შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მეკობრეებსა და ბრძოლის დიდებულებაზე

ისტორიის გაკვეთილი შიდა ქართლის ერთ-ერთი სკოლის მეხუთე კლასში დაიწყო და იამაიკაზე დამთავრდა – იმ დღიდან სამუდამოდ დამახსოვრებულ კუნძულზე. კარიბის ზღვაში როგორ აღმოვჩნდით და კაპიტან ბლადის კვალს გავყევით – მამაცი ირლანდიელი ექიმის, რომელმაც ბედისწერასთან შებრძოლება გადაწყვიტა და ეს მეტისმეტად მომხიბლავად და დახვეწილად გამოუვიდა. ამდენი წლის შემდეგ ბევრს ვერაფერს გავიხსენებ, აი, ეს კი ნათლად მახსოვს: გაკვეთილის დასრულება არც ერთს არ გაგვხარებია – თითქოს დიდძალი ნადავლის სხვისთვის დათმობა, მეკობრეთა გემის დაუყოვნებლივ დატოვება ებრძანებინოთ.

ვინ იცის, არჩილ მიხანაშვილი – ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგიური პრაქტიკა დიდი ხნის დაწყებული არ უნდა ჰქონოდა – ხმამაღლა ფიქრის რომელმა ძაფმა მიიყვანა პიტერ ბლადის ხსენების აუცილებლობასთან. ერთი კია: უმალვე მოვინუსხეთ და მთელი წიგნის მოყოლისკენ ვუბიძგეთ. შინაარსის ცოდნას ხელი სულაც არ შეუშლია იმაში, რომ იტალიური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის, რაფაელ საბატინის წიგნი იმავე დღეს გამოგვეტანა სასკოლო ბიბლიოთეკიდან და რიგრიგობით წაგვეკითხა  ყველაზე მონდომებულებს. ასე იყო: კარგა ხანს მომიწია რიგის ლოდინი და მტანჯველ მოუთმენლობასთან ბრძოლა.

იმ დაუვიწყარ გაკვეთილზე, სხვა გასაოგნებელ სიტყვებთან ერთად, პირველად გავიგონე სიტყვა „აბორდაჟი“ – როგორ მომწონდა ჟღერადობაც და ისიც, რასაც აღნიშნავდა… მომწონდა მეკობრეების ცხოვრების წესი – დიდებულ საქმიანობად მესახებოდა სავაჭრო გემების ძარცვა, ნადავლის სამართლიანად განაწილება, გაშლილ ზღვაში უთავბოლოდ ხეტიალი. ჩემს ფიქრებში დიდად არავინ ზარალდებოდა: დამარცხებულებს მეკობრეები დიდსულოვნად ექცეოდნენ და ჭრილობებსაც საიმედოდ უხვევდნენ, დატყვევებულ ქალიშვილებს კომფორტულ კაიუტებს სთავაზობდნენ, ბოლოს ზედმეტ მგზავრებს იამაიკაზე ან ბარბადოსზე გადმოსხამდნენ და ახალ-ახალი ფათერაკების საძებნელად გზას აგრძელებდნენ.

მაშინ გორის თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა კი ერთხანს კინაღამ გადავიფიქრე – ისე მომხიბლა კაპიტან ბლადის თავგადასავალმა და კარიბის წყლებში მოხეტიალე „არაბელამ“, სულ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი მეკობრეობაზე. ოღონდ ის კი აღარ ვიცოდი, როგორ უნდა გამემხილა ეს არჩევანი ჩემი კეთილგონიერების მოიმედე მშობლებისა და ახლობლებისთვის.

ისტორიის მასწავლებელი – მაღალი, შავთმიანი ახალგაზრდა კაცი, უცნაურად მოელვარე თვალებით და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით – თავადაც იმ წიგნის მთავარ გმირს წააგავდა, რომელზეც ასეთი გატაცებით გვესაუბრებოდა. მისმა ნაამბობმა რამდენიმე წამში გააქრო დაფა, მერხები, ჩვენი ჩანთები და სხვა სასკოლო ნივთები, ოთახის ოთხივე კედელი და ამ კედლებში დატანებული ფანჯრები, მოლურჯო-მომწვანო ფარდებით. ეს სასწაული კი მხოლოდ იმიტომ გამოუვიდა, თავგადასავლების მაძიებლის თვალით რომ შეხედა ყოველდღიურ სამუშაოს, გათელილ შარაგზას თავი აარიდა, გულის ხმას მოუსმინა და ბოლომდე ენდო.

სხვა გაკვეთილზე გიგანტურ ანაკონდებზე გვესაუბრა და იმ უშიშარ მონადირეებზე, მათ შეპყრობას რომ ახერხებენ. მაშინაც ისე ცოცხლად გვიხატავდა ნადირობის სცენებს, მთელი კლასი ტროპიკული სამხრეთ ამერიკის ცხელ ჰაერს ვსუნთქავდით. მახსოვს, შინ დაბრუნებული, როგორ ვყვებოდი ათმეტრიან ანაკონდებზე, როგორ ვცდილობდი, უმცირესი წვრილმანიც კი არ გამომრჩენოდა…

ამასწინათ რაფაელ საბატინის „კაპიტან ბლადის ოდისეას“ წიგნის მაღაზიის იმ თაროზე გადავაწყდი, სადაც ფასდაკლებული წიგნები ეწყო. მოზარდებისთვის განკუთვნილი, რბილყდიანი გამოცემა აღმოჩნდა. ვიყიდე და კითხვას ერთგვარი სიფრთხილით შევუდექი: არაერთხელ მინანია იმ წიგნების გადაკითხვა, რომლებიც მოზარდობისას გულისცემას მიჩქარებდა და წარმოსახვას მიფორიაქებდა. მეხუთე კლასში წაკითხულიდან თითქმის აღარაფერი მახსოვდა, მთავარი გმირების სახელებისა და ერთი-ორი საზღვაო ტერმინის გარდა. კაპიტანი ბლადი. „არაბელა“ – არაბელა ბიშოპის პატივსაცემად მეკობრეთა გემისთვის დარქმეული სახელი. აბორდაჟი, ბუშპრიტი, ტაკელაჟი…

„პიტერ ბლადმა, მედიცინის ბაკალავრმა, ჩიბუხი გააბოლა და იმ საყვავილე ქოთნისკენ დაიხარა, ნემსიწვერა რომ იყო დარგული. ქოთანი ფანჯრის რაფაზე იდო. სარკმლიდან მოჩანდა პატარა ქალაქ ბრიჯუოტერის ერთ-ერთი ქუჩა – უოტერ ლეინი“. როგორი დასაწყისია?

ვკითხულობდი და სულ უფრო მეტად ვიხიბლებოდი როგორც ირლანდიელი ექიმისა და კარიბის ზღვის მეკობრის შეუპოვრობით, გონიერებითა და კეთილშობილებით, ასევე ჩემი მასწავლებლის სიმამაცითა და შეუმცდარი ალღოთი – ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეხუთე კლასში. ამიტომაც გვიხაროდა ისტორიის გაკვეთილის დაწყება: ჩვენი მოლოდინი უპასუხოდ არ რჩებოდა, რაღაც ჯადოქრობით დრო-სივრცის ყველა ნიშანი ქრებოდა და ვიჯერებდით, რომ სამყარო სწორედ ისეთი იყო, როგორსაც იმწამს ვხედავდით – მრავალი განსაცდელის გამოვლის შემდეგ მამაცი და კეთილი გმირი უთუოდ გაიმარჯვებდა, უკეთურს თავისი მიეზღვებოდა, ისტორიის გეზის შეცვლა შესაძლებელი იყო, ბრძოლას აზრი ჰქონდა, ბრძოლის დიდებულებას ცოტა რამ შეედრებოდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი