ტოჩინოშინმა დიდი ისტორია დაწერა

თემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არცერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზოს გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: „ნახეთ – ძე გვის! ძე გვის!“.  – ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.

სანამ ძეგვში ბიჭუნას ძეგლი დაუდგამთ, მანამდე ამ სოფელს სახელი უკვე გაუთქვეს და ეს აწ უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ გააკეთა. ლევანი წარმოშობით სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვიდანაა და ამ სოფლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ბევრმა უცხოელმა, ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემაც კი პირველად გაიგო. ესაა ნიმუში იმისა, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა და შენი მშობლიური მხარე. ესაა ნიმუში დიდი პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულისა. ლევან გორგაძემ ქართულ სპორტში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა.

ტოჩინოშინის ტრიუმფის შემდეგ, ქართველი ქომაგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, ქართველი სპორტსმენების ინდივიდუალურ წარმატებებს შორის რომელი  უფრო დიდი და გრანდიოზული წარმატება იყო – ზაზა ფაჩულიას ამერიკაში პირველობა, კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება თუ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის დაუფლება.

ჩემი აზრით, ეს შედარებები და საკითხის ასე დაყენება ძირეულად არასწორია, რადგან, ჯერ ერთი, არ მესმის, რატომ უნდა დავატოლოთ ერთმანეთს დიდი წარმატებები. მეორეც, ეს იგივეა, ლევან გორგაძე ფაჩულიას შევაჯიბროთ ნახტომში. და პირიქით – ფაჩულია გორგაძეს ღონეში. ეს ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა და აქ მთავარი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნული დიდი გამარჯვებები დამოუკიდებელი ქართული სპორტის არსებობის პერიოდში მოხდა, როდესაც ზემოთ დასახელებული სპორტსმების ჩვენებურობას ვერც საბჭოეთი გვედავება და ვერც ვერავინ.

მაგრამ, არის კი გორგაძის წარმატება ქართული სუმოს ისტორიაში უმთავრესი და ერთადერთი?! ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სასიმოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს მომავალი და ვინ იცის, იქნებ ტოჩინოშინის ტიტულმრავლობა შემდეგში სრულიად ჩვეულებრივ ამბად იქცეს (ღმერთმა ქნას!). ისიც შეიძლება, რომ სუმოს პოპულარიზაციამ ასპარეზზე ბევრი სხვა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენი გამოიყვანოს და ლევანი მხოლოდ დიდი გზის მესაფუძვლე იყოს.

ფაქტი კი ისაა, რომ ტოჩინოშინის გამარჯვება უნდა იქცეს დიდ სტიმულად ჩვენი ახალგაზრდებისათვის და თუკი რაგბი გახდა ჩვენი თამაში, სუმო რატომ არ შეიძლება გახდეს? სოფელ ძეგვში რომ სუმო უკვე სპორტის მთავარი სახეობაა – ამაზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ!

 

კომენტარები

comments