ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეცხრამეტე საუკუნის გოგონათა მხატვრული სახეები თანამედროვე სტერეოტიპების წინააღმდეგ

 არავისთვის იქნება ახალი თუ ვიტყვი – თანამედროვე სკოლებში, ისევე როგორც საზოგადოებაში, არ არის გენდერული თანასწორობა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგთა უმრავლესობა ქალია, ბიჭებს მაინც უფრო მეტი რამ ეპატიებათ, ვიდრე – გოგონებს. ჩემს ბავშვობაშიც და დღესაც დამკვიდრებულია მსგავსი ტიპის გამოთქმები: როგორ იქცევი, ბიჭი ხომ არ ხარ?!..  ბიჭს უფრო მეტად პატიობენ სიზარმაცეს, უზრდელობას, წესრიგის დარღვევას… და რატომღაც იშვიათია მიდგომა, რომ დაუშვებელი საქციელი ერთნაირად მიუღებელია ორივე სქესისთვის. 
 თავისთავად ცხადია, ასე იყო ადრეც. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ქართული საბავშვო მწერლობა არსებობას იწყებდა, პირველად გამოჩნდა გოგონათა მხატვრული სახეები.  ქალთა როლისა და მნიშვნელობის გაზრდამ მოითხოვა მათი არსებობა.
 იაკობ გოგებაშვილის „დედაენაში” გაცილებით მეტი გოგო პერსონაჟია, ვიდრე – თანამედროვე სახელმძღვანელოებში. ისინი ისევე სწავლობენ, უყვართ, ჩაგრავენ თუ გვერდში უდგანან ჩაგრულებს, როგორც ბიჭები.
  მათ გამოჩენას იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება არ მოჰყოლია, გარდა ერთისა. ყველას გვახსოვს ბავშვობაში ნასწავლი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა: „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი.” ამ მოთხრობის პერსონაჟის საქციელი გოგოსთვის შეუძლებლად მიუჩნევია და კრიტიკის ქარცეცხლში გაუტარებია გიორგი წერეთელს. მისი აზრით, გოგონასგან მეფისთვის თავზე ქლიავის გადმოყრა, ქართველი ქალისთვის „უჩვეულოდ უტიფარი” საქციელია და არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის მკითხველს საქართველოს წარსულსა და ტრადიციებზე. ის „თავისი ბუნების შესაფერის თვისებით შემკულად კი არ გვეჩვენება, არამედ მოლაპარაკე ტიკინად, რომლის უკან თვით ავტორი იმალება და იქიდან თავის აზრებს აჭიჭყინებს.”
    იაკობ გოგებაშვილმა გიორგი წერეთლის ამგვარი კრიტიკა „უძლურ ბოროტებად” მონათლა და განმარტა, რომ 11-12 წლის გოგონას, რომელსაც შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდეს პატრიოტული გრძნობები, ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ბავშვური გამბედაობა, რათა კაცს, რომელიც აღმოსავლური თავსაბურავის გამო მტერი ჰგონია, თავზე ქლიავი გადმოაყაროს.
იაკობ გოგებაშვილის მიერ დაწყებული ხაზი კიდევ უფრო განავრცო და სრულყო მისმა ღირსეულმა მოსწავლემ და უმცროსმა მეგობარმა, ნიკო ლომოურმა.
თუ გვინდა მომავალი თაობის გოგონებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მივცეთ, მისი „პაწია მეგობრები” ერთ-ერთი მშვენიერი საშუალებაა. ნიკო ლომოურისთვის, როგორც საკუთარი ეპოქის შვილისთვის, წამყვანი თემა ცრურწმენებთან და სიბნელესთან ბრძოლაა. 
   სწორედ ამას ამარცხებს „პაწია მეგობრების” პერსონაჟი. ის სიბრმავეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უპირისპირდება და მეგობარი გამომლოცველების ნაცვლად ქალაქში მიჰყავს, ექიმთან. გაპარვა, გზა, თავგადასავალი, წინააღმდეგობები, გამარჯვება  – სიუჟეტური ქარგა იმდენად დინამიკურია, რომ თანამედროვე ბავშვისთვისაც მომხიბვლელ საკითხავად რჩება. სამწუხაროა, ალბათ ზომის გამო „პაწია მეგობრები” არ არის თანამედროვე სახელძღვანელოებში, თუმცა,  ვფიქრობ, ის კლასგარეშე საკითხავად მაინც აუცილებლად უნდა მიეწოდოს თანამედროვე ბავშვებს, რათა სიკეთესთან, სიყვარულთან, მეგობრისთვის თავდადებასთან ერთად ისიც გაიგონ, რომ გოგონებსაც შეუძლიათ გმირობა.
  აღმზრდელობითი ფუნქციიდან გამომდინარე, საბავშვო მწერლობას ხშირად აქვს საცდური გახდეს ზედმეტად მორალური, სწორხაზოვანი და მოსაწყენი. არადა ბავშვების საყვარელი პერსონაჟები ასეთები სულაც არ არიან. საკმარისია ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კარლსონი, პეპი ან ემილი გავიხსენოთ, რომ ამაში ადვილად დავრწმუნდებით. 
   შეზღუდვები, ქცევის წესები, ზოგადად კულტურა ძნელი შესათვისებელია ბავშვისთვის. თუ ყველაფერს ერთბაშად მოვითხოვთ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ, ან შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი შეხედვით წესიერი მოქალაქე, რომელსაც ან თავისუფალი აზროვნების უნარი არ ექნება, ან სულაც გარეგნული წესიერების მიღმა დავკარგოთ ყველაზე მთავარი მორალური ღირებულებები, ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.
იდეალურ საბავშვო პერსონაჟს, რაც არ უნდა უსაქციელო იყოს ის, ყოველთვის აქვს მთავარი მორალური ღერძი და ის, რომ ყოველთვის სწორად ვერ იქცევა, სულაც არ ნიშნავს,  იმას რომ ცუდი ადამიანი გაიზრდება. 
ქართულ სინამდვილეში ხშირია პედაგოგთა თუ მშობელთა მხრიდან ზედმეტად მკაცრი მიდგომა ბავშვთა ქცევასთან მიმართებაში. თანაც ჯერჯერობით ასეა: სწორი საქციელი, სიწყნარე, მორჩილება –  რატომღაც გოგონებს უფრო მოეთხოვებათ. ამიტომ განსაკუთრებით მახარებს ქართული ენისა და ლიტერატურის მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში ნიკო ლომოურის ერთი მოთხრობა: „კატო.”
„საშინელი ეშმაკი და კუდიანი გოგო იყო ეს კატო! ერთი რომ შეგეხედათ იმისი ცოცხალი, მუდამ აქეთ-იქით მაცქერალი კუნაპეტივით შავი თვალებისთვის, იმისი დაცქვეტილი ყურებისთვის და მაღლა აწეული პატარა წარბებისთვის, უსათუოდ  იტყოდით: ამ პატარა გოგოს სწორედ თავისხელა კუდი ებმისო”…….
ანცობდა ეს კატო. ხან ყვავის ხმით დასჩხაოდა მეზობლის ქალებს, მათ კი ცრურწმენის გამო ეშინოდათ, ხან ტყუილად ეძახდა.  ყოველთვის უწყინარი არ იყო კატოს ანცობა. ერთხელ ერთ დედაბერს შეუჩნდა, მისი საბძელთან დადგებოდა, უდროო დროს მამალივით ყიოდა და სულ დაახოცვინა საწყალს ყვინჩილები. 
სიუჟეტურად მოთხრობა ისე ოსტატურადაა აგებული, ჯერ გვეცინება: ქალებს თუ ყვავის ჩხავილი უბედურების ნიშანი ჰგონიათ, თავიანთი ბრალია, გაიქცნენ სახლებში. მერე დავფიქრდებით: მოხუცებულს რომ ტყუილად აწვალებს, რამდენად ნორმალური საქციელია? ბოლოს დედაბერს რომ აბრიყვებს და ყვინჩილბს საკუთარი ხელით ახოცვინებს, საბოლოოდ ვხვდებით, ვერ იქცევა კარგად და ის ისაა უნდა გავბრაზდეთ, რომ მოთხრობაც მთავრდება.
 

მთავრდება ასე: „რამდენიმე წამში ამნაირად მოირბენდა კატო მთელ თავის პატარა სოფელს და, როდესაც მოიკლავდა კვიმატობის სურვილს, გატკრციალებული სახით გაიქცეოდა ხოლმე შინისკენ. შევიდოდა, დაგვიდა, დააკრიალებდა სახლს; შემდეგ ან წინდას წამოავლებდა ხელს და თავისი დედის ჩვენებით იწყებდა მის ნელ-ნელა ქსოვას, ხანაც მოიკეცავდა, დაიდებდა მუხლზე ხარის დიდ თეთრ ბეჭს, დაიჭერდა ხელში ინდაურის ან ბატის კანჭის კალამს და ყაყაჩოს მკრთალი მელნით წერდა მასზე: უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა”.

  რა გამოდის? არ ყოფილა ეს კატო მთლად ხელიდან წასული. დედას ეხმარება, სწავლობს, მომავალზე ოცნებობს. ფრაზა, რომელიც მას ბატის კანჭით გამოჰყავს, „უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა”, საბოლოოდ გვაიმედებს, კატო კარგი ქალი დადგება, მისი მოუსვენარი ხასიათი მოუსვენარ შრომაში გადაიზრდება. ცუდი გოგო ყოფილაო, რომ ვიფიქრეთ, ავჩქარდით, ბავშვური მოუსვენრობა სულაც არ ნიშნავს სიცუდეს. ჯერ პატარაა, გაიზრდება და იმასაც ისწავლის, სად გადის ზღვარი ხუმრობასა და მავნებლობას შორის. თანაც, როგორც ირკვევა, შეცდომები გოგონებსაც მოსდით და არც ისე წყნარები და დამჯერენი არიან, როგორც ამას საზოგადოდ მოიაზრებს და მოითხოვს დღევანდელი თუ მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოება.

   ზემოთ აღვნიშნე, რომ მსგავსი ტიპის ტექსტების არსებობა ჩვენი ბავშვების სახელმძღვანელოებში სასიხარულოა, მაგრამ შენიშვნები შემდგენლების მიმართ მაინც მაქვს. 

  ტექსტის შემდგომი შეკითხვები და დავალებები ვერ უზრუნველყოფს მოთხრობის შინაარსის ადეკვატურ გაგებას და ვერ მიჰყავს პატარა მკითხველი ლოგიკურ დასკვნებამდე. პირველი დავალება კონკრეტულად კითხვებია, რომლებიც ტექსტობრივი მასალის გაგება-გამეორებას მოითხოვს: „როგორ ხატავს მწერალი კატოს? როგორ ხვდებიან სოფლელები კატოს ანცობას? როგორ იქცეოდა მოუსვენარი კატო შინ?”
შემდგომ დავალებაა: „როგორია კატო? ეშმაკი, მხიარული, ბეჯითი, მოუსვენარი, ზარმაცი, ცელქი, ბოროტი, სევდიანი, ხუმარა, დინჯი, შრომისმოყვარე” 

  მესამე დავალება უფრო შემოქმედებითია: „წარმოიდგინეთ, რომ კატო თქვენი კლასელია, ისაუბრეთ მის შესახებ: როგორ მოიქცეოდა იგი გაკვეთილზე, დასვენებაზე? როგორ ისწავლიდა? როგორი მეგობარი იქნებოდა?”

  ვფიქრობ, პედაგოგის ჩარევის გარეშე მეოთხე კლასელებისთვის რთული იქნება ნაწარმოების სრულფასოვანი აღქმა. ტექსტობრივი კითხვები იმ ფორმით უნდა იყოს დასმული, რომ შესაძლებელს ხდიდეს კატოს საქციელების ეტაპობრივად აღწერა-გამეორებას. ამ ტიპის დავალებით ტექსტის ძირითად მონაკვეთებად დაყოფასაც ისწავლიან. შემდგომ, სააზროვნო კითხვების რიგში თითოეული ამ საქციელის ანალიზს უნდა შევეცადოთ. ვთქვათ: „რას დავარქმევდით კატოს საქციელს სოფლის დედაკაცებთან მიმართებაში”, და ა. შ. ეს საშუალებას მისცემდა პატარებს ნათლად დაენახათ და გაემიჯნათ ერთმანეთისგან პიროვნება და მისი საქციელი. რადგან ფინალში კატოს ქმედება მკვეთრად დადებითია, მარტო მყოფი მოსწავლეც გაართმევდა თავს დავალებას, და მიხვდებოდა, რომ კატო უარყოფითი პერსონაჟი არაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმძღვანელო თვითკმარი რესურსია და შინ, თუნდაც ავადმყოფმა მოსწავლემაც მაქსიმალურად უნდა დაძლიოს მასალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი