ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რემიტასები – ფულადი გზავნილები

მიგრაცია ის თემაა, რომელიც ყველაზე უკეთესად დაანახებს მოსწავლეს ნასწავლის რეალობაში გამოყენების შესაძლებლობას. ამ თემის შესწავლისას არ შეიძლება შემოვიფარგლოთ ცნებებისა და სტატისტიკური მონაცემების დამახსოვრებით. გარდა მიგრაციული ტენდენციების განხილვისა, ანალიზისა და შეფასებისა, შეგვიძლია კვლევების დაგეგმვაც. მაგალითად: რაში იხარჯება ფულადი გზავნილები (რემიტასები)? რა გავლენას ახდენს ეს გზავნილები ქვეყნის ეკონომიკაზე? როგორია ემიგრანტთა განაწილება ქვეყნებს შორის? და ა.შ. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ, გამოიკვლიონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და შეადარონ მონაცემები საქართველოს საერთო მაჩვენებლებს. ყოველი კვლევის დასრულებისას ჩნდება ახალი კითხვები, გამოიკვეთება ახალი საკვლევი საკითხები. გთავაზობთ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფულადი გზავნილების კვლევის ანალიზს.

მიგრანტთა ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. ბევრი მიმღები ქვეყნისთვის რემიტასები წარმოადგენს უცხოური ვალუტის საკმაოდ სტაბილურ წყაროს, რომელიც ზოგჯერ უფრო სანდოა, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, რა მასშტაბისაა ფულადი გზავნილების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, გზავნილების მიმღებ შინამეურნეობათა დონეზე, მათი წვლილი შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი იყოს განათლების, ჯანდაცვისა და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

2016 წელს ACT – საქართველოს მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გვიჩვენებს საქართველოში არსებულ ზოგად სურათს ფულადი გზავნილების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმღები ოჯახების მიერ. გამოკითხული 324 ოჯახიდან, რომლებსაც ჰყავდათ, სულ მცირე, ერთი დაბრუნებული ან ამჟამად ემიგრანტი წევრი, უმეტესობა (239) იღებდა ფულად გზავნილებს. მმსკ-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იმ 215 ემიგრანტიდან, რომლებიც გამოკითხვის მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ოჯახს ფულს 71% უგზავნიდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოველი მეორე ემიგრანტის მიერ ოჯახისთვის გამოგზავნილი თანხა ოჯახის ბიუჯეტის ნახევარს ან 3/4–ს შეადგენს, ემიგრანტების 15%-ის მიერ გამოგზავნილი თანხა კი მათი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

იგივე კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ იმ ოჯახების წილი, რომლებსაც საკვებისთვის საკმარისი ფული არ აქვთ, თითქმის 20%-ით მეტია იმ ოჯახებზე (55%), რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს, ხოლო ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებს შორის ისეთების წილი, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფული საკვებისთვის, 26%–ია. ეს მონაცემები თანხვდება სხვა კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ფულადი გზავნილები ხელს უწყობს საქართველოში სიღარიბის შემცირებას.

მსსკ-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა ქვეყნების მოსახლეობის მსგავსად მოიხმარს ფულად გზავნილებს. ისევე როგორც ფულადი გზავნილების მიმღებ სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება პირველად საჭიროებებზე – საკვებზე, კომუნალურ გადასახადებსა და ტანსაცმელზე, რასაც მოჰყვება ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები. ფულადი გზავნილების მიმღებთაგან მხოლოდ 7% ახერხებს ფულადი გზავნილებით დანაზოგის გაკეთებას ბინის ან მანქანის შესაძენად ან ბიზნესის დასაწყებად.

2008 წელს ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით “განვითარების გზაზე“, აჩვენებს, რაში იხარჯება ფულადი გზავნილი, როდესაც ოჯახი მას სხვა შემოსავლისგან განსხვავებულად ხარჯავს. 141 ოჯახიდან, რომლებიც იღებდნენ ფულად გზავნილებს და ხარჯავდნენ მათ ოჯახის სხვა შემოსავლისგან განსხვავებულად, დიდმა ნაწილმა (40%) აღნიშნა, რომ ეს თანხა ჯანდაცვას ხმარდებოდა, გამოკითხულთა მესამედმა კი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, ვალის გადახდა და ბავშვის მოვლა დაასახელა. მონაცემები მიუთითებს, რომ ასევე ხშირად იხარჯება ფულადი გზავნილები განათლებისა და ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როგორებიცაა ქორწილი და დაკრძალვა.

თუ ორივე კვლევის შედეგებს შევაჯერებთ, დავინახავთ, რომ ფულადი გზავნილების ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის განვითარებაში (ჯანდაცვა და განათლება) ყოველდღიური ხარჯების დაფარვის შემდეგ ხდება. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ფულადი გზავნილებით დანაზოგის გაკეთებას ან ბიზნესის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი არც ერთი კვლევის შედეგის განზოგადება საქართველოს მასშტაბით ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებზე არ შეიძლება, კვლევათა მიგნებები გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება ფულადი გზავნილები საქართველოში და რა როლს ასრულებს მიმღები ოჯახების ეკონომიკურ კეთილდღეობაში – ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებს უფრო იშვიათად აქვთ ვალები და აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი საქართველოში მცხოვრებ იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებიც ფულად გზავნილებს არ იღებენ. ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები უმეტესად ყოველდღიურ საჭიროებებზე იხარჯება და სამეწარმეო საქმიანობაში მათი ინვესტირება იშვიათად ხდება. თუმცა ნათელია, რომ ფულადი გზავნილები, რომლებიც იხარჯება ჯანდაცვაზე ან განათლებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურ კაპიტალში დაბანდებულ ინვესტიციად. ფულადი გზავნილების პოტენციალის გამოყენება სრულად რომ არ ხდება, ეს იმითაც დასტურდება, რომ გზავნილების მიმღები ოჯახების ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს დანაზოგის გაკეთებას. შესაბამისად, როგორც მიგრანტების, ასევე მათი ოჯახების წევრების ცოდნის ამაღლებამ ფინანსური საკითხებისა და არსებული საბანკო პროდუქტების შესახებ შესაძლოა გააძლიეროს ფულადი გზავნილების დადებითი გავლენა როგორც ოჯახების, ასევე ქვეყნის დონეზე. აუცილებელია მეტი მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რათა უკეთ გავიგოთ, რა გავლენას ახდენს ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკაზე და, ამასთანავე, მათი პოტენციალი გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად. საჭიროა, შემდგომი კვლევები (თვისებრივი, რაოდენობრივი და შერეული მეთოდების გამოყენებით) მიმართულ იქნეს ამჟამინდელი და დაბრუნებული მიგრანტების ოჯახებისა და ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების მიერ გზავნილების გამოყენების შესწავლისკენ. ასევე მნიშვნელოვანია ამ ოჯახების სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაში ფულადი გზავნილების როლის შესწავლა. კვლევები ასევე მიმართული უნდა იყოს ფულად გზავნილებსა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს (მაგალითად, სოფლის მეურნეობას, მშენებლობას, განათლებას, ჯანდაცვას) შორის არსებული ურთიერთკავშირისა და ურთიერთგავლენის შესწავლისკენაც.

საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადარიცხული ფულადი გზავნილების წლიური მოცულობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად იზრდება: 46.4 მლნ აშშ დოლარიდან (2004 წ.) ის 178 მლნ აშშ დოლარამდე (2014 წ.) გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაკეთებული ფულადი გადარიცხვები 43%-ით – 108 მლნ აშშ დოლარიდან (2012 წ.) 155 მლნ აშშ დოლარამდე (2013 წ.) გაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების ძირითად მიმღებთა შორის ისევ ის ქვეყნები დომინირებს, სადაც ბევრი ქართველი ემიგრანტი და დიასპორული ჯგუფია; ეს ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. ევროკავშირის ქვეყნებს შორის აღსანიშნავია საბერძნეთი, გერმანია და საფრანგეთი, სადაც ყოველწლიურად 2-3 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვა ხდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყანაში ნიგერიიდან ჩამოსულ იმიგრანტთა რაოდენობის ზრდასთან ერთად შეინიშნება ნიგერიაში ფულადი გზავნილების გადინების ზრდის ტენდენციაც – მათ მაქსიმალურ მოცულობას 2013 წელს მიაღწიეს.

არსებულ მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ფულადი გზავნილების გავლენა შემდეგ სფეროებში შეინიშნება: სიღარიბის დონის შემცირება, უცხოური ვალუტის შემოდინების სტაბილიზაცია, ადგილობრივი მოხმარების სტიმულირება და მოსახლეობის მიერ განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა.

კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ შეინიშნება ფულადი გზავნილების გავლენა სიღარიბის დონის შემცირებაზე როგორც ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებში, ისე ზოგადად იმ რეგიონებში, სადაც მაღალია ფულადი გზავნილების მიმღებ შინამეურნეობათა წილი, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების მიმღებთა შორის ნაკლებად არის წარმოდგენილი ყველაზე ღარიბი მოსახლეობა, ამიტომ გზავნილების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობის ზრდის ხელშეწყობა. ფულად გზავნილთა კიდევ ერთი უარყოფითი მხარე მათი მოკლევადიანი ეფექტია. ვინაიდან შინამეურნეობათა მიერ მიღებული ფულადი გზავნილების უმეტესი ნაწილი ყოველდღიურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იხარჯება, მათ შეუძლიათ, ძალიან მოკლე დროში მოახდინონ საგრძნობი გავლენა ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ ეს პროცესი არ არის მდგრადი. თუ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ადამიანმა დაკარგა სამსახური ან სხვა მიზეზის გამო შეწყვიტა ფულადი გზავნილების გადმორიცხვა, მიმღები ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლოა მალევე დაუბრუნდეს ემიგრაციამდელ დონეს. როგორც არსებული კვლევებიდან ჩანს, საქართველოში ფულადი გზავნილების პროდუქტიულ საქმიანობაში დაბანდება იშვიათად ხდება. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს, ერთი მხრივ, დაბრუნებული მიგრანტებისა და ფულადი გზავნილების მიმღები პირების მიერ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ნაკლებობით, მეორე მხრივ კი – ემიგრანტთა მშობლიურ თემებში ინვესტირების შეზღუდული შესაძლებლობებით.

ფულადი გზავნილების თვალსაჩინო დადებით ეფექტს წარმოადგენს ადგილობრივი მოხმარების დონის შენარჩუნება, საცალო ვაჭრობის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორების ზრდის ხელშეწყობა. ფულადი გზავნილების მიმღებ შინამეურნეობათა წევრების განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, ფულად გზავნილებს აქვს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ზოგადად, კვალიფიციური და ჯანმრთელი მოსახლეობა, კერძოდ კი მუშახელი ეკონომიკური ზრდის არსებით ფაქტორს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი