პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ზრდასრულთა განათლება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივები

სწავლა სიბერემდეო, გვასწავლის ქართული ანდაზა. ბევრი იზიარებს და მისდევს ამ ბრძნულ გამონათქვამს, თუმცა უმეტესობა ამას მხოლოდ თვითგანათლებით ახერხებს.
რა მდგომარეობაა საქართველოში ზრდასრულთა განათლების მხრივ? ათეულობით წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ადამიანი ერთხელ ირჩევდა პროფესიას და შეცდომა არ უნდა დაეშვა, ვინაიდან მთელი სიცოცხლე ამ პროფესიით მოუწევდა მუშაობა. ამასთან, პროფესიასაც დროულად უნდა დაუფლებოდა, ვინაიდან რამდენიმე წლის შემდეგ განათლებაზე ფიქრი მისთვის შესაძლოა ოცნებადვე დარჩენილიყო. ასეთივე მიჯაჭვულობა იგრძნობოდა სამსახურის მიმართაც: როცა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი მუშაობას იწყებდა, დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილამდე იქ იმუშავებდა, ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით სამსახურის დატოვება მოუწევდა, ეს სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასად მიაჩნდა. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ ათწლეულებში რაიმე სერიოზული ძვრა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა ასაკი დღესაც მკაცრად არის განსაზღვრული. ზრდასრულთა განათლება საქართველოში დღეს უმთავრესად განსაზღვრული პროფესიის მქონე პირთა შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვით შემოიფარგლება და ეს, როგორც წესი, ტრენინგების ფორმატში მიმდინარეობს. წლების განმავლობაში მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტთან არსებული სასწავლო კურსები საშუალებას აძლევდა მსურველს, რამდენიმე გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგის პროფესიას დაუფლებოდა, თუმცა აქ წინაპირობა ის იყო, რომ მას უკვე უნდა ჰქონოდა ნებისმიერ სხვა სფეროში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ კურსებმა ბევრი კარგი პედაგოგი შემატა საქართველოს. ისინი დღესაც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ჩვენს სკოლებში.
ზრდასრულთა განათლებისადმი ინტერესი ხშირად ამა თუ იმ საგრანტე პროგრამის განხორციელებისას წარმოიშობა და მისი დასრულებისთანავე ქრება. ბევრ სხვა საინტერესო პროგრამასთან ერთად ასეთი ბედი ეწია ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების პროგრამასაც, რომელიც წლების წინ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით წარმატებით ამოქმედდა. ის მიზნად ისახავდა მშობლებში პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო განათლების გავრცელებას. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი სასიკეთო და სასარგებლო რამ გაკეთდა: მომზადდა პოპულარული საკითხავი ლიტერატურა 3 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე, დაიწერა სცენარი და გადაღებულ იქნა ვიდეოფილმები, ტელეკომპანია „იმედის” მხარდაჭერით მომზადდა გადაცემების ციკლი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი”, გაიმართა ტრენინგების სერია მშობლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას მშობელთა მხრიდან დიდი მოწონება, აღიარება, მხარდაჭერა ხვდა წილად, მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა და დაიხურა, როდესაც ჩვენს ქვეყანას უკვე დამოუკიდებლად, საგარეო დახმარების გარეშე უნდა ეზრუნა მომავალი თაობის მშობელთა შემდგომ განათლებაზე. ამ პროგრამის დახურვით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, მშობელთა განათლების, მოგვარება კიდევ ერთხელ დავაყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს მაშინ, როცა მშობლების განათლებისა და მშობლობისთვის მათი მომზადების კუთხით თითქმის არაფერი კეთდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლობაც პროფესიაა და, თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული პროფესია, ამასთან, ბავშვის აღზრდაში მშობლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით ხშირად შეუძლებელიცაა, ალბათ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ ზრდასრულთა განათლების სისტემის ამოქმედების შემთხვევაში მის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიმართულებად მშობელთა განათლება უნდა იქცეს. ამასთან, მშობლობისთვის ადამიანის მომზადება ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყოს, როცა ის ბავშვის ყოლას გადაწყვეტს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს ბავშვის განვითარების, მისი სწავლებისა და აღზრდის საკითხების შესახებ მომავალი მშობლის განათლება, და ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სწორედ ზრდასრულთა განათლების პროგრამას შეუძლია.
თამამად და გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტიურად და ნაყოფიერად პროფესიული კოლეჯები მუშაობენ, მაგრამ თუ ამ საწავლებლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, იქ მომუშავე პედაგოგები დიდ სირთულეებს შეეჯახონ. უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია, რომ პროფესიული კოლეჯების სასწავლო ჯგუფები საკმაოდ არაერთგვაროვანია, ხშირად გვერდიგვერდ უწევთ სწავლა 14-15 წლის მოზარდს და 40-50 წლის ზრდასრულს. ცხადია, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც საბაზისო ცოდნით, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილებით, სასწავლო მოტივაციითა და სამომავლო მიზნებითაც. რასაკვირველია, ყველაფერში დადებითი მხარე უნდა ვეძებოთ. ამ შემთხვევაშიც მდგომარეობა შეიძლება სასწავლო მიზნებს დავუკავშიროთ და სასიკეთოდაც გამოვიყენოთ, შევქმნათ ისეთი სიტუაციები, რომ 14-15 წლის მოზარდმა უფროსი მეგობრისგან ბევრი საჭირო რამ ისწავლოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზრდასრულთა განათლება სპეციფიკურია და ძირეულად განსხვავდება მოზარდთა განათლებისგან, ცხადი გახდება, რომ პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს სერიოზული დახმარება სჭირდებათ ზრდასრულთა სწავლების საკითხებზე ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ინფორმაციის მიღების კუთხით, რათა ასეთ არაერთგვაროვან ჯგუფებშიც წარმატებით მოახერხონ სასწავლო პროცესის წარმართვა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ უნდა ზრუნავდეს ქვეყანა ზრდასრულთა სწავლებაზე, როცა მას უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ძლიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაცულად, უსაფრთხოდ, იმედიანად და მშვიდად გრძნობენ თავს მისი მოქალაქეები, რამდენად აქვთ მათ ემოციური სტაბილურობის განცდა და ახერხებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღებაზე ფიქრს ადამიანი საკმაოდ ადრე ამთავრებს და ამით მომავალში საკუთარ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების იმედსაც კარგავს, რაც მასში ემოციური არასტაბილურობის განცდას ბადებს. ცხადია, ასეთი ადამიანი სასიკეთოს ბევრს ვერაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილებელი დარჩება. არარეალიზებული ადამიანი კი ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია საზოგადოებისთვის და ასოციალურ ქცევას სწორედ მისგან უნდა მოველოდეთ.
განათლება ადამიანს ეხმარება როგორც შიშის დაძლევაში, ასევე ემოციური სტაბილურობის განცდაშიც, მომავლის რწმენას, იმედს უღვივებს მას და, აქედან გამომდინარე, უფრო დაცულადაც აგრძნობინებს თავს. ასეთი ადამიანი სასიკეთო საქმეების საკეთებლად არის მომართული, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას აძლიერებს.
ზრდასრულთა სწავლების სისტემის დამკვიდრება და ამოქმედება საქართველოში გაცილებით იმედიანებს გახდის ადამიანებს, რაც საზოგადოების ემოციურ ფონზეც აისახება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარალელურად ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლადაც დაიწყებს ზრუნვას და დასაქმების ასაკიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს, როცა 30-35 წლის ადამიანი მრავალი სამსახურისთვის უკვე ხანდაზმულად ითვლება და დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, საეჭვოა, ზრდასრულმა მოქალაქეებმა თავიანთ მომავალ განათლებაზე დაიწყონ ზრუნვა.
განათლებული ადამიანების სიმრავლე ქვეყანას აძლიერებს. ძლიერი საქართველო განათლებული მოქალაქეების გარეშე წარმოუდგენელია. ვიზრუნოთ ადამიანების განათლებაზე, რა ასაკისაც უნდა იყვნენ ისინი; მუდამ გვახსოვდეს, რომ სწავლისთვის მეტისმეტად ხნიერი არავინ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი