ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჯულიან ბარნსი – მწერლობის დასაწყისი     

ვინ ამბობდა, მწერლები ბავშვობაზე ამდენს იმიტომ წერენ, რომ სავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით მხოლოდ მაშინ ცხოვრობენო? მთავრდება ბავშვობა და ცხოვრებაც მთავრდება – ცხადია, მხოლოდ მათთვის, ვისაც ერთ ოთახში წლების გატარება გადაუწყვეტია, ხელნაწერების უსასრულოდ სწორება, ენისა და საკუთარი შესაძლებლობების კვლევა. ვისაც უნდა მოსვლოდა ეს აზრი, აშკარა გაზვიადებისა და დაუფარავი ირონიის მიუხედავად, შეუძლია თანამოაზრედ მიგულოს: ჰო, მწერალს თუ ეკითხები, ბავშვობაზე უნდა ჰკითხო.

ჩანაწერები, რომლებიც ამ დილით თავიდან გადავიკითხე, რამდენიმე წლის წინანდელია. ჯულიან ბარნსი, მარიო ვარგას ლიოსა და კიდევ რამდენიმე მწერალი, რომელთა გვარებიც ჯერჯერობით ვერაფერს მეუბნება, სწორედ იმაზე ჰყვებიან, როგორ დაიწყეს – როგორ გახდნენ მწერლები.

ამ შეკითხვას ისე ვერ უპასუხებ, ბავშვობის განცდები, შთაბეჭდილებები, გამოცდილება რომ არ გაიხსენო. ერთისთვის ყველაფერი ფრანგი პოეტის, პოლ ელუარის ლექსით დაწყებულა, ამ ლექსის ყველაზე გულში ჩამწვდომი სიტყვით. მეორეს მეტისმეტად ლამაზი ბიჭი შეჰყვარებია და ამ სიყვარულს იქამდე მიუყვანია, რომ მის აზრიან თუ უაზრო წინადადებებს იმახსოვრებდა და რვეულში იწერდა – საყვარელი არსების რაღაც ნაწილი სამუდამოდ რომ გამოემწყვდია ჯადოსნურ ბოთლში, ჯინივით.

ჩემთვის ყველაზე საგულისხმო და ამაღელვებელი ჯულიან ბარნსის მოგონება აღმოჩნდა:

„ათი თუ თერთმეტი წლის ვიყავი და ორსართულიანი წითელი ავტობუსის მეორე სართულზე, დედაჩემის გვერდით ვიჯექი. არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, თუმცა აშკარად ისე გამიტაცა თავისუფალმა ასოციაციებმა, ზოგადად, ბავშვებს რომ სჩვევიათ – სიტყვას სიტყვა რომ მოჰყვება, იდეას – იდეა. დედაჩემი მომიბრუნდა და მითხრა: „ეს რა წარმოსახვა გაქვს!“ არა, მკაცრად არ უთქვამს, არც სასაყვედუროდ. უფრო მსუბუქი, სახალისო შენიშვნა იყო. თუმცა კი მივხვდი, რომ „წარმოსახვა“ არც ისე კარგი, სულაც შეუთავსებელი რამ უნდა ყოფილიყო – შეუთავსებელი ზრდასრულობასთან, პიროვნულ სიმწიფესთან, სამყაროში გზის გაკვლევასა და საარსებო ფულის შოვნასთან.

მაშ ასე, ჩემი მთავარი მოგონება წახალისებას, წინ გადადგმულ ნაბიჯსა თუ თვალწინ გზის დანახვას კი არ უკავშირდება, უფრო გულსატკენ შენიშვნას, რჩევას – თვალები მაგრად დამეხუჭა. თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად ხდება მწერალი. ზოგს მასწავლებელი ჰყავს, რომლისგანაც დიდ შთაგონებას იღებს, ზოგს კი – კეთილი ბიძა, საკუთარ ბიბლიოთეკაში თავისუფლად სირბილის უფლებას რომ აძლევს. სხვა შემთხვევებში სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, წიგნები ჩემს სახლშიც იყო (ჩემი მშობლები სკოლის მასწავლებლები იყვნენ), მაგრამ ეს თაროები თითქოს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა: რომ წიგნებს სხვები, ჩვენგან განსხვავებული ადამიანები წერენ. ერთხელ დედაჩემმა წერილი დაწერა, რომელიც საღამოს გაზეთში დაიბეჭდა, ბაბუაჩემმა კი ბროშურა გამოაქვეყნა, რომლის თემაც ხის დამუშავება გახლდათ. სულ ეს იყო ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც მე მერგო. თუმცა ამაში არც არაფერია უჩვეულო.

მწერლობის გზაზე დადგომა, ჩემს შემთხვევაში, ადვილი არ ყოფილა – ეს პროცესი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებდა. აქედან ერთ-ერთი, დარწმუნებული ვარ, დედაჩემის წინააღმდეგ გაუცნობიერებელი ამბოხი იყო. მაშ, შენ ფიქრობ, რომ წარმოსახვა არც ისეთი მნიშვნელოვანია? გაჩვენებ, რომ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა. დაგანახებ, რომ ბავშვობისთვის დამახასიათებელ ასოციაციურ აზროვნებას მწერლური გამონაგონის კარგად მართულ, ოსტატურად აგებულ ასოციაციებამდე მივყავართ. დაინახავ ამ ყველაფერს და მიხვდები, რომ ცდებოდი. ეს ანტაგონისტური დამოკიდებულება არც არასდროს გამომჟღავნებულა – სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის (ამ თვალსაზრისით, მეტისმეტად ბრიტანელები ვიყავით). არც დედაჩემს უღიარებია, რომ ცდებოდა. ეჭვიც არ მეპარება, უკვე სრულად დავიწყებოდა ავტობუსში მომხდარი იმ დროისათვის, როცა ჩემი პირველი რომანი გამოქვეყნდა. ასეა თუ ისე, მაინც მადლობელი ვარ – სწორედ იმ გულისტკენისთვის“.

უდავოდ დიდი მწერლის, ბუკერის პრემიის ლაურეატის, ცამეტი რომანისა და არაერთი სხვა ნაწარმოების ავტორის, ჯულიან ბარნსის ეს ჩანაწერი სახელდახელოდ ვთარგმნე საგაზეთო წერილისთვის. მეჩვენება, რომ გზის მაჩვენებლად გამოადგება იმ მშობლებს, ვის შვილებსაც „მეტისმეტად განვითარებული წარმოსახვა“ აქვთ. ალბათ მათაც დაამშვიდებს, ვინც ბავშვობისას არ წაახალისეს, ხელი არ შეუწყვეს საკუთარი გზის მარტივად მიგნებაში. ვინ იცის, რა სჯობს საბოლოო ჯამში.

ერთი კი ცხადია: ამ მწერლის წიგნებს ყოველ ჯერზე ხელში იმიტომ ვიღებ, რომ სწორედ მისი წარმოსახვის ძალის მჯერა.

ჰოდა, მეც მადლობელი ვარ – დედამისის, სკოლის მასწავლებლის – სწორედ იმ ძნელად დასავიწყებელი გულისტკენისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი