პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნელი ბავშვები

იმედგაცრუება – ალბათ ასეთი განცდა ეუფლებათ იმ ბავშვების მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც შინიდან გასვლამდე საათნახევარი ეძებენ კაშნეს, დასტრიალებენ საწერ მაგიდას და ვერაფრით სხდებიან საშინაო დავალების შესასრულებლად, იქექებიან ჩანთაში და ვერ პოულობენ კალამს, სასკოლო ავტობუსის ყველა მგზავრს აგვიანებენ გაკვეთილებზე და არავითარი გაწყრომა არ შველით.

სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ პრობლემას ვერც რისხვა, ვერც ვედრება და ვერც მრავალჯერადი შეხსენება ვერ მოერევა. როგორც წესი, ასეთი ბავშვები კუსავით შენელებულ მოძრაობებში რაღაც აზრს მალავენ.

იქნებ, სცადოთ და გამოიცნოთ, რისი თქმა სურთ მათ? ეს პრობლემას სანახევროდ მოაგვარებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ.

თავდაპირველად აღიარეთ, რომ ბავშვის შენელებული ქცევა შეიძლება ნორმალური იყოს. დააკვირდით მას. განსაზღვრულ ასაკში დროის უმიზნოდ ხარჯვა ჩვეულებრივი რამაა. ხანდახან უნდა დამშვიდდეთ და ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. ბავშვი რომ წამოიზრდება, მისი ქცევაც შეიცვლება. არ დაივიწყოთ, რომ უფროსი ასაკის ბავშვსაც კი სჭირდება შეხსენება და გარკვეული მოტივაცია.

ასწავლეთ თქვენს შვილს თუ მოსწავლეს საათისთვის თვალის მიდევნება. თუ კლასში ასეთი მცირეწლოვანი ბავშვია, შეგიძლიათ, სთხოვოთ მშობელს, შვილს მაჯის საათი შეუძინოს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვს დრო ნაკლებად აინტერესებს, ამიტომ მისთვის არაფრისმთქმელია თქვენი რისხვა და შეძახილები იმის თაობაზე, რომ გაგვიანდებათ. როგორც კი ბავშვი საათის ცნობას ისწავლის (პირველ ან მეორე კლასში), მისი დარწმუნება რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს“, გაიოლდება.

აუცილებელია ბავშვმა დროის ცნობა საათით იცოდეს! ამის შემდეგ ის უკეთ გააცნობიერებს, რა და რატომ უნდა გააკეთოს.

წააქეზეთ თქვენი შვილი/მოსწავლე, შეაქეთ, თუ აჩქარდა. უთხარით: „ყოჩაღ! კარგი ხარ!“ – ასეთ ბავშვებს ეს ნამდვილად სჭირდებათ. შეაქეთ ნებისმიერი სწრაფი ქმედებისთვის, როდესაც რამე კარგად გამოუვა. ცხრა-ათი წლისთვის ბავშვი თვითონაც ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა. ამ ასაკშიც ხშირად შეაქეთ, გაამხნევეთ. ბევრი ბავშვი დადებითად რეაგირებს, როდესაც მშობელი ან მასწავლებელი ასე მიმართავს: „რა კარგად მოგიფიქრებია, ყოჩაღ!“

გამოიყენეთ „ვარსკვლავების“ სისტემა. შეიძინეთ ფერადი „ვარსკვლავები“ და კალენდარი დიდი ჩარჩოთი. გამოიყენეთ ისინი სტიკერებად ბავშვის ნებისმიერი კარგი საქციელისთვის. თუ თქვენი შვილი ზანტად იქცევა, აუხსენით, რომ „ვარსკვლავები“ დააკლდება, ხოლო თუ სწრაფად შეასრულებს, ვთქვათ, საშინაო დავალებას, ბონუსებს მიიღებს. შეუთანხმდით იმაზე, რომ თვის ბოლოს, როდესაც კალენდარი „ვარსკვლავებით“ მოიჭედება, ჯილდოს მისცემთ. ასეთი სისტემა მასწავლებელმა და მშობელმა შეიძლება შეთანხმებულად გამოიყენონ.

დახატეთ ბედნიერი სახეები („სმაილიკები“). სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, გამოჭერით იმ დავალებების სურათები, რომლებიც უნდა შეასრულონ. შემდეგ ჩასვით „ბედნიერი სახე“ შესრულებული დავალების შესაბამისად. დადებითი მიდგომა ყოველთვის ყველაზე უკეთ ჭრის.

გამოხატეთ პოზიტიური ემოციები. ბავშვს, რომელიც ფეხს ითრევს, მშობლისგან მეტი ყურადღება სჭირდება. მისდამი ყურადღება შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი, ისე დადებითიც. თუ ეტყვით: „უყურე შენ, სახლში რა დროულად მოსულხარ“, – ეს უკვე პოზიტიური შეფასებაა, თუმცა საყვედურის ნოტებიც ახლავს. მაგრამ თუ ბავშვს უყვირებთ: „თავი მომაბეზრე შენი დაგვიანებებით!“ – ეს უარყოფითი ყურადღება იქნება. ასეთ ბავშვებთან კი მნიშვნელოვანია დადებითი ყურადღების გამოხატვა.

იქნებ ბავშვი მართლაც ცდილობს, თავისი შენელებული ქმედებებით რამეზე მიგანიშნოთ?

თუ სასკოლო ასაკის ბავშვი მუდამ ფეხს ითრევს, შესაძლოა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ის განზრახ ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. დაფიქრდით ამ ქცევის მნიშვნელობაზე. იქნებ თქვენს შვილს არ მოსწონს რომელიმე წრეზე სიარული და სურს, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდეს? სამწუხაროდ, ჩვენი შვილების მაგივრად უამრავ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ბავშვებიც თავს უსუსურად გრძნობენ.

თქვენს მცირეწლოვან შვილს ყოველთვის აჯობებთ წონიანი არგუმენტების მოყვანაში, მაგრამ მიეცით შანსი, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. თუ გადაწყვიტა, რომ რომელიმე საქმე არ მოსწონს, ჯობს, თავს აღარ მოახვიოთ, ვიდრე ძველებურად გააგრძელოს ფეხის თრევით ყველაფრის გაპროტესტება.

ბავშვისთვის ყველაფერი ცხადი უნდა იყოს. გაიაზრეთ, იქნებ, თქვენს მცირეწლოვან შვილს ან მოსწავლეს უბრალოდ არ ესმის, რა უნდა გააკეთოს. შედარებით დიდ ბავშვთან ურთიერთობა უფრო ადვილია – შეგიძლიათ, კვირის სამოქმედო გრაფიკიც კი ერთად შეადგინოთ. ამით ზუსტად გეცოდინებათ, რისი გაკეთება მოგიწევთ.

ერიდეთ იარლიყებს. ადვილია, ბავშვი ზარმაცების ან შენელებულების კატეგორიას მიაკუთვნოთ და ხელები დაიბანოთ. ასეთი იარლიყი ბავშვს მაშინ მიეწებება, თუ წამდაუწუმ შეუძახებთ, რომ „ის არასდროს არის მზად დროულად“ ან „ყოველთვის იგვიანებს“. შეძახილი იარლიყს გაამყარებს. უმჯობესია, ბავშვს ისე მიმართოთ, თითქოს დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს დროულად და მოწესრიგებულად გააკეთებს.

კიდევ ერთი რჩევა: ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი მითითება მიეცით. სკოლამდელი ასაკის პატარები მხოლოდ ასეთ მითითებებზე რეაგირებენ. ნუ გადააქცევთ თქვენს მოთხოვნებს ერთ დიდ მონოლოგად. გააკეთეთ მოკლე და მკაფიო განცხადებები: „შეალაგე ფეხსაცმელი კარადაში და რომ დავბრუნდები, გეტყვი, მერე რა უნდა გააკეთო“.

ზოგჯერ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ამაში სავალალო არაფერია. დაუკავშირდით პროფესიონალს, თუ თქვენი შვილი ან მოსწავლე ჯიუტია, გიწევთ წინააღმდეგობას და თვითონ არაფრის კეთება არ სურს, ოჯახში ყველა უყვირის და ეჩხუბება. ფსიქოლოგს შეუძლია, მკურნალობა შემოგთავაზოთ, რათა ოჯახი ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

კიდევ ერთი სიტუაცია, რომელიც ფსიქოლოგის ჩარევას მოითხოვს: ბავშვს არ შეუძლია იმის კეთება, რაც, საზოგადოდ, მის ინტერესებში შედის. ბავშვის შენელებული ქმედებები შესაძლოა იმ დავალებების გადავადების ერთგვარი მცდელობა იყოს, რომლებიც აშინებს ან რთული ეჩვენება. იქნებ ბავშვისთვის სასკოლო დატვირთვაა მეტისმეტად დიდი, ან შემაწუხებელია ცეკვაზე სიარული, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა?.. ბავშვის შენელებული ქცევის მიზეზს ფსიქოლოგი გაშიფრავს.

თუ ბავშვის ნელი ქცევის მიზეზს ვერ ხვდებით და ფსიქოლოგიც ვერ გეხმარებათ, მიაკითხეთ პედიატრს. თუ თქვენი შვილი არ რეაგირებს, როდესაც სახელით ეძახით, უნდა დარწმუნდეთ, რომ სმენის პრობლემა არ აქვს, ან ინფორმაციის აღქმის უნარი არ დარღვევია. იქნებ რამე სხვა დარღვევა აქვს და სწორედ ეს არის ნელი მოქმედების მიზეზი?

დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი. ზოგი ბავშვი ბრაზიანი და მყვირალა უფროსების მითითებებისადმი „იმუნიტეტს“ ივითარებს. აუცილებელია, ბავშვთან საუბრის დროს ახლოს მიხვიდეთ და არ მიაწვდინოთ ხმა შორიდან, ყვირილით. თხოვნის დროს პირდაპირ თვალებში უყურეთ.

ბავშვთან ერთად განიხილეთ დაგეგმილი ამბები. ჰკითხეთ სასკოლო ასაკის შვილს: „რა გეგმები გაქვს? ვიცი, რომ დღეს შენი საყვარელი ფილმის ყურება გადაწყვიტე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ საშინაო დავალებაც გასაკეთებელია. როგორ აპირებ ამ ორი საქმის შეთავსებას?“ ასეთი საუბრები უბიძგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

ბავშვებთან ურთიერთობისას გამოიყენეთ თამაშები. მაგალითად, მოამზადეთ წამზომი და უთხარით, რომ სტარტზეა, აბა, რამდენი ხანში გაუმკლავდება საქმეს? პატარები სიამოვნებით ერთვებიან ამგვარ წამოწყებებში, უყვართ, როდესაც მათ წარმატებას უფროსები აფიქსირებენ, შეჯიბრებაც მოსწონთ, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში კონკურენტი მხოლოდ საკუთარი თავია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი