შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

განათლების სისტემის ინოვაციები

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და ცვალებად სამყაროში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების განვითარების კვალობაზე იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ თავად ამ მოვლენათა გარკვევაც კი პრობლემა ხდება დროის სიმცირის გამო. მივაღწევთ თუ არა მიზანს, აღმოჩნდება, რომ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, უკვე ისტორიის ნაწილად იქცა და ახალი შემხვედრი ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ. სანამ ჩვენი აღქმის სისტემები ამ ახალი ცვლადის შესწავლას და გააზრებას მოასწრებენ, ყველაფერი თავიდან დასაწყები ხდება, რადგან შემდეგი ნაკადი უკვე მოგვდგომია კარს. საბოლოოდ, სამყაროს აღქმისა და შეცნობის პროცესები ერთ დიდ კალეიდოსკოპს ემსგავსება, რომლის ღერძიც ისე სწრაფად ტრიალებს, რომ ინფორმირების ნაცვლად ინფორმაციულ ვაკუუმს გვიქმნის და იქ, სადაც აწყობილი სისტემა უნდა იყოს, ქაოსსა და უწესრიგობას ვაწყდებით. შედეგად ჩნდება კითხვები: რამ გამოიწვია ქაოსის წარმოშობა? კანონზომიერია თუ შემთხვევითი ეს პროცესები? შეიძლებოდა თუ არა ამ სირთულეების თავიდან აცილება? როგორი შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგები? 
მეცნიერებაში ქაოსი ბოლო დრომდე ასოცირდებოდა შემთხვევით პროცესებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ქაოსი სრულიადაც არაა შემთხვევაზე დამოკიდებული, რადგან იგი თავად სისტემის შინაგანი თვისებაა, ზოგადად არსებულია და წარმოიშვება ყველგან და ყოველთვის . ამიტომ უკანასკნელ ათწლეულში არსებითად შეიცვალა შეხედულება ქაოსის ბუნებაზე და მის როლზე ბიოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ სხვა ხასიათის სისტემების მუშაობაში.

ფუნქციურად ქაოსი, როგორც ნებისმიერი რთული სისტემა, უმარტივეს წესებზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემაც უმარტივესი ფორმულიდან გამომდინარეობს, მის მცირედ ცვლილებასაც კი მივყავართ უსასრულო ქაოსამდე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქაოსი იმთავითვე შეიცავს მოწესრიგების მოთხოვნილებას და აუცილებლობას. გამოკვლევების თანახმად, წესრიგი და ქაოსი სრულიადაც არ არიან განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული ცნებები.

ადამიანი ქაოსის საკითხით მითოსური ხანიდან ინტერესდება და ეს არ არის მხოლოდ ცნობისმოყვარეობის შედეგი – არსებობისთვის მას აუცილებლად სჭირდება გარემომცველ სამყაროზე, როგორც ქაოსსზე ან წესრიგზე, წარმოდგენის შექმნა. წესრიგი და ქაოსი ონტოლოგიური სტრუქტურების (ყოფიერების, ანუ არსებობის სტრუქტურების) ფუნდამენტური კონცეპტებია და მათი გააზრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია.

გარკვეული ქაოსურობა კოსმიურ სივრცესაც ახასიათებს, მაგრამ მას „მუდმივობის” დიდი ველიც გააჩნია, ამიტომ ადამიანისთვის, როგორც კოსმოსის ნაწილისთვის, ქაოსის ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. უფრო მეტიც, ერთგვარი „ქაოსურობის ნორმა”, ანუ გარკვეული შუალედური რეჟიმი ქაოსსა და წესრიგს შორის ადამიანის დამახასიათებელ თვისებადაც განიხილება. თუმცა ქაოსური მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს „უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობას”, უბრალოდ, საჭიროა კრიტიკულად გავაანალიზოთ მოვლენები. . სირთულე ამ მხრივაც შეიძლება წარმოიშვას, რადგან როგორც მოვლენათა კრიტიკული გაანალიზება ცხადყოფს, კრიტიკულობაც არაა დაზღვეული ქაოსურობისაგან. იგი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქაოსისა და წესრიგის ზღვარზე მყოფი მდგომარეობა, რომელიც ახალი სისტემის წარმოშობას მოითხოვს. მოცემული პრობლემის კვლევამ წინ წამოსწია კრიტიკულობის თვითორგანიზების თეორია , რომლის თანახმადაც თვითორგანიზებად და თვითმართვად პროცესებში ქაოსს თავისი ფუნქციები და როლი გააჩნია და თავისთავად მივყავართ ერთი სისტემიდან მეორეზე გადამრთველი „მექანიზმის” აუცილებლობამდე. მართალია, ეს „მექანიზმი” რთული სისტემების მოწესრიგებას უწყობს ხელს, მაგრამ ამავდროულად თვითორგანიზებისას ამავე ქაოსის წიაღში სპონტანურად წარმოიქმნება და პარალელურად მიმდინარეობს ქვესისტემების სინქრონიზაციაც. შედეგად კი ვიღებთ ახალ დისციპლინას – სინერგეტიკას, მრავალი სისტემის გაერთიანებას, რომელშიც თვითორგანიზაციის მეშვეობით ქაოსიდან წესრიგის წარმოშობის პროცესები მიმდინარეობს .

ქაოსის წარმოშობის, თვითორგანიზაციის და თვითმართვის საკითხები ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის: ადამიანის თავის ტვინში მიმდინარე კოგნიტური პროცესები მოწმობს, რომ ქაოსური დინამიკის გარეშე შეუძლებელია სწავლა/დასწავლა, რადგან ადამიანის ტვინში სხვაგვარად არ ხდება ვერბალიზაცია (5). ამავე დროს ქაოსის შესწავლით დავადგენთ კანონზომიერებას იმ სისტემებშიც, რომლებიც აბსოლუტურად ქაოსურად მიგვაჩნია და გავარკვევთ პედაგოგიური სისტემების ორგანიზების არსსაც, რადგან ეს სფერო გვაძლევს იმ ადამიანურ რესურსს, რომელმაც უნდა შეძლოს, ზოგადად, ქაოსის მოწესრიგება.

განათლების სისტემა თავისი შინაარსით რთულ სტრუქტურას მიეკუთვნება, რომელიც მოიცავს მმართველობის ორგანოებს, მართვის სტილს, პედაგოგიურ მოდელებს და პრაქტიკულ სასკოლო ცხოვრებას. მართალია, განათლების სისტემის მდგრადობის საკითხი თავისთავადაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც ყველა სხვა რთული სისტემა, არც განათლების სფეროა დაზღვეული ქაოსური პრობლემებისგან. ამიტომ ამ სისტემის ნორმალური მართვა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა მმართველობაში სახელმწიფოს და კონკრეტული ორგანიზაციების წილი თანაბრად იქნება წარმოდგენილი. პრობლემების წარმოშობის საწყის სტადიაშივე თუ დავიწყებთ ცვლილებებს და შევიტანთ ქაოსის გარკვეულ ნორმას, მაშინ ყველა რგოლში შეიძლება დამყარდეს წესრიგი ქაოსის ბუნების შესაფერისად . წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მუდმივი ქაოსი, ასევე მის აღსაკვეთად მიმართული ტოტალური ჩარევა საგანმანათლებლო პროცესში, თანაბრად გამოიწვევენ სისტემის დეგრადაციას.

საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირების და განვითარების, ისევე როგორც ბიოლოგიური სისტემის განვითარების აღსანიშნავად არსებობს ცნება „ქაოსურობის ნორმა”. სახელმწიფოს როლი ასეთ პირობებში არა მხოლოდ საგანმანათლებლო დასწესებულებების უსასრულო სისტემის ფორმირებაშია (რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა სისტემების ვარიაციების საშუალებით, რითაც მივიღებთ უფრო მოქნილ სასწავლო პროცესებს, სახლემძღვანელოებს, მეთოდური ლიტერატურის შესწავლის და არჩევის საშუალებებსა და საგანმანთლებლო ტექნოლოგიებს.

გასაგებია, რომ განათლების ვარირებას, როგორც ქაოსის ნორმას, შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უსასრულო, და, რაც მთავარია, არ უნდა არღვევდეს თავად „ქაოსურობის ნორმას”. მაგალითად, სხვადასხვა საგნის სწავლებისას „ნორმირებული ქაოსი” გამოხატება იმაში, რომ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული შედეგი და ეს შედეგი უნდა შეესაბამებოდეს აზროვნების საფეხურებს – ცოდნის დონეებს. არ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მეცნიერებების წილის შემცირება ახალი, ხშირად არცთუ აუცილებელად საჭირო საგნების სანაცვლოდ. ამიტომ კვლევა-ძიება ამ მიმართულებით, სწავლების ახალი გზებისა და ფორმების მოძიება აუცილებლად უნდა წარმოებდეს, მაგრამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ქაოსის „ნორმა” .
ქაოსის, როგორც თვითორგანიზაციისა და თავითგანახლების ფაქტორის, შესწავლა კონკრეტული პედაგოგიური მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია. საკითხის კვლევისას გამოიკვეთება თავად პედაგოგიური მოდელების მიზნის დადგენის პრობლემა. მკვლევარები ამ მოდელებს ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ: “მკაცრი” (ავტორიტარული) და „რბილი” (დემოკრატიული) მოდელები. პირველი შემთხვევის დროს პედაგოგიური მიზნები ყოველთვის კონკრეტულია და ყველაფერი მიმართულია მიზნის მისაღწევად, მეორე შემთხვევაში კი სისტემებს უფრო ზოგადი მოდელის ხასიათი გააჩნია და მიზნისკენ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით მიდის (7). მართალია, ზოგიერთი ფილოსოფიური სკოლა საერთოდ უარყოფს მიზნის კატეგორიებს, მაგრამ პედაგოგიურ მეცნიერებაში მიზანს მკვეთრად გამოხატული, განსაზღვრული ადგილი უკავია – რაც უფრო გამოკვეთილია მიზანი, მით უფრო ეფექტურია სასწავლო პრაქტიკა.

განათლების „ავტორიტარული” მოდელი აიძულებს მოსწავლეს და მასწავლებელს, აუცილებლად მიაღწიონ წინასწარ განსაზღვრულ მიზნს, მაგრამ იძულება ყოველთვის არაა ეფექტური საშუალება. „დემოკრატიული” მოდელის დროს კი შესაძლებელია „დაუგეგმავი გადასვლებიც”, რადგან აქ უმთავრესი დანიშნულება აქვს არა ტექნოლოგიებს, არამედ სწავლის სტრატეგიებს, რომლებიც გამომდინარეობს პრობლემის შინაარსისგან და შეესაბამება მოსწავლის ასაკობროვ და პიროვნულ თავისებურებებს. ამით შეიძლება ერთგვარი ქაოსური სიტუაცია შეიქმნას სისტემის მუშაობაში. ამიტომ აუცილებელია, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში გამოიკვეთოს სასწავლო პარამეტრების თავისუფლების პრინციპი, რითაც თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.

თანამედროვე სკოლა ვერ გაექცევა გარკვეულ ქაოსურობას, რადგან, როგორც ვხედავთ, იგი არსებით როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. ამიტომ „სასკოლო ქაოსების” კი არ უნდა შეგვეშინდეს, არამედ იგი ბუნებრივ პროცესად უნდა ჩავთვალოთ. მალე ეს „უწესრიგობა” ბუნებრივად გადავა წესრიგში და უფრო უკეთეს წესრიგში, ვიდრე მას შესაფერისი ნორმებით განვსაზღვრავთ. ამას ხელს უწყობს განმავითარებელი სწავლების სისტემები, რომლებიც სწავლის თითქმის ყველა მხარეს მოიცავს. სწორად შერჩეული სტრატეგიის დროს არც ისე მნიშვნელოვანია, რა ფორმა, საშუალება, მეთოდი გამოიყენება. მთავარია, რომ ისინი ეხმარებოდნენ სუბიექტს გზის არჩევაში. ასეთი მოდელების არჩევა გაცილებით კვალიფიკაციურ კადრსა და გაცილებით დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ვიდრე ეს ხდება „ავტორიტარული” მოდელების დროს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მომავალი სწორდ ასეთი გზით სიარულშია .

მკვლევარები, რომლებიც აანალიზებენ სწავლებას, გამოყოფენ სამ საფეხურს: ა) სწავლება ქაოსის საზღვრამდე, როდესაც ხდება იდეების გენერაცია; ბ) შემოქმედებითი აზროვნების სტიმულაცია სხვადასხვა მიმართულებით; გ) მოსწავლეები ისმენენ სხვების აზრს და ამის საფუძველზე გამოიმუშავებენ მოსაზრებებს. აქ მასწავლებლის როლი გულისხმობს არა მხოლოდ ცოდნის „გაფართოებას” და მსჯელობების შეფასებას, არამედ მთლიანი პროცესის ზედამხედველობას და სწავლის პროცესის დონეების მიხედვით „მართვას”. ასეთ დროს ათვისების ხარისხი გაცილებით მაღალია. სტიმულიც იზრდება, რადგან სწავლის ამ სტრატეგიის დროს ხდება არა ქაოსის აღკვეთა, არამედ წესრიგსა და ქაოსურობას შორის შუალედური ურთიერთოებების მოძებნა და მოსწავლეებიც უფრო ნაყოფიერად მუშაობენ. თუმცა ფაქტია, რომ ეს ნაყოფიერება მიღწეულია სტრეოტიპების გვერდის ავლით და პრობლემების სულ სხვა მხრიდან დანახვით .

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჯ. დევის-სივერის კვლევები („ქაოსი კლასში”), რომლის საფუძველს წარმოადგენს თვითორგანიზების თეორია. იგი იკვლევს სიტუაციებს „ქაოსის ზღვარზე”. კვლევის თანახმად, ქაოსი ხელს უწყობს ახალი წესრიგის დამკვიდრებას და არსებითია, რომ ამ ახალი წესრიგის დამკვიდრება ხდება არა გარე ძალების ჩარევით, არამედ მას გააჩნია სპონტანური (ქაოსური) ხასიათი.

სად გადის ზღვარი წერიგსა და უწესრიგობას შორის? რა შეიძლება მისცეს ადამიანს „ქაოსის ზღვარზე” სწავლების სტრატეგიამ? ჯ. დევის-სივერის თანახმად, ესაა საკუთარი თავის ძიების, შინაგანი მოტივების ფორმირების და სწავლის მიზნის გამოკვეთის გზა, მოსწავლეთა თვითშემეცნებისკენ და თვითგანათლებისკენ სწრაფვის საშუალება.

რა არ შეუძლია მისცეს „ქაოსის ზღვარზე” სწავლებამ მოსწავლეს? გარანტიები, დაცულობა, მომავლის გარკვეულობა (რადგან არსებული სიტუაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც განვითრების სპონტანური ხაზი). ადამიანი მუდმივად არჩევანის წინაშე დგას ასეთ დროს, რადგან აქტიურდება, ზოგადად, არჩევანის პრობლემა. ამის დასაძლევად კი საჭიროა განვითარების ვარიანტების ანდა მიახლოებითი დიაპაზონების დანახვა, ამა თუ იმ ვარიანტის შედეგების განსაზღვრა და ქმედებების შეფასება. ასეთი ქაოსური სიტუაცია შეიძლება დავახსიათოთ, როგორც კონსტურქციული ქაოსი, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული პროცესები: თვითდასწავლა, სწავლა მასწავლებლის ზედამხედველობით და ურთიერთსწავლება. მასწავლებლები თავისუფლები არიან თავიან ქმედებებში – ერთმანეთთანაც და მოსწავლეებთანაც. ამ დროს სწავლების მთავარ მექანიზმს წარმოადგენს კონსტრუქციული ქაოსის სიტუაცია .

მაშასადამე, მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „ქაოსის ზღვარზე”, მიგვიყვანს ყველა ზემოხსენებულ შედეგთან, თუ გამოვიყენებთ კონსტრუქციული ქაოსის ელემენტებს. სწავლის პროცესში კონსტრუქცული ქაოსის და, ზოგადად, სინერგეტიკული პროცესების როლის შესწავლისას გამოიკვეთება ქაოსის ამგვარი როლი და მისი ფაქტორი თვითორგანიზაციისა და „თვითგანათლების” პროცესში. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სწავლების მიმართ სისტემური მიდგომების გამოყენების ნაყოფიერებას .

ასეთი გზა განვითარების ფართო პერსპექტივას გვთავაზობს, რადგან იაზროვნო სინერგეტიკულად – ნიშნავს იაზროვნო არასწორხაზოვნად, ალტერნატიულად და შეძლო მოვლენათა მიმართულებების ადეკვატური ცვლილება, ხოლო ასწავლო სინერგეტიკულად – ნიშნავს აღზარდო არასწორხაზოვნად, ალტერნატიულად მოაზროვნე ადამიანები, ტალანტები, რომლებიც უკეთესს გახდიან სამყაროს. ქაოსი, როგორც გზა ინოვაციისკენ, როგორც სისტემის თვითორგანიზების ფაქტორი, სინერგეტიკული პროცესის უმნიშველოვანესი ნაწილია. ქაოსი, როგორც სამყაროს ემპირიული მოცემულობა, როგორც მუდმივი ცვლადი, როგორც სიკეთე და ბოროტება, როგორც წესრიგი და უწესრიგობა, ორგანიზაცია და დეზორგანიზაცია – თვითგანახლებისკენ მსწრაფი მოთხოვნილებაა. ეს გამოწვევა თამამად უნდა მიიღოს განათლების სისტემამ და მომავლის სამსახურში ჩააყენოს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწავლის პროცესი – ესაა უმჭიდროესი კავშირი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს არაა ცოდნის გადატანის უბრალო პროცესი. იგი ისეთი შემოქმედებითი პირობების შექმნას გულისხმობს, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გადაცემისა და ათვისების ინტერესის გაღვიძებას. ესაა ღია დიალოგი და შესაბამისი უკუკავშირი, პრობლემური სიტუაციების გადაჭრისას თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობით მასწავლებელი ისწავლის, როგორ დაინახოს და შეაფასოს მოსწავლის საჭიროება, როგორ აღმოაჩინოს, რა იმალება მოსწავლის უკან და როგორ გაუგოს მას. ასეთი „თავისუფლების” პრინციპი თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელებში ხაზგასმით უნდა იყოს გამოკვეთილი და არც ამით გამოწვეული ქაოსი უნდა ჩაითვალოს საფრთხედ, რადგან ის, რაც ქაოსის ზღვარზეა, ორგანიზდება თვითორგანიზების და თვითგანათლების გზით და კონსტრუქციული ქაოსით. საგანმანათლებლო მოდელებში დაშვებული „ქაოსური” პრინციპების ეფექტურობას კი „სინერგეტიკული დიალოგის” (არათანაბარ სისტემებში არასწაროხაზოვანი პროცესების მართვის ხელოვნება) არსებობა უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი