შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის მედიაწიგნიერება (II ნაწილი)

თითოეულ მედიაწყაროს (მედიუმს) თავისი უნიკალური ესთეტიკური ფორმა აქვს

მედიის შემადგენლობა და შინაარსი ნაწილობრივ ამ მედიუმის ბუნებაზეა დამოკიდებული. ეს მოიცავს ტექნიკურ, კომერციულ თუ თხრობით მოთხოვნებს თითოეულის მიმართ. მაგალითად, ვიდეოთამაშების ინტერაქციული ბუნების გამო ჩვენ ვიღებთ თამაშის თხრობის სხვადასხვა ფორმას, რომლებიც განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს მედიის შემქნელებს – ეს ფილმებსა და ტელევიზიაზე აისახება.

შეეკითხეთ და განიხილეთ:

* რა ტექნიკას იყენებს მედიაპროდუქტი თქვენი ყურადღების მისაპყრობად და გზავნილის თქვენამდე მოსატანად (კომუნიკაციისთვის)?
* რა სახის ტექნიკა და მანიპულაციებია გამოყენებული მედიაპროდუქტის გამოსახულებისთვის (მაგალითად, განათება, გრიმი, კამერით გადაღების კუთხე, ფოტომანიპულაციები)?
* რას ელით ჟანრისგან (მაგალითად, ბეჭდური რეკლამა, სატელევიზიო დრამა, მუსიკალური ვიდეო) მის მთავარ შინაარსთან მიმართებით?

სასკოლო ოთახში მედიაწიგნიერების ინტეგრაციის რამდენიმე ხერხი

მიუხედავად იმისა, რომ კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მედიაწიგნიერება უკვე ოფიციალურად წარმოადგენს სასწავლო პროგრამის ნაწილს, ხშირად ეს კურსი ან უყურადღებოდაა მიტოვებული, ან მას საკლასო ოთახში მხოლოდ ზედაპირულად გადიან.

ამას რამდენიმე მიზეზი და ხელის შემშლელი ფაქტორი აქვს: სპეციალური აპარატურის დაბალი ხელმისაწვდომობა, მასალასა და შინაარსში მასწავლებლების ნაკლები გათვითცნობიერება, განსაკუთრებით კი მედიაგანათლების განსხვავებული აღქმა – მედიაგანათლება ხშირად სტანდარტიზირებული საგამოცდო სასწავლო პროგრამის „ფურფუშებიან” დანამატად აღიქმება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებმაც შესაძლოა მედიაგანათლების კურსი სასწავლო პროცესის ინტეგრირებულ და აზრიან ნაწილად აქციოს:

1. როდესაც მოსწავლეებს თავისუფალი დრო აქვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და მოუსმინეთ, რაზე ესაუბრებიან ბავშვები ერთმანეთს. მოსალოდნელია, მათი საუბარი იმ მედიას შეეხებოდეს, რომელსაც ისინი აქტიურად უყურებენ, უსმენენ ან თამაშობენ. მნიშვნელოვანი ახალი ამბები, ბლოკბასტერები, ცნობილი ადამიანების შესახებ აგორებული სკანდალები – ყველა ეს მიმართულება მედიის ანალიზის ფართო შესაძლებლობას იძლევა.
2. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, არა მხოლოდ გააანალიზონ მედიაპროდუქცია, არამედ თავადაც შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ მედიაგანათლება უფრო მეტია, ვიდრე მისი შექმნა, ეს უკანასკნელი მაინც მისი საკვანძო ნაწილია: ბავშვებს პრაქტიკულ საქმიანობაზე უკეთ ვერაფერი გააგებინებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ტელემონტაჟი ან მუსიკა მაყურებელზე ფილმის ან სატელევიზიო შოუს ემოციური გავლენისათვის. ვიდეოკამერიანი ტელეფონებით ფოტო- და ვიდეოკადრების გადაღება თუ ჟურნალებიდან ამოჭრილი მასალით კოლაჟების კეთება სავსებით ხელმისაწვდომი საქმიანობაა მედიაპროდუქციის საკლასო ოთახში შესაქმნელად.

მედიაგანათლება და მედიის სამყარო შესაძლოა უსასრულო მოგეჩვენოთ, თუ მის გაანალიზებას დაიწყებთ. მედიაპროდუქტებისა თუ კულტურული არტეფაქტების ანალიზის დროს, მედიაწიგნიერების მთავარ კონცეფციებზე დაყრდნობით (იხ. სტატიის პირველი ნაწილი), შეძლებთ თავი აარიდოთ მთავარი კურსიდან გადახვევას და საკითხები ძირეული კონცეფციების გამოყენებით განიხილოთ.
აღიარეთ, რომ ბავშვებს – და მოზრდილებსაც – მოსწონთ მედია

ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაგანათლებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გვქონდეს. ასწავლეთ ბავშვებს, რომ კრიტიკა ყოველთვის არ გულისხმობს გაკრიტიკებას; რომ შეგვიძლია, ისე ვისაუბროთ ჩვენი საყვარელი მედიის პრობლემურ საკითხებზე, რომ კვლავ შევძლოთ მისი მოწონება. არ დაგავიწყდეთ დადებითი მაგალითების მოშველიება ისეთ საკითხებზე კამათისას, როგორებიცაა სქესი, სტერეოტიპები და სხვა.

ასწავლეთ ბავშვებს მედიის შესახებ და არა მხოლოდ მედიის საშუალებით

მედიის შესახებ სწავლებისთვის არ არის საკმარისი საკლასო ოთახში მედიის გამოყენება. საკლასო ოთახში მედიის გამოყენებისას მუდამ ეძებეთ მედიაგანათლების შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ბავშვებს უჩვენებთ წიგნისა თუ თამაშის კინოვერსიას, სთხოვეთ, მედიაწიგნიერების საკვანძო კონცეფციების გამოყენებით გააანალიზონ ამ ორს შორის არსებული განსხვავებები; გამართეთ დისკუსია ისეთ საკითხებზე, რომლებიც მედიის გააზრებასა და მის სრულყოფილ აღქმას შეუწყობს ხელს:

ა) რით განსხვავდება კინოფილმის კომერციული შედეგები წიგნისა თუ თამაშის ვერსიებისგან?
ბ) რას ცვლის ტექნიკური განსხვავებები თხრობის მანერაში?
გ) რით განსხვავდება კონოფილმის აუდიტორიის მოლოდინი წიგნის მკითხველისა თუ მოთამაშის მოლოდინისგან?
დ) რით განსხვავდება ან წააგავს ფილმის შემქმნელთა ფასეულობები თუ ვარაუდები წიგნის ავტორისას?
ე) რა გავლენას ახდენს ეს განსხვავებები ამბის ნათელ თუ ფარულ მნიშვნელობაზე?
აქციეთ მედიაგანათლება, ნაცვლად პასუხების დასწავლისა, კითხვების დასმის პროცესად
განურჩევლად იმისა, დარწმუნებული ხართ თუ არა საკითხისა თუ მედიაპროდუქტის შინაარსში, მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა და სივრცე, თავად გამოიტანონ დასკვნები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გაქვთ ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა სტერეოტიპები ან გამოსახულების აღქმა, როდესაც თქვენს მოსწავლეებს (და თქვენც!) უმეტესად უკვე ჩამოყალიბებული აქვთ საკუთარი ძლიერი პოზიცია: ბავშვებს უნდა უჩვენოთ, რას ნიშნავს ობიექტური ხედვა, კრიტიკული ანალიზი და დასკვნებისთვის მისი გამოყენება და ერიდოთ მხოლოდ საკუთარი ემოციებით მსჯელობას.

ებრძოლეთ აღქმას, რომ რამეს „მნიშვნელობა არ აქვს”

მოსწავლეები ხშირად ცდილობენ, თავი აარიდონ საუბარს მედიაპროდუქტების გავლენის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ „ეს მხოლოდ სატელევიზიო შოუა”, ვიდეოთამაში, მუსიკალური კლიპი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მედიას მაშინაც კი აქვს მნიშვნელობა, როცა შემქმნელს ეს არ დაუგეგმავს; რომ გარე სამყაროს აღქმისას ჩვენ ისევე ვეყრდნობით მედიას, როგორც სხვა საშუალებებს.

მაგალითად, მკვლევრებმა დამაჯერებლად გვიჩვენეს, რომ მედიის მოხმარება გავლენას ახდენს ჩვენ მიერ სხვებისა თუ საკუთარი თავის აღქმაზე. ეს რეალობაა, თუნდაც ამას ვერ ვაცნობიერებდეთ; ეს არის მდგომარეობა, რომელსაც უხილავი ან არაცნობიერი მიკერძოება ჰქვია. მედიაში სხვადასხვა ჯგუფის არსებობა თუ არარსებობა, გამოჩენა თუ არგამოჩენა, მოხსენიება თუ უგულებელყოფა ამ ჯგუფებისადმი აუდიტორიის დამოკიდებულებას ცვლის.
შეამოწმეთ და შეაფასეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც მათ მედიაწიგნირების კურსის დროს შექმნეს
„ნეტავ იქნება ეს საკითხები საგამოცდო ბილეთებში?” – ხშირად უჩნდებათ კითხვა მოსწავლეებს. მედიაწიგნიერებაში მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნაშრომების ფორმალური შეფასებით უჩვენებთ მათ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვანი და ღირებულია.
დარწმუნდით, რომ თქვენი შეფასებები ისევე კარგად გააზრებული და ობიექტურია, როგორც ყველა სხვა საგანში. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობაც: როდესაც ეჭვი გაგიჩნდებათ, დაუბრუნდით „საკვანძო კონცეფციებს” და მიუსადაგეთ მათ შესაძლებლობებს მათი ცოდნა, აღქმა, გამჭრიახობა და უნარები.
მიეცით უფლება მოსწავლეებს, წარმოადგინონ თავიანთი მედიაპროდუქტი

მოსწავლეთა უფრო მეტად დასაინტერესებლად იფიქრეთ მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ მედიაპროდუქტებს მათი მედიაგანათლების ნაწილად აქცევს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნაშრომის შინაარსსა და შემადგენლობას და აუხსენით ბავშვებს, რომ თქვენი მოლოდინები შეფასების ნათელ და მათთვის ცნობილ სქემას ეყრდნობა; რომ მედიის გამოყენება პასუხისმგებლობით და ეთიკის ნორმების დაცვით მედიაგანათლების მთავარი ნაწილია. ჯგუფური მუშაობისას ან კლასის წინაშე გამოსვლისას მიეცით საშუალება, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრის მხოლოდ ნაწილი ან მისი მოკლე ვერსია.
თვალყური ადევნეთ მედიის განვითარების ტენდენციებსა და სიახლეებს

მედიაწიგნიერების სწავლებისთვის არ არის აუცილებელი, მედიაექსპერტი იყოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რას უყურებენ ბავშვები, რომელ თამაშებს თამაშობენ, რას კითხულობენ, რას იცვამენ და რომელ მუსიკას უსმენენ. აღარაფერს ვიტყვით მათ ყოველდღიურ ონლაინ აქტივობაზე. ეს დიდებული შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ ბავშვებს თავი ექსპერტებად ვაგრძნობინოთ და მივცეთ საშუალება, გაგვანათლონ მედიის უახლესი პროდუქტების შესახებ.
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ
წყარო: https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals/media-literacy-fundamentals

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი