საუზმე პრუსტთან ერთად წიგნის კითხვის თანხლებით

მარსელ პრუსტი წიგნის კითხვას ჯადოსნურ გასაღებს უწოდებდა, რომელსაც შეეძლო მკითხველი უხილავი სამყაროებისათვის ეზიარებინა. თავის ესეიში „წიგნის კითხვა“ ის მკითხველს იმ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მან იმ ვნების წყალობით შეიძინა, რომელსაც კითხვა ჰქვია.

არაფერი შეედრება ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც კითხვასთან არის დაკავშირებული. პრუსტი ამას ასე გამოხატავს: „ყველაფერს, რითაც  სხვები ამ დღეებში თავს იქცევდნენ,  ჩვენ ისე ვიშორებდით, როგორც ღვთაებრივი ნეტარების წინ გადაღობილ უხამს დაბრკოლებას“. ასეთ წუთებში  ამგვარ დაბრკოლებად შეიძლება ქცეულიყო რომელიმე მეგობარი, ან  ფუტკარი თუ მზის სხივი, ცოტა ხნით წიგნს რომ მოგწყვეტდა: „უნდა ვაღიარო  ბავშვობის კითხვის მიმზიდველობა, რომლის მოგონება ყოველი ჩვენგანისთვის კურთხეულია“.

ყველა შთაბეჭდილება, რომლებსაც ადამიანი იღებს წაკითხული წიგნებიდან, მეხსიერებაში ძვირფას მოგონებებად იქცევა, იმგვარ წიგნად, რომლის ფურცლების გადაშლა რაღაც სამოთხისეულთან მიგვაახლებს. პრუსტის აზრით, „თუ დღესაც გვინდება მაშინდელი წიგნების გადაფურცვლა, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს მხოლოდ გარდასულ დღეთა კალენდრებს ვათვალიერებდეთ და იმედი გვიჩნდება, იქნებ ამ ფურცლებზე აირეკლოს ის სახლები და ტბორები, დღეს რომ აღარ არიან“.

წიგნის კითხვა ხომ ერთგვარი თავშესაფარია, რომელშიც შეიძლება განმარტოვდე და არ იყო მარტო, რადგან სწორედ კითხვისას ხვდები უხილავ, უცნობსა და საოცარ სამყაროებს, უამრავ  განსხვავებულ პერსონაჟს, რომლებიც ჯერაც განუცდელ გამოცდილებას გაზიარებენ, სულიერად გზრდიან, გხვეწენ და  საკუთარი თავის შეცნობის გრძელ, რთულსა და ტკბილ-მწარე გზაზე გაყენებენ. პრუსტი მოიხმობს დეკარტის ფრაზას: „ყველა კარგი წიგნის კითხვა გასული საუკუნის ყველაზე წესიერ ხალხთან – მათ ავტორებთან საუბარს ჰგავს“. მწერლისთვის საბედისწეროდ აღიქმებოდა ფრაზა: „დახურე წიგნი, უნდა ვისაუზმოთ“, თუმცა საინტერესო ის არის, რომ პრუსტს, როგორც დაკარგული დროის ძიებისა და აღმომჩენის  ყველაზე ცნობილ მოგზაურს, წიგნის კითხვასთან ერთად ახსენდება  მრავალფეროვანი მოვლენები, რომლებიც მაშინ ხდებოდა, როცა ის  რაიმე წარმტაცსა და საგულისხმოს გატაცებით კითხულობდა. „წიგნის კითხვა განსაკუთრებით იმ ადგილებისა და დღეების ხატს გვიტოვებს, სადაც ან როცა ვკითხულობდით“. შეწყვეტილ დროსაც, ამ შემთხვევაში, საუზმით გამოწვეულს, მწერალი თავისი მომხიბვლელი ფერწერული სტილით წარმოაჩენს, გემრიელი გემოებისა და ხასხასა გრილ სურნელთა თანხლებით, მოგონებათა ასოციაციური ნაკადებით, რომლებიც ნაზად გითრევენ და სასიამოვნო სიმშვიდის მყუდრო სავანეში გრიყავენ:  „მადუღარა საამო სურნელს აფრქვევდა. მიყვარდა ცქერა, როგორ უეცრად ამოდუღდებდა მინის ხუფიდან ქაფქაფა სითხე და მერე დაორთქლილ კედლებზე სურნელოვან ყავისფერ ნალექს ტოვებდა. შემოჰქონდათ კრემი და მარწყვიც, რომელსაც ბიძაჩემი კოლორისტის ოსტატობითა და გურმანის ალღოთი, სასურველი ფერის მიღებამდე, ყოველთვის თანაბარი პროპორციებით ურევდა ერთმანეთში“.

კითხვის მოგონება მოიყოლებს უამრავ ძვირფას სურათს, მათ შორის,  საკუთარ ოთახს, რომელშიც ყველა ნივთს, საჭიროსა თუ უსარგებლოს, თავისი ესთეტიკური ფუნქცია  ჰქონდა.  გაღებულ ფანჯრებს ვარდისა და იასამნის  მომაჯადოებელი სურნელი ავსებდა.

მწერლის აზრით, კითხვა მეგობრობის უწმინდეს სახეს ავლენს, რადგან ამ დროს უარყოფილია ყოველგვარი ტყუილი, მოჩვენებითობა თუ ფარისევლობა, იცინი იმაზე, რაც მართლაც სასაცილოდ გეჩვენება. თუ მოგბეზრდება, უდიერად მიაგდებ ისე, რომ არავინ გაგინაწყენდება: „ამ წმინდა მეგობრობის ატმოსფერო დუმილია – სიტყვაზე უფრო ხალასი, რადგან ვლაპარაკობთ სხვებისთვის, ვდუმდებით ჩვენთვის“.  მისი აზრით, გონებასაც აქვს თავისი დახვეწილი და კეთილშობილური „მანერები“, რომლებიც სხვა გონებასთან ურთიერთობისას ყალიბდება. პრუსტი თავისი საყვარელი მწერლის, ჯონ რესკინის, თვალსაზრისს მოიხმობს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ცხოვრებაში ხშირად უჭირს არჩევანი – ვისთან ერთად, რომელ საზოგადოებაში გაატაროს დრო სასიამოვნოდ. არადა, „ამასობაში არის საზოგადოება, რომელსაც მუდამ ღია აქვს კარი ჩვენთვის; ადამიანები, რომლებიც, რამდენ ხანსაც გვინდა, იმდენ ხანს გვესაუბრებიან. გვესაუბრებიან, ვინც არ უნდა ვიყოთ, რანგის მიუხედავად. საზოგადოება, იმდენად დინჯი და მომთმენი, რომ შეგვიძლია მთელი დღე ვალოდინოთ“, „კითხვა საუბარია გაცილებით უფრო ჭკვიან და საინტერესო ხალხთან, ვიდრე ის ადამიანები არიან, ჩვენ გარშემო რომ ტრიალებენ, ის ადამიანები, ვისი გაცნობაც შეგვიძლია“.  რესკინის აზრით, წიგნსა და მეგობარს, ძირითადად, მათი მეტ-ნაკლები სიბრძნე კი არ განასხვავებთ, არამედ ურთიერთობის ხასიათი. „კითხვა, საუბრისგან განსხვავებით, თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს ურთიერთობას სხვის აზრთან, თან ისე, რომ მაინც მარტო დარჩე, ე.ი. შეინარჩუნო საკუთარი ინტელექტუალური სიძლიერე, რომელიც გატკბობს მარტოობისას და მაშინვე ქრება საუბრისას“.  პრუსტის აზრით კი, „კითხვა თავისი განუმეორებელი არსით, მარტოობისას  საკუთარ თავთან ურთიერთობის მაცოცხლებელი სასწაულით, რაღაც უფრო მეტია“. ეს არის, ერთი მხრივ, თრობა და, მეორე მხრივ, ბიძგი აზროვნებისკენ: „ჩვენი სიბრძნე იწყება იქ, სადაც მთავრდება ავტორის სიბრძნე… ჭეშმარიტებას ვერავინ გვიბოძებს, ის თავად უნდა შევქმნათ“. ასე რომ, ავტორები მკითხველებს დანახვას ასწავლიან მხოლოდ. დანახვის ხელოვნება კი საუკეთესოა იმ ხელობათა შორის, რომელსაც ადამიანი შეიძლება დაეუფლოს სამყაროს შესამეცნებლად

„კითხვით გამოწვეული ეგზალტაცია“ ხშირად შემოქმედებით იმპულსებს აღვიძებს: „ამბობენ, რომ ბევრ მწერალს უყვარდა მშვენიერი წიგნების გადაფურცვლა, სანამ მუშაობას შეუდგებოდა. ემერსონი იშვიათად იწყებდა წერას ისე, რომ პლატონის რამდენიმე გვერდი არ გადაეკითხა. დანტეც ერთადერთი პოეტი როდია, ვინც ვერგილიუსმა მიაცილა სამოთხის კარიბჭემდე“.

პრუსტი ფიქრობს, რომ კითხვა შეიძლება „სამკურნალო დისციპლინადაც“ იქცეს და ფსიქოთერაპევტის როლიც შეასრულოს. მისი აზრით, სულიერი ცხოვრების უქონლობა ავადმყოფობაა, რომელიც შეიძლება წიგნის კითხვამ განკურნოს. თუმცა,  კითხვამ  რეალური ცხოვრების სურვილი უნდა აღძრას და არა მას შეენაცვლოს: „კითხვა სულიერი ცხოვრების კარიბჭესთან დგას, შეუძლია შიგნით შეგვიყვანოს, მაგრამ თვითონ არ ქმნის ამ ცხოვრებას“.

პრუსტი დაასკვნის, რომ „კითხვა ზიარებაა, ჯადოსნური გასაღებია, რომელიც საკუთარი სულის სიღრმეში გვიღებს იმ სავანეების კარს, სადაც სხვაგვარად ვერ შევაღწევდით, იგი მხსნელის როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში“. კითხვის პროცესში შეიგრძნობა, რომ „წარსული ჩვენ შორისაა, აქვე, ჩვენ გვერდითაა, ხელშესახებია, მზეზე გარინდული“. სწორედ კითხვამ გაუმახვილა მას ის შეგრძნებები, რომლებმაც დაკარგული დრო აპოვნინა და კიდევ ერთხელ განაცდევინა ის ბედნიერება, რომელიც ათასგვარ ხმას, გემოსა თუ სურნელს არის შეფარებული და გამოხმობას ელის.

 

კომენტარები

comments