ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სასკოლო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და „განწირული“ ავტორები

სასკოლო სავალდებულო პროგრამაში შეტანილი მხატვრული ტექსტების ავტორები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან. რუტინული სამუშაო გარემო, საკლასო გარჩევა/ტექსტის დამუშავება, საშინაო დავალებები ( დახასიათებები, მოკლე/ვრცელი შინაარსები, პერიფრაზები, თხზულებები, კითხვებზე პასუხები და ა.შ.), მცირე დრო, მასწავლებლების სიფრთხილე, რომ განკუთვნილზე მეტი დრო არ დაეთმოს კონკრეტულ ტექსტს ( მოსასწრები და „გადასარბენი“ ტექსტი კიდევ ბევრია…) – პირდაპირ რომ ვთქვათ, იშვიათად იძლევა სასურველ შედეგს.

ერთი მოსწავლე მყავს, რომელიც ადრე ამერიკაში სწავლობდა. წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში დაბრუნდა. აქაურ სასკოლო სისტემასთან შეგუება საკმაოდ გაუჭირდა. დამატებითი გაკვეთილები თითქმის ყველა საგანში სჭირდება. მათ შორის – ქართულშიც.

ენა საკმაოდ კარგად იცის, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ენობრივი ბარიერი მის შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ამ ნიჭიერი და ინტერესიანი ადამიანის ერთ-ერთი სატანჯველი სწორედ საპროგრამო ტექსტების კითხვა და დავალებული საშინაო სავარჯიშოების შესრულებაა. „იცით, ამერიკაში ცალკე კითხვის საათი გვქონდა. ოთახში პუფებზე ან სადაც გვინდოდა, იქ შეგვეძლო მოკალათება, წიგნებსაც ბიბლიოთეკაში ვარჩევდით მასწავლებლის დახმარებით. შეგვეძლო სხვადასხვა ტექსტიც გვეკითხა. მხოლოდ ის გვევალებოდა, რომ კითხვის დროს გაუგებარი სიტყვები მოგვენიშნა, შემდეგ მნიშვნელობები გაგვეგო. ლექსიკონით თუ ვერ მივხვდებოდით, მასწავლებელი გვიხსნიდა, შემდეგ კი პრეზენტაციებს ვამზადებდით წაკითხულ წიგნებზე და ერთმანეთს ვუყვებოდით. ძალიან კარგი იყო…“ – გამიზიარა ერთხელ დამწუხრებით, როდესაც მორიგი არქაული სიტყვებით გაჯერებული, თემატურადაც და შინაარსობრივადაც საკმაოდ რთული ტექსტის დაძლევა მოგვიხდა.

ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა.  მხოლოდ მოსწავლეებისგან კი არა,  მათი მშობლებისგანაც ხშირად მესმის, რომ სასკოლო ლიტერატურის კითხვა მტანჯველი და უინტერესოა, დასწავლის მიზანი კი გაუგებარი.

რა იწვევს ამ სავალალო მდგომარეობას?

ჩემი დაკვირვებით, მიზეზი რამდენიმეა.

შევეცდები გამოვყო რამდენიმე ყველაზე თვალსაჩინო და გამოკვეთილი პრობლემა:

არასაკმარისი დრო

საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი იმ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად, რაც ჩამონათვალში, ე.წ. „ბირთვ პროგრამაშია“. მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს. შესაბამისად, მასწავლებლები ორიენტირებულები არიან შინაარსების დასწავლაზე და ნაკლები დრო რჩებათ მოსწავლეებისთვის საინტერესო სხვა აქტივობებისთვის.

 

ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობა

ფსიქოლოგიური ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის საგნის სწავლებისას. მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტების ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება. მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური და ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად. საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილ ამჟამინდელ რედაქციას რომ დავაკვირდეთ, მარტივად მივხვდებით, რაზეა საუბარი. მაგალითისთვის, გადაფურცლეთ, ასევე, თუნდაც, მე-7 კლასის სახელმძღვანელო (ნათქვამის საილუსტრაციოდ წერილში ოდენ ერთ-ერთი თავის სათაურს დავიმოწმებ – „ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი…“ – რომელიც ხატოვნად გამოხატავს სწავლების პროცესს)?!

არაკოორდინირებული სასწავლო პროგრამები

ეპოქის ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა თავისებურებების შესახებ თუნდაც მცირე ცნობების ცოდნაა საჭირო, რომ იმ ეპოქაში ან იმ ეპოქაზე შექმნილი მხატვრული ტექსტი გავიგოთ და გავიაზროთ. ქართველი მწერლების ნაწარმოებების შესწავლისას ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი. მაგალითისთვის ისევ მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს მოვიყვან. ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში ავტორებს „მიწის ყივილი“ შეუტანიათ(მიხეილ ჯავახიშვილის ეს მოთხრობა ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო საფეხურის ახალ რედაქციაშიცაა შეტანილი სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებების ჩამონათვალში. მითითება, რომ მეშვიდე კლასისთვის ეს ტექსტი ნაადრევია, არ არის).

დავფიქრდეთ – იმისთვის, რომ მეშვიდეკლასელმა გაიგოს “მიწის ყივილი”, მან ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ტექსტში აღწერილი ისტორიული ეპოქის პერიპეტიები. კარგად უნდა ერკვეოდეს სულ მცირე, ამ საკითხებში: მეფის რუსეთი, რევოლუცია, რევოლუციის შედეგები, პოლონეთის აჯანყება…კარგად ესმოდეს ტერმინები – პროკლამაცია, მანიფესტი და ა.შ. თითოეული ამ ასპექტის ახსნა კონკრეტული ტექსტიდან გამომდინარე, ისტორიული მოცემულობის გათვალისწინების გარეშე საკმაოდ შრომატევადი და მძიმე სამუშაოა. სამუშაო, რომლის მიზანიც გაუგებარია. საინტერესოა, როგორ უნდა გაიგონ ეს ტექსტი მეშვიდეკლასელებმა ან რატომ უნდა იწვალონ ტექსტის დამუშავებაზე?ისტორიის სასწავლო გეგმის თანახმად ამ წლის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიო ცივილიზაციებს და ბოლო თემად პროგრამაში მონიშნულია “განმანათლებლობა”. მაშ, რატომ არაა გათვალისწინებული და კოორდინირებული ორი ისეთი საგნის პროგრამა, რომელთა ურთიერთგააზრების გარეშე დასახული მიზნების მიღწევა რთულია?

სხვათა შორის, იგივე პრობლემაა ამ კლასის ყველა გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში. მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი ძალიან ღირებული, არაჩვეულებრივი ტექსტების მხატვრულ და თუნდაც, საკაცობრიო მნიშვნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მათი მეშვიდე კლასში შესწავლის აუცილებლობა კი სადავოა.

ბირთვი – სახელმძღვანელო-ჩაკეტილი წრე

ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ პრობლემის თავი და თავი ე.წ. “ბირთვი პროგრამაა”, ანუ ოდესღაც შედგენილი სავალდებულო სია სავალდებულოდ შესასწავლი ტექსტებისა. სახელმძღვანელოების ავტორები იძულებულნი არიან, შეიტანონ ეს ტექსტები წიგნებში (თუმცა “მიწის ყივილის” შეტანა ეს შემთხვევა არაა!), წინააღმდეგ შემთხვევაში, გრიფს ვერ მიიღებენ. შედეგად ვიღებთ მანკიერ, ჩაკეტილ წრეს.

ფაქტობრივი ცოდნისა და შინაარსის ფეტიში

სწავლა-სწავლების პროცესში ორივე მხარეს (მასწავლებელსაც და მოსწავლესაც) ისეთი განწყობა აქვთ, თითქოს „ტექსტების ათვისების მარათონში“ არიან ჩაბმულები. საგნის სწავლების ძირითადი მიზანი, მეტწილად, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ტექსტების შინაარსების დამახსოვრება და ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებაა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით, არსებული საგამოცდო სისტემების მიზეზით, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის შინაარსების დამახსოვრებისა და ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებისკენ მიმართულ პროცესს, რადგან გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებისგან საპროგრამო ტექსტების საკმაოდ დეტალურ ცოდნას მოითხოვს ( იხ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოსაშვები გამოცდების ტესტები). შედეგად, მოსწავლეები იმახსოვრებენ არაარსებით დეტალებს, ყურადღებას ამახვილებენ სიუჟეტის შინაარსობრივ დეტალებზე და ნაკლებ დროს უთმობენ სააზროვნო/შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ბანალური, არასაინტერესო, მოსაწყენი დავალებები

 იგულისხმება როგორც საკლასო სამუშაო, ისე საშინაო დავალებები. თუ დავაკვირდებით, დღეს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ მითითებებში საკმაოდ ხშირია ისეთი დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები არ ან ვერ ართმევენ თავს, უინტერესოდ, მოტივაციის გარეშე ასრულებენ ან დავალებები, რომელთა შესრულებაც გაუგებარ მიზნებს ემსახურება. თუ მასწავლებელმა თავად არ მოისურვა საინტერესო, სახალისო, სხვადასხვა სირთულის და მოსწავლისთვის გასაგები მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დავალებები, უკუშედეგი გარანტირებულია.

ბლოგი ინტერაქციასა და დიალოგს გულისხმობს, ამიტომ მინდა რამდენიმე კითხვით დავასრულო წერილი:

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ვითარების გასაუმჯობესებლად? რა შენიშვნები გაქვთ საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის 2018-2024 ახალ რედაქციასთან? იცოდით თუ არა ამ ცვლილების შესახებ ან მიიღეთ თუ არა მონაწილეობა დამუშავების პროცესში? რას შეცვლიდით?

ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვეძიოთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი