ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოწყენილობა

პირველი შესავალი, ანუ რამ შთამაგონა ამ წერილის დაწერა

გიორგი კეკელიძის TEDx გამოსვლით აღფრთოვანებულმა ჩემმა სტუდენტმა გოგონამ  ფეისბუქზე  გააზიარა შთაბეჭდილებები, რომელსაც რამდენიმე კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარი რომ წავიკითხე (ასევე ჩემი სტუდენტის), პასუხის გაცემა არ დავაყოვნე. ვწერდი, რომ უკმაყოფილო ვიყავი გამომსვლელით (სხვათა შორის, ისიც ჩემი სტუდენტი იყო) – არ დავეთანხმე რომ „ზის“ ფორმის პარალელური ფორმა „სხედს“ ფორმაა; მინდოდა, რობერტ ფროსტის ლექსზეც გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც ზღაპრის გმირის მიერ გზის არჩევაზე საუბრობდა; ლევაბ ბრეგაძის წერილიც რომ ენახა გამოსვლაში ნახსენებ ზღაპარზე, უფრო საინტერესო მოსაზრება გაუჩნდებოდა; ჰეკლბერი ფინის ამბავიც ინგლისურ ენაზე ამ ზამთრის არდადეგებზე წავიკითხე, ბევრ რამეს ახლებურად შევხედე და ამიტომ გამოსვლაში მე ამ ნაწარმოებს და პერსონაჟს ცოტა განსხვავებულად განვიხილავდი.

მეორე დღეს უამრავი საქმე მქონდა, სკოლიდან ინსტიტუტში გავიქეცი, ინსტიტუტიდან ისევ სკოლაში დავბრუნდი, ე.ი. ოთხი გაკვეთილი ჩავატარე, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის ახალგაზდა მონაწილეებს რჩევები მივეცი, მივლინებაში გასამგზავრებელი საბუთები მოვაწესრიგე, სხვადასხვა ეროვნების ოცდაათ მოსწავლეს კვლევითი ტიპის ნაშრომის რაობაზე ორმოცი წუთი ვესაუბრე, დაღლილ-დაქანცული  ავტობუსში ავედი, სკამზე ჩამოვჯექი და ის იყო, მოწყენილობის კონცეპტზე ფიქრის გაგრძელება დავაპირე (რამდენიმე კვირაა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე სახლში და გზაში, შესვენებებზე და ძილის წინ), რომ მობილურზე ზარი გაისმა. გიორგი კეკელიძე ვარო. ეს სახელი და გვარი წინა დღის მოვლენებს ვერ დაუკავშირა ჩემმა გადაღლილმა ტვინმა. ვიფიქრე, ისევ კრედიტს მთავაზობენ ბანკიდან ან აქციის ფარგლებში რომელიღაც კოსმეტიკური ცენტრი მეპატიჟება პროცედურაზე-მეთქი. მაგრამ უცნობმა სასიამოვნო ხმამ ისეთი რაღაც მითხრა, მაშინვე გადამიარა დაღლილობამ. ის კი არა, მოსაუბრის სიტყვებმა ღიმილიც მომგვარა. თურმე ჩემს კომენტარს ვიღაც ქალბატონმა აგრესიულად შეუტია, შურიანი მიწოდა და ახლა გიორგი კეკელიძე მირეკავდა – წუხდა, გული არ მტკენოდა და უცნობი ქალბატონის აგრესია ჩემს მიმართ მის განწყობასთან არ დამეკავშირებინა. გიორგი დავამშვიდე, ასეთ აგრესიას შეჩვეული ვარ-მეთქი, მანაც დამარწმუნა, რომ არც მას აკლდა აგრესიული მლანძღველები, მადლობა გადამიხადა კრიტიკული შენიშვნებისთვის, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ საინტერესო იქნებოდა, დროს თუ გამოვძებნიდით და ერთმანეთის არგუმენტებს უფრო დაკვირვებით მოვისმენდით. საუბრის ბოლოს გიორგიმ ლექციის ჩასატარებლადაც მიმიწვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, და ბოლო სიტყვა მას დარჩა: „ყველაფერზე შევთანხმდით, ოღონდ ჰეკლბერი ფინის შესახებ მაინც ვერ დაგეთანხმებიო“.

სახლში რომ მოვედი, ფეისბუქის მესინჯერში სტუდენტების სახელდახელო ჯგუფი შევქმენი და ეს ამბავი მოვუყევი, თან დავამატე, კარგი იქნებოდა, ერთი ლექცია ჰეკლბერი ფინზე მე და გიორგიმ ერთად ჩავატაროთ-მეთქი. იდეა ერთხმად მომიწონეს სტუდენტებმა, მაგრამ მეკო, პოსტის ავტორი ცოტა შეწუხებული ჩანდა – როგორ მომძებნა იმ აგრესიულმა ქალმა, საერთოდ არ ვიცნობ, არც მეგობრებში მყავს და რა უნდოდა, რას შემომიხტა გვერდზეო. კითხვაზე პასუხმაც არ დააყოვნა. აღმოჩნდა, რომ გიორგი კეკელიძის ჩვენთვის უცნობ გულშემატკივარს ასე მოუგნია ჩვენთვის: ყველას გვერდზე შესულა, TEDx გამოსვლა ვისაც გაუზიარებია და აბსოლუტურად ყველა პოსტი და კომენტარი უნახავს. წარმოიდგინეთ, ამდენი გამზიარებელ-კომენტატორიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი „შურისგან“ დაბრმავებული და გამოსვლით უკმაყოფილო. ამას აღუშფოთებია თაყვანისმცემელი უცნობი ქალბატონი, თანაც იმ ფონზე, როდესაც კრიტიკის მამად მიჩნეული ლევან ბერძენიშვილი და თვით ზალიკო ჩხეიძეც კი იწონებდნენ გამოსვლას… ნეტა რამდენი დრო დაუთმო ამ საქმიანობასო, წუხდნენ სტუდენტები; „ვაიმე, რა უსაქმური ყოფილა საწყალი-მეთქი“ – აღვნიშნე მე. ამის აღნიშვნა და ჩემი ფიქრების დაბრუნება მოწყენილობის კონცეპტთან ერთი იყო. ამდენი დღე რომ ვერ მოვიფიქრე წერილის დასაწყისი, ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორც დავიწყებდი წერილს „მასწავლებელი“-სთვის. ჩემი მიგნება სტუდენტებსაც გავუმხილე, მთხოვეს, იმ ქალის სახელი მაინც არ ახსენოთ, თორემ თქვენი ბედის ამბავი რომ ვიცით, კიდევ ახალ შარში გაეხვევითო. ჰოდა, ვუსრულებ ამ კარგ ადამიანებს თხოვნას, თითებს გადავაჯვარედინებ იმ იმედით, რომ მართლა არ გავეხვევი შარში. აი წერილის მკითხველებს კი ვთხოვ, მაპატიონ ორი შესავალი.

მეორე შესავალი, ანუ მცდელობა იმის ახსნისა, თუ რატომ ვერ ვწერდი წერილს

ახალი წლის დღეებში ჩემი ყურადღება მიიპყრო იოსიფ ბროდსკის ერთმა საინტერესო სიტყვამ, რომელიც ჟურნალ „არილის“ 2003 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა. ამ სიტყვით ბროდსკიმ დართმუტის უნივერსიტეტის (კურსდამთავრებულებს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთი უნივერსიტეტი არ ასწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები მოწყენილობას. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, ასეთ ბედნიერ დღეს, როდესაც ე.წ. აივი ლიგის (Ivy League ანუ კედლებზე სუროშეფენილი რვა უნივერისტეტის გაერთიანება) ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დიპლომებს იღებენ, მათ მოწყენილობაზე ესაუბრო.

ლიზის, ჩემს შვილს გადავულაპარაკე, ვერაფერი გავუგე ბროდსკის, მოწყენილობაზე რატომ უნდა ელაპარაკო ახალგაზრდებს-მეთქი. „კარგი რა, დე, – მითხრა ლიზიმ, – ჩახედე ინგლისურ ტექსტს, ალბათ boredom-ზე ლაპარაკობს ბროდსკიო“. ჩავხედე ინგლისურ ტექსტს და, როდესაც იქ სიტყვა „boredom” აღმოვაჩინე, მაინც ვერაფერს მივხვდი. ისევ ლიზის გადავხედე და, როცა მან განმარტებები მომცა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

საკუთრივ წერილი

ის უნივერსიტეტები, რომელთა სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დიადი წიგნების შესწავლას ეთმობა, თავიანთ სტუდენტებს იმასაც ასწავლიან, რომ „boredom“, “ennui” (სხვათა შორის ინგლისური სიტყვა “annoyance”, “annoying” ანუ „გაბეზრება, მოყირჭება“ და „მოსაბეზრებელი“ აქედან მოდის) ჩვეულებრივი სიტყვა კი არა, საინტერესო კონცეპტია, ის მოვლენა კი არაა, სოციო-კულტურული ფენომენია, რომლის შესახებაც თავიანთ თხზულებებში სხვადასხვა მოაზროვნეები საუბრობდნენ.

ბლეზ პასკალი „აზრებში“ წერდა, რომ უღმერთოდ დარჩენილი ადამიანი მოწყენილობისთვისაა განწირული და ეს მოწყენილობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი არარაობის განცდა. მოწყენილობის ჟამს ადამიანი სრულიად მარტო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარაფერთან არა აქვს კავშირი. ადამიანები ცდილობენ, სატანჯველს თავი დააღწიონ და ამიტომაც ეძლევიან გართობას. აქ კი უკვე უფრო დიდ მოწყენილობას გადააწყდებიან. პასკალი მკითხველს თხოვდა, წარმოედგინათ ოთახში გამოკეტილი ადამიანი, რამდენ ხანს გაძლებდა უქმად. ძალიან მალე დაეტყობოდა მას მოუსვენრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწყენილობა ადამიანის პირველი მტერია და მისგან თავის დასაღწევად რა საშუალებას აღარ მიმართავენ, გართობის რა საშუალებას არ იყენებენ. ადამიანი წუწუნებს თავის რთულ ხვედრზე, უამრავ საქმეზე, პრობლემაზე, მაგრამ, როგორც კი ამ პრობლემებს მოაგვარებს, როგორც კი დაასრულებს ურთულეს საქმეს, მაშინვე ახალ მოწყენილობას მიეცემა და მასთან გასამკლავებლად ახალ თავშესაქცევს იგონებს.

შარლ ბოდლერთან მოწყენილობა გაპიროვნებულია, მას მკითხველი ამოიცნობს, როცა დაინახავს, როგორ ეწევა თვალცრემლიანი ჩილიმს – განცხრომისა და ფუფუნების სიმბოლოს. გამოსავალი, რომ თავი დააღწიო მოწყენილობას, თრობაშია და არა აქვს მნიშვნელობა, რითი იქნები მთვრალი, ღვინით,თრიაქით, პოეზიით თუ სხვა რამით, მთავარია, მიეცე თრობას: „თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი. და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები – სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, – მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების…“ (ზვიად გამსახურდიას თარგმანი). ბოდლერი მოწყენილობას წვიმიანი სამეფოს მბრძანებლის მდგომარეობასაც ადარებს, რომლის საწოლიც საფლავს წააგავს, რადგან მას უკვე  ყველაფერი მოყირჭებია და ვეღარაფერი ართობს, ვერც ქალები, ვერც ლაშქრობები, ვერც შევარდნებით, ვერც მწევრებით ნადირობა: „მე მეჩვენება, რომ წვიმიანი ქვეყნის მეფე ვარ და მბრძანებელი, მდიდარი, მაგრამ მაინც უძლური, ჭაბუკი, მაგრამ მაინც ბებერი“ (გივი გეგეჭკორის თარგმანი).

მოწყენილობაზე საუბრობენ რომანტიკოსებიც, სიმბოლისტებიც, ეგზისტენციალისტებიც… მოწყენილობაზე საუბრობდენ და საუბრობენ პოეტებიც, ფილოსოფოსებიც, ფსიქოლოგებიც, ჩვეულებრივი ადმიანებიც… მწერლებს დამხმარე ტერმინებიც შემოაქვთ, ტერმინები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოწყენილობასთან: მარტოსულობა, სევდა, ნაღველი, კაეშანი (სამწუხაროდ, ამ სიტყვას, რუსი მთარგმნელების მსგავსად, არ თარგმნიან ქართველი მთარგმნელები და გადმოაქვთ როგორც „სპლინი“).

ნეტა მოსწავლეებს რომ ვუთხრათ, მოწყენილობაა ყველაფრის ამოსავალი და სამყაროს მამოძრავებელი-თქო, თუ დაგვეთანხმებიან ან თუ დაფიქრდებიან მაინც? ნეტა წამოგვყვებიან მსჯელობაში, რომ დავანახოთ: მოწყენილობის შიშის გამოა, რომ ათას გასართობს ვიგონებთ, ეს გასართობი ხან უვნებელია, ხანაც საკმაოდ ბოროტი; მოწყენილობასთან პირისპირ დარჩენის შიშის გამოა, რომ ბევრ რამეზე, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, არ ვამბობთ უარს; გვეშინია, მარტოები ვიქნებით, მეგობრებს აღარ მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა და ისე ავყვებით ხოლმე მათ, შეიძლება, უნებლიეთ საკმაოდ ცუდ ისტორიაშიც ამოვყოთ თავი; მოწყენილობის გამოა, რომ ვჩხუბობთ, სადმე ხომ უნდა დავხარჯოთ ენერგია… არადა მოწყენილი ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც იცის, რომ არასოდესაა მარტო, ფიზიკურ სიმარტოვეს არ ვგულისხმობ, შინაგან მარტოობაზე ვსაუბრობ. სანამ მეტყოდეთ, რომ მეშლება, ვცდები, დავფიქრდეთ ერთად, რა როლი აქვს მოწყენილობას, გაბეზრებას, მოყირჭებას ჩვენს ცხოვრებაში, როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს საქციელზე, გავაანალიზოთ, რას უკავშირდება სევდა, გართობის ნაკლებობა…

მას შემდეგ, რაც ბროდსკის გამოსვლა წავიკითხე და, უფრო მას შემდეგ, რაც მოწყენილობის კონცეპტით (ennui, boredom) დავინტერესდი, ცხადია, მომინდა, ჩამეხედა ქართული მწერლობისთვისაც, კონკრეტულად კი მენახა, რომელი სიტყვებით გადმოსცემდნენ ამ კონცეპტს ჩვენი მწერლები და მიიჩნევდნენ თუ არა მას კონცეპტად. რუსთველი, რომანტიკოსები, გალაკტიონი – სხვადასხვა გამოცემა გავშალე სამუშაო მაგიდაზე. იმდენ სიტყვას მივაგენი, რომელიც, შესაძლოა, მოწყენილობის კონცეპტს გამოხატავდეს, რომ მეც დავიბენი, ხომ არ ვაბრალებ ავტორებს და ხომ არ ვეძებ მათ შემოქმედებაში იმას, რაზეც მათ არც კი უფიქრიათ-მეთქი… მივხვდი, რომ საკითხს მეტი კვლევა და ჩაღრმავება სჭირდებოდა, მე კი არ მინდოდა, წერილი ისეთ რამეზე დამეწერა, რაშიც მე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული.

ბოლოს გადავიფიქრე და ასეთი რამ გადავწყვიტე: ცუდი არ იქნება, თუნდაც ყოველგვარი მომზადების გარეშე, თუნდაც ექსპრომტად. ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ვიფიქროთ ამ კონცეპტზე მაშინ, როდესაც ბარათაშვილს გავდივართ; ან მაშინ, როცა გალაკტიონის პოეზიაზე ვმსჯელობთ; ან მაშინ, „ვეფხისტყაოსანს“ რომ ვასწავლით. მაგალითად:

როდესაც გავდივართ რუსთველს, შევჩერდეთ როსტევანის სიტყვებზე და ვიმსჯელოთ, რატომ მიაწერს არაბეთის მეფე ღმერთს ადამიანის უნარს, მოწყინდეს რაიმე: „ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დავღლება…“ ანდა დავარის სიტყვებზე, რომელსაც თვითმკვლელობამდე წარმოთქვამს: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვიდრე მომკვლიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“;

როდესაც ვკითხულობთ ბარათაშვილს, დავფიქრდეთ სიტყვებზე – „აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით“, „მაგრამ ვინ იცის, იქნება, რომ ბედსაც მოვსწყინდე და სხვა მან ჩემი სახელითა დააგვირგვინოს“ და ამ ტიპის ამონარიდებზე სხვადასხვა ლექსებიდან;

როდესაც ვასწავლით გალაკტიონს, შევჩერდეთ უფრო დიდხანს ლექსებზე „მე და ღამე“, „რომელი საათია“ (მით უმეტეს, ამ ლექსში პოეტი შარლ ბოდლერს ციტირებს და საინტერესოა, სწორედ მოწყენილობის პასკალისეული და ბოდლერისეული პერსპექტივიდან ამ ლექსის წაკითხვა).

დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე თქვენ სხვა ავტორების სიტყვებიც გაგახსენდებათ ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან. თემა ამოუწურავია და, როგორც კი ჩემსავით დაფიქრდებით (ცხადია, თუკი მანამდე არ გიფიქრიათ), ალბათ მიხვდებით, ასე ძალიან რატომ გამიჭირდა სათქმელისთვის თავის მოყრა და რატომ დამჭირდა ორი შესავალი ამ წერილისთვის.

და კიდევ ერთი: იმედია, წერილის კითხვისას ცოტათი მაინც გაერთეთ და არ იფიქრეთ, რომ ეს წერილი მოსაბეზრებელი იყო, მე კი ჩემი მოსაზრებებით თავი შეგაწყინეთ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი