პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბაბუაჩემი, „კუჩხა“ და შაშვები სუროში

– რა საჭიროა ახალი წლის ორჯერ აღნიშვნა?! – ყოველ ახალ წელს კითხულობენ ზოგიერთები. ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ძველით ახალი წელი, ანუ კალანდა, ანუ მეგრული „კუჩხა”, მე გაცილებით თბილად და რომანტიულად მახსოვს ბავშვობიდან, ვიდრე მთავარი ახალი წელი.
ერთგვარად ტკბილ-მწარე იყო ძველით ახალი წელი. ტკბილი იმიტომ, რომ მეკვლე უნდა ვყოფილიყავი, ხოლო მწარე იმიტომ, რომ მალე დამთავრდებოდა სამკვირიანი არდადეგები, რომელსაც ზაფხულის არდადეგების შემდეგ სულმოუთქმელად ველოდით.
სანამ მოკვდებოდა, ბაბუაჩემი მეკვლეობდა ხოლმე ჩვენთანაც და სხვებთანაც. ჯუნა მიქატაძის პერსონაჟისა არ იყოს (გურამ პატარაიას იმ ცნობილი ფილმიდან), ბაბუაჩემსაც ადრევე უთანხმდებოდნენ და სთხოვდნენ მეკვლეობას. ყველას არ თანხმდებოდა, მხოლოდ ახლობლებთან დადიოდა ხოლმე. კარგი ფეხი ჰქონდა ბაბუაჩემს და კარგი კაციც იყო (აბა ცუდ კაცს კარგი ფეხი როგორ ექნებოდა). თავის დროზე, ღრმა ახალგაზრდობაში, რუსეთში წასულა და იქიდან ცოლიც ჩამოუყვანია. ჩემი სახლის წინ, სტადიონის გვერდით, ახლაც არის პატარა, შემაღლებული ადგილი, სადაც ბაბუაჩემის ქოხი მდგარა. გოგონაც შესძენიათ, მაგრამ იმ ქალს მალევე აუცრუებია გული იქაურობაზე, მოუკიდია გოგონასთვის ხელი და ისევ რუსეთში წასულა. ანუ ახლა სადღაც რუსეთში მამიდა თუ არა, მამიდის შთამომავლები მაინც უნდა მყავდეს და სულ არ მაბედნიერებს ის ამბავი, რომ მათი ასავალ-დასავალი არ ვიცი. მამაჩემი და ჩემი მეორე მამიდა ეძებდნენ მერე, მაგრამ მაგ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ოთხი წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს რაღაც-რაღაცები. მახსოვს მისი ტყავის პიჯაკი, მელნისფერი გალიფე და მუდამ მბზინავი აზიურები. რაიონში როცა დააპირებდა წასვლას, ლამის შუაღამით დგებოდა, დადიოდა, ტანსაცმელს აწესრიგებდა, აზიურებს აპრიალებდა, ჩაის ადუღებდა და გათენებას ელოდა. აზიურების ქუსლის ბაკუნი მეორე სართულიდან (სადაც მისი ოთახი იყო) ქვედა სართულზე თავისუფლად და მკაფიოდ ჩამოდიოდა. აზიურების ჩაცმა არ იყო ძნელი, მარტო იცვამდა, მაგრამ ისე ჰქონდა ფეხზე მომდგარი, რომ გახდისას მთელი საბიძაშვილო ექაჩებოდა ფეხებზე.
სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა საუკეთესო სიგარეტი, რომელსაც პიჯაკის გულის ჯიბეში ისე იდებდა ხოლმე, რომ კოლოფის თავი გამოჩენილიყო.

ბაბუასთვის ერთგვარი რიტუალი და საყვარელი საქმე იყო სოფლის ცენტრში პურის საყიდლად წასვლა, პროდუქტების ბადეს ავსებდა და მთელ საბიძაშვილოს ურიგებდა. მეც დავყავდი ხოლმე ხელის ურიკით და ჩემთვის უამრავ მარმელადს ყიდულობდა. უცნაურად ჭრიდა პურს, წვრილად, სვანური კოშკებივით, ძალიან მიყვარდა ასე დაჭრილი პურის ჩაიში ჩალბობა.
მუშაობა უყვარდა, შრომის გმირი იყო და უთვალავი მედალი ჰქონდა. რაც მკერდზე დაეტია, საფლავში ჩაატანეს, ხოლო რაც დარჩა, ისინი მერე, როცა გავიზარდე, გავყიდე (როგორც აღმოჩნდა იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე სინამდვილეში ღირდა) და იმ ფულით მთელი კვირა ქეიფობდა მთელი სოფელი. დალევა თვითონაც უყვარდა, ჩაის პლანტაცია შორს გვქონდა და ყოველ შუადღეს იქიდან ფეხით მოდიოდა, რომ ღვინო დაელია. ერთხელ თავისმა ძმისშვილმა უთხრა: ბიძაჩემო, ამხელა გზაზე რომ დადიხარ, ყოველდღე დოქით წაიღე ეგ ღვინო, ჩაფალი მიწაში და არ მოგიწევს სიარულიო. ბაბუაჩემმა უპასუხა: შენ ვერასოდეს გაიგებ, თუ რა გრძნობაა, როცა ამ სიცხეში მოდიხარ და იმ ღვინოზე ფიქრობ, მაცივარში ჩაციებული რომ გელოდებაო.
ყოველდღე სვამდა (თუმცა მთვრალი არასოდეს მინახავს), მაგრამ მაინც იცოცხლა სამოცდათვრამეტ წლამდე. როგორც ვთქვი, ოთხი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ეს მოხდა 1990 წლის 13 იანვრის ღამეს. მეორე დილით მეკვლე უნდა ყოფილიყო. შებინდებისას ტყეში წავედით, ახლაც მკაფიოდ მახსოვს სუროში შემალული შაშვების ჭახჭახი. ბაბუამ სურო ჩამოჭრა და უკან დავბრუნდით. სახლში დიდ სინზე ღერღილი და კამფეტები დაყარა, სუროს ტოტი დაადო და ბუხრის თავზე შემოდო. ყველაფერი მზად იყო დილის რიტუალისთვის.
შუაღამისას ხმაურმა გამაღვიძა, ბაბუა ძალიან ცუდად იყო, მეზობლებიც მოსულიყვნენ. მომიყვანეთო, ჩემზე უთქვამს და ამიყვანეს მეორე სართულზე, მის ოთახში. მერე მითხრეს, რომ თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა. მე ეს არ მახსოვს, ალბათ იმდენმა ხალხმა დამაბნია. რაც იმ ღამიდან ყველაზე მკაფიოდ მახსოვს, ატირებული მამაჩემი იყო, რომლის ცრემლებიც პირველად და უკანასკნელად ვნახე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი