პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მწერალი და პირობები (ნაწილი II)

ეს წერილი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც ასეთი: წინა ნაწილის (https://mastsavlebeli.ge/?p=16312) თემატური გაგრძელება და ის დაპირებული გამოსავლის გზები, რომელიც რაღაცით მაინც წაეშველებოდა მატერიალურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქართველ მწერალს და მწერლობას, როგორც თითქმის გაუფასურებულ პროფესიას.

მაგრამ ბოლო წამს, სანამ ტექსტს გამოვაქვეყნებდი, ყველაფერი შეიცვალა.

23 დეკემბერს, ღამით, თამარ მეფის გამზირზე შსს-ს თანამშრომლებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ჯერ ნარინჯისფერ ქურთუკზე მოედავნენ დამცინავად, შემდეგ მანქანაში ჩატენეს და იქიდან დაიწყო ფიზიკური/მორალური შეურაცხყოფის მთელი სერია – გზაში, პოლიციის განყოფილებაში, იზოლატორში, უმაღლესი საპოლიციო ტრიბუნიდან, სოციალური ქსელიდან, დაქირავებულ-დაფინანსებული მედიისა და აგრესიული ფეისბუკ მომხმარებლების მხრიდან. ამის საპირწონედ, ზვიად რატიანს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული საგანგებო პრესკონფერენციიდან და სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან გაისმა საპროტესტო მოწოდებები ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ. ამ შესაშური ერთიანობის გასაქარწყლებლად ხელისუფლებამ ყველაზე ულმობელი და გაუმართლებელი იარაღი გამოიყენა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნიჭოდ დამონტაჟებული კადრები გაუშვა და ადამიანური სიძულვილით თუ ხელისუფლებისადმი მაამებლობით აღტყინებული ბრბო პოეტსა და მის მხარდამჭერებს მიუსია.

სისტემა, რომელსაც უნდა დაეცვა მოქალაქე (ხელოვანი), მთელი კვირის განმავლობაში უზნეო ბავშვივით იქცეოდა: ბოდიშის ან უკანდახევის ნაცვლად თავისი გავლენის ყველა წერტილში ნაღმს აფეთქებდა და საზოგადოების ნდობის, ურთიერთობის ხიდებს წვავდა. ბოლო ლურსმანი საქალაქო სასამართლომ ჩააჭედა საქმეში: ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში და 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან მოსამართლემ დამამცირებელი მოწყალებაც მოიღო, – რომ არა საახალწლო დღეები, თქვენ მიმართ პატიმრობას გამოვიყენებდიო.

არადა, ამ წერილის პირველ ნაწილში როგორ მჯეროდა, რომ მწერლის რთული ყოფითი პრობლემებისა და მუშაობისთვის არასახარბიელო გარემოს წარმოჩენის შემდეგ, ამ პრობლემებთან გამკლავების გზებზე უფრო მეტს ვისაუბრებდით. ბევრი საინტერესო ვერსია გაჩნდებოდა და მაშინ მჯეროდა კიდეც, რომ ჩვენს ხმას მივაწვდენდით იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელთაც ხალხისგან ამ საკითხებზე ზრუნვა დაეკისრათ.

„ზრუნვის“ საბჭოური გამოცდილება წინა ნაწილში გამოვრიცხეთ, მაგრამ მწერლისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თანამედროვე ცივილიზებული გამოცდილება სწორედ ისაა, რაც ჩვენს ლიტერატურას სასიცოცხლოდ სჭირდება. სკანდინავიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე მალევე შეიძლება რამდენიმე ვარიანტის ამუშავება, თუკი, რა თქმა უნდა, ამის ნება იქნება ხელისუფლებისგან.

1) მწერლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შრომას, შეუქმნის ფინანსურ თუ ყოფით პირობებს იმისთვის, რომ წერონ – ტექსტზე ფიქრსა და მუშაობას დაუთმონ ძირითადი დრო. საქართველოში თითქმის ყველა ავტორი თავს არამწერლური სამსახურით ირჩენს, ამიტომ ყოველდღიურად იკარგება ის პოტენციალი (და ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოჩნდა), რომელიც ლიტერატურის/კულტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ცხადია, არსებობს ავტორების შერჩევის კრიტერიუმები და პროგრამის მომზადების დროს, საკონკურსო დოკუმენტში შესაძლებელია ამ დეტალების გაწერა და შემდგომ გათვალისწინება.

2) წიგნის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც, ვთქვათ, ნორვეგიაშია: სახელმწიფო ყოველწლიურად შეისყიდის იმ წელს გამოცემული ყველა თანამედროვე ავტორის წიგნის 700 ეგზემპლარს საბიბლიოთეკო ქსელისთვის. ეს ქმედება რამდენიმე მხარეს აძლიერებს: მწერალს, რომელმაც იცის, რომ მისი ყოველი ახალი წიგნი გარანტირებულად შვიდასი ეგზემპლარი გაიყიდება, გამომცემელს, ბიბლიოთეკებს და მკითხველს, რომელსაც, ბუნებრივია, ყველა წიგნის შეძენის საშუალება არა აქვს.

3) გრძელვადიანი კამპანია „თანამედროვე ლიტერატურა სკოლაში“, რომელიც უწყვეტად, მიზანმიმართულად, სხვადასხვა ღონისძიების სახით (თანამედროვე ავტორების ტექსტების სასკოლო პროგრამაში შეტანა, შეხვედრები მწერლებთან, სადისკუსიო კლუბებისა და ელექტრონული პლატფორმების შექმნა…) განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებითაა საჭირო და აქტუალური: ა) წიგნის კითხვის პოპულარიზაციისათვის; ბ) მასწავლებლების ახალი, პროგრესული ნაკადის გამოჩენისთვის, რომელიც ლიტერატურას ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამს და არა გაქვავებულ, სტატიკურ მასალად; გ) ახალგაზრდებში სკოლის ასაკიდანვე გაჩენილი ინტერესისათვის თანამედროვე ლიტერატურის მიმართ, რაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, იმ სტიგმასაც მოგვაშორებს, რაც ამ ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამეფდა: „ილია და გალაკტიონიც მწერლები არიან და ეგენიც?“ (ცნობისათვის, ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი ისეთივე დიდია ამჟამად ევროპაში, როგორც კლასიკის მიმართ. ჩვენთან როდემდე უნდა მიიჩნეოდეს „კაი ტონად“ თანამედროვე ხელოვნების აბუჩად აგდება?).

ამ ყველაფრის სანაცვლოდ, განვითარებულ ქვეყნებში მწერლებისგან უპირობო მორჩილებას, ხელისუფლებისადმი ლოიალობასა და კონფორმიზს ცხადია არ ითხოვენ. ყველა მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის, რომ მსგავსი ცნებები სტალინისა და გორკის ეპოქის ჯოჯოხეთში უნდა დარჩეს სამუდამოდ. ოღონდ სანამ ეს მოხდება, ნაცემი და შეურაცხყოფილი მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ, ვისაც ამ ცუდ საქმეში თავისი წილი უდევს. თორემ ჩვენი დროის დაუსჯელი ჯალათებიც თავს ისე გაიმართლებენ, როგორც სოცრეალიზმის პირანიები სიბერის ჟამს, – რა გვექნა, ძმაო, დრო იყო ასეთიო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი