სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

რა სჭირდებათ ბავშვებს

რა სჭირდებათ ბავშვებს სკოლამდელ პერიოდში ყველაზე მეტად? – თამაში!

აშშ-ში ბავშვები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლებში დაბრუნდნენ, ეს კი ნიშნავს, რომ მცირეწლოვანი ამერიკელების მრავალმილიონიანი არმია გააგრძელებს მათემატიკის ამოცანების ამოხსნას, სიტყვების მართლწერის დაზეპირებას და წაკითხული წიგნების შესახებ თემების წერას. სამწუხაროდ, უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ აშშ-ში სკოლები ბავშვებისგან იმაზე მეტ აკადემიურ სამუშაოს ითხოვენ, ვიდრე მათ ასაკშია საჭირო.

2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის სახელწოდება დაახლოებით ასეთია: „ხომ არ გადაიქცა საბავშვო ბაღი ახალ პირველ კლასად?“ – აჩვენა, რომ ბოლო წლებში საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვები მასწავლებელთა მიერ მართულ აქტივობებზე, მაგალითად, მათემატიკასა და კითხვაზე, მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ხელოვნების, მუსიკის, მეცნიერების გასაცნობ-შესასწავლ და თავად ბავშვების მიერ შერჩეულ აქტივობებზე. არის კი ასეთი აკადემიური ფოკუსი ის, რაც სჭირდებათ ბაღის ასაკის ბავშვებს ან სკოლის პირველკლასელებს?

ზემოთ აღნიშნული კვლევა გარკვევით პასუხობს: „არა“. კვლევის მრავალი დეტალი მოწმობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ თამაშისთვის  – ეს აუცილებელია მათთვის, რათა სკოლაში და, საზოგადოდ, მომავალ ცხოვრებაში ნორმალურად შეეძლოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა თანატოლებსა თუ უფროსებთან.

კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სკოლამდელი ასაკის პატარებს თამაში განსაკუთრებით ეხმარება კითხვისა და წერის სწავლაში. ამერიკული კვლევითი ჟურნალის, American Journal of Play-ს ყოვლისმომცველი ანალიზის თანახმად, კვლევაში ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ თავისუფალ თამაშსა და წერა-კითხვის უნარებს შორის ურთიერთკავშირი ძალიან ძლიერია, რომ თამაში ეხმარება ბავშვებს, ადვილად იცნონ ასოები და რიცხვები, ადვილად აღიქვან სალაპარაკო ენისა თუ დამწერლობის ელემენტები, დაიმახსოვრონ საგნებისა და მათი ჯგუფების ჩამონათვალი. სხვა ანალიზი, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, განიხილავს ისეთი ტიპის თამაშებს, რომლებიც თავად ბავშვების მიერ იმართება (უფროსების მეთვალყურეობით) და მიუთითებს ასეთი თამაშების როლზე მეტყველების განვითარებასა და სიახლეებისადმი ინტერესის გაღვივებაში.

ადრეული სწავლების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ამ ტიპის სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზეა ფოკუსირებული, ბავშვებს უკეთეს შემსწავლელებად და უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. Journal of Psychology-ს მიერ გამოქვეყნებული მეტაანალიზი გვიჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც სოციალური და ემოციური უნარების განვითარების სკოლამდელ პროგრამებში მონაწილეობენ, ნაკლებმოსალოდნელია, განუვითარდეთ ანტისოციალური ქცევა, რაც გულისხმობს წესებისადმი დაუმორჩილებლობას, ფიზიკურ აგრესიას, სიცრუეს, ქურდობას. უფრო მეტიც: თამაში ბავშვებს „არაკოგნიტიური“ უნარების – თვითდისციპლინის, ცნობისმოყვარეობისა და ყურადღების კონცენტრაციის – განვითარებაშიც ეხმარება. ეს უნარები კი აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვის. ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეიმს ჰეკმანი[1], თავის ნაშრომში ადასტურებს, რომ მათი როლი გადამწყვეტია სწავლაში, მუშაობაში და ბედნიერ ქორწინებაშიც კი. ჰეკმანის თანახმად, ამ უნარების შეძენას ბავშვი საბავშვო ბაღში და სკოლის დაწყებით კლასებში იწყებს.

ადრეული სწავლების სფეროში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სწორი სწავლება ეხმარება ბავშვებს, დროულად შეიძინონ ისეთი უნარები, როგორებიცაა თვითეფექტურობა, მოტივაცია და სოციალური უნარები. ამ უნარების შესწავლა-განვითარებაზე კონცენტრაცია დიდად ეხმარება ადამიანს როგორც სკოლაში, ისე უკვე ზრდასრულ ასაკშიც.

და მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, თქვენს შვილს შეეძლოს ანბანის ასოების ზეპირად ჩამოთვლა ან საბავშვო ბაღში ელემენტარული არითმეტიკული განტოლებები დააზეპირებინონ.

 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიის ერთ-ერთი ავტორის, რობერტ ფალჯემის (Robert Fulghum), გახმაურებულ წიგნს „ყველფერი, რაც მჭირდებოდა, საბავშვო ბაღში ვისწავლე“ მკითხველი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს. ფალჯემის წიგნი საბავშვო ბაღში მიღებული გაკვეთილების ჩამონათვალით იწყება: „ყველაფრის გაზიარება“, „ბოდიშის მოხდა, თუ ვინმეს ატკინე“ და „მზად იყავი გაკვირვებისთვის“. ფალჯემი არ არის მეცნიერი, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ მისი თეზისები, ჩამოყალიბებული სამი დეკადით ადრე, სწორი იყო: საბავშვო ბაღში ბავშვები უნდა სწავლობდნენ იმას, რაც მომავალი ცხოვრებისთვის სჭირდებათ.

რობერტ ფალჯემი ერთგან წერს: „მე მჯერა, რომ წარმოასახვა უფრო ძლიერია, ვიდრე ცოდნა, მითი უფრო მძლავრია, ვიდრე ისტორია, ოცნებას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ფაქტებს. იმედი ყოველთვის ჯაბნის გამოცდილებას. მჯერა რომ სევდას ყოველთვის დაამარცხებს სიცილი და დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარული სიკვდილზე უფრო ძლევამოსილია“.

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/evidence-based-living/201610/what-do-early-learners-need-most-play

[1] ჯეიმს ჰეკმანი (James Heckman) – ამერიკელი პროფესორი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება ძირითადი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მიზეზთა შესწავლას,  ქონებრივ და სოციალურ უთანასწორობას, სოციალურ მობილურობას, დისკრიმინაციას, უნარების ჩამოყალიბებასა და რეგულირებას, ამ პრობლემების შეფასებასა და მათი გადაჭრის ალტერნატიულ სტრატეგიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი