პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასარგებლო კაცი

ლუკა ჩემი მეგობრების შვილია და მასზე „დაკვირვება“, მე პირადად, იმ დროიდან დავიწყე, როცა ის, თავისი უცნაური და მასშტაბური ინტერესებით თავის ასაკს გვარიანად გასცდა და ისეთ საიდუმლოებებზე დაგვაფიქრა, რაზეც ბავშვები არც თავს იმტვრევენ და მით უფრო არც საყვარელ საქმედ იხდიან. ლუკამ კი ახალი ამბები მოიტანა „ბავშვების ქვეყნიდან“ და ამ ამბებში, ნებით ან უნებურად, ბევრი ვინმე ჩართო. რადგან, სინამდვილეში, ის, რაც ლუკას აინტერესებს, ყველა ჩვენგანის ინტერესის სფეროც უნდა იყოს, ჩვენი – დედამიწელების.

თავდაპირველად, მგონი, ფიტულებს აკეთებდა, გარდაცვლილი ფრინველების ფიტულებს, ფრანკენშტეინული მგზნებარებით, სამედიცინო სკრუპულოზურობით. მერე ზოოპარკში დაიწყო მოხალისეობა. დაახლოებით 6 წელი იმუშავა. ცხოველებს უვლიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა. რამდენიმე წლის წინ, იმ ავადსახსენებელი 13 ივნისის წყალდიდობის დროს ლუკას მეგობარი ცხოველები დაიღუპნენ. მისთვის ეს პირადი ტრაგედია იყო. ახლა კი სახლში თეთრი „შუმბა“ ჰყავს.  ვისაც  ის ცნობილი „კარაკულა“ ახსოვს,  თეთრ ლომთან – „შუმბასთან“ ერთად რომ ცხოვრობდა, აი,  იმ კარაკულას რვა შვილიდან ერთადერთი თეთრი შვილი. დიდი „შუმბას“ საპატივცემულოდ, მასაც „შუმბა“ დაარქვეს და ის  ლუკამ იშვილა.

დღეს ლუკა ტყემალაძე ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. წერს ბლოგებს ეკოლოგიის საკითხებზე. მონაწილეობს ექსპედიციებში. ხატავს და ეს საქმეც ისევე განსაკუთრებულად გამოსდის, როგორც ბუნების სიყვარული.

ერთხელ, სულ პატარა რომ იყო, უფროსები მოფერებიან, რა საყვარელი კაცი ხარო. ლუკას შეუსწორებია – საყვარელი კი არა, სასარგებლო კაცი ვარო. აი ასე – ყოველთვის იცოდა, რისთვისაც მოვიდა ამქვეყნად.

მე და ლუკა იშვიათად ვსაუბრობთ, თუმცა, როცა ამის დრო დგება, აი, ასეთი გემრიელი მასლაათი გამოგვდის:

 

– პირველი შთაბეჭდილება, ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი, შენს ცხოვრებაში…

ერთი შეხედვით რთულია თქვა, მაგრამ არის მოგონებები, რომლებიც ემიჯნება იმ სხვა ყველა დანარჩენს და განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ შენს გონებაში. ასეა ჩემთანაც. პირველი და მკაფიო, ალბათ, დედაჩემის ნახატია, რომელზეც ბიჭუნა, მგელი და მათ ზემოთ დიდი შავი კვადრატია გამოსახული, დიდი ტილო იყო და მაშინ, როცა კიდევ უფრო პატარა ვიყავი ეს ტილოც ბევრად დიდად მეჩვენებოდა. არ ვიცი, რატომ ჩამრჩა ასე, რადგან, იმ ტილოს გარდა, იქ სხვა ბევრი საინტერესო ნამუშევარიც იყო, მაგრამ მახსოვს, როგორ მინდოდა გამომეყვანა ბიჭი იქიდან, ვხედავდი როგორ ციოდა და წუხდა. ვერ ვიგებდი, რას წარმოადგენდა დიდი შავი კუბი მის ზემოთ. სამწუხაროდ, ტილო ახლა დაკარგულია და მხოლოდ ჩემს მეხსიერებაშიღაა შემორჩენილი. შთაბეჭდილებაზე ნახატის შემდეგ მახსენდება ჯიხვები, რომლებიც ორი წლის წინ ვნახე, სრულიად მოულოდნელად. ჩვენგან  ათი მეტრის დაშორებით კლდიდან წამოიშალნენ და ნელ-ნელა დაეშვნენ თავქვემოთ, ნაშალებისკენ. იმდენხანს ვუყურებდი გაშტერებული, სანამ ბოლოს ნისლმა არ დაფარა ისინიც და მეც. კარგად მახსოვს შეგრძნება და ჟრუანტელი ყელში, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ ვერაფრით დავალაგე სიტყვები, რომ დანარჩენებისთვის ამეხსნა, რა მოხდა და რატომ ვიყავი სრულად აჟიტირებული. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერია სიცოცხლეზე დიდებული ამქვეყნად…

– თუ გყავს გამორჩეული ცხოველი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?…

სიყვარული, ჩემი გაგებით, გულისხმობს გიყვარდეს მთლიანობა, სრული გაგება იმისა, რაც გიყვარს. ამიტომაც, ასე მკვეთრად გამორჩეული ალბათ არავინ მყავს. ჩემს შემთხვევაში, მგონი, ეს სიყვარული აღარაა, ეს დაუსრულებელი გაღმერთებაა, დაუსრულებელი ოვაცია და აღფრთოვანებაა იმისადმი, ვინც ეს გიგანტური ქარიშხალი დაატრიალა და დღესაც უხილავი ხელებით მართავს ყოველივე ცოცხალს. მიმაჩნია, რომ უმარტივესი ბრტყელი ჭიებიდან დაწყებული, ურთულესი ორგანიზმებით დასრულებული, ყოველი მათგანი ძალიან ბევრს მალავს, აქვს უნიკალური ქცევები და ვინ იცის, ჯერაც კიდევ რამდენი რამ არ ვიცით მათზე…

– რა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ბუნებისგან, ყველაზე მეტად?

ალბათ ჰარმონია, ის ჰარმონია რომელიც ყოველ ცოცხალ სისტემაში ტრიალებს, დაწყებული უდაბნოდან დასრულებული წვიმიანი ტყეებით. ბუნებაში არაფერია ზედმეტი, არაფერია გადაჭარბებული, არაფერია ერთმანეთთან დაუსრულებელ კონფლიქტში და, რაც მთავარია, ყველას აქვს თავისი წილი შანსი, რადგან ყოველი ცოცხალი ორგანიზმი თავისუფალია. ეს სისტემა მილიარდობით წლებია ვერაფერმა დაარღვია, რადგან ეს ჭეშმარიტებაა. ვფიქრობ, თუ ყველა გაიაზრებს და შეიგრძნობს ბუნებას, როგორც მილიარდობით ერთეულის გასაოცარ ერთიანობას, სამყარო გახდება ბევრად უკეთესი და შევიცვლებით ჩვენც.

– ბუნება თუ სწავლობს რამეს ადამიანისგან?

ცოტა კურიოზულია. არა მგონია იყოს რამე ისეთი, რაც შეგვიძლია ჩვენ ვასწავლოთ ბუნებას. ალბათ მხოლოდ ის, რომ მეორეჯერ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვას და ევოლუცია თავის დროზე შეაჩეროს, მანამდე, სანამ ადამიანები ან მისი მსგავსი მავნებლები მოედებიან სიცოცხლეს მთლიანად.

– როგორია შენთვის იდეალური გარემო?

იდეალური გარემო ჩემს შემთხვევაში ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ, ალბათ, მაინც  ალპური მდელოები (ჩემი საყვარელი ბიომია), ზემოთ აზიდული მაღალი ჭიუხები, ალპურისათვის დამახასიათებელი ფაუნა, ძვირფასი ადამიანები (შეიძლება ალპურ ფაუნაშიც გავიყვანოთ) გარშემო და, რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა ნახევრადტკბილი წითელი ღვინო…

– როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ტექნოლოგიური პროგრესი იმისთვის, რომ ბუნება უფრო გააკეთილშობილოს?

თითქოს მეცნიერულმა პროგრესმა იმდენის საშუალება მოგვცა, რომ დიდ დახმარებას უნდა ვუწევდეთ გარემოს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ყველაფერი პირიქით, რატომ უარესდება სიტუაცია იმის ნაცვლად, რომ ჩვენ, ადამიანებმა, ბევრად მწვანე გზით ვიცხოვროთ. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მინიმალური ელექტროენერგია, არ ჩავიცვათ მინიმუმ ბეწვეული თუ არა, ტყავი მაინც. არ მოვჭრათ და გავკაფოთ უამრავი ხე-ტყე, აღარ ვიბრაკონიეროთ და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლასაც ვერასდროს დაასრულებ ამ საუკუნეში. თითქოს ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანებს გონებასა და შეგნებაზეც უნდა დასტყობოდათ, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვავითარებთ და ხელს ვუწყობთ ისეთი ბიზნესების გაფართოებას, რომლებიც უშუალოდ აყენებენ ზიანს ბუნებას. თითქოს ადამიანი იმდენად უცბად აღმოჩნდა ამ ზედმეტად განვითარებულ გარემოში, რომ დაემართა ერთგვარი ,,გაღორება“, ედება ყველაფერს, ანადგურებს ყველაფერს და ბრმად თელავს მილიონობით უნიკალურ სიცოცხლეს.

– მეცნიერთა შორის უმეცნიერესი!.. –  რომელია შენთვის?

რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველი და განუმეორებელი ჯერალდ დარელია, მისი მთელი ადამიანურობით, მიღწევებით, თავდადებითა და ნიჭიერებით. ამ ადამიანზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ მისი თუნდაც მხატვრული წიგნები მაინც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასევე ძალიან მომწონს და ვიზიარებ ჯეინ მორის გუდალს, პრიმატოლოგსა  და კეთილი ნების ელჩს. რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში, ეს გაუჩერებელი და დაუღალავი ქადაგებაა მთელი სიკეთისა და ბუნების მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ არიან სხვა უამრავნი: დაიანა ფოსი, უილიამ ჰერშელი, დარვინი და სხვა ბევრი, ბევრი…

– დროის მანქანის ფლობის შემთხვევაში, რომელ დროს აირჩევდი სამოგზაუროდ?

ბევრი პერიოდია საინტერესო, მაგრამ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ჩარლზ დარვინთან ერთად მსოფლიოს გარშემო, ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი ისევ ველური და პირვანდელი სახით იყო შენარჩუნებული. ვფიქრობ, რომ დარვინს ძალიან გაუმართლა, რადგან იყო სწორ დროსა და სწორ ადგილას. კიდევ, ძალიან მაინტერესებს ველური და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამერიკის კონტინენტი როგორი იქნებოდა, თავისი ხელუხლებელი ბუნებითა და ველური ადამიანებით… მომავალში წასვლის სურვილი არ მაქვს, რადგან პესიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ იქ ჩემთვის გასახარი და საინტერესო ბევრი არაფერი იქნება.

– საქართველოს ბუნება – რამსიგრძე თემაა!.. მაგრამ, მოკლედ რომ მითხრა შენი დამოკიდებულება ამ თემაზე…

რამდენჯერაც ლაშქრობაში ვარ და განსაკუთრებულად მდიდარ ბიომრავალფეროვნებას ვაწყდები ხოლმე, ვერასდროს ვმალავ გაოცებას, აღფრთოვანებასა და ამავდროულად სინანულს, ხშირად მიფიქრია, ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვხედავ, ყველას რომ ენახა და გაეაზრებინა მისი დიდებულება; ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს და უხარია მისი ქვეყანა, ხომ სულ სხვანაირად დაუწყებდა თავის ქვეყანას ყურებას. მეორე დღესვე მკაფიო ფერიცვალებას იგრძნობდა და რეალურად და არგუმენტირებულად შეუყვარდებოდა თავისი ქვეყანა და არამარტო ქვეყანა, არამედ ზოგადად სიცოცხლე, ყოველი მცენარე და ცხოველი მის გარშემო… მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება და მგონია, რომ არც არაფერი შეიცვლება… სხვა ქვეყნიდან ჩამოსულს, ჩემ წინ ვერავის დაუმალავს აღფრთოვანება და გაოცება იმ ყველაფრის გამო, რაც ნახეს და იგრძნეს. თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენ, მოსახლეობას, რომელიც ამ უნიკალურ ტერიტორიებზე ვცხოვრობთ, არ გვიყვარს ან საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენი ბიომრავალფეროვნების უნიკალურობას. და არამარტო ვერ ვხედავთ, არამედ ვანადგურებთ კიდეც ყველაფერს ჩვენ გარშემო. ევროპამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა და ასე ღრმად ალბათ ამიტომაც განიცდის ყოველი ევროპელი აქ ნანახ უნიკალურ გარემოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც  ჯერ კიდევ მრავლად აქვს ქალწულებრივი ტყეები, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს ენდემური სახეობის გამრავლების უნარიანი პოპულაციები და რომელსაც აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების მარაგი, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს ამ ყველაფრის დაცვაა, რასაც ჯერჯერობით შესაშურად ნამდვილად ერ ვახორციელებთ…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი