პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მებრძოლი მღვდელი

ლონდონის ცენტრში უესტმინსტერის ანგლიკანური ტაძარი დგას. ის ბრიტანელ მონარქთა კორონაციის ადგილი იყო. ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი დასავლეთის კედელია. კედელი დაფარულია ქვის ფიგურებით, რომლებსაც მეოცე საუკუნეში დევნილი და წამებული ქრისტიანების სახეები აქვთ. აქ ნახავთ მარტინ ლუთერ კინგსაც და სოციალური სამართლიანობისთვის თავგადადებულ ეპისკოპოს ოსკარ რომეროსაც, კათოლიკეებსაც და პროტესტანტებსაც და მართლმადიდებელსაც კი – რომანოვების ოჯახის წევრ ელიზავეტა ფიოდოროვნას. თუმცა დღეს დიტრიჰ ბონჰიოფერზე, ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლ მღვდელზე მოგიყვებით.

რატომ გადავწყვიტეთ ქრისტიან მღვდელზე საუბარი?

განვითარებული ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას თავისი სოციალური ფუნქციები აქვს. მისი ვალია, მონაწილეობა მიიღოს ადამიანთა მატერიალური და სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რელიგიური სტრუქტურები დანარჩენებს ზემოდან, ბატონივით არ უნდა უყურებდნენ. დიტრიჰ ბონჰოფერმა მთელი სიცოცხლე იმას მიუძღვნა, რომ ეკლესია, თავისი უმდიდრესი უწყებებით, გაჭირვებულთა და ტანჯულთა მსახურად, შემწედ ექცია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ურთულეს წლებში ეკლესიები მხოლოდ საყოველთაო ჭეშმარიტებებს არ ქადაგებენ ხოლმე. მებრძოლი, მამაცი ქრისტიანები კონკრეტულ ეპოქაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემასაც ცდილობენ, დიქტატორს დიქტატორად მოიხსენიებენ, ქურდს – ქურდად და მჩაგვრელს – მჩაგვრელად. გასული საუკუნის პირველ ნახევარში მხოლოდ მუშები, ქალები, ებრაელები, სტუდენტები არ უწევდნენ წინააღმდეგობას აბსოლუტურად არაჰუმანურ რეჟიმებს – დემოკრატიულ ბრძოლაში სასულიერო პირებსაც შეჰქონდათ თავიანთი წვლილი. ისინი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მაგალითითაც ცდილობდნენ საკუთარი იდეალების დაცვას.

1930-იან წლებში ნაციონალ-სოციალისტური პარტია გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე პროტესტანტულ ოლქებში იყო განსაკუთრებით პოპულარული. ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი, გერმანისტი ნაირა გელაშვილი წერს, რომ ჰიტლერს კონსერვატიული ამომრჩევლის მოსაზიდად ქრისტიანობა „გერმანული ხალხობრიობის გაფურჩქვნის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად“ ჰქონდა გამოცხადებული. მას სურდა, მრავალრიცხოვანი ქრისტიანული მრევლის ენერგია მისი პარტიისა და „მესამე რაიხის“ მშენებლობისთვის გამოეყენებინა. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან „ქრისტიანობის საყოველთაო, უნივერსალური და ინტერნაციონალური შინაარსის რასობრივი პატრიოტიზმის კალაპოტში მოქცევა“ გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად, მასობრივი შიშის პირობებში, სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა იყო საჭირო. ჰიტლერმა მრავალრიცხოვანი, თვითმმართველი პროტესტანტული ეკლესიების ნაცვლად საფუძველი ჩაუყარა ერთ, ცენტრალიზებულ, პარტიისგან მართულ სახელმწიფო ეკლესიას, რაიხის ეკლესიის მიღმა დარჩენილ სამრევლოებს კი ბრძოლა გამოუცხადა. აამოქმედა „არიელთა პარაგრაფი“, რომლის მიხედვითაც, არაგერმანული წარმოშობის სასულიერო პირების უმრავლესობას სასულიერო სტატუსი ჩამოერთვა. რეგულაცია განსაკუთრებით სუსხიანი გაქრისტიანებული ებრაელებისთვის იყო. ჰიტლერის მხარდამჭერებმა ძველი აღთქმის კრიტიკაც თავიანთ ხელობად აქციეს. ძველი აღთქმა ებრაულ, შესაბამისად, პარტიისა და „გერმანიის მომავლისთვის მიუღებელ“ ტექსტად შეირაცხა.

ნაცისტური დიქტატურის დამყარებისას ბონჰიოფერი მხოლოდ 27 წლისა იყო. თეოლოგიის გამოუცდელმა სპეციალისტმა წიგნებისა და რარიტეტების გარემოცვაში ყოფნას ხალხთან სიახლოვე ამჯობინა და მღვდლობის პასუხისმგებლობა იკისრა. რეჟიმის არსებობის პირველსავე წელს ბიონჰოფერი უმწვავესად დაუპირისპირდა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ჯგუფის დევნის პოლიტიკას. 1933 წლის აპრილში გამოქვეყნებულ საპროტესტო, ებრაელთა მხარდასაჭერ თეზისებში ის წერდა: „თუ ეკლესია ხედავს, რომ სახელმწიფო ან აკლებს, ან აჭარბებს თავის უფლებასა და დისციპლინას, მაშინ მან არა მხოლოდ უნდა აკრიფოს სახელმწიფო მანქანის ბორბლებქვეშ მოყოლილი მსხვერპლნი, არამედ თვითონ უნდა ჩაუვარდეს ბორბლებქვეშ მანქანას“. იგი ქრისტიანებს განწირულთა გადარჩენის მიზნით ნაცისტური მანქანის ბორბლებქვეშ შევარდნისკენ მოუწოდებდა.

ბონჰიოფერი დაუნდობელი იყო ლიდერის კულტის შექმნის მცდელობის მიმართაც. „ბერლინის რადიოს“ ქრისტიანულ პროგრამაში მან თამამად მიანიშნა პრობლემაზე: „თუ წინამძღოლი საშუალებას მისცემს გასაძღოლებს, კერპად აქციონ იგი, რისი წყურვილიც ამ უკანასკნელთ მუდამ ექნებათ, – მაშინ წინამძღოლის სახე გადაიზრდება მაცდუნებლის სახეში… წინამძღოლი, რომელიც აღმერთებს საკუთარ თავს, აბუჩად იგდებს ღმერთს! “

ბონჰიოფერის მსგავსი ღვთისმსახურები მაშინ აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩდნენ. მათ ვერაფერი გააწყვეს ნაცისტურ პარტიასთან დაკავშირებულ „გერმანელი ქრისტიანების ჯგუფთან“. მთელი ნაცისტური პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა მღვდელი იდევნებოდა. მას აკრძალული ჰქონდა წერა, მოგვიანებით ჩამოართვეს საჯარო ქადაგების უფლებაც. ბონჰიოფერი თავს მუშათა უბნებს აფარებდა, სადაც სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში სახლობდა, თან ღარიბებს შორის საიდუმლოდ ეწეოდა ანტინაცისტურ პროპაგანდას. ახალგაზრდა პასტორს არალეგალურ მდგომარეობაში უწევდა ფინკენვალდის თეოლოგიური სემინარების გაძღოლა. სემინარების განმავლობაში მღვდელი იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ პასიური ზნეობა არ არსებობს, რომ ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა.

ინგლისში დროებით გახიზნულ ბონჰიოფერს უცხო ქვეყანაში გულმა ვერ მოუთმინა და წელიწადნახევრიანი მივლინების შემდეგ, ორმოციანი წლების გარიჟრაჟზე, კვლავ დაბრუნდა გერმანიაში. იგი სათავეში ედგა იატაკქვეშეთში ჩამოყალიბებულ თვითორგანიზებულ ჯგუფს, რომლის მიზანი შვეიცარის საზღვარზე ებრაელებისა და სხვა შევიწროებული პირების საიდუმლოდ გადაპარება გახლდათ. მღვდლის მონაწილეობით რეჟიმის რამდენიმე ასეულმა მსხვერპლმა მოახერხა გერმანიიდან გაქცევა.

მღვდელი თავის ახლობლებთან ერთად ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. ბონჰიოფერს ჰიტლერზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ორგანიზატორთა ხელშეწყობა დაბრალდა. 1943 წელს იგი ბერლინის ტეგელის საპყრობილეში გადაიყვანეს. მთელი პატიმრობის განმავლობაში მღვდელს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდა ცხოვრება. 1945 წლის 9 აპრილს, ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, ჰიტლერის უშუალო ბრძანდებით პროტესტანტი ქადაგი ჩამოახრჩვეს.

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“ ბიონჰოფერმა ქრისტიანული ცოდნა რეალობად აქცია და ხალხისთვის თავგანწირვისა და შეუპოვრობის მაგალითი შექმნა. ასეთი ადამიანები ნაცისტურ ეპოქაში სინდისს უნარჩუნებდნენ ევროპასაც, ეკლესიასაც და ადგილობრივ საზოგადოებებსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი