესში;

·საკუთარი მოქმედების შედეგების დასახულ მიზანთან შედარების უნარი. ბავშვს, რომელიც სასკოლო სწავლისათვის მზად არის, უნდა შეეძლოს თავისი ქცევა დაუმორჩილოს უფრო მნიშვნელოვან მოტივს. მაგრამ თუ სამუშაო შედარებით რთულია, ხოლო მიზანი შორეული, ბავშვს მოტივი ახსოვს და მას თავის მოქმედებას დაუმორჩილებს მხოლოდ იმ უფროსის გვერდით ყოფნისას, ვინც დავალება მისცა. თუ უფროსის ხელმძღვანელობით ბავშვი საქმეს თავს ართმევს, ის სკოლაში სწავლისათვის მზად არის;

·სხვა ადამიანის მოსმენის, ინსტრუქციებისა და მითითებების გაგების უნარი;

·საგნების ფერის, ფორმის, ზომის და სივრცეში მათი მდებარეობის მიხედვით განსხვავების უნარი;

·სხვადასხვა ნიშნის (ფერი, ფორმა, სიდიდე) მიხედვით საგანთა დაჯგუფების უნარი;

·საკუთარი მეხსიერების მართვის უნარი. ექვსი წლის ბავშვი დიდი მოცულობის მასალას იმახსოვრებს ძალდაუტანებლად, მაგრამ სკოლისათვის მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს თავისი მეხსიერების მართვა, „ძალდატანებით” დამახსოვრება;

·სივრცესა და დროში ორიენტაციის უნარი სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებიდანვე ბავშვი იღებს მითითებებს, რომელთა შესრულება შეუძლებელია საგანთა სივრცობრივი ნიშნების გათვალისწინების, სივრცის მიმართულებათა ცოდნის გარეშე. მაგ. მასწავლებელი სთხოვს ბავშვს გაავლოს რვეულის ფურცელზე ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ, ან ზემოდან ქვემოთ და ა. შ. ბავშვის წარმოდგენა დროზე და დროის გრძნობა, უნარი განსაზღვროს, რა დრო გავიდა, კლასში მოსწავლის ორგანიზებული მუშაობის, დავალების მითითებულ დროში შესრულების მნიშვნელოვანი პირობაა;

·დასახული ამოცანის გააზრებისა და მისი შესრულების უნარი. პირველკლასელს უამრავი ისეთი დავალება ეძლევა, რომელთა შესრულებას ის ვერ შეძლებს, თუ აღნიშნული უნარი არა აქვს განვითარებული;

·მოსმენილის მეტყველების საშუალებით გადმოცემის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ აქვს ბავშვს განვითარებული მეტყველება, როგორ ყვება მოსმენილს; შეუძლია თუ არა თამაშის წესების ახსნა, საგნის, სურათის, მოვლენის აღწერა, თავისი აზრების მსვლელობის გადმოცემა;

·მათემატიკური აზროვნების უნარი. სასკოლო სწავლებისათვის მზადმყოფი ბავშვი უნდა ერკვეოდეს ისეთი მარტივი მათემატიკური ცნებების შინაარსში, როგორიცაა: რაოდენობა, მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა; სხვადასხვა რაოდენობის საგნების ჯგუფების ჩვენებისას უნდა შეძლოს გარკვევა, რომელ ჯგუფშია ტოლი რაოდენობის საგნები, რომელში მეტი ან ნაკლები და ა.შ.

·კოპირების უნარი. ბავშვი, რომელიც მზად არის სკოლაში სწავლის დასაწყებად, უნდა ახერხებდეს მარტივი გრაფიკული გამოსახულებების კოპირებას, გადახატვას;

·თვითმომსახურების უნარ-ჩვევები. ბავშვი, რომელიც სასკოლო სწავლას იწყებს, უნდა ახერხებდეს დამოუკიდებლად ჩაცმას, გახდას, ნივთების ჩანთაში დამოუკიდებლად ჩალაგებას და ა.შ.

·ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უნართან ერთად, სკოლაში სწავლის დასაწყებად მზადმყოფ ბავშვს უნდა ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესახებ. სკოლამდელი ასაკის ბოლოს ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორც საკუთარი სახელი, გვარი, ასაკი, ასევე დედის, მამის, და-ძმების (თუ ჰყავს) სახელი, ვინ არის მათ შორის უფროსი, უმცროსი. რამდენი დღეა კვირაში, წელიწადის დროების სახელები, შეეძლოს მათი შედარება (მსგავსება-განსხვავების დანახვა). უნდა იცოდეს, რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში ცხოვრობს, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს მისი სახლი. უნდა შეეძლოს საბავშვო ბაღსა და სკოლას შორის განსხვავების დანახვა, იცოდეს, რისი გაკეთება მოუწევს, როცა მოსწავლე გახდება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვის სკოლაში შეყვანას ვაპირებთ, მას კი აღნიშნული უნარები არა აქვს განვითარებული. სწავლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის, ასევე გარემომცველი სამყაროს შესახებ საჭირო ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თამაში, ვინაიდან თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და მისი განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხდება. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ როლების თამაშს. ცნობილია, რომ როლების თამაში ნებისყოფის განვითარების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი არ გვემორჩილება და არ აკეთებს იმას, რასაც ვთხოვთ. მაგრამ საკმარისია მას თამაშის დროს მივცეთ ისეთი როლი, რომელიც აღნიშნული ქცევის განხორციელებას მოითხოვს და ის დიდი მონდომებით დაიწყებს საკუთარი როლის შესრულებას. კარგი იქნება, თუ ყოველი თამაშის შემდეგ ბავშვთან ერთად დაალაგებთ სათამაშოებს, ამასთან, დაალაგეთ ისე, რომ ერთი რაიმე ნიშნის მიხედვით ერთნაირი სათამაშოები ერთ ჯგუფში მოხვდეს და ვთხოვთ ბავშვს, აგვიხსნას რითი გავს ეს სათამაშოები ერთმანეთს. შეუქმენით ბავშვს ისეთი პირობები, რომ ხატოს, ძერწოს, გააფერადოს ჟურნალები, რომლებშიც საგნების კონტურები იქნება მოცემული. ამით ბავშვს განუვითარებთ წვრილ მოტორიკას, რომელიც სასკოლო სწავლების დასაწყისში მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. იზრუნეთ ბავშვის აზროვნების განვითარებაზე – წაუკითხეთ წიგნები და ესაუბრეთ წაკითხულის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადოთ ბავშვთან მუშაობას მეცადინეობის სახე არ მისცეთ. სკოლამდელ პერიოდში სწავლების ელემენტების აქტიურად ჩართვამ შესაძლოა ბავშვს გამოუმუშაოს უარყოფითი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის მიმართ ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე. გაუხანგრძლივეთ ბავშვს ბავშვობის პერიოდი და სასკოლო სწავლა მომავალში მისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი