პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლება გაკვეთილების მიღმა, ანუ არაფორმალური განათლება სკოლაში

„განათლება ყველასთვის – საქართველო“ კიდევ ერთი მეტად საინტერესო გამოფენა-კონფერენციის ორგანიზატორი გახდა. „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი მასალა საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა მნახველს. გამოფენილი იყო საგანმანათლებლო ინფორმაციის შემცველი ნაბეჭდი პროდუქცია – საინფორმაციო ბიულეტენები, ბუკლეტები, ფლაერები, წიგნები, კალენდრები. აქვე ნახავდით სოციალურ მეწარმეთა ნახელავს, ეროვნული რეწვის ნიმუშებს, სუვენირებს, სამკაულებს, სკოლებში არაფორმალური განათლების აქტივობათა ამსახველ ფოტოებს.

ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსწავლეები და მასწავლებლები დამთვალიერებლებს აცნობდნენ წარმოდგენილი მასალების ისტორიასა და აქტუალობას. ეს ისტორიებიც სხვადასხვა კუთხეში „იწერებოდა“: სვანეთში დაფუძნებულ სამოქალაქო კლუბში პატარა სკოლის 11-ივე გოგონა ხელსაქმობს, რომ გალაკტიონის საყვარელი ფრაზა თექაზე ამოქარგოს და ხელჩანთის ან უბის წიგნაკის სამშვენისად აქციოს… ასეთ შემთხვევებში საგნის სწავლება პროგრამულ ჩარჩოს აფართოებს და მეწარმეობის უნარების განვითარების პარალელურად მიმდინარეობს.

კონფერენციაზე კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ ფორმალური და არაფორმალური განათლების თანაარსებობის არსსა და სარგებლიანობაზე ილაპარაკა. ,,თუ გვინდა განვმარტოთ არაფორმალური განათლება, უმჯობესია, ეს ღია კონტექსტში გავიაზროთ… ვერ ვიტყვით, რომ არაფორმალურ განათლებას, ფორმალურისგან განსხვავებით, არ აქვს წინასწარ განსაზღვრული სასწავლო შედეგი, მაგრამ ის არ არის ორიენტირებული ისეთ მკაცრ შეფასებაზე, რომ კვალიფიკაციასთან ასოცირდებოდეს, ამასთან, არაფორმალური განათლება მოქნილად ეპასუხება შემხვედრ საჭიროებებს… ზოგიერთს არაფორმალური განათლების მახასიათებლად წარმოუდგენია მიდგომა: ვაკეთო რაც მინდა და როგორც მინდა. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. ამ ტიპის განათლებას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები და ორიენტირებულია კონკრეტულ სასწავლო შედეგზე, უბრალოდ, ის არ წარმოადგენს მკაცრად რეგლამენტირებული პროგრამის ნაწილს. განსაკუთრებლ როლს არაფორმალური განათლება ასრულებს სოციალურ და სამოქალაქო ინტეგრაციის უნარების განვითარების მიმართულებით. ასევე დიდია მისი როლი პროფესიული განვითარების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით“.

გამომსვლელებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ ამოქმედებულ პროგრამებზე (თავისუფალი გაკვეთილები, ბანაკები…), დედაქალაქის მერიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რომლებმაც სკოლებს არაერთ სასიკეთო საქმეში გაუწია დახმარება; ყველაზე ღირებული ის მიდგომები იყო, როცა მინიმალური რესურსის პირობებში თავად მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეძლეს არაფორმალური განათლების პატარ-პატარა, მაგრამ მეტად მოქნილი კერების ჩამოყალიბება.

დისკუსიაში კონფერენციის მონაწილე მასწავლებლების პოზიციებიც გამოიკვეთა და კითხვებიც. გამოითქვა საყვედური თავისუფალი გაკვეთილებისთვის დაწესებული მცირე ანაზღაურების გამო, დაისვა კითხვები განხორციელებული პროექტების დაფინანსების წყაროებზე, გაიცვალა მოსაზრებები არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

არაფორმალური განათლების სიკეთეზე ყველაზე მეტი მტკიცებულების ძალა მაინც მასწავლებლების ნაამბობს ჰქონდა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართულის მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი ეკა წულუკიძე სამოქალაქო კლუბში „ცოდნა ძალაა“ ერთმანეთს უთავსებს ლიტერატურის სწავლებასა და მეწარმეობას, რომ კლუბის წევრებმა ცოდნაც მიიღონ და სარგებელიც ნახონ თავიანთი ხელნაკეთების რეალიზაციით. რთულ რელიეფსა და პირობებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეს ჩვეულებრივ აქტივობაზე მეტია.

ნათია ფურცელაძემ აუდიტორიას უამბო, სკოლა „ქორალში“ როგორ იქცა ლიტერატურული კლუბი მოსწავლეთა თავშეყრისა და თვითრეალიზების ხელშემწყობ გარემოდ, რას აკეთებენ და რას გეგმავენ, მისმა პირადმა მაგალითმა, საკუთარი ბიბლიოთეკა კლუბში მიეტანა, როგორ აღძრა მოსწავლეთა შემხვედრი გადაწყვეტილებები.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, რამდენად სახალისო და საინტერესო შეიძლება გახდეს სასკოლო გარემო და სასწავლო პროცესი, თუ ფორმალური და არაფორმალური განათლების ინსტრუმენტები ერთდროულად და ჰარმონიულად ამოქმედდება, როგორ შეიძლება ამგვარი მიდგომებით ძალადობრივი გარემოს განეიტრალება.

შეცვლილი საჭიროებები და აჩქარებული დრო მოსწავლეებისთვის ახალ, მიმზიდველ შეთავაზებებს ითხოვს და ეს შეთავაზებები ცოდნისა და სხვა უნარების იმგვარ გააქტიურებას გულისხმობს, რომ ახალგაზრდას ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავება არ გაუჭირდეს. სკოლაში, უსაფრთხო გარემოში მიღებული გამოცდილება დიდი გაკვეთილის მნიშვნელობას იძენს.

თუმცა, როგორც კონფერენციაზევე აღინიშნა, სწორი დასკვნების გამოსატანად საჭიროა შემუშავდეს კრიტერიუმები და ჩატარდეს კვლევები არაფორმალური განათლების აქტივობათა ეფექტურობის შეფასებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი