პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ყველა გზა ქიმიისა და რომისკენ მიდის

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა. იტალიაში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტატიის რეზიუმე გავგზავნე. თავიანთი ფორმა ჰქონდათ. ჯერ სათაური იწერებოდა, ქვეშ – ავტორის (ავტორების) გვარი, სულ ბოლოს კი – უნივერსიტეტის სახელწოდება და მისამართი. ჩემი უნივერსიტეტის ოფიციალური მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. ასეც დავწერე. თანხმობა და მიწვევის წერილი დაპირებულ დროში მომივიდა. ცოტა ხანში პროგრამის სამუშაო ვერსიაც გამომიგზავნეს. გამგზავრების დაფინანსებაც მიღებული მქონდა და თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი გარემოება რომ არა: პროგრამაში აღმოვაჩინე, რომ თანაავტორი მყავდა… არც მეტი, არც ნაკლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

მოდი, კონფერენციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. IUPAK-ის ეგიდითა და მასპინძელი ქვეყნის ქიმიის საზოგადოების ორგანიზებით იმართებოდა. ანუ ორღობის კონფერენცია არ ყოფილა. არადა, აიჩემეს, ქაქუცა თანაავტორიაო. წერილზე მიპასუხეს, ჰაა, გამოტყდი ახლა, რომ ავტორობიდან მისი მოტეხვა გინდაო. იძულებული გავხდი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიმეწერა, ქაქუცაზე მასალები გამეგზავნა და მეთხოვა, მიშველეთ რამე, აქ მე – ჯანდაბას, იმ სულგანათლებულს მაინც ნუ შევაწუხებთ–მეთქი იქ. მადლობა ღმერთს, იმ ბატონმა გამიგო და პროგრამის განახლებულ ვერსიაში ჩემ გვერდით ქაქუცა აღარ იყო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ქიმიის ისტორიით უფრო და უფრო ვინტერესდებოდი. ჰოდა, მისი არც ერთი სექცია არ გამიცდენია. ხუთამდე სხვადასხვა სესია იმართებოდა და საინტერესო კვლევებიც ჰქონდათ.

ისლამური მეცნიერების ისტორიის სექციაზე ერთი მოხსენება ალ-რაზის, იმავე რაზესს ეძღვნებოდა. თუ უფრო ზუსტი და ოფიციალური სახელი გნებავთ, აბუ მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზის. 30 წლამდე ბაღდადში ფულის გადამცვლელად და მუსიკოსად მუშაობდა. მერე, ეტყობა იფიქრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და მედიცინისა და ალქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი… 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორი გახდა მედიცინაში, ფილოსოფიაში, თეოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიასა და ალქიმიაში. გამოდის, რომ სწავლა გვიანი არასოდეს არის და ოცნების ასასრულებლად მუშაობა ყოველთვის შეიძლება.

ალ-რაზის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო ნაშრომია Kitab al-Hawi fi al-tibb – კომპლექსური სამედიცინო წიგნი და სამედიცინო ჩანაწერების ერთობლიობა, რომელსაც ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაკვირვებების საფუძველზე ქმნიდა. მეცამეტე საუკუნეში მისი წიგნი ლათინურად ითარგმნა და მეჩვიდმეტე საუკუნემდე ევროპაში განუწყვეტლივ იბეჭდებოდა სახელწოდებით Liber Continens. 23 ტომისგან შედგებოდა და ადამიანის სხეულის თითოეული ნაწილის დაავადებებს დეტალურად აღწერდა. მაგალითად, იქ, სადაც აღწერილი იყო სახსრები და პოდაგრა, საუბრობდა მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებსა და ვენების ვარიკოზულ დაავადებაზეც. იმასაც ამბობდა, რომ სახსრის ტკივილს საფუძვლად ანთებითი პროცესები და ხრტილის ასაკობრივი დეგენერაცია უდევს. აღწერილი აქვს 900-ზე მეტი ავადმყოფობის რეალური ისტორია. მისი ზოგიერთი ჩანაწერი განცვიფრებას იწვევს, რადგან დღესაც აქტუალურია. მაგალითად, ალ-რაზის მიაჩნდა, რომ თუნდაც ექიმი ეჭვით ყოფილიყო შეპყრობილი, პაციენტი უნდა გაემხნევებინა და დაერწმუნებინა, რომ გადარჩებოდა, რათა ეს უკანასკნელი მხნედ და იმედიანად შებრძოლებოდა დაავადებას. მართლაც, რწმენა სასწაულებს ახდენს.

წამლების ზედმეტად სმის წინააღმდეგი იყო. თუ ექიმს შეუძლია, პაციენტს საკვებით უმკურნალოს, ჩათვალოს, რომ გაუმართლაო. თუ მაინც წამალი უნდა დაუნიშნოს, მაშინ მარტივი საშუალებები შეარჩიოს და არ გაართულოს, რადგან წამალი ერთს რომ არჩენს, სხვაგან საქმეს აფუჭებს – ორგანიზმს გავუფრთხილდეთო.

სახსრებს მცენარე სათოვლიათი (უცუნა, ლათინური სახელწოდება – Colchicum) მკურნალობდა. ეს შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა, მოკლეღეროიანი და გორგბოლქვიანი ბალახი დიდი და ნაირფერი ყვავილებით. მისი 60-მდე სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ირანში, ინდოეთსა და საქართველოში. სათოვლიას თესლსა და გორგბოლქვებში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინს ალ-რაზი სახსრების დაავადების და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ იყენებდა, კოლხამიანს კი – სისხლის ზოგიერთი დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. კოლხიცინი დღესაც გამოიყენება მედიცინაში.

ალ-რაზის ერთ-ერთი რეცეპტი ასეთი იყო: როდესაც სახსრების ტკივილს და ანთებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, პროპორციით 1:1:1 ერთმანეთში ავურიოთ კოლხიცინი, საზამთროს და კიტრის თესლი, დავამატოთ ცოტაოდენი ოპიუმი და დავლიოთ. წამლის მთლიანი დოზა ოთხი დიჰრამია, ანუ 12 გრამი. თუ ოდნავ გემწარათ, შაქრიანი წყალი მიაყოლეთო. ასეთი წამალი ავადმყოფს ორი საათით შეუმსუბუქებდა ტკივილს.

თუ ტკივილი სიცხის გარეშე მიმდინარეობდა, საკმარისი იყო კოლხიცინი, ოპიუმი და მთის ბეგქონდარა (Thymus). ეს უკანასკნელი ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. გავრცელებული 400 სახეობიდან საქართველოში 17 ხარობს.

ზემოთ დავწერე, ალ-რაზის წამლები არ უყვარდა, სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებდა–მეთქი. რა ეამება ჩვენს სახსრებს? თუნდაც არ გვტკიოდეს, დროა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არც გაის ამ დროს და არც იმის იქით არ გვეტკინოს.

ხომ გახსოვთ, ალ-რაზი სახსრების ტკივილს მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებს უკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ სისხლში ნაწლავებიდან მართლაც შეიწოვება ბაქტერიები, რომლებიც ვრცელდება ორგანიზმში და იწვევს ანთებით პროცესებს, მათ შორის – სახსარშიც. მათ შეწოვას ხელს უშლის უხეში საკვები ბოჭკოები, ამიტომ სიმინდის ქატოს პრევენციულ ეფექტს თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. ხორბლის ქატოს გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ მასში უხეში ბოჭკო ოდნავ ნაკლებია. ქატო არ მოინელება, ნაწლავებში ჯირჯვდება და როგორც აბსორბენტი, ყველაფერ ცუდს იწოვს. შესაბამისად, აღარც ანთების გამომწვევი ბაქტერიები გადადის სისხლში. 100 გრამ ქატოში 30 გრამი უხეში ბოჭკოა. გემრიელია–მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხელ წყალში გახსნილს თავისუფლად მიირთმევთ. თუ მაინცდამაინც, ჩირი დაუმატეთ.

ზეითუნის ზეთი ომეგა–3 უჯერ მჟავებსა და პოლიფენოლურ ნაერთებს შეიცავს. ესენი ანტიოქსიდანტებია, პოლიფენოლებს კი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვთ. დღეში ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დალევით ორგანიზმს 50 გრამ აუცილებელ პოლიფენოლს მიაწვდით. სხვათა შორის, იმავე პოლიფენოლებს შეიცავს ალ-რაზის მიერ გამოყენებული მცენარეებიც.

მომდევნო პროდუქტი გრეიპფრუტია. ის მცენარეული პოლიფენოლების არაერთ სახეობას: ფლავონოიდებს – ჰესპერიდინს, ნარიჰგენინს და ეროდიქტოლს შეიცავს. ეს უკანასკნელნი ბლოკავენ ანთების ფერმენტებს, შესაბამისად, ტკივილსაც აყუჩებენ. იმავე ნივთიერებებს აღმოაჩენთ ყვითელ და მწვანე ლიმონში.

ქიმიური თვალსაზრისით, ფლავონოიდები ფლავონის ჰიდროქსილნაწარმებია. ჯერ კიდევ ალ-რაზი იცნობდა მათ როგორც მცენარეულ პიგმენტებს, თუმცა პირველი ნაშრომი მათ შესახებ (თუ ალ-რაზის და იბნ სინას არ ჩავთვლით) 1936 წელს გამოაქვეყნა ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ალბერ დე სენტ-დიერდიმ. ის აღნიშნავდა, რომ წითელი ბულგარული წიწაკიდან გამოყოფილი ფლავონოიდი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებდა. იქვე ივარაუდა, რომ ვიტამინებისთვის უნდა მიეკუთვნებინა და მათ P ვიტამინი უწოდა, თუმცა შემდეგ ეს იდეას აღარ განუვრციათ.

ფლავონოიდების კვლევის ახალი ტალღა 90-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში მათი ანტიოქსიდანტური თვისებები და თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი აღმოაჩინეს. სწორედ იმ პერიოდიდანაა ცნობილი, რომ ბანანი ციანიდინს და დელფინიდინს შეიცავს, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი – ცხიმის მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ ქატექინებს და ეპიკატექინებს, თანაც ყველაზე მეტი რაოდენობით ისინი კანშია კონცენტრირებული (აქსიფრთხილეა საჭირო, რადგან დღეს კანში მძიმე მეტალების იონებიც იქნება თავმოყრილი). დადგინდა ისიც, რომ რაც კი მწვანე ან ფერადია, ყველაფერშია ფლავონოიდების გარკვეული რაოდენობა.

თხრობა რომში გამართული სამეცნიერო კონფერენციით დავიწყე. ზემოთაც ვთქვი, იმხანად ქიმიის ისტორიას უკვე ჩათრეული ვყავდი და არც ერთი სესია არ გამიცდენია. დახურვის ცერემონია დიდ დარბაზში ჩატარდა და დასკვნითი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა წარმოთქვა. დამავიწყდა მეთქვა, რომ თავად კონფერენცია ეკონომისტების კორპუსში მიმდინარეობდა.

ჰოდა, დეკანი მოგვიყვა, რომ ქიმიის საფუძვლები ეკონომისტების აუცილებლად გასავლელი საგანია, რადგან… ეკონომისტი მართავს ცხოვრებას, ქიმია კი თავად ცხოვრებაა, ამიტომ ეკონომისტი უნდა იცნობდეს ცხოვრებას, ანუ ქიმიას, ან პირიქით.

წინათ თუ ყველა გზას რომისკენ მიჰყავდი, – გვითხრა მან, – დღეს ეს გზები ქიმიისკენ მიდისო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი