პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საკონფერენციო თემების ეპოქა

ახლა არ ვიცი, მაგრამ ჩვენს დროს – მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი – საკონფერენციო თემების მომზადება ერთობ აზარტული და თავმოსაწონებელი საქმე იყო. ვერ გეტყვით, რომ ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდით და თემების/მასალის არჩევის ფიქრში ღამეები გვათენდებოდა, მაგრამ წლის ბოლოების სახელდახელო ფაციფუცი და წარამარა ბიბლიოთეკებში სირბილი ახლაც ნეტარებით მახსენდება. რასაც ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ვერ აუდიოდა, ახლობელ-ნათესავებში ექსკლუზიური რეკომენდაციებით გვარდებოდა. ერთხელ ისე მოხდა, ისტორიაში მორიგი თემის წერისას ჩემმა მასწავლებელმა მანანა კაკულიამ ქალაქში ცნობილ ისტორიკოსთან – აბესალომ ტუღუშთან გამგზავნა „ქართლის ცხოვრების“ IV ტომის წამოსაღებად. პატარა მოყვითალო პარკი, რომელშიც წიგნის ჩადებას ვაპირებდი, ვეებერთელა გამოცემას ვერ გაწვდა და სხვა გზა აღარ დამრჩა, მანცხვარკარის გორიდან სახლამდე საჭირო საგანი შიშვლად, დაუფარავად უნდა წამომეღო. ეს ზემოთ ხსენებული გზა კი სამაიას ბაღთან გადიოდა. მაშინ გამხდარი, გაწლიკული მეცხრეკლასელი ბიჭი ვიყავი და სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემულ ყველაზე დიდტანიან „ქართლის ცხოვრებას“ დაჭიდებული, ბაღთან ჩაცუცქული ბიჭების ირონიულ ღიმილს გამოვიწვევდი უცილობლად, მაგრამ ჩემდა ბედად, იქ კაციშვილი არ ჭაჭანებდა ალბათ იმიტომ, რომ წუთიწუთზე წვიმას უნდა დაეშვა. როგორც კი ხოსე დიასის (ამჟამინდელი ეგრისის) ქუჩის შუაწელს ვუწიე, ისეთი დასცხო, ერთი პირობა გავიფიქრე, გზადშემხვედრი რომელიმე სახლისთვის ხომ არ შემეფარებინა თავი ნაუცბათევად. ეს აზრი არ მომეწონა, მაგრამ თავ-პირზეც დაუნდობლად მასხამდა, ამიტომ „ქართლის ცხოვრება“ თავზემოთ ავღმართე და ყოვლისწამლეკავ სტიქიას შევუშვირე. თუმცა იმწამსვე თვალწინ დამიდგა შეშფოთებული სახე აბესალომ ტუღუშისა, რომელმაც წიგნის გადმოცემისას გამაფრთხილა, თვალის ჩინივით გაუფრთხილდი და ერთ კვირაში დამიბრუნეო. ბოლოს, სხვა გზა/სხვა ხსნა არ იყო და ისე მოვიქეცი, როგორც ბეჯითი მოწაფე და ჭეშმარიტი ბიბლიოფილი მოიქცეოდა: წიგნი კუბოკრულ პერანგქვეშ ამოვიტარე და ისტორიული ანალებით დაფეხმძიმებულმა გავირბინე ხოსე დიასისა და ნინოშვილის ქუჩების საკვანძო მონაკვეთები.

გენდერული ამბებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საკონფერენციო თემების მომზადება-წარდგენის პროცესში გოგოები შეუდარებლად მიზანდასახულები იყვნენ. ჩემმა ერთმა თანატოლმა, მგონი თინა თუ თამთა ერქვა, ერთ სეზონზე ექვს სხვადასხვა საგანში დაწერა თემა და რადგან ბიჭებისგან კითხვის დასმის გამბედაობა არავის აღმოაჩნდა, დღემდე გაურკვევლად რჩება, როგორ შეძლო ეს.

ზონური საკონფერენციო შეკრებები სენაკში იმართებოდა. ერთი დიდი ავტობუსი დავიტვირთებოდით და ვინც ამ წლების განმავლობაში ახლო ვიყავით ერთმანეთთან, ბოლო რიგებს გავავსებდით, რომ უფრო თავისუფლად გველაყბა ყველაფერზე, ყველაფრის ცოდნაზე თავი გამოგვედო და შიგადაშიგ მეგრული ფოლკლორის უკეთესი ნიმუშებიც დაგვემღერებინა. ანეკდოტებსა და პაროდიებში გოგა ჯორბენაძისთვის აყოლა ადვილი არ იყო, მაგრამ ალაგ-ალაგ ჩვენც გამოგვდიოდა, თან თუ უკანა გზაზე წარმატებით გამხნევებული და ამჩატებული გახლდით.

ანა ლოლუამ რომ შემოქმედთა სექციაზე ლექსები წაიკითხა, ვიფიქრე, წყალსაც წაუღია ჩემი ნოველები და მინიატურები, საჭირო ოთახს მოვიმიზეზებ და სახლისკენ დავახვევ-მეთქი. ისეთი მაგარი იყო, ავტორი და მისი ლექსები ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, სიცოცხლესა და სიკვდილზე დაწერილი ჩემი ოპუსების დეკლარირება უაზრობად მეჩვენა. ბოლოს მაინც გავრისკე და მეთერთმეტე კლასში, თბილისში, რესპუბლიკურ კონფერენციაზე მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მაშინ ჩემთვის უცნობმა და ახლა კი ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მიშა გოგუაძემ მშვიდად, ხმადაბლა მითხრა: „ზვიად, მომეწონა შენი ექსპერიმენტები, სიტყვასთან ურთიერთობა. საინტერესოა“. ერთ მომცრო ოთახში ვისხედით და უამრავი ბავშვის თვალწინ ჩემს დაფარულ და გაუმხელელ სურვილს ჩაავლო – უნდა მეწერა. უნდა მეცადა. ყოველ დღე, ყოველ საჭირო მომენტში. ოდესღაც ეგებ კიდეც გამომსვლოდა რამე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზის სცენაზე გადმოცემული დიპლომი თბილისი-ზუგდიდის მატარებელში კინაღამ დამეკარგა. უფრო სწორად, გზაში მესიზმრა, რომ დამეკარგა და ინგირის სადგურში აღმოვაჩინე, რომ ხელჩანთაში ესვენა მშვიდად თანდართული დოკუმენტებითურთ. იყო დრო (მგონი ახლაც ასეა), ბოლო სადგურის – ინგირი-ზუგდიდი – დაძლევას მატარებელი იმდენ ხანს ანდომებდა, მ/ფ „ნათლიას“ პირველი ნაწილის ნახევრის ნახვას უეჭველად მოასწრებდი. ჩანთა გადავდე, თვალი მივლულე და მამაჩემის სიტყვები ჩამესმა, სამი წლის წინ, გაბრაზებულ გულზე თქმული:

– არ გინდოდა, ბიძია, დიდი ფეხბურთის თამაში და წერე ახლა კლდეკარის ერისთავებზე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი