ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

შტრუდელი შოშანასთვის

თბილისის ყოფილი მერის სახელობის დიეტაზეც ვყოფილვარ, რუსეთის საპრეზიდენტოზეც – ძეხვეულით რომაა დახუნძლული, „ტყვილი ბორშით“ დაკლებაც მიცდია და იმ ფრანგი მწვალებლის დიეტაც, თვითონ რომ ცხოვრებაში არ გამოუცდია კვების რეჟიმი და ჩვენ სულს გვხდის. მოკლედ, ათას დიეტაზე გადამხტარი კაცი ვარ. ბოლოს ერთს მივაგენი, როგორც იტყვიან ჩემსას, და მივდივარ ასე, ნება-ნება. თუმცა ეს წერილი სარეკლამო არ არის. ეს წერილი სხვა რამეა, გემოსა და მეხსიერების სხვა მწვერვალებს ეხება.

დიეტაზე ყოფნის დროს ჭკუიდან რომ არ გადადგეთ, ერთი სანდო და ნაცადი ხერხი არსებობს კულინარიული ილუზიის შესაქმნელად და სტომაქის ნაცვლად გონების გამოსაკვებად: უნდა ჩართოთ ფილმი, რომელშიც ყველაზე გემრიელად ჭამენ და წარმოიდგინოთ, რომ ის, რასაც იმ მომენტში მიირთმევთ, სწორედ ის კერძია, რომლითაც ეკრანზე იკოკლოზინებენ ყელს. ჩემთვის რამდენიმე ასეთი ილუზიონი არსებობს: „კარგი, ცუდი და ბოროტი“, როცა დამშეული ტუკო მთელ მათლაფას მოიდგამს და ღლურძნის; „კრიმინალური საკითხავი“, სადაც სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი „ბიგ კაჰუნას“ ბურგერს ილუკმება და ზედ სპრაიტს აყოლებს საყლაპავის ჩასაწმენდად; „ჯული და ჯულია“, მერილ სტრიპი რომ კარაქში ჩაჟიპჟიპებულ თევზს მიირთმევს და, რა თქმა უნდა, „უსახელო ნაბიჭვრები“, სადაც ჰანს ლანდა შოშანა დრეიფუსს სახელგანთქმულ შტრუდელს გაასინჯებს ერთ პარიზულ კაფეში.

თუმცა ამ ისტორიის მთელი ვიტამინები სხვაგანაა.

სინამდვილეში ეს პარიზული კაფე სულაც არ არის პარიზული კაფე – ბერლინურია და „აინშტაინი“ ჰქვია. კვენტინ ტარანტინომ სწორედ აქ გადაიღო საკულტო ეპიზოდი. გებელსი რაღაცებს ტლიკინებს, აქეთ საყვარელთან აქიცინებს კუდს, იქით ახალგაზრდა, პერსპექტიულ სნაიპერს უსვამს თავზე ხელს, რა მაგარი ბიჭი ხარ, გერმანიის სიამაყე, ეს რამდენი კაცი დაგიხოცავსო. შოშანა კიდე ამ გველების ბუდეში ეკლებზე ზის და რას არ გაიღებდა, ეს სამნი კუპრში რომ ჩამხრჩვალიყვნენ იქვე. გავიხედოთ და ჰანს ლანდა შემოდის, ჩათლახობის ერთი, დიდი აბეზარი და ჭკუაბოროტი კაცი, აი, ის, შოშანას ოჯახი რო ამოუჟლიტა და ობლად დაარჩინა. ისე მოხდება, რომ ლანდა და შოშანა აქ მარტოკები დარჩებიან რაღაც ამბების გასარჩევად და შტრუდელს შესჭამენ. მაიცა, მაიცაო, ლანდა ეტყვის, ნაღებს დაელოდე, რამ გაგახელა ეს პატარა გოგოო. დიდად ეპიკური ეპიზოდია. შავი ყავა და რძე ერთვის. რას გიყვებით, ნანახი გექნებათ.

მე და ნინია დავირაზმეთ და კაფე „აინშტაინში“ წავედით. ისეთ ადგილზეა, ტურისტს შემთხვევით არ აუცდება ფეხი. მეტროდან ამოსულმა, ერთი კილომეტრი ფეხით უნდა მოლიო და კაფესაც მიადგები. კაფე რა, ჩათვალე, სახლია – ეზოში შეხვალ, პატარა კიბეს აირბენ და ეგაა. კარს აღებ და რას ხედავ… ხედავ, რამხელა ძალა აქვს კინოს და იმ გაუსაძლისად ნიჭიერ კაცს, არაფრისგან რომ ყველაფრის შექმნა შეუძლია.

იქაურობა არ შეუცვლიათ – დგახარ და კადრებად გახსენდება ყველაფერი. გარემო იმდენად ნამდვილია, რომ ფიქრობ, ნეტაი ვინმე ქორვაჭარმა ზუსტი ასლი ხომ არ გააკეთა, მერე ერთი-ორ საჭირო კაცს ფული შეაძლია და დააწერინა, ტარანტინომ აქა და აქ გადაიღო ეგ სცენაო.

– დავაზუსტოთ, – ვუთხარი ნინიას.

– ეგაა, დათო, ეგ. ნახე, ზუსტად ეგაა.

მაინც გადავამოწმე, მაგრამ მიმტანმა შეკითხვა არ დამასრულებინა.

– დიახ, აი, იმ ოთახშია გადაღებული ცნობილი სცენა, მაგრამ იქ ყველა მაგიდა დაჯავნილია, – მიპასუხა დაღლილი ხმით. ვინ იცის, მერამდენედ უწევდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

შევევედრე, იქნებ რამე გაგვიხერხოთ, აგერ, გუგულებივით წყვილი ჩამოვედით შორეული საქართველოდან. საქართველო, შევარდნაძე, ბერლინის კედელი, გენშერი, რამე, რუმე. ეშმაკი აუთამაშდა თვალებში იმ ოხერს. ჰანს ლანდასავით ტუჩის კუთხე გატეხა ღიმილით. კარგითო, ოღონდ სწრაფად ჭამეთო. მეთქი, მოტანილი არ გექნებათ – შეჭმული გვექნება. არა, ეგრე სწრაფადაც არ გინდათო, გემო ხომ უნდა გაუგოთო. გაახარებს იმ კაცს მამა უფალი. შეკვეთა ზუსტად გავიმეორეთ: ორი შტრუდელი ნაღებით და შავი ყავა. რძის შეკვეთაც გვინდოდა, მაგრამ ნინიამ იუარა. მართლა SS-ის პოლკოვნიკი ხომ არ ვიყავი, რძე დამეძალებინა.

ჩვენ გვერდით შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი გერმანელები მიირთმევდნენ ლანჩს და ისეთი პირი უჩანდა, დიდ გეგმებზე ჰქონდათ სჯა-ბაასი. ერთი მათგანი ისეთი გახარებული იყო (ალბათ ის, ამ გეგმებიდან დიდი ფულის გამოდნობას რომ გეგმავდა), დროდადრო თავაშვებული ხარხარით იპყრობდა ხოლმე ოთახს და მალევე მშვიდდებოდა, ვიდრე მომდევნო გადახარხარებამდე. მეორე მხარეს ქალ-ვაჟი იჯდა. იოლად შეიმჩნეოდა, რომ ჩვენ მოსვლამდე კამათი გამოევლოთ და უგემურად ღეჭავდნენ ღვთიური შეფერილობის ომლეტსა და სალათს. შტრუდელმა, რუდუნებით რომ მოჰყავდა მიმტანს, გერმანელის ხარხარი ჩაახშო. ის ჰგავდა გვირაბს, რომელიც სიტკბოთი იყო ამოვსებული და შიგ ბრილიანტებივით მოჩანდა ვაშლის ანასხლეტები, გვერდით კი ედგა ნაღების რძისფერი ტბა. ტბა გიბიძგებდა, დაგევიწყებინა ყოველგვარი ეტიკეტი, საჩვენებელი თითი ჩაგეძირა მასში და სახალხოდ გაგელოკა, მაგრამ ის მოწიწება, რომელსაც შტრუდელი აღძრავდა ჩემში, თავშეკავებისკენ მომიწოდებდა. გემოს რეცეპტორებთან მათი ერთობლივი შეხება ჰგავდა სიტკბოსა და სიმჟავის ქორწინების 50–ე წლისთავს. ვაშლი თოვლივით დნებოდა პირში, ნაღები კი ბლანტად მისრიალებდა ენაზე.

– შოშანას მოსაგონარი იყოს – ვუთხარი ნინიას.

გემოსგან დამუნჯებულმა ნინიამ გაიღიმა. მიმტანმა მითხრა, შემდეგში წინასწარ დარეკე და ადგილს დაგახვედრებო. თვალი ჩავუკარი. ციოდა, მაგრამ მე და ნინია ვხვდებოდით, რომ ამ სიცივეში ჩვენ ერთმანეთი გვყავდა, მსოფლიოს კი – კვენტინ ტარანტინო. დაბნელებამდე ჯერ დიდი დრო იყო, ბერლინის კედლამდე კი – მცირე მანძილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი