პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები  

ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის, ყველაზე ცნობილი ტილოა ,,კივილი“, რომლის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მხატვრის მიერ შექმნილ არც ერთ ვერსიაში მთავარი ფიგურა, ადამიანი, რომელსაც ხელები აქვს ყურებზე აფარებული და მთელი არსებით სასოწარკვეთილ კივილს თუ ყვირილს გამოხატავს, მარტო არ არის. მის უკან, ფონზე, მოჩანს ორი ადამიანი.უფრო სწორად, ორი ადამიანის სილუეტი.მათი სახეები არ ჩანს. სხვადასხვა ვერსიაში ცენტრალური ფიგურა თითქმის იდენტურია, მაგრამ იცვლება უკან მდგარი სილუეტების პოზიცია. ან უბრალოდ მოდიან, ან ზურგშექცევით დგანან, ან სივრცეს გაჰყურებენ, ან ერთ-ერთი მოაჯირს ეყრდნობა და წყალს ჩაჰყურებს. თითოეულ ვერსიაში კარგად ჩანს, რომ ისინი ვერ ამჩნევენ, არ აინტერესებთ, ვერ განიცდიან იმ სასოწარკვეთილ უხმო კივილს, რომელსაც ჩვენ, ტილოს წინ მდგომი ადამიანები, ძალიან კარგად ვგრძნობთ. რა შეიცვლებოდა, ტილოდან ეს ორი ადამიანი რომ გამქრალიყო? მხატვრის „სათქმელს“ სიმძაფრე მოაკლდებოდა. რადგან სწორედ ამ ორი ფიგურის გულგრილობა ქმნის იმ დიდ ემოციას, რომელიც ამ ნახატს მოაქვს. ადამიანთა შორის მარტოობა ხომ ბევრად უფრო აუტანელია, ვიდრე საკუთარ თავთან განმარტოება.

თუ ნახატს დიდხან ვუყურებთ და მის სამყაროში გადავინაცვლებთ, იქნებ ფიქრიც გაგვიჩნდეს: ნეტა ვინ უნდა იყვნენ ის ადამიანები? აქვთ რაიმე კავშირი მთავარ ადამიანთან თუ უბრალოდ გამვლელები არიან? იქნებ აი, იმას, წყალს რომ ჩასცქერის, უფრო დიდი მარტოობა და სევდა სჭირს?..

ეს გრძელი შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ მეორეხარისხოვანი ფიგურები, ანუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, არა მხოლოდ ფონს უქმნიან მთავარ გმირებს, არამედ თავადაც საინტერესონი არიან, დამოუკიდებელ ფიქრს აღძრავენ, დამოუკიდებელ ემოციას, დამოუკიდებელ პრობლემას.

კინემატოგრაფიასა და თეატრში თანაბრად ფასდება მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები. ამიტომაც უმაღლეს ჯილდოსა  და პრემიას მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ყოველთვის გასცემენ ხოლმე.

ძალიან სუბიექტური აზრით, ლიტერატურა ყველაზე ცოცხალი, ყოვლისგამომხატველი, ხელოვნების ყოველი დარგის საფუძველი თუ არა შთამაგონებელი მაინცაა და შესაბამისად, მგონია, რომ მასში ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.

მე შევეცდები, ამ წერილში მეორეხარისხოვნობის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბრო. ერთგვარ ფოკუსში მოვაქციო მეორეხარისხოვან პერსონაჟთა ამოუწურავი ფერადოვნება.

ჩემი მსჯელობის პრინციპი არ იქნება, პერსონაჟთა ქრონოლოგიურად დალაგება. არ მიყვარს ქრონოლოგია, თუ რაიმეა ზედროული, მათ შორის ლიტერატურა ყველაზე მეტად მგონია ასეთი.

უპირველესად სოსია მეწისქვილეზე ვისაუბრებ. პერსონაჟი, რომელიც ბევრ საფიქრალს უტოვებს მკითხველს, რადგან მწერალმა ბევრი ფუნქცია დააკისრა მას.ეს არის პერსონაჟი, რომლის არსებობა მოთხრობაში ორ მნიშვნელოვან რამეზე გვაფიქრებს: სოსიას გაუბედავობა და უპასუხო სიყვარული ოთარაანთ ქვრივისადმი ამსხვრევს მთავარ სტერეოტიპს, რომელიც ამ ნაწარმოებს უკავშირდება – რომ აქ ილია სოციალურ უთანასწორობის პრობლემასა და ტრაგიზმზე წერს. არადა, სოსიას მეორეხარისხოვანი, მაგრამ ემოციური, შთამბეჭდავი როლი ნათელს ხდის ყველაფერს: ,, გაუცხოება ყოვლისმომცველია. ხიდი ჩატეხილია, როგორც სხვადასხვა წოდების, ისე ერთი და იმავე კლასის წარმომადგენელთა შორის […] წოდებრივმა სხვაობამ გააჩინა უფსკრული კესოსა და გიორგის შორის, მაგრამ არჩილის სიმართლე სრული სიმართლე მაინც არ არის. იგი მცირე ნაწილია იმ სრული სიმართლისა, რომელსაც კაცობრიობამ უნდა მიაგნოს, თუ სურს, გაუცხოების პრობლემა მოაგვაროს.
განა ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა ისეთივე ტრაგიკული არ არის, როგორც გიორგისა და კესოსი? ქვრივმაც ხომ ისევე ვერ დაინახა სოსიას სიყვარული, როგორც კესომ გიორგისა. მართალია, ვრცლად არ აღუწერია ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა, მაგრამ რაც ნათქვამია მოთხრობაში, სრულიად საკმარისია მეწისქვილის ბედის გასაგებად […]თუ კესოსა და გიორგის წოდებრივი განსხვავება თიშავს, ქვრივსა და სოსიას აცალცალკევებს ადამიანური ღირსება.“

( ,,საქმით მეტყველი სული“ აკაკი ბაქრაძე)

აკი ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ სათქმელსაც სოსიას ათქმევინებს მწერალი და თავის კომენტარსაც არ დაახანებს:

 — ცოცხალზე არ გამახარა წუთისსოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო!.. ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!
მართლა, რომ ცოდოა!..
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?
ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისსოფელში.  ამ მონაკვეთსაც იმავე აზრში ხვევს დიდი ლიტერატორი:

,, დასკვნა: ეს წუთისოფელი უთავბოლო და უთანასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავისთავს მოუკვდა.
და ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და საზოგადოებას შორის არ არის კონტაქტი. ჩატეხილია ხიდი. ასე და ამრიგად, დაისმის „ოთარაანთ ქვრივში“. დღევანდელ ტერმინებით რომ ვთქვათ. უკონტაქტობისა და გაუცხოების პრობლემა“.( ,,საქმით მეტყველი სული“ აკაკი ბაქრაძე)

მაგრამ ჩემთვის სოსიას არსებობა ერთ რამეზე დამაფიქრებელია კიდევ. გიორგის სიყვარულის ისტორიას  პარალელად გასდევს სოსიას გარიყული, დაბეჩავებული, გულში ჩაკლული, მაგრამ მაინც ყველაზე გულისხმიერი სიყვარულის ამბავი ( ნაწარმოებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სოსიას ყოველთვის მაშინ ახსენებს ოთარაანთ ქვრივს, როცა სხვებს არ ახსოვთ) მე, მკითხველს, მიჩნდება კითხვა: როგორი იქნებოდა გიორგის სიყვარული წლების მერე, განგებას რომ დაეცლია? დაეცემოდა გიორგი ასე? ჩემთვის პასუხი ცალსახაა – არა. რადგან ყველაფერი, რაც ილიამ გიორგიზე გვიამბო,იმ სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს, რომელიც სოსიას არც თავიდანვე ჰქონია („ მაგას ასეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი… ვეღარ შევბედავ, ვეღარა!.. სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა, ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისაგან...“ ). გიორგისაც სტანჯავს ეს მიუწვდომლობა ( მე ვინ და შენ ვინ!.. სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს… გული გწვდებოდა, გული, ხელი კი ვეღარ…“) , მაგრამ მას სხვაგვარად არ შეეძლო, იმიტომაც აუარა გვერდი დედის შეგონებას რასაც არა ეშველება-რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო! – და თავის გზას დაადგა. შეუძლებელი შეძლო დასაწყისისთვის: დიდი ფიქრის შემდეგ დედის უნებური ნაბიჯი გადადგა, გადააბიჯა დედის ავტორიტეტს, მის თავმოყვარეობას და მოჯამაგირედ დაუდგა თავისი ტრფობის საგანს. თუმცა ეს მოჯამაგირეობა არამც და არამც არ ნიშნავს მის სულიერ მოჯამაგირეობა-დაცემა-დაბეჩავებას. რა თქმა უნდა, ამ ფიქრს ,,ჰეფი ენდამდე“ მაინც ვერ მივყავარ, მაგრამ არც სოსიასავით დამცირებასა და  სოფლის განაპირა წისქვილში მარტოდმარტო გდებას მაფიქრებინეს.

მოსწავლეებსაც ყოველთვის ვუსვამ ამ შეკითხვას. ისინიც ბევრს ფიქრობენ, კამათობენ და რაც მთავარია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ.

სხვაგვარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც არსებობენ –  მინიმუმამდე დასული მოქმედებით, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ნაწარმოების არსის გაგებისთვის – მთავარი გმირის იდეის გამგრძელებლები.

ზუ  ჯემალ ქარჩხაძის ,,იგიში“ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს და იგი გამუდმებით გრძნობს მის მზერას. მთავარი იდეა სწორედ მასში ჩადო მწერალმა – იგის კვალი ზუა, ზუში გადავა იგის განსხვავებულობა,ზუ გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან გზას, იგი რომ დაადგა – ეს ფიქრის, სიტყვის,სიყვარულისა და შემოქმედების ნიჭის პოვნის გზაა, რომელმაც შინაგანი თავისუფლება მოუტანა იგის.

„იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო. და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: „იგიმ იცის რა დარჩება მისგან!“ ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასთრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის. ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მიხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს...“

გამართული ზუს დანახვა აფიქრებინებს იგის კიდევ უფრო დიადს – ის გასხივოსნებულ ტომს ხედავს!

( აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო რიჩარდ ბახის კლასიკად ქცეული იგავიც ,, თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. ჯონათანი პირველია, მეორე – თოლია ფლეტჩერ ლინდია, რომელიც ჯონათანის სულიერი შეგირდი და ზუს არ იყოს, იდეის გამგრძელებელია)

ძალიან ბუნებრივი, ლამის გაცვეთილი პარალელია ამ კონტექსტში ,,ალუდა ქეთელაური“. მეორეხარისხოვანი პერსონაჟთაგან გამორჩეულია მინდია, რომელიც ძალიან ერთგულ, უანგარო, თავდაუზოგავ, „ვაჟკაცობის ადათის“ დამფასებელ მეგობრად გვევლინება, მაგრამ მწერალი მაინც არ აკისრებს მას უმნიშვნელოვანესს – არ ტოვებს ალუდას იდეის გამგრძელებლად ( ზუსაგან განსხვავებით) –

„ ამის გამგონე მინდიას

მაუწყლიანდის თვალები,

ვეღარასა ჰშველს ალუდას,

გულზე გადიწყვის მკლავები“ – კულმინაციურ მომენტში ესღაა მინდიას რეაქცია. მინდია რჩება ალუდას გულშემატკივრად, მაგრამ არა გზის გამგრძელებლად და იდეის თანამოაზრედ ( აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ თემაზე  უფრო სიღრმისეულად სხვა სტატიაში ვისაუბრე: ,, სულ სხვა მინდია“ https://mastsavlebeli.ge/?p=9981 )

ერთსაც ვერ ავუვლი გვერდს. ეს ივანეა ,,ჯაყოს ხიზნებში“.

ნახუცარი ივანე – ნათავადარი,ნაკაცარი თეიმურაზ ხევისთავის ერთადერთი მეგობარი. თვითონაც რწმენადარღვეულს, სულგაყიდულს, ცხოვრებაგაორებულს საკმაოდ დიდი ტვირთი აჰკიდა მწერალმა: ივანესთან საუბარი არ ბეზრდება თეიმურაზს, საუბრობენ და კამათობენ ყველაფერზე ღრმად, ფილოსოფიურად, დამაფიქრებლად, ამ საუბრებიდან იგებს მკითხველი ყველაზე უკეთ, როგორი ფიქრები ფუთფუთებენ დაჩიავებული, დაბეჩავებული, ხიზნად და მსხვერპლად ქცეული თეიმურაზის თავში. ყველა მწარე სიმართლეც ივანემ უნდა უთხრას თეიმურაზს და ყოველ განსაცდელშიც თვითონ უნდა ედგეს გვერდით. თვალები უნდა აუხილოს და ძნელი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზისკენ უბიძგოს.

როგორი დასაჯერებელია, რწმენადაკარგულს, ძველის დამვიწყებელს, ახალ ცხოვრებას ფეხაწყობილს, ,,ქლესაობას“ და პირმოთნეობას მიჩვეულს საოცარი ერთგულებაც და თანადგომაც რომ შეუძლია და ადამიანის სწორ გზაზე დაყენებაც?! ასეთი წინააღმდეგობრივი კაცია ივანე.

აქ შევჩერდები.

თუმცა ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, რადგან თავად ლიტერატურაა ამოუწურავი. იქ სადაც გმირები, მთავარი პერსონაჟები და პირველხარისხოვნები იბადებიან და იქმნებიან, მეორეხარისხოვანთა და უკანასკნელთა არსებობაც გარდაუვალია –  „მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკანანი წინა“ (მათე 19,30).

„მეორეხარისხოვანი როლის არ მესმოდა და სწორედ ამიტომაც, რეალობაშიც ყოველთვის უკანასკნელი ვიყავი. ან გმირი ხარ, ან ტალახი, შუალედი არ არსებობს.“( თეოდორ დოსტოევსკი „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“)

ჰო, გენიოსებისთვის არა, მაგრამ ჩვენთვის, მოკვდავთათვის,  მეორეხარისხოვნობაც მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი