შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რას უნდა აძლევდეს სკოლა ბავშვს

რას უნდა აძლევდეს სკოლა ბავშვს – დღეს ეს შეკითხვა საკმაოდ აქტუალურია  განათლების სისტემასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისთვის. შეკითხვა აუცილებლად საჭიროებს პასუხს, რომელზეც ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი სკოლის პოლიტიკა და მუშაობის ძირითადი ორიენტირები. თუმცა სანამ ამ შეკითხვას გავცემდეთ პასუხს, კარგად უნდა განვსაზღვროთ სკოლის მიზანი, ასევე ისიც, თუ ვინ  და როგორი გვინდა იყოს ჩვენგან წასული ახალგაზრდა, რომელიც სულ პატარა მოგვაბარეს მისმა მშობლებმა. თორმეტი წელი მისი სწავლებითა და აღზრდით ვიყავით დაკავებული, ახლა კი ცხოვრების დიდ ასპარეზზე ვუშვებთ, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრს. საით იყო ჩვენი მცდელობა მიმართული მისი სკოლაში ყოფნის პერიოდში – გვინდოდა ის ჩამოგვეყალიბებინა ზღვა ინფორმაციის მატარებელ ადამიანად, რომელიც ყოველთვის, ყველასთან, ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხებდა ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემას და ამით გარშემომყოფებში ერთგვარ აღფრთოვანებასაც კი გამოიწვევდა, თუ ჩამოგვეყალიბებინა დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებად, რომელსაც ნებისმიერ ფაქტთან, მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ექნებოდა და არგუმენტირებული მსჯელობით შეძლებდა მის დაცვას. 

     ბუნებრივია, რომ საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სკოლის მიზანი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები პირდაპირ კავშირშია მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან. ამდენად დღეს, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიები ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, არ იქნება გამართლებული, რომ სასწავლო პროცესში ბავშვი ძირითადად ფაქტებისა და ინფორმაციების დასწავლით და დამახსოვრებით  იყოს დაკავებული, მასწავლებელი კი საგაკვეთილო დროის ძირითად ნაწილს იმის შემოწმებაზე ხარჯავდეს, თუ რამდენად კარგად იცის მისმა მოსწავლემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტები. ვინაიდან დღეს მოზარდთა უმრავლესობა დამოუკიდებლადაც ძალიან კარგად ახერხებს საჭირო დროს საჭირო ინფორმაციებისა და ფაქტების მოძიებას, უკეთესი იქნებოდა სასწავლო პროცესის უმეტესი დრო ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას დათმობოდა, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის, შეფასების, მოსმენის, თანამშრომლობის, გარემოს შეცვლილ სიტუაციასთან ადაპტაციის და კიდევ უამრავი სხვა უნარი, რომელიც სასურველია, რომ ისინი ბავშვს უკვე სკოლის პერიოდში გამომუშავდეს, ვინაიდან მოგვიანებით, როცა მოზარდი ამ უნარების გამოყენების საჭიროების წინაშე დადგება, მათ ჩამოყალიბებაზე ზრუნვა შეიძლება ძალიან რთული და უშედეგოც კი აღმოჩნდეს. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნა სასკოლო რეფორმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, როცა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი იქნა უმნიშვნელოვანესი პუნქტი – სკოლა ბავშვს უბრალოდ ცოდნას კი არ უნდა გადასცემდეს, არამედ სასწავლო პროცესში გარკვეულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებდეს. ვინაიდან, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი, როგორც მითითებული, ასევე უამრავი სხვა პუნქტი საგაკვეთილო პროცესის ძირეულ გარდაქმნას, ახალი სასწავლო მეთოდების, აქტივობებისა და რესურსების გამოყენებას მოითხოვდა, დაიწყო სერიოზული ზრუნვა სასწავლო პროგრამების, სასწავლო სახელმძღვანელოების შეცვლასა და პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, დღეს სასურველი შედეგები მაინც არ გვაქვს. არსებული მდგომარეობის შესაცვლელად და წლების წინ დაწყებული რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად კარგი იქნება იმ მიზეზების გაანალიზება, რომელიც რეფორმით დასახული მიზნის მიღწევაში გვიშლის ხელს. 

      ალბათ საკამათო არ იქნება აზრი იმის შესახებ, რომ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებაში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს აკისრია. როგორც არ უნდა შევცვალოთ სასწავლო პროგრამები და როგორი სახელმძღვანელოებიც არ უნდა შევიტანოთ სკოლაში, თუ პედაგოგი არ იქნება სათანადოდ მომზადებული ცვლილებების განსახორციელებლად, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომაც არის, რომ დღემდე სერიოზული მუშაობა ტარდება პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ასეთი მუშაობის პროცესში, სიახლეების მიღებისა და დანერგვის კუთხით, პედაგოგთა სამი კატეგორია გამოიკვეთა –  ერთი ცდილობს მიიღოს სიახლე და აქტიურად დანერგოს ის. მეორეს მოწონს, იღებს სიახლეს, თუმცა უჭირს მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.  და მესამე კატეგორია პედაგოგებისა არც იღებს სიახლეს და არც მის დანერგვას ცდილობს, ვინაიდან, მას ძალიან მოწონს და უჭირს უარის თქმა სწავლების ტრადიციულ მეთოდებზე, რომლითაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა და ხშირ შემთხვევაში წარმატებასაც აღწევდა. აღნიშნული კატეგორიის პედაგოგების დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ, ვფიქრობთ, გაკვირვებას და უკმაყოფილებას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კორექცია ურთულესი პროცესია, გაცილებით ადვილია ახლის ჩამოყალიბება, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა. პედაგოგისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამა თუ იმ მეთოდით მუშაობდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ადვილი არ იქნება ძველზე უარის თქმა და ახლის მიღება, როგორ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის. ადამიანის ფსიქიკას უჭირს ასეთი ნახტომის გაკეთება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით არ გამოირჩევიან, სიახლეებს იწონებენ, იღებენ და მის დანერგვასაც ცდილობენ, სისტემატურად ვერ ახერხებენ თანამედროვე მიდგომების გამოყენებას და შეძლებისდაგვარად ისევ ტრადიციულ  სწავლებას უბრუნდებიან. უნდა ითქვას, რომ ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ყველა პედაგოგისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თანამედროვე მიდგომებით გაკვეთილის ჩატარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილის ჩატარება. მისი მომზადება გაცილებით უფრო მეტ დროს, ენერგიას და შრომას მოითხოვს მასწავლებლისგან, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილის მომზადება. დღევანდელი მიზერული ანაზღაურების პირობებში მომუშავე პედაგოგისთვის, რომელიც დღეში 7-8 გაკვეთილსაც კი ატარებს, შემდეგ კი სკოლიდან გარბის და არსებობისთვის დამატებითი შემოსავლების მუდმივ ძიებაშია, ადვილი არ იქნება მეორე დღისთვის ისე მოამზადოს ჩასატარებელი გაკვეთილები, რომ თანამედროვე მიდგომების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს სხვა მიზეზებიც აქვს, რომ სწავლების პროცესში ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე იყოს ორიენტირებული და არა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე. ბევრი პედაგოგი სინანულით აღნიშნავს, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გაკვეთილზე ძალიან დიდ დროს უთმობს ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას და შედარებით უფრო ნაკლებს უნარების განვითარებაზე მუშაობას, ვინაიდან ეროვნული გამოცდის ტესტური დავალებები მის საგანში ისეთნაირადაა შედგენილი, რომ მოზარდისგან სწორედ ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს და არა უნარების გამომჟღავნებას. ამიტომ, თუ სასწავლო პროცესში ის ფაქტობრივ ცოდნაზე არ იქნება ორიენტირებული, მისი მოსწავლე გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებს, რის გამოც ის ვერც მშობლების და ვერც სკოლის ხელმძღვანელობის რისხვას ვერ გადაურჩება.

     ალბათ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სკოლის სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მშობელსაც დიდი როლი აკისრია. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისმა შვილმა იმდენი ლექსი არ იცის ზეპირად და არც ისეთი დიდი ინფორმაციის მატარებელია, როგორც მისი მეზობლის ბავშვი, რომელიც სხვა სკოლის მოსწავლეა. ასეთი მშობელი მზად არის სკოლაც კი შეუცვალოს ბავშვს და არაფრად აგდებს იმას, რომ მისი შვილი ანალიზის, შეფასების, მოსმენის, არგუმენტირებული მსჯელობის ბევრად უკეთეს უნარს ამჟღავნებს, ვიდრე ის ბავშვი, რომლითაც ის ასე მოიხიბლა. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი ბავშვის დაბადებისთანავე  ადგენს ერთგვარ პროგრამას, სადაც დაფიქსირებული აქვს, თუ რა უნდა ისწავლოს მისმა შვილმა მომავალში, როგორ უნდა ისწავლოს, რა პროფესია უნდა აირჩიოს, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს. სკოლა ასეთ მშობელს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკმაყოფილო რჩება სკოლითაც და მასწავლებლებითაც. სასურველია, რომ მშობელი შვილს არჩევნის თავისუფლებას, სკოლა კი თვითრეალიზაციის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევდეს.

       დაბოლოს, თანამედროვე მიდგომების უპირატესობებზე საუბრისას ნამდვილად არ გვინდა ტრადიციული სკოლის როლისა და მნიშვნელობის უარყოფა, იმის დავიწყება, რომ ტრადიციულმა სკოლამ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღზარდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სასწავლო პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ეკუთვნის, ალბათ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, თუ რამდენი „სხვაგვარად” მოაზროვნე, არაორდინალური, „დაუმორჩილებელი” პედაგოგი გვყავდა ტრადიციულ სკოლაში, რომლებსაც ყოველგვარი ზეწოლისა და მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად მაინც შეჰქონდათ გარკვეული ცვლილებები სასწავლო პროგრამაში და ხშირად ისეთ გაკვეთილს ატარებდნენ, რომ საფრთხეშიც კი იგდებდნენ თავს, ვინაიდან პროგრამიდან თვითნებური გადახვევა სერიოზულ სასჯელს იმსახურებდა. ბავშვებს ყოველთვის ჰყავთ საყვარელი პედაგოგები. გავიხსენოთ, ვინ იყო ტრადიციულ სკოლაში ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, დარწმუნებული ვარ ის, ვინც სრულიად განსხვავებულ გაკვეთილს  ატარებდა, ვინც ჩვენგან უბრალოდ ფაქტების ცოდნას კი არ მოითხოვდა, არამედ აზროვნებას გვასწავლიდა, ვინც ჩვენ მიერ  საგაკვეთილო ტექსტების უბრალო მოყოლით არ კმაყოფილდებოდა და წაკითხულის ანალიზს დიდ დროს უთმობდა, გვესაუბრებოდა და ჩვენს მოსაზრებებსაც  სიამოვნებით ისმენდა. ერთი სიტყვით, თუ პედაგოგი დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების  ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული, საკუთარ მოსწავლეებში ის საყოველთაო სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტი ადვილად გახდება, განურჩევლად იმისა, რა დროში და რა პირობებში უწევს მას   მოღვაწეობა.
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი