პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები (ნაწილი პირველი)

 

ბევრი მიიჩნევს, რომ წერა რთული  და დამღლელი საქმიანობაა. ცხადია, წერა მეტაკოგნიტურ უნარებს აერთიანებს და იგი ამიტომაც არ არის იოლი საქმე. მაგრამ მსგავსად ნებისმიერი სხვა კომპლექსური სამუშაოსა, წერა და მისი სწავლების პროცესი იოლდება, თუკი  საჭირო ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. წერის სტრატეგიები სწორედ ის ხელსაწყოებია, რომელთა ცოდნა წერის დროს ძალიან დაგვეხმარება. მთავარია, მათი გამოყენება ადრეულ ასაკში წერის ათვისებისთანავე ვისწავლოთ. მათთან მისასვლელად კი რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად დაგვჭირდება.

ნაბიჯი პირველი – მოვიხსნათ წერის შიში

წერა უმაღლეს სააზროვნო უნარებს მოითხოვს, რადგან შემოქმედებითი პროცესია და წერის შიშიც იქნებ სწორედ ამ ცოდნას უკავშირდება. სინამდვილეში საშიში არც არაფერია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ტვინი ეფექტურად, აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ჩვენი შინაგანი შემოქმედების ძალა – კრეატიულობა.  ფსიქოლოგები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ყველას აქვს უნარი, იყოს კრეატიული. მსოფლიოში ტვინის ფუნქციონირებისა და სწავლის საკითხებში წამყვანი ექსპერტის, ასევე გონებრივი რუკის რევოლუციური ტექნიკის გამომგონებლის, ტონი ბაზანის თქმით, ჩვენ გვაქვს მილიონობით ტვინის უჯრედი და ნებისმიერი, ვინც ტვინით არის აღჭურვილი და ამბობს, რომ ის არ არის კრეატიული, შეცდომას უშვებს. საქმე ისაა, რომ მათთვის უბრალოდ არ უსწავლებიათ, როგორ გამოიყენონ ეს ფენომენალური აღჭურვილობა. ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენება უკავშირდება სიტყვებს, რიცხვებს, ცხრილებს, ლოგიკას, ანალიზს, ხოლო მარჯვენას საქმე აქვს რიტმთან, ფერებთან, ფორმასთან, წარმოსახვასთან, ოცნებასთან, ამიტომ  თვლიდნენ, რომ კრეატიულობა ტვინის მარჯვენა სფეროს ეკუთვნის და იმის გამო, რომ შემოქმედებითობის მარჯვენა სფეროსადმი კუთვნილება არასწორად გავაანალიზეთ, კრეატიულობა სინამდვილეში დაზარალდა, რადგან  ამ პროცესისთვის ტვინის ორივე სფეროს მუშაობაა საჭირო, რათა მან მიიღოს წარმოსახვითი ოცნება, ტექსტი, რიცხვები, ფერი – ყველაფერი ერთად. სწორედ ეს არის კრეატიულობა. და ეს სჭირდება წერის პროცესს.

ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე

 საჭიროა ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე, რაც ნიშნავს, რამდენად სწრაფად შეგვიძლია იდეების გენერირება და ეს უნარი შეგვიძლია განვავითაროთ მარტივად – თამაშით. შეგვიძლია უფრო სწრაფად ფიქრში ვივარჯიშოთ. მეტი სისწრაფე და ასეთი სახის პროდუქტიულობაა გენიოსობის კრიტერიუმი. „გონებრივი იერიშის“ მეთოდის ხშირი გამოყენება სწრაფად ფიქრს ნამდვილად მიგვაჩვევს, თუკი მისთვის განკუთვნილ დროს გაკვეთილსა თუ წერის ლექციებზე თანდათან შევამცირებთ და დამატებით სხვა აქტივობას დავუკავშირებთ. მაგალითად, მოვიფიქროთ თამაში: „რა დევს ბრინჯის ყუთში?“

თამაშის აღწერა: კლასი დავყოთ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში მოვაწყოთ, ე.წ. სენსორული ზონა, მაგალითად, მაგიდის შუაში ჩავდგათ ბრინჯით სავსე ყუთი (თუმცა ბრინჯი შეიძლება ჩავანაცვლოთ სიმინდით, ქვიშით ან თუნდაც ლობიოთი). ყუთში ვმალავთ საგანს, რომელიც შეიძლება იყოს ლეგოს ნაწილი, ბარათი მითითებით, მარკერი, ცარცი, მიწით სავსე კოლოფი და ა. შ.  გუნდის წევრებს ეძლევათ ორი წუთი თავიანთი იდეების ჩამოსაწერად. გამარჯვებული ის ჯგუფია, რომელიც მეტ იდეას წარმოადგენს. (გაგრძელებაზე – ქვემოთ)

ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ორიგინალურად ფიქრი

 მომდევნო ნაბიჯი ფიქრების ორიგინალურობაა. თუ ვინმე იკითხავს, რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ცარცი ან მარკერი, რომელიც ყუთში ვიპოვეთ ან საკიდი და ვუპასუხებთ, რომ დაფაზე წერისთვის ან ქურთუკის დასაკიდებლად, ეს ვერ იქნება ჩვენი მაღალი კრეატიულობის საზომი. კრეატიულობა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ „საკიდის გამოყენებით შეიძლება კოსმოსური ხომალდის საწვავით ავსება მთვარეზე გასაფრენად, თუ, ვქვათ, საკიდის შემადგენელ მოლეკულებს გამოვყოფდით და რაიმე საწვავად გარდავქმნიდით. ეს უჩვეულო და ექსტრავაგანტულია და ასეთი აზროვნება ცნობილია, როგორც ყუთს გარეთ აზროვნება“. ეს – ტონი ბაზანის თქმით. მის კვალდაკვალ კი აჯობებს, მოსწავლეებს ვკითხოთ, რისთვის შეიძლება გამოიყენონ მარკერი, ცარცი ან ლეგოს სხვადასხვა ნაწილი ცალ-ცალკე და ერთად. თუკი ისინი გვიპასუხებენ, რომ – თამაშისა ან თუნდაც სენსორული შიმშილის დასაკმაყოფილებლად, ცხადია, ვერც ეს იქნება კრეატიულობა და თუ რატომ, საკუთარი თავის გამოსაწვევად თითოეული ჩვენგანი ჯერ კარგად დავფიქრდეთ, მერე კი პასუხები წერილის ბოლოს, კომენტარებში ერთმანეთს გავუზიაროთ. ამით ხომ ერთმანეთსაც გავამდიდრებთ, აღსაზრდელებსაც და  დანარჩენს მკითხველსაც!

ნაბიჯი მესამე – აზროვნების მოქნილობა

მომდევნო ნაბიჯი აზროვნების მოქნილობაა. მოსწავლეებისთვის ხშირად მითქვამს, რომ ზეპირი თუ წერითი აზროვნებისთვის ფრესკული/ცალსახა აზროვნება დამღუპველია. არადა, ადამიანებს გვახასიათებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ფოკუსირება და ეს მიმართულებაა – „მე ვფიქრობ“, „მე მიმაჩნია“. სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ, რამდენი მხრიდან, რამდენი პერსპექტივიდან შემიძლია ამის დანახვა. ყველას გვახსოვს, ალბათ,  ვორმსის ტაძრის ქანდაკება „ქალი – მიწა“[1], რომლის წინა მხარეს მოთავსებული მშვენიერება გველებ- თუ ჯოჯომოხვეული ზურგით აღიქმება ერთ მთლიანობად.  კარგად დავათვალიეროთ ყუთებში ნაპოვნი საგნები, ვნახოთ სახლი, დოქი, ქვევრი ან ნიჟარა, რომლებიც გარედან ძალიან მოგვწონს და ვიპოვოთ გზები, რომლებითაც ყველა მხრიდან რეალურად შეიძლება მათი დანახვა. შემოქმედებითი ძალის გასაცოცხლებლად ძალიან დაგვეხმარება სხვადასხვა პერსპექტივიდან თამაშის სწავლა-სწავლება.

ნაბიჯი მეოთხე – წარმოსახვა და ასოციაცია

 წარმოსახვა შემოქმედებითი აზროვნების სულია და მას კრეატიულად მოაზროვნე ყველა დიდი ადამიანი მიმართავს, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, ხედვას გზას უხსნის და მირაჟების მანამ სჯერა, ვიდრე ისინი გაქრებიან[2]. წარმოსახვა და ასოციაცია ორი მთავარი, საკვანძო სიტყვაა კრეატიული აზროვნების აღსანიშნად. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვწეროთ კრეატიულად? ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ ასოციაცია და საგნებს შორის კავშირი. ეს არის ახლის შექმნის უნარი, წერისთვის ასე საჭირო და მნიშვნელოვანი, რომლის სწავლება და ათვისება ბავშვობის ასაკიდავნე შეიძლება.

თუკი ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით,  ინსტრუმენტებსაც მივუახლოვდით და გავაცნობიერეთ, რომ კარგად წერა შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. ამ პროცესის წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია სხვა მენტალური პროცედურის გავლაც. ისინი სტრატეგიებია, რომელთაგან რამდენიმეს მომდევნო ნაწილში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

თქვენი კომენტარების ზონაკიდევ ერთი ნაბიჯი წერისკენ

 

_____________________________________________________________________________

 

_____________________________________________________________________________

 

 

 

 

 

[1] გერმანია, მე-14 საუკუნე. ეს არის ევროპაში შუა საუკუნეთა კულტურის ერთი დამახასიათებელი ქანდაკება, რომელსაც წინ თუ შეხედავ, თვალ-ტანად ტურფა დედაკაცს იხილავ; მაგრამ უკანიდან, მის ტანზე – ტერფიდან თავამდე – მოფენილი არიან ჯოჯოები და გველები (ვიქტორ ნოზაძე, ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება, თბ.,1962).

[2] იხ. ჩვენი წერილი, წარმოსახვა აზროვნებაში, პირობითად – Fata Morgana, ამავე ინტერნეტგაზეთში, 2017,  https://mastsavlebeli.ge/?p=14083

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი