ტექსტი და გარემო (ნიკოლოზ ბარათაშვილის ახალი მულტიმედიამუზეუმი)

განათლების თანამედროვე სისტემა ისეა აწყობილი, რომ სასწავლო პროცესი უმეტესად საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს. მართალია, ტექნოლოგიები ამ ჩაკეტილ ოთახებშიც შეიჭრა, მაგრამ არა იმდენად, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. როცა ერთფეროვან სასწავლო გარემოზე ვსაუბრობ, ხშირად მახსენდება არისტოტელეს პერიპატეტიკული სკოლა ლიკეაში, სადაც ის ხეივნებში მოსეირნე ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, აუდიტორიები და სასწავლო ოთახები ორანჟერეებში მაინც რომ მოეწყოთ. ერთი ასეთი კაბინეტი ნამდვილად ვნახე ევროპულ სკოლაში – იქ ბოტანიკის გაკვეთილები ტარდება, მე კი ასეთ ადგილას სიამოვნებით ჩავატარებდი ლექციებს პოეზიაში ან რიტორიკაში.

თუ ფიქრობთ, რომ სასწავლო პროცესისთვის გარემოს მნიშვნელობა არ აქვს, ერთხელ განსხვავებული ადგილი მოძებნეთ გაკვეთილისთვის და შედეგს დააკვირდით. მაგალითად, შემოგთავაზებდით თბილისში, ჩახრუხაძის ქუჩაზე, ახალგარემონეტბულ და განახლებულ ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმს. აქ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბარს ჩვეულებრივ, შაბლონურ გარემოში მიღებული ცოდნისგან განსხვავებული ეფექტი ექნება. მოსმენასთან ერთად აქ სანახავიც ბევრი რამაა. ამ მულტისემიოტიკურ გარემოში მოგზაურობა ნამდვილად დაემსგავსება დროში მოგზაურობას. მუზეუმში აღდგენილია მე-19 საუკუნის საქართველო და ის გარემო, რომელშიც ტატოს უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. მოღვაწეობას ახლა ვუწოდებთ, თორემ ბარათაშვილის სიცოცხლეში არასდროს არავის უთქვამს, რომ ის „მოღვაწეობდა“, პოეტადაც არავის უღიარებია, თუმცა ლექსებს ლიტერატურულ სალონებშიც კითხულობდა და გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძესაც უზიარებდა. მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძემ იცოდა ტატოს პოეზიის ფასი და მისივე დამსახურებაა, რომ დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილი გვყავს.

ბარათაშვილის მუზეუმი მრავალგანზომილებიანია იმ მხრივაც, რომ აღდგენილი საყოფაცხოვრებო კონტექსტის გვერდით, იმავე დარბაზში, წარმოდგენილია ტატოს შემოქმედების მთავარი კონცეპტის, მერნის, ინსტალაცია. შეგიძლიათ, უმზიროთ მას და სპეციალური ყურსასმენებით მოისმინოთ ლექსიც. მერწმუნეთ, ზემოქმედება სრულიად განსხვავებული იქნება. ეს უკვე აღარ არის სამყარო „გარედან“, ან „მერანი“, რომელსაც კითხულობ ან ისმენ – ეს არის გადასვლა იმ ეპოქაში და არამხოლოდ… ეს არის ყოფნა ტატოს სამყაროში, „შიგნით“ ყოფნა… ლირიკულ გმირთან ერთად სულის მოგზაურობა ცნობიერების ლაბირინთებში, სადაც მეტაფორები და სიმბოლოები შინაგან განცდათა აღმნიშვნელებად ქცეულა და თანაგანცდა გიპყრობს:

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ასეთი კავშირის შემდეგ თქვენი გულიც სხვაგვარად დაიწყებს ძგერას და ამ დროს დაიმახსოვრებს თქვენი სული და სხეული „მერანის“ თავისუფლების იდეას, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

შვიდი წუთის შემდეგ ამავე დარბაზში სხვა ინსტალაცია ჩაირთვება და დაინახავთ, როგორ წამოიმართება ბარათაშვილის ჰოლოგრამა და ლექსების კითხვას დაიწყებს. აქვე, კედლებში ჩამონატაჟებული სპეციალური ეკრანების წყალობით, ძველ თბილისსაც მოივლით, ეტლების ხმასაც გაიგონებთ და თვალს გააყოლებთ მოკირწყლულ ქუჩებს.

აივანზე კი ტატოს ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონცეპტს – „საყურეს“ გადაეყრებით. აქ აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ეს ისტორია:

1838 წლის 18 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაინიშნა. 1839 წლის დამდეგს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილმა, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილმა, ცოლად შეირთო სამარაგდონ ივანეს ძე ორბელიანის ასული ბარბარე. ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად საგინაშვილის სიდედრმა ელისაბედმა წვეულება გამართა. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძეც.

იონა მეუნარგიას ეს შემთხვევა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი:

„ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი: ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. ეს განწყობა შემდეგ გადავა ლექსში „საყურე“:

ვითა პეპელა

არხევს ნელ–ნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრეო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

 

მაგიდაზე ბარათაშვილის ხელნაწერები ელექტრონულად იფურცლება… აგერ, ეკეტერინე ჭავჭავაძის სახეც გაიელვებს… პოეტის მარადიული მუზა, რომელიც ყოველთვის შთააგონებდა ტატოს, ცხოვრებაში დაუძლეველი ტექსტებში დაეძლია.

ტატოს უჭირდა, მარადიული გრძნობა წარმავალი სიტყვების საბურველით შეემოსა, ამიტომ წერდა:

 

მაგრამა მშვენიერება

გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,

და ჩემთა გრძნობათ შენდამი

ვერ დასდვან კაცთა სახელი.

 

ან კიდევ:

 

არ უკიჟინო, სატრფოო,

შენსა მგოსანსა გულისთქმა,

მოკვდავსა ენას არ ძალუძს

უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

 

***

ბოლოს მაინც გამოთქვა.

 

P.S. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებლებო, ქალაქში გაქვთ ერთი მშვენიერი ადგილი, ძვირფასი რესურსი იმისთვის, რომ ერთი გაკვეთილი მაინც ჩაატაროთ მულტიმედია გარემოში.

ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, მით უმეტეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორი, თბილისის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ნინი სანადირაძე, ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის. ის აცხადებს, რომ მუზეუმები უნდა გაცოცხლდეს და ახალი ფუნქცია შეიძინოს.

ჰოდა, გავაცოცხლოთ მუზეუმები!

კომენტარები

comments