ოჯახი, როგორც ბავშვის „პირველი მასწავლებელი“

ღმერთო დამეხმარე გავაკეთებინო ბავშვს დავალებები და დავრჩე მოსიყვარულე დედად, კულტურულ ქალად და ადეკვატურ მეზობლად არ ვიცი პირველად ვინ დაწერა ეს ფრაზა სოციალურ ქსელში, მაგრამ სკოლის მოსწავლეთა მშობლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, ზუსტად ასახავს სახლში მეცადინეობის პროცესს და მშობლების უსიამოვნო განწყობას.

მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, როგორც წესი, პასუხს მასწავლებლებს და სკოლას ვთხოვთ, თუმცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ სახლის გარემო და მშობლების სწავლისადმი დამოკიდებულება პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე.

ძნელი სათქმელია, რამდენს უნდა იტევდეს მშობლის მოთმინების ფიალა, ბავშვის თავისუფალი ნება შიშმა და იძულებამ რომ არ დათრგუნოს.  თუმცა ერთი რამ ფაქტია, თავად მშობელი ყველაზე უკეთ იცნობს შვილის შრომისუნარიანობის ინდივიდუალურ თავისებურებებს. შესაბამისად, თუ მას პრიორიტეტებში „მონიშნავს“, შეძლებს კიდეც ბავშვისთვის სასურველი პოზიტიური გარემოს შექმნას.

რისკები მატულობს, როცა მშობელი გადაღლილი და გაღიზიანებულია, ბავშვს კი მშვიდად ნათქვამი არ ესმის. ასეთ შემთხვევებში ყველაზე გაწონასწორებული მშობელიც კი ორჭოფობს, ხომ არ შეიცვალოს ტონი, ხომ არ აუწიოს ხმას.  დაგროვილი ბრაზი ერთბაშად ამოხეთქავს და მორჩა, დამთავრდა სკოლისა და მოსწავლის მეგობრობა.

სავალდებულო ფორმატში მოქმედება ზრდასრულებსაც არ გვეხალისება, თუ არა ბავშვებს. რაც უფრო ფორმალურია მეცადინეობის პროცესი, მით უფრო უჭირს მოსწავლეს  ჩარჩოებში ჩაჯდომა; რაც უფრო მკაცრია მშობელი მეცადინეობის დროს, პატარას მით უფრო ხშირად „სტკივდება მუცელი“ და „სწყურდება წყალი“; რაც უფრო აგრესიულად ითხოვს დედ-მამა გაკვეთილების დაუყოვნებლივ შესრულებას, მით უფრო სძულდება მოსწავლეს სწავლა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთ დღესაც მეცადინეობა ნერვულ სტრესად არ გადაიქცეს და  ბავშვმა თავი მსხვერპლად არ იგრძოს? სამი გარემოება კმარა: დროის სწორად განაწილება, თავისუფლება და თანასწორობა. თუ ეს სამკუთხედი შეკრულია – ფსიქო-ემოციური ფაქტორები უარყოფით გავლენას ვეღარ მოახდენს.

სკოლიდან სახლში შუადღეს დაბრუნებულმა ბავშვმა მშობლის დახმარებით დრო ისე უნდა გაანაწილოს, რომ პატარამ დასვენებაც მოასწროს, მეცადინეობაც, თამაშიც და დროულად დაძინებაც. თუ ფიქრობთ, სათქმელად ადვილია, ყოველდღე იმდენი სამეცადინო მოაქვს ჩემს შვილს სკოლიდანო – მაშინ გეტყვით, რომ პრობლემას ბავშვში ნუ ეძებთ. მასწავლებლებს დაელაპარაკეთ და სთხოვეთ, ბავშვს მისი შესაძლებლობების ფარგლებში დაავალოს შესასრულებელი სამუშაო.

ბავშვობაში, სამეცადინო საათის დროს თავი სკამზე დაბმულად რომ მეგრძნო, ნამდვილად ვერაფერს ვისწავლიდი. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება – სადაც უნდა, იქ იმეცადინოს; როგორც უნდა, ისეთ მდგომარეობაში იჯდეს. მას უნდა შეეძლოს შესვენება, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. თუ დაელოდება  ბოლო ამოცანის ამოხსნას, რომ წყალი დალიოს, ამ ამოცანებზე დახარჯული დრო ფუჭად ჩაივლის.

და მესამე   – თუ ბავშვი იგრძნობს, რომ ასაკის მიუხედავად, უფროსების თანასწორია და სკოლა მისი სამსახურია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება სწავლას. უნდა ავუხსნათ, რომ მეცადინეობა პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. მხოლოდ სახელს იცვლის. რასაც ბავშვობაში გაკვეთილი ჰქვია, დიდები პროექტებს ვეძახით. იმისთვის, რომ ყოველდღიურობა არ იყოს ერთფეროვანი და მოსაწყენი, ადამიანები მუდმივად ვითარდებიან. ამ პროცესით კი სიამოვნების მიღებაც შეიძლება. სულ არ არის საჭირო მხოლოდ წიგნებში თავჩარგული სიარული. მეტიც, აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს თავისუფალი დრო თამაშისთვის, მეგობრებისთვის, ფიქრისთვის. თამაშიც უნარია, მეგობრობაც და ფიქრიც.  როდესაც ჩემი შვილი დაინტერესდა, როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებას, პირველი რაც ჩემდაუნებურად ვუპასუხე, იყო ის, რომ მათ აქვთ კარგი უნარები და იყენებენ ამ უნარებს, როცა საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან. თანამედროვე ეპოქაში ცოდნა არ კმარა წარმატებისთვის. თუმცა ცოდნა ის ფუნდამენტია, რაზეც უნარები უნდა დააშენო.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა არა მხოლოდ სკოლაში, სახლის პირობებშიც გარდაუვალი აუცილებლობა მგონია.  მით უფრო, თუ ამ თამაშში მშობლებიც ან ოჯახის სხვა წევრები ჩაერთვებიან.

მარცვლებით თამაში კითხვის შესასწავლად რომ  ეფექტური მეთოდია, საკუთარ შვილზე გამოვცადე. ფორმატი თანაბარ კვადრატებად დავჭერით და მასზე მარცვლები დავწერეთ.

ასოებისთვის ფერები 6 წლის კესომ თავად შეარჩია. შემდეგ ეს კვადრატები „ჯადოსნურ გუდაში“ ჩავყარეთ. თამაშის წესების მიხედვით, პატარა ხელს გუდაში ჩაყოფდა და ცდილობდა ამოღებულ ფურცელზე მოხაზული მარცვალი წაეკითხა. თუ თამაშის ამ ეტაპს წარმატებით გაართმევდა თავს, მეორე ტურში გადადიოდა, სადაც  მარცვლებით სიტყვების აწყობა ევალებოდა. თამაში იმდენად სახალისო აღმოჩნდა, რომ მეგობრები კითხვის დაწყების შემდეგაც დიდხანს თამაშობდნენ.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო-საგანმანათლებლო თვალსაჩინოება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში ბავშვებთან ერთად დავამზადოთ საჭირო რესურსი. მაგალითად, ეს გამოსახულება, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ ამობეჭდოთ, პატარა მარიტას დედამ შექმნა. ბავშვმა გააფერადა, გამოჭრა და ანტონიმების არსი გაცილებით მარტივად გაიგო, ვიდრე თეორიული ახსნის შედეგად.

 

ყველაზე მთავარი, რაც ბავშვს წარმატების მიღწევაში ეხმარება, განწყობაა. თუ ბავშვმა იცის, რატომ მეცადინეობს, რატომ დადის სკოლაში, დიდი ალბათობით უკეთეს შედეგზე გავა. თუმცა ზოგჯერ ბავშვებს ეჩვენებათ, რომ დავალება მეტისმეტად რთულია. შიშობენ, რომ არ გამოუვათ. ასეთ დროს, მკაცრი მშობლები იძულების გზას იყენებენ, შედარებით ლოიალურები კი უხსნიან, რომ ცდად ღირს.

„წარმოიდგინე, რომ დგახარ სადარბაზოში, კიბესთან, რომელიც შენს სახლამდე ადის. ფეხს ჯერ პირველ საფეხურზე ადგამ, მერე მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ასე აივლი ათივე საფეხურს, რომ სახლის კარს მიადგე. მერე გასაღები უნდა მოძებნო, საკეტს მოარგო, გადაატრიალო, კარი გააღო, ზღურბლზე გადააბიჯო და სახლში შეხვიდე. ხედავ, რამდენი მოქმედება გააკეთე, სახლში რომ შესულიყავი?  წარმოიდგინე რომ სადარბაზოში მდგარს გეთქვა: არა მეზარება პირველ საფეხურზე ფეხის დადგმა, მეორეზეც მეზარება და საერთოდაც ფეხებს მოძრაობა ეზარებათ! როგორ ფიქრობ შეხვიდოდი შენს სახლში? ვერ შეხვიდოდი. ასეა სწავლაც. ყველა დავალება ეტაპებისგან შედგება. შენ თვითონ შეგიძლია სამეცადინოს საფეხურებად და ყოფა. თითო აბზაცი და თითო მაგალითი კიბის ერთი საფეხური იყოს. საშინაო დავალებას რომ მორჩები, უკვე კიბის სათავეში იქნები. აუცილებლად უნდა დაიწყო, რომ ბოლოში გახვიდე. ყველაფერში ასეა“, – ვუხსნიდი ჩემს შვილს. თუმცა ვერბალურ რჩევა-დარიგებაზე უკეთესი შედეგი აქაც თვალსაჩინოებამ გამოიღო, ოღონდ არა ჩემი, არამედ ბავშვის ჩართულობით.

გადავწყვიტე, მიმეცა მისთვის საშუალება, თავად შეეფასებინა თავისი თავი მეცადინეობის პროცესში. ამისთვის ოსკაროსანი მულტფილმის „INSIDE OUT”-ის ემოციური გმირების „სიხარული“, „სევდა“, „ბრაზი“, „წუწუნი“ და „შიში“ მოვიშველიე. სახალისო აპლიკაცია დავამზადე, ამოვბეჭდე, მაცივარზე გავუკარი და  ვთხოვე, ყოველდღე ფერადი ფანქრით გაეფერადებინა ის უჯრა, რომელი ემოციაც სწავლის პროცესში ეუფლებოდა.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია

ერთი შეხედვით მარტივმა გადაწყვეტილებამ, ფუნდამენტურად პოზიტიური ორი შედეგი მოგვიტანა. პირველი – ბავშვს იმდენად აინტერესებდა, რომელი ემოცია დაეუფლებოდა, რომ უსწრაფესად ასრულებდა საშინაო დავალებებს და შეფასების გასაკეთებლად გარბოდა.  მეორე – არ მოსწონდა, როცა გაფერადებული უჯრებით „სევდა“, „ბრაზი“, „წუწუნი“ ან „შიში“ ლიდერობდნენ. ამიტომ ყველაფერს აკეთებდა, რომ სამეცადინო საათი ხალისიანად გაეტარებინა და გამარჯვებული ემოცია „სიხარული“ ყოფილიყო. საკუთარი თავის შეფასების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამასობაში ხალისით სწავლა ხასიათში გადაუვიდა.

მე კი მისი ბავშვობის სამახსოვროდ თბილი მოგონებებით სავსე უამრავი ფურცელი დამრჩა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments