პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვიმოქმედოთ ადამიანის განწყობა-დამოკიდებულებებზე

სწავლა-სწავლების პროცესი, განურჩევლად იმისა, რა ასაკის ადამიანის სწავლებასთან გვაქვს საქმე, სამი პროდუქტის მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული: ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები, რასაც უნდა იძლეოდეს სწორად და ეფექტიანად წარმართული სასწავლო პროცესი. ვფიქრობ, ამ სამიდან შედარებით უფრო ადვილია ცოდნის გადაცემა, ბევრად რთული უნარების გამომუშავება. ხოლო რაც შეეხება განწყობა-დამოკიდებულებებს, როგორც წესი, ის ძალიან ბევრი სირთულის წინაშე აყენებს პედაგოგს და მასზე ზემოქმედების  მცდელობა ხშირად მარცხითაც კი მთავრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენამდე მოსწავლეები უკვე ჩამოყალიბებული განწყობა-დამოკიდებულებებით, მათი განმსაზღვრელი ღირებულებებით, ფასეულობებით, მრწამსით მოდიან და ჩვენ ამ დამოკიდებულებებზე ზემოქმედება და მათი კორექცია გვიწევს, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა სერიოზული სირთულეების წინაშე შეიძლება იდგეს პედაგოგი მოვლენების, ადამიანების, საგნების მიმართ მოზარდის დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენის ან შეცვლის პროცესში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდისათვის ჩვენთვის სასურველი აზრის უხეშად თავსმოხვევის ყოველგვარი მცდელობა მხოლოდ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან ის ყოველთვის წინააღმდეგობას უწევს მისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას, მაშინაც, თუ ის პროტესტს აშკარად არ გამოხატავს. ადამიანზე ყოველგვარი ზემოქმედება საკუთარ  თავში მოიცავს შთაგონების და დარწმუნების ელემენტებს. დარწმუნება ცნობიერებაზე ზემოქმედების მეთოდს წარმოადგენს. მისი გამოყენების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ადამიანთან დამარწმუნებელი კომუნიკაციის დამყარებას. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით იქნება შესაძლებელი:

  1. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის დარწმუნების და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე საუბრის პროცესში ყველანაირად მოვერიდოთ მისი პოზიციისაგან სრულიად განსხვავებული, პოლარულად საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებასა და მის დემონსტრირებას. მოვძებნოთ ჩვენს შეხედულებებში ის, რაც გვაახლოებს, რაც საერთო გვაქვს, რაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. გარკვეული დროის განმავლობაში მოვერიდოთ აქცენტების გაკეთებას იმაზე, რაც დაგვაპირისპირებს და დაგვაშორებს ერთმანეთს. ადამიანის დარწმუნების და მასზე ზემოქმედების პროცესში, ლოგიკური არგუმენტების დახმარებით თავდაპირველად უნდა მივაღწიოთ მასთან შინაგან თანხმობას. შემდეგ კი, ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ და განვამტკიცოთ ახალი, დასახული მიზნის შესაბამისი განწყობა-დამოკიდებულებები, ან ტრანსფორმირება გავუკეთოთ ძველს;
  2. დარწმუნების ლოგიკა იმ ადამიანის ინტელექტუალური განვითარების შესაბამისი უნდა იყოს, ვის დარწმუნებასაც ვაპირებთ. თუ ჩვენი აზროვნება, მსჯელობა, ლოგიკა მისთვის გაუგებარი და მიუწვდომელია, ძალიან გაგვიჭირდება მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედება;
  3. ადამიანის დარწმუნება და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენა ბევრად უფრო ადვილია მტკიცებულებებითა და იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც მისთვისაც ცნობილია;
  4. გარდა კონკრეტული ფაქტებისა და მაგალითებისა, რომელთა გარეშეც ძალიან გაგვიჭირდება არასათანადოდ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნების უნარის მქონე ადამიანის დარწმუნება, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს განზოგადებულ დებულებებს, იდეებს, პრინციპებს;
  5. წარმატების მისაღწევად დამარწმუნებელი ინფორმაცია რეალურად დამაჯერებლად და სარწმუნოდ უნდა გამოიყურებოდეს იმისათვის, რომ ადამიანს ეჭვები არ გაუჩნდეს და ჩვენ მიმართ ნდობა არ დაკარგოს;
  6. ადამიანის დარწმუნებისა და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედების პროცესში მიწოდებული ფაქტები და ზოგადი დებულებები ისეთი უნდა იყოს, რომ მასში ემოციური რეაქციები გამოიწვიოს;
  7. დამარწმუნებელი კომუნიკაციის დასამყარებლად და ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე დროის ზუსტად შერჩევა და დარწმუნების ობიექტის მდგომარეობის გათვალისწინებაც. თუ მას გარკვეული მიზეზების გამო (გადაღლა, ავადმყოფობა, დეპრესია, გაღიზიანება და ა.შ.) არ შეუძლია მიღებული ინფორმაციის აღქმა, აჯობებს უარი ვთქვათ ჩვენს განზრახვაზე;
  8. დამარწმუნებელი ზემოქმედება ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, რომლის დარწმუნებას და რომლის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენასაც ვცდილობთ, შეუძლია კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის მოსმენა, გაანალიზება და მსჯელობა სათანადო არგუმენტების მოშველიებით;
  9. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის დარწმუნება და მის შეხედულებებზე, დამოკიდებულებებზე ზეგავლენა გარკვეულ დროს მოითხოვს. ცვლილებები ადამიანის რაციონალური აზროვნების სფეროში შეიძლება მხოლოდ ფაქტების, მოვლენების, აზრების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გაანალიზებისა და შეფასების საფუძველზე განხორციელდეს. ამასთან ერთად, დამარწმუნებელი ზემოქმედების მრავალფეროვანი შინაარსი საჭიროებს მრავალჯერად განმეორებას სხვადასხვა არგუმენტითა და ფაქტებით, რაც ასევე გაახანგრძლივებს პროცესს;
  10. ადამიანზე ზეგავლენას და მის დარწმუნებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინფორმაციის წყაროს ზემოქმედება. დარწმუნების ეფექტიანობა, გარკვეული აზრით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დამოკიდებულებაშია დარწმუნების ობიექტი ინფორმაციის წყაროსთან. თუ ეს უკანასკნელი მისთვის სანდო არ არის და მოკლებულია ყოველგვარ ღირებულებას, ძალიან ძნელი იქნება მასზე დამარწმუნებელი ზეგავლენის მოხდენა და მის განწყობა-დამოკიდებულებებში რაიმე ცვლილების შეტანა;
  11. ადამიანის დასარწმუნებლად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსსაც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა მიეწოდება მას, ვისი განწყობა-დამოკიდებულების შეცვლაც გვაქვს მიზნად დასახული, არამედ ისიც, თუ როგორ, რა სახით ხდება ეს. მიწოდებული საინფორმაციო მასალის შინაარსი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული და შეესაბამებოდეს ფორმალური ლოგიკის კანონებს. საინფორმაციო გზავნილის შინაარსში კონკრეტული ფაქტები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე აბსტრაქტული მტკიცებულებები:
  • რაც უფრო დინამიკურია ტექსტი, რაც უფრო ცხადი, ნათელი და მრავალფეროვანია მასში მოყვანილი ფაქტები, მით უფრო მეტად იპყრობს ის ყურადღებას;
  • უკეთესად აღიქმება ის, რაც ახლოსაა ზემოქმედების ობიექტის ინტერესებთან და მოთხოვნილებებთან;
  • ადამიანისთვის უფრო ადვილია მცირე ზომის აზრობრივ ნაწილებად, ბლოკებად დაყოფილი ინფორმაციის გააზრება;
  • ზემოქმედების ობიექტი უკეთესად ითვისებს და იაზრებს იმას, რაც მასზე ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს.
  1. ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად და მისი განწყობა-დამოკიდებულებების შესაცვლელად მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს „ცალმხრივი“ ან „ორმხრივი“:
  • ჩვენი გზავნილი „ცალმხრივი“ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის წყაროს არგუმენტებს. ასეთი ინფორმაცია უფრო ეფექტურია მაშინ, როცა ფსიქოლოგიური ზემოქმედების ობიექტს არ აქვს მტრული გრძნობები ინფორმაციის წყაროს მიმართ და ამასთან ერთად გამოირჩევა განათლების მაღალი დონით. ამ შემთხვევაში ის შეძლებს ინფორმაციის წყაროს თვალსაზრისის შედარებით ადვილად მიღებას;
  • „ორმხრივი“ შეტყობინება მოიცავს, როგორც ინფორმაციის წყაროს არგუმენტებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის კონტრარგუმენტებსაც, რომლის დაძლევაც მოუწევს ზემოქმედების ობიექტს. ტექსტის ამგვარად აგება ემსახურება აქტიური სააზროვნო მოქმედების აღძვრას, რის შედეგადაც ხდება ადრე ჩამოყალიბებული მტკიცებულებებისა და თვალსაზრისების გადახედვა. „ორმხრივი“ შეტყობინება ორიენტირებულია უპირატესად განათლების მაღალი დონის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა შეხედულებების, თვალსაზრისების, აზრებისა და შეხედულებების შეპირისპირების, გაანალიზებისა და შეჯერების უნარი;

13 ადამიანზე, მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედების სურვილის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ზემოქმედების ობიექტის ტიპიც – როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე. გაცილებით ადვილია ადამიანის დარწმუნება, თუ მას აქვს კარგი წარმოსახვის უნარი, ორიენტირებულია უფრო სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე,  აქვს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. და პირიქით, რთულია ადამიანის დარწმუნება და მასზე ზემოქმედება, თუ ის ხასიათდება აშკარად გამოხატული მტრული დამოკიდებულებით სხვა ადამიანების მიმართ. მისი მხრიდან გამოვლენილი წინააღმდეგობა ხშირად არის გარშემომყოფებზე დომინირების სურვილის შედეგი. ზედმეტად კრიტიკული ადამიანი ასევე რთულად ექვემდებარება ზემოქმედებასა და ცვლილებებს.

დაბოლოს, თუ გვსურს ადამიანებმა მოგვისმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი შეხედულებები, ვიპოვოთ ის, რაც საერთო გვაქვს და ნუ გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, რაც ძალიან განგვასხვავებს ერთმანეთისაგან. პატივი ვცეთ მათ აზრებს, შეხედულებებს და ამასთან ერთად ვეცადოთ სხვა მხრიდანაც დავანახოთ მოვლენები და ადამიანები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი