შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვისწავლოთ მუსიკალურად თვლა

მუსიკის შესწავლის მსურველებს თეორიის დაძლევა ხშირად შეუძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ ეს აზრი მცდარია. თუ თემას მარტივი და გასაგები ფორმით მივაწვდით, გარწმუნებთ, საგნის დაძლევა სავსებით შესაძლებელი იქნება.

მუსიკა, როგორც მუდმივად მოძრავი რამ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, თუმცა ის შეგვიძლია წყაროსაც შევადაროთ, რომელიც მიედინება და მიედინება. მაგრამ ყველაზე უკეთ მუსიკა დროის დინებას განასახიერებს, რის შესახებაც წინა წერილებში დაწვრილებით გვისაუბრია.

მათთვის, ვინც პროფესიონალურ ან სამოყვარულო დონეზე აპირებს მუსიკის დაუფლებას, სასიცოცხლოდ აუცილებელია მუსიკალური რიტმის დათვლაში გარკვევა (ასევე – ტაქტის ზომის განსაზღვრა, თუმცა ამ თემაზე უფრო ვრცლად ერთ-ერთ მომდევნო წერილში გესაუბრებით), ამა თუ იმ ბგერაზე შეყოვნების ხანგრძლივობის ცოდნა და ა.შ.

თუ ბავშვს ნოტების დასახელება უკვე შეუძლია და იცის, როგორ განლაგდება ისინი სანოტო სისტემაზე, დროა, ავუხსნათ რიტმის (გრძლიობათა) დათვლაც. გამოცდილება გვკარნახობს, რომ გრძლიობებში გარკვევა არათუ პატარებს, ხანდახან დიდებსაც უჭირთ. ამიტომ მივმართავ მრავალგზის ნაცადი ხერხით სწავლებას „ვაშლის“ მაგალითზე მარტივად და გასაგებად.

ყოველი გრძლიობის დასახელების დამახსოვრება იმ შემთხვევაში გაადვილდება, თუ მთელ ნოტს ვაშლად წარმოვიდგენთ და მას დავყოფთ 2 ნახევარ, 4 მეოთხედ, 8 მერვედ, 16 მეთექვსმეტედ და ა.შ. ნაწილებად. ისიც ადვილი დასამახსოვრებელია, რომ თეთრად შეფერილი ნოტის გრძლიობა ყოველთვის მეტია, ვიდრე შავისა, ანუ თეთრი ნოტი შავზე ხანგრძლივია.

ავიღოთ ვაშლი. ის ისეთივე ფორმისაა, როგორისაც მთელი ნოტი. შეგახსენებთ, მთელი ნოტი ყველაზე ხანგრძლივია და ითვლის ოთხს (შეგვიძლია, თვლა ოთხი ტაშით გამოვსახოთ). სანოტო დგამზე გამოისახება ოვალით, გნებავთ, თეთრი წრით და გრძლიობებს შორის ერთადერთია, რომელსაც არ აქვს შტილი.

თუ ვაშლს შუაზე გავყოფთ, მივიღებთ ვაშლის ორ ნახევარს, ანუ ორ ნახევარი გრძლიობის ნოტს. მთელის ნახევარი, რაღა თქმა უნდა, ითვლის ორს. ნახევარი გრძლიობა მთელს თეთრი ოვალით ჰგავს, ოღონდ შტილი აქვს დამატებული.

ამჯერად ვაშლი ოთხად გავყოთ, ან ნახევრები – ორად. შედეგად ოთხ ნაწილს მივიღებთ. თითოეული მათგანი მუსიკალურ ენაზე მეოთხედად ითარგმნება და დაითვლის ერთს. სანოტო სისტემაზე გამოისახება შავად შეფერადებული ოვალით და შტილით.

ვაშლს რვა ნაწილად თუ დავყოფთ, ბავშვი ადვილად მიხვდება, რომ თითოეული ნაწილი კიდევ უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა, ვინაიდან ნაწილებს შორის ყველაზე მცირეა. ნაწილს დავარქვათ მერვედი და გადავიდეთ ვაშლის უფრო მცირე ნაწილებად დაქუცმაცებაზე. ოღონდ მანამდე ნუ დაგვავიწყდება, რომ მერვედ ნოტს შავად შეფერილ ოვალზე შტილთან ერთად კუდიც ემატება.

ვაშლს თუ კიდევ უფრო დავანაწევრებთ, თექვსმეტ მცირე ნაწილს მივიღებთ. მათ მეთექვსმეტედებს ვუწოდებთ. მეთექვსმეტედს, მერვედის მსგავსად, კუდი ექნება, ოღონდ ერთის ნაცვლად – ორი.

როგორ უნდა დაითვალოს რიტმი დამწყებმა მუსიკოსმა ან მუსიკის მოყვარულმა? უპირველეს ყოვლისა, მან პულსის თანაბარი დარტყმები უნდა დაითვალოს ორამდე, სამამდე ან ოთხამდე. ამრიგად, მუსიკალური თვლა შემდეგნაირად გამოგვივიდა:

* მთელი გრძლიობის ნოტს ოთხი თვლა ანუ ოთხი დარტყმა შეესაბამება: ერთი-ორი-სამი-ოთხი;

* ნახევარს წერტილით – სამი: ერთი-ორი-სამი;

* ნახევარს – ორი: ერთი-ორი;

* მეოთხედს – ერთი;

* მერვედს – ერთის ნახევარი: ერ (მერვედების გადათვლისას იწყება მარცვლების დაყოფა: ერ-თი, ო-რი, სა-მი, ოთ-ხი);

* მეთექვსმეტედს – ერთის მეოთხედი (ე-ერ-თი-ი, ო-ო-რი-ი, სა-ა-მი-ი, ო-ოთ-ხი-ი. როგორც ვხედავთ, მეთექვსმეტედის თვლაში ჩნდება ასოების გამეორება, როგორც დანაწევრების მოხერხებული მეთოდი.

გრძლიობებით რიტმული ვარჯიში შესაძლებელია მუსიკის მოსმენის ფონზე ტაშის დაკვრით ან მაგიდაზე თითების დარტყმით (პულსირებით). ეცადეთ, თანაბარი რიტმი დაიჭიროთ. სასურველია ამავე ვარჯიშის მუსიკის გარეშე, დამახსოვრებით შესრულება. ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ მთელ ნოტთან შედარებით ნახევარი გრძლიობის ნოტი ორჯერ სწრაფად დაიკვრება, მეოთხედი – ოთხჯერ სწრაფად, მერვედი და მეთექვსმეტედი გრძლიობის ნოტებიც შესაბამისი გაანგარიშებით აჩქარდება.

„მუსიკალური ანგარიშის“ პარალელურად აუცილებელია დამწერლობაშიც ვერკვეოდეთ. უნდა დავიმახსოვროთ შტილების მიმართულება, რომელიც დამოკიდებულია ნოტის სიმაღლეზე ანუ მის ადგილმდებარეობაზე. შეგახსენებთ, რომ მთელი ნოტის გარდა ყველა სხვას შტილი აქვს. ასეთი ნოტები, როგორც წესი, მესამე ხაზამდე (მეორე, პირველ და დამატებით ხაზებზე) შტილით მარჯვნივ და ზევით იწერება, ხოლო მესამე ხაზის ზევით (მესამე, მეოთხე, მეხუთე და დამატებით ხაზებზე) შტილი მიმართულია ქვევით და იწერება ნოტის მარცხნივ. მესამე ხაზზე მოთავსებულ ნოტს, როგორც გამონაკლისს, შტილი ორივე მხრიდან – ზევიდან ან ქვევიდან შეიძლება მიეწეროს.

თუ შეგვხდება ნოტების ჯგუფი, შტილების მიმართულება ნოტების უმრავლესობის მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.

თუ ორხმიანობას წავაწყდებით, ზედა ნოტებს შტილები ზევით დაეწერება, ხოლო ქვედას – ქვევით.

სანოტო მართლწერისას ყურადღება მივაქციოთ კუდების მიმართულებასაც. კუდი, როგორც შტილის შემადგენელი ნაწილი, ყოველთვის მარჯვენა მხარეს იწერება.

დავალება: განსაზღვრეთ ნოტის დასახელება და გრძლიობა:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი