როგორ ვასწავლოთ სიყვარულით

„აბა, ყოველმა ჩვენგანმა ჰკითხოს თავის თავს, რამდენი ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანი შეხვედრია ცხოვრების მანძილზე. საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს ადამიანები სიყვარულს უმნიშვნელო საქმედ მიიჩნევდნენ, პირიქით, მათ სურთ სიყვარული. მრავალ ფილმს უყურებენ ბედნიერი და უბედური სიყვარულის ისტორიაზე. ასობით ბრიყვულ სიმღერას უსმენენ სიყვარულზე, მაგრამ არცერთი მათგანი, სავარაუდოდ, არ ფიქრობს, რომ არსებობს აუცილებლობა,

ვისწავლოთ სიყვარული!“

ერიჰ ფრომი, „სიყვარულის ხელოვნება“.

 

რამდენჯერ გსმენიათ  ფრაზები: „მასწავლებელმა სიყვარულით უნდა ასწავლოს“, „სიყვარულის გარეშე აუდიტორიაში არ უნდა შეხვიდე“, „ბავშვი თუ არ გიყვარს, ვერ ასწავლი“, „მთავარი სიყვარულია…“  და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ იცის, რას ნიშნავს „სიყვარულით სწავლება“, მაგრამ აბა, ერთი სთხოვეთ ამის მთქმელს განმარტება და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ. აღმოჩნდება, რომ ეს სიყვარული ყველას განსხვავებულად ესმის და სრულიად სხვადასხვა რამეს გულისხმობს. რას ჰქვია, რომ მოსწავლეს (სტუდენტს) ძალიან უყვარს თავისი მასწავლებელი, იმდენად ძალიან, რომ მის გამო გადაწყვიტა გახდეს იმ საგნის მასწავლებელი, რომელსაც ეს მასწავლებელი ასწავლის. მოსწავლე ვერ იტანს იმ საგანს, რომლის პედაგოგი არ უყვარს, მაგრამ უყვარს ის საგანი, რომლის მასწავლებელიც უყვარს. და რა გამოდის? სად არის ჩვენი არჩევანი ამ დროს და სინამდვილეში, როგორ ვირჩევთ მომავალ პროფესიას, „საყვარელი მასწავლებლის“ მიხედვით? უმრავლესად ასეცაა და ახლა გავყვეთ და ავხსნათ, რას ნიშნავს „საყვარელი მასწავლებელი“, „საყვარელი ლექტორი“? რას აკეთებს ის და რით გამოირჩევა არასაყვარელი მასწავლებლისგან?

როგორ უნდა გავიგოთ, რა არის ნამდვილად სიყვარული, თუ ეს არასდროს არავის უსწავლებია და შექმნილი სტერეოტიპების მიხედვით ვმსჯელობთ მხოლოდ. შეიძლება თქვენ გულწრფელი ხართ, როდესაც ამბობთ „საყვარელი მასწავლებელი“ (ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ), მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ასეთები უმეტესად ცოდნასთან „კომპრომისზე წასული“  და „ჯიგარი მასწავლებლები“ (დიახ, ასეთი შეფასებაც გამიგია: „აუ, რა ჯიგარი მასწავლებელია“) არიან, ნიშნებს რომ იოლად წერენ, მშობლებს რომ რაღაცას უმალავენ და თავს არ იწუხებენ იმაზე ფიქრით, რეალურად რა ცოდნა მიიღო მისგან  მოსწავლემ. რა თქმა უნდა, ისეთი მასწავლებლებიც არიან „საყვარელი მასწავლებლები“, რომლებთანაც ნამდვილად ცოდნის სიყვარულია დაკავშირებული, მაგრამ ასეთები მხოლოდ ერთეულია. მე ახლა გამონაკლისებზე კი არა, ისევ სისტემაზე ვწერ.

მოკლედ, ამ ცნებების განსამარტავად ნამდვილად ლაბირინთში აღმოვჩნდებით, საიდანაც ვერასდროს გამოვალთ.

თუ სკოლა (უნივერსიტეტი) ცოდნის გადაცემის ადგილია, მაშინ ჩვენ ერთადერთი კრიტერიუმით შეიძლება შევაფასოთ მასწავლებელი, „როგორ გადმოგვცა ცოდნა“, რა ცოდნა მივიღეთ მისგან?

თანამედროვე საზოგადოებაში და განათლების სისტემაში სიყვარულის პრიმიტიული გაგება კიდევ უფრო აკნინებს სისტემას. მასწავლებელი ან „მკაცრი და სამართლიანია“ ან „ჯიგარი და საყვარელი“. იშვიათად გაიგებთ, რომ სიყვარული ცოდნის სიყვარულთან არის დაკავშირებული. ალბათ ამ გაუკუღმარეთებულ სისტემაში სხვაგვარი სიყვარული ვერც იარსებებს და ვერც გადარჩება.

ნამდვილი მასწავლებელი არასდროს ასწავლის მოსწავლეს მხოლოდ საკუთარი საგნის სიყვარულს, ეს ცოდნის მიმართ დამაკნინებელია. ნამდვილი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, თავისი საგნის მეშვეობით აღძრას მოსწავლეში ფიქრი, აზროვნება, გააღვივოს ინტერესი, უნარები, რათა მოსწავლემ შეძლოს თავისი უნარების უკეთ გამომხატველი პროფესიის არჩევა.

აგრეთვე სისტემის ბრალია, როდესაც მასწავლებლის პროფესიას უმეტესად ქალები ირჩევენ და ძირითადად იმ მოტივით, რომ „ნახევარ დღეს დაკავებული იქნებიან სკოლაში და მერე ოჯახს მიხედავენ“. კაცი მასწავლებლების ნაკლებობა სკოლაში განათლების სისტემის კიდევ ერთი შეცდომაა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა.

„შეაყვარე ბავშვებს სწავლა“, „შეაყვარე სკოლა“, „შეაყვარე სამშობლო“! – ეს ლოზუნგები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ყოველგვარი აზრისგან და ემოციისგან დაცლილი. როგორ აყვარებენ მასწავლებლები მოსწავლეებს სწავლას? უმეტესად: დაძალებით, აგრესიით, წივილ-კივილით, შემოლაწუნებით… მომავლის იმედით: „ახლა იწვალებ, მაგრამ მერე მადლობას მეტყვი“, „სამაგიეროდ, მერე კაცი (ქალი) დადგები“. მერე რომელიმე აღზრდილი კი იტყვის: „უფრო მეტი უნდა გეცემე, რომ მესწავლა…!“ აი, ამ დროს ვგრძნობ ორმხრივ საცოდაობას… სისტემის მსხვერპლ ადამიანთა ჯაჭვს….

კულტურის (უკულტურობის) მიერ ასეთი ჩანერგილი სიყვარული ბოლოს იქამდე მიდის: „უყვარს და იმიტომ სცემს…!“, „უყვარდა და იმიტომ მოკლა…“, რომ არ ჰყვარებოდა, რეაქცია ხომ არ ექნებოდა? უყვარდა… ისე უყვარდა, რომ მოკლა! რამდენი ასეთი ამბავი გაგვიგია? მოკვლა რომ მხოლოდ ფიზიკური არ არის და ფსიქიკურადაც ადამიანები ერთმანეთს ყოველდღე კლავენ, ესეც კიდეც სხვა თემაა.

მე ისევ მთავარ თემას დავუბრუნდები: სიყვარული და განათლება… რას ნიშნავს „სიყვარულით ასწავლის“, „უსიყვარულოდ ასწავლის“? ძირითადად, ზრუნვასთან აკავშირებენ ასეთ, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულს და ეს, ეგრეთ წოდებული, ზრუნვა, არის ცოდნასთან კომპრომისი. სიყვარულს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის, მეტადრე „ნამდვილი სიყვარული“ იცის ყველამ და ასე ვიყენებთ არგუმენტად ყოველდღიურ ცხოვრებაში:  „სიყვარულით გაკეთებული საქმე“ და წარმოდგენაც არ გვაქვს, ამაში რა იგულისხმება, ძირითადად ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, ჩვენ კი იმას ვგულისხმობთ, რისი გამოცდილებაც გვაქვს და ასე შემდეგ…

ჯერ სიყვარული ვისწავლოთ და მერე სიყვარულით ვასწავლოთ!

სიყვარული არ ისწავლება… (უკვე მესმის კომენტარი!) – რა თქმა უნდა, სიყვარულს როგორ ისწავლი, ნიჭია…  ოჰ, ეს „ნიჭიერი და ზარმაცი“ ქართველები! გულით უნდა იგრძნო… – მაშ როგორ? გულით… და იცით, გულით რას გრძნობენ ადამიანები და როგორ გრძნობენ სიყვარულს? – რა და როგორ აზრებსაც ატარებენ, ზუსტად ისე გრძნობენ გულითაც და სხეულის სხვა ორგანოებითაც. ადამიანი რომ იტყვის, აი, ეს ისეთი ლექსია (სიმღერა, ფილმი….) სულ ჭიანჭველები დამიდისო და შენ რომ ფიქრობ, ამ დარი-დურიზე ნეტავ რა ჯიშის ჭიანჭველები დაუდის…? გეცნოთ, ხომ? აი, ეგ არის… მანაც გულით იგრძნო და მერე ჭიანჭველებიც გამოჩნდნენ… თქვენ თქვენი ჭიანჭველები გყავთ და სხვა საკვებით და ლექსებით იკვებებიან თქვენი ჭიები…

პოეზიის ლექციების კითხვა რომ დავიწყე ილიას უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი გაოცებული მეკითხებოდა: – როგორ პოეზიას ასწავლით…? როგორ შეიძლება პოეზია და ლექსების წერა ასწავლოთ…?

საერთოდ არ მესმის, „ლექსის წერა“ რატომ უნდა ასწავლო და პოეზიის სწავლება რატომ უკავშირდებოდა თავზე მათრახით დგომას და „აბა, ჩქარა, ლექსი დაწერე, თორემ ქულას არ გაღირსებ“ – ამ გაგებას? მაგრამ ისევ სტერეოტიპი: პოეზიის სწავლება თურმე „ლექსის დაწერის“ სწავლებაა…. მშვიდად ვპასუხობდი – ნუ ნერვიულობთ, ადამიანებო, მე მხოლოდ ლექსის წაკითხვას (გაგებას) და ფიქრს ვასწავლი… – ეგ როგორო? როგორ და მობძანდით ლექციებზე და გაიგებთ, როგორც… მოკლედ, მერე ისე მოხდა, რომ ეს კურსი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩემი მთავარი მიზანიც უკვე საიდუმლოდ აღარ დარჩა: სულში პოეზიის გაღვიძება შესაძლებელია, ფიქრი შესაძლებელია… შეცვლილი ფიქრით ადამიანის ცნობიერების გამდიდრებაც შესაძლებელია… თუ ეს ვინმეს ცოტა ეჩვენება, მაშინ მას საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონია პოეზიის დანიშნულებაზე.

პოეზიის სწავლება ხომ შესაძლებელი აღმოჩნდა… ახლა ვფიქრობ, ამ მეთოდით სიყვარულის სწავლებაც შეიძლება… ჯერ მაცადეთ, ნუ აღელდებით და თავს ნუ დამესხმებით! ამასაც აგიხსნით, რას ვგულისხმობ. უდავოა, რომ სამყაროში დაგროვილია ცოდნა „სიყვარულის შესახებ“ ისევე, როგორც ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების შესახებ. ადამიანებს აქვთ გარკვეული ნიჭი, მერე ამ ნიჭს ავითარებენ და სწავლობენ კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიაში და სხვაგან და სხვაგან…. თუ ფიქრობთ, რომ სიყვარული ხომ ისედაც „ზეპირად იცით“ და მაგას რა სწავლა და განვითარება უნდა, ძალიან ცდებით… ან თუ ფიქრობთ, რომ ხელოვნებასთან სიყვარული რა მოსატანია, მაშინ ათასგზის ცდებით… თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია „სიყვარულის სწავლა“, კარგი, მართალი ხართ…. სწავლა შეუძლებელია, მაგრამ სიყვარულის „გაღვიძება“ ნამდვილად შესაძლებელია ცოდნით…

პლატონის მონათხრობიდან ხომ იცით, რომ სოკრატეს სულ ორი მასწავლებელი ჰყავდა და ერთი მათგანი იყო დიოტიმა – ქალი მანტეანიდან – რომელიც მას „სიყვარულის შესახებ“ ასწავლიდა…  თქვენ რომ სოკრატე არ ხართ, ეგეც ვიცი, მაგრამ მაინც…

 

კომენტარები

comments