ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დეპრესია ბავშვებში

ვფიქრობ, სტატიის სახელწოდება – „დეპრესია ბავშვებში“ – ბევრს გააკვირვებს. ბავშვობა ხომ ყველასთვის ბედნიერებას, სიხარულს, სილაღეს უკავშირდება. ამდენად, დეპრესიაზე საუბარი ბავშვთან მიმართებაში შეიძლება ძალიან უჩვეულოდ და დაუჯერებლად მოგვეჩვენოს. ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დეპრესიული გამოვლინებები ბავშვებში, როგორც წესი, სიზარმაცის, ცუდი ხასიათის, პესიმიზმის, ეგოიზმის ნიშნებად აღიქმება.

დღეს უკვე აღარავის აოცებს ის ფაქტი, რომ ფსიქოემოციური დარღვევები წლიდან წლამდე ახალგაზრდავდება. ეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია დედამიწის მოსახლეობის საერთო ნევროტიზაციასთან. ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია ადამიანების მუდმივი თანამგზავრი გახდა. ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ასეთ საზოგადოებაში აღზრდილი ბავშვები სრულიად ჯანმრთელი ნერვული სისტემის და ფსიქიკის  ვერ იქნებიან.

ბავშვთა დეპრესია ფსიქოემოციური დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ბავშვში გარკვეული ქცევითი და სომატური სიმპტომებით გამოიხატება. ამ დაავადებამ შეიძლება სრულიად ადრეულ ასაკში, 3 წლამდეც იჩინოს თავი, მაგრამ უფრო ხშირად და უფრო ცხადად ის გარდამავალ პერიოდში ვლინდება. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული თვითმკვლელობის გახშირებული შემთხვევები მოზარდებს შორის.

სასურველია, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი უფროსები კარგად ვერკვეოდეთ დეპრესიის როგორც გამომწვევ მიზეზებში, ასევე მის სიმპტომებში, რათა დროულად შევძლოთ მისი ამოცნობა და საჭირო სპეციალისტების ჩართვა მისგან თავის დასაღწევად. ცნობილია, რომ დეპრესიული მდგომარეობის განვითარებას ბავშვებში ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  • ოჯახური კლიმატი – ხშირი კონფლიქტები, მშობლების დაცილება, ჰიპერმზრუნველობა ან პირიქით – მშობლიური მზრუნველობის სრული არარსებობა, სქესობრივი აღზრდის დეფიციტი; ხშირ კონფლიქტებს ოჯახში ბავშვი მიჰყავს იმ აზრამდე, რომ ის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს მშობლებისთვის და მის გარეშე ისინი უკეთესად იცხოვრებდნენ. ჰიპერმზრუნველობა უფროსების მხრიდან ბავშვს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ადაპტირება მოახდინოს საზოგადოებასთან და გარემომცველ სამყაროსთან. ასეთ პირობებში ბავშვები ხშირად უსუსურები და დაუცველები ხდებიან. სქესობრივი აღზრდის დეფიციტი შეიძლება უარყოფითად აისახოს მოზარდზე, რაც გამოიწვევს მის საკუთარ თავში ჩაკეტვას;
  • ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა სახის პათოლოგიები და ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში გადატანილი ინფექციები, რომლებსაც, ცალკეულ შემთხვევებში, თავის ტვინის დაზიანებამდეც მივყავართ;
  • ორგანიზმის სტრუქტურული და ჰორმონალური გარდაქმნა გარდამავალ ასაკში, სხეულის ფორმის შეცვლა, ჰორმონების მოჭარბება ბავშვებს უფრო აგრესიულებად აქცევს. მოზარდების გარემოცვაში ჩნდებიან ლიდერები, რომლებიც თანატოლებს ცხოვრების წესს კარნახობენ. ამ წესებისადმი შეუსაბამობის შემთხვევაში ხდება მოზარდის ჯგუფიდან გარიყვა, რაც მის გაუცხოებას იწვევს. ასეთ დროს მოზარდს ტანჯავს აზრი იმის შესახებ, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა სხვა;
  • საცხოვრებელი ადგილის ხშირი შეცვლა საშუალებას არ აძლევს ბავშვს შეიძინოს მეგობრები, რომლებთანაც ის მთელ თავისუფალ დროს გაატარებდა და საიდუმლოებებს გაუზიარებდა;
  • სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, სასკოლო პროგრამაში ჩამორჩენა თანატოლებს აშორებს მოზარდს, რაც ფსიქიკური და ემოციური განვითარების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას;
  • ტექნოლოგიების მიღწევებმა – კომპიუტერიზაციამ და ინტერნეტმა გააერთიანა და ამასთან საკმაოდ შეავიწროვა მთელი სამყარო; ბევრისთვის ის კომპიუტერის მონიტორთან მთავრდება, რაც ძალიან ცუდად აისახება ურთიერთობის უნარზე და ემოციურ თავისებურებებზე;
  • დეპრესია ასევე შეიძლება განვითარდეს მძიმე ავადმყოფობის ან ახლობელი ადამიანების გარდაცვალების შედეგად გამოწვეული ქრონიკული ან მწვავე სტრესების ზემოქმედებით. ასევე შეიძლება აღმოცენდეს სრული სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობის ფონზეც, რასაც თავის ტვინში ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის დარღვევას უკავშირებენ;
  • დეპრესიის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე იდეალებისა და ილუზიების მსხვრევა, უძლურების და უსუსურობის გრძნობა სირთულეებთან შეხვედრისას;
  • ფსიქიკური ტრავმა, გადაღლა, კვების რეჟიმის დარღვევა.

ბავშვებში დეპრესიის სიმპტომები:    

  • მოძრაობების დაქვეითება, რაც გამოიხატება მოძრაობის სურვილის არქონით. ასეთი ბავშვები ან მუდმივად ერთ პოზაში სხედან, ან წვანან. ფიზიკური მოქმედება არანაირ ინტერესს არ იწვევს მათში;
  • გუნება-განწყობის და ხასიათის შეცვლა. დღის განმავლობაში გუნება-განწყობის დაქვეითება არათანაბარზომიერად მიმდინარეობს – დილის საათებში ბავშვი მხიარული, ხალისიანია, საკმაოდ სიამოვნებით მიდის სკოლაში. შემდეგ განწყობა თანდათან ქვეითდება და საღამოსთვის უკვე პიკს აღწევს. ბავშვს არაფერი ახარებს, არაფერი აინტერესებს, აწუხებს თავის ტკივილი, ხანდახან სხეულის ტემპერატურაც მატულობს. უჩივის მუდმივ პრობლემებს სკოლაში, კონფლიქტებს მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. კარგშიც კი უარყოფითს ხედავს;
  • შენელებული აზროვნება. მისი დაქვეითება შეიძლება ასევე დეპრესიაზე მიუთითებდეს. ასეთ დროს ბავშვს პრობლემები ექმნება დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას; ხშირად პასუხობს მხოლოდ თავის ერთი დაქნევით, ან საუბრობს ჩუმად, წყნარად. შეიმჩნევა ერთ, უარყოფითი ელფერით შეფერადებულ აზრზე ჩაციკვლა: „მე ყველაფერი ცუდად მაქვს“, ან „მე არავის ვუყვარვარ“;
  • აწუხებს უძილობა, სძინავს ცოტა. ერთ აზრზე ჩაციკვლა ჩაძინების პროცესს ხელს უშლის. ძილი შფოთიანი აქვს, ზედაპირული და საშუალებას არ აძლევს ორგანიზმს სრულყოფილად დაისვენოს;
  • დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ეკარგება მადა, უარს ამბობს საკვებზე, ხანდახან რამდენიმე დღე არაფერს ჭამს;
  • მოზარდებში ჩნდება თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრები, ამზადებენ მოქმედების გეგმას, ქმნიან ამ გეგმის სხვადასხვა ვარიანტს;
  • დეპრესიის დროს ქვეითდება ბავშვის სოციალური აქტივობა, იკარგება ინტერესი მეგობრებისადმი, თამაშისადმი, სწავლისა და ადრინდელი გატაცებებისადმი;
  • ბავშვი ხდება გულგრილი ყველას და ყველაფრის მიმართ, უჩნდება სიცარიელის, დათრგუნულობის, სევდის, მოწყენილობის გრძნობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უსუსურობა, უიმედობა, შინაგანი დაძაბულობა, სასოწარკვეთა დეპრესიის მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება იყოს;
  • ძალიან ხშირად დეპრესია ვითარდება არამყარი და დაქვეითებული თვითშეფასების მქონე ბავშვებში. თავის მხრივ, დაბალი თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს მიმღებლობის და ემოციური გაგების დეფიციტი დედის მხრიდან.

რეკომენდაციები დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად:  

  • დიაგნოზის დასაზუსტებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნევროლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაციები;
  • რადგანაც დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას დაუხმარებლად ბავშვი ვერ შეძლებს. საჭირო იქნება, როგორც სპეციალისტების ჩარევა, ასევე მშობელთა მხრიდანაც გარკვეული დახმარების გაწევა – დაველაპარაკოთ ბავშვს, დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით, პრობლემებით სკოლაში; ყურადღება მივაქციოთ ხმის ინტონაციას, სამომავლო გეგმებს და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ შეხედულებებს;
  • დავინტერესდეთ ასევე, რით არის დაკავებული ბავშვი თავისუფალ დროს, ვინ არიან მისი მეგობრები;
  • ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენ დროს ატარებს ბავშვი უქმად. გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სიზარმაცე და დეპრესია. ზარმაცი ბავშვი შეიძლება ძალიან ადვილად „მოვისყიდოთ“ საჩუქრებით და ვაიძულოთ, რამე გააკეთოს; დეპრესიაში მყოფ ბავშვს კი არაფერი ახარებს და არაფერი აინტერესებს, არც წახალისება და არც საჩუქრები;
  • დეპრესიის მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, ბავშვს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობაც დასჭირდეს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ დეპრესიის არანაირი მკურნალობა არ იქნება ეფექტიანი ოჯახში პოზიტიური ცვლილებების გარეშე; აუცილებელია ბავშვის მიმღებლობა მშობლების მხრიდან, მისი მისწრაფებებისა და საჭიროებების გათვალისწინება, ასევე დახმარება თვითშეფასების დონის ამაღლებაში; გრძნობების გამოხატვის უნარის განვითარება;  სირთულეებისა და პრობლემებისთვის თავის გართმევის სწავლება. პროფილაქტიკური მიზნით ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა ატარებდეს დროს სუფთა ჰაერზე, საჭიროა არ გადაიღალოს და ხშირად დაისვენოს.  გავითვალისწინოთ, რომ დეპრესია არ ითვლება ავადმყოფობად, ის ფსიქოლოგიური დარღვევაა. მაგრამ, თუ დიდხანს გაგრძელდება და სისტემატურად განმეორდება, შეიძლება რიგი ფსიქო-სომატური დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა დროულად ჩარევა და დახმარების აღმოჩენა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი