პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფიფქი

დარიანი ზამთარი გვიდგას წელს. წინათ უფრო დიდ ყინვებს იჭერდა, თოვლსაც ჩამოყრიდა ხოლმე და თეთრ სუდარაში ახვევდა გათოშილ მინდორ-ველს. სიცივის მოყვარული არავინ მეგულება, მაგრამ თოვლი ყინვის გარეშე, აბა, სად გაგონილა. ჰოდა, ჩვენც დიდსულოვნად ვპატიობთ ზამთარს ხელ-ფეხის დაზრობას.

მოვიდა ახალი წელი. მოვიდა უთოვლოდ და უხალისოდ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, ერთ წელიწადს, თოვლს დანატრებულებს, 31 დეკემბრის ღამეს გაგვითოვდა და თოვლი უფრო მეტად გაგვიხარდა, ვიდრე ახალი წლის შემობიჯება. უთოვლოდ ზამთარს, მით უფრო – ახალ წელს, აბა, რა ფასი აქვს. ასე ვიწამეთ ოდესღაც და მას შემდეგ თაობიდან თაობას გადავცემთ ამ რწმენას. ბერიკაცსაც, ახალი წლის მოლოცვა რომ დავაკისრეთ, თეთრი ნაბადი მოვახურეთ და თოვლის პაპა დავარქვით. მისი უცხოელი კოლეგა სანტა კლაუსიც მარხილით დაბრძანდება. და მერე რა, რომ ამ დროს დედამიწის ერთ მესამედზე პაპანაქება ზაფხულია და მეორე მესამედმა საერთოდ არ იცის, რა არის თოვლი.

მართლაცდა, რა არის თოვლი? ერთმანეთს შეყინული წყლის კრისტალები, თეთრ მასად რომ ეფინება დედამიწას? ეს მეტისმეტად მარტივი და ზედაპირული პასუხია. თოვლი არც ისეთი ერთფეროვანია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ფიფქის ფორმირებას, მის თვისებებს და როლს სამყაროში არაერთი მეცნიერი იკვლევს.

ჩვენს თავს ზემოთ რამდენიმე კილომეტრზე ლაღად მონარნარე ღრუბელს და ნისლს როცა შესცივდება, წყლის მოლეკულები შემცივნებულ ბეღურებს ემსგავსებიან და ერთმანეთს ეკვრიან. თუმცა ერთმანეთთან ჩახუტება მათ ფრთებს ჰკვეთს და ისინიც მიწისკენ ეშვებიან. გზად თანამოძმეებს ხვდებიან, რომლებიც, თითქოს მათ შეჩერებას ცდილობენო, ყოველი მხრიდან ეჭიდებიან. მოყვასისთვის თავგანწირვა ყოველთვის ვერ ამართლებს. თუ ვერ შეაკავეს, თავადაც შეშდებიან და მათთან ერთად იწყებენ თავდაღმა სვლას. კოლორადოს ატმოსფეროს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს, ბატონ ჩარლზ ნაითს თუ ვენდობით, ერთი ჩამოვარდნილი ფიფქი 10,000,000,000,000,000,000 თავგანწირულ წყლის მოლეკულას აერთიანებს.

ფიფქის დაბადებაში კიდევ ერთი რამაა საინტერესო: მოლეკულათა მკაცრი ორგანიზებულობა. წყლის კრისტალს ექვსწახნაგა ფორმა აქვს. მასში ყოველი ახალი მოლეკულის ჩართვა რომელიმე წახნაგის გასწვრივ ხდება. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი არც ერთი ფიფქი მეორეს არ ჰგავს!.. დაუჯერებელია, ხომ? მაგრამ, კანადელი მეცნიერის დევიდ ფილიპსის გამოთვლით, ერთ სეზონზე დედამიწაზე 10 ოცდათოთხმეტი ნულით თოვლის ფიფქი ვარდება. ძნელია დაშვება, რომ ამდენ ფიფქს შორის არც ერთს არ ჰყავს ტყუპისცალი, მაგრამ ვინ დაადგენს ამას? ჩვენ რომ მხოლოდ ერთი მილიონი ფიფქის სურათი გვქონდეს და წამში ორი მათგანის შედარება მოვახერხოთ, ასიათასობით წელი დაგვჭირდებოდა ამოცანის შესასრულებლად.

მაინც რა განაპირობებს ფიფქების განსხვავებულობას? ერთი შეხედვით ხომ კრისტალის წარმოქმნა და მისი ზრდა მკაცრ წესს ექვემდებარება. ერთმნიშვნელოვანი და საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ფიფქების ინდივიდუალურობის მიზეზი ის გარემოა, რომელშიც კრისტალის ჩანასახი იზრდება. ქიმიური ტერმინოლოგიის მოშველიებით კი ასე ჟღერს: განსაზღვრულ ტემპერატურასა და ტენიანობაზე კრისტალი ერთი კონკრეტული მიმართულებით იზრდება. ფიფქის ვარდნის გამო კი ორივე მათგანი იცვლება. შესაბამისად, ვიღებთ განსხვავებულ თოვლის ფიფქებს.

როგორც ჩანს, გარემოს ზემოქმედების ფაქტორი საყოველთაოა ამ სამყაროში. ამიტომაც აბსოლუტურად ერთმანეთს არასოდეს ჰგვანან არათუ მოსწავლეები კლასში, არამედ დედმამიშვილები და ტყუპისცალებიც კი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი