შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ძაღლის წელი – ადამიანური ცხოვრების იმედით

 

არ ვიცი, ამაზე ადრე მიფიქრია თუ არა, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე გაცილებით მეტად მიყვარს. შესაძლოა სხვებისთვისაც ასე იყოს და ამ დრომდე არ დაფიქრებულან. ასეა თუ ისე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, გადატვირთული სამუშაო დღეებისა და საახალწლო ეიფორიის მიუხედავად, ყოველი ახალი წლის მოახლოება დიდსა თუ პატარას ერთნაირად გვიყვარს. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს იზიდავს ბევრი სინათლე, სიჭრელე, სიცილი და სიახლის მოლოდინი. ახალი წელი სასწაულებრივი ძალით აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ის უნებლიედ  შთაგვაგონებს ოცნებებს და ახალი მიზნების დასახვისკენ გვიბიძგებს.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მზადება ზოგიერთისთვის სამოსის გაახლება-შეძენასთან არის დაკავშირებული, ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრისთვის მზადება, ზოგს ახალი წელი საინტერესო და საყვარელი მუსიკის მოსმენის გარეშე ვერ წარმოუდგენია, რაზეც ყოველი ჩვენთაგანის ამაღლებული გუნება-განწყობაა დამოკიდებული. ვისთვის მუსიკა ნოსტალგიურ განწყობას აღძრავს, ვისთვის – ცეკვის სურვილს და ა.შ.

ახალ წელთან შეხვედრა-გატარებას როგორ  ატმოსფეროშიც არ უნდა ვაპირებდეთ, მუსიკა, როგორც უნივერსალური მოვლენა, მისი თანმდევი იქნება.

                „გულდასაწყვეტი იქნებოდა მუსიკით მხოლოდ სიამოვნების მინიჭება.

                                                                       ჩემი მიზანი ადამიანების უკეთესებად ქცევაა“                                         

გ. ფ. ჰენდელ

 

ჰენდელის საშობაო ორატორია „მესია“ ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული, სადღესასწაულო ქმნილებაა, თუმცა ბაროკოს ეპოქის ტიტანი (ბახთან ერთად) ხელოვნების დანიშნულებად ადამიანებისთვის  მხოლოდ სიამოვნების მინიჭებას არ გულისხმობდა.

უამრავი ოპერისა თუ ინსტრუმენტული ნაწარმოების ავტორი ფრიდრიხ ჰენდელი, მისდა გასაკვირად მუსიკალური საზოგადოების ყურადღებასა და სიყვარულს თანდათან კარგავდა. ინგლისელი არისტოკრატები უპირატესობას რატომღაც იტალიელ კომპოზიტორებს ანიჭებდნენ. კონცერტების ჩაშლის მიზნით კი კომპოზიტორის მტრების მიერ დაქირავებული პირები აფიშებს უმოწყალოდ ანადგურებდნენ. ასე თანდათან კონცერტებზე დამსწრე საზოგადოება სულ უფრო იშვიათდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში ინგლისში მცხოვრებმა გულნატკენმა ჰენდელმა ქვეყნის დატოვებამდე უკანასკნელი კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც შესრულდებოდა მის ორატორიებს შორის საუკეთესო, ახლად შექმნილი ორატორია „მესია“. ნაწარმოებზე აღმაფრენით მუშაობისას ერთ-ერთი ნაწილის – „ალილუიას“ დასრულების შემდეგ თვალცრემლიან კომპოზიტორს აღმოხდენია: „თითქოს ზეცა გაიხსნა და მე სამყაროს შემოქმედი ვიხილე“. ჰენდელის ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი წამები ყოფილა. ამ ქმნილებით გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა სამუდამოდ დაიდგა უკვდავების ძეგლი.

მოგეხსენებათ, ორატორია მონუმენტური მუსიკალური ჟანრია, სადაც მთავარი ადგილი გუნდს უკავია, ხოლო შემდეგ სოლისტებსა და ორკესტრს. ჰენდელის ყველაზე ცნობილ ქმნილებებს შორის ორატორიის მწვერვალი – გენერალური კულმინაცია გუნდი (№39) „ალილუიაა (D-Dur)“. ის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის რე მაჟორული ფინალის ერთმნიშვნელოვანი წინამორბედია. საშობაო კონცერტებზე ორატორიის მხოლოდ პირველი ნაწილი და გუნდი „ალილუია“ სრულდება. თუმცა, ზოგიერთი ორკესტრი მას   მთლიანად ასრულებს. ინგლისში „ალილუიას“ ეკლესიაში სახარების კითხვის მსგავსად, ტრადიციულად ფეხზე დგომით უსმენენ. თავის დროზე, დიდ ბრიტანეთში ამ ტრიუმფალური გუნდის გაგონებისას მეფეებიც კი ფეხზე დგებოდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდი დიდებულებითა და სადღესასწაულო განწყობით აუდიტორიას დღემდე აცვიფრებს.

 

 

ვინაიდან 2018 წელი ძაღლის წლად არის „გამოცხადებული“, კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ამ უერთგულესი არსებების შესახებ კეთილი ფილმები გვენახა. წელს საახალწლოდ მსურს ორი განსაკუთრებული ფილმი შემოგთავაზოთ როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის. ფილმებს შეგიძლიათ ერთადაც უყუროთ, ის გულგრილს არავის დაგტოვებთ.

 ნამდვილ სიყვარულსა და მეგობრობაზე

ალბათ დამეთანხმებით, მულტიპლიკაციური ფილმი ყოველთვის საყვარელი, კეთილი, მხიარული და საინტერესო საცქერია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ამავდროულად, საოცარ ამბებს უმეტესად არაჩვეულებრივი მუსიკა გასდევს ხოლმე, როგორც ჩვენი სიყვარულის არომატით გაჯერებული ფილმის შემთხვევაში.

ფილმი მოგვითხრობს ამაღელვებელ ისტორიას გაადამიანურებული ორი აბსოლუტურად განსხვავებული ჯიშის – ოთახის ნაზ ცუგასა და ჩვეულებრივ ეზოს ძაღლზე. ისინი განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ. პრესტიჟულ რაიონში მცხოვრები ლედისთვის უმთავრესი პატრონების სიყვარულია, უსახლკარო მაწანწალასთვის კი – თავისუფლება. განსხვავებების მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს მათი გზები მაინც გადაიკვეთა.

დახვეწილი და სათამაშოსავით ფუმფულა კოკერ სპანიელი უსაყვარლესი არსება იყო პატრონებისთვის, რომელიც დიდი ხნის ნანატრ პირმშოს ერთგვარად ცვლიდა. მაგრამ როდესაც ოჯახს ჩვილი მოევლინა, სიყვარულს შეჩვეული ერთგული ლედი თავს დავიწყებულად და მიგდებულად იგრძნობს.

ანიმაციაში ზღაპრული სასწაულების ნაცვლად რეალისტური სამყაროა ნაჩვენები, სადაც ცხოვრება ყოველთვის სიკეთით აღსავსე არ არის  და რომ ბედნიერი ცხოვრება ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს! ამ იუმორისტულ და ამავდროულად სევდიან ფილმში ხაზგასმულია ძაღლთა მაღალ და დაბალ სოციალურ ფენებს შორის კონფლიქტი. გულუბრყვილობის მიუხედავად ანიმაციაში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებს ვერც მთლად საბავშვოს ვუწოდებთ.

ცხვირზე წამოცმული სადრუნჩე მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდება განაწყენებული ოთხფეხასთვის, რაც მშობლიური ოჯახიდან გაქცევას აიძულებს. გარეთ კი უამრავი ხიფათი ელოდა. უდარდელ გარემოში გაზრდილი  ვერც კი წარმოიდგენდა ყოველივეს. მორიგი ხიფათის დროს მინიატურულ შავთვალა „ლამაზმანს“ საშველად მაწანწალა „ჯენტლმენი“ მოევლინება, რომელსაც კეთილშობილება არა ჯიშში, არამედ სულში ჰქონია. ისინი ერთად უამრავ სახიფათო თავგადასავალში გაეხვევიან, და ბოლოს ჩვილსაც გადაარჩენენ!

 

ანიმაცია შეგვახსენებს, თუ ვინ არის ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი. ოთხფეხა მეგობარი ხომ საოცრად მგრძნობიარე არსებაა,  სრულყოფილად რომ შეიგრძნობს პატრონის ხასიათის ცვლილების ყოველ დეტალს, სიხარულსა თუ უსიამოვნებებს და მუდამ მზად არის დაიცვას.

 

ყელში გაჩხერილი სიცილი

მასზე ლეგენდები სიცოცხლეშივე იბადებოდა. ამერიკის საზოგადო აზრის ინსტიტუტის (American Institute of Public Opinion) გამოთვლით ყველა დროის ყველაზე ცნობილი სამი ადამიანი აღმოჩნდა: იესო ქრისტე, ჩარლი ჩაპლინი და ნაპოლეონ ბონაპარტი.   

გთავაზობთ უდიდესი რეჟისორისა და მსახიობის ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთ გენიალურ ფილმს „ძაღლური ცხოვრება“ (1918 წ.). სატირული ელემენტებით დატვირთული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩაპლინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. ამ „კომედიური სილის გაწვნით“ ძაღლისა და მაწანწალას ცხოვრებებს შორის პარალელია გავლებული. ჩემ მიერ მოწოდებულ ანიმაციაში ძაღლის გაადამიანურებასთან თუ გვაქვს საქმე, ჩაპლინის ფილმში, პირიქით, ადამიანის გაძაღლებულ ცხოვრებას ვაწყდებით.

ფილმში სამი მონათესავე სულის ცხოვრება გადაიკვეთება: უსახური კაფედან მარტოხელა ღარიბი გოგონასი, პოლიციელების მიერ დევნილი მაწანწალასი და პატარა მიტოვებული ლეკვის. ისინი ყოველ წამიერი დამარცხების მოლოდინის მიუხედავად ცხოვრების მკაცრ გამოწვევებს გამუდმებით ებრძვიან. მაგრამ აი, მათ ცხოვრებაში სიყვარული ჩნდება და ყველაფერი იცვლება.

მუნჯური კინოს სიმბოლო – ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით იუმორის ფონზე მოგვითხრობს საჭირბოროტო მწვავე სოციალური საკითხებით დატვირთულ ამბავს. ფილმში წამოჭრილი პრობლემები, დღემდე აქტუალურია და გვაღელვებს.

ჩაპლინის ყოველ ახალ ნამუშევარში მძაფრდებოდა დრამატული კონფლიქტი სიკეთესა და ბოროტებას, სიღარიბესა და სიმდიდრეს, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

დროთა განმავლობაში ჩაპლინის ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა. იგი, როგორც უბრალო ადამიანის უდიდესი ქომაგი, უარს ამბობდა იმ დროისთვის მიღებულ შეხედულებებზე, გემოვნებასა და ყოველგვარ ზედაპირულ ეფექტებზე.

 

რომელი მხრიდანაც არ უნდა შემობრუნდეს ადამიანისთვის ფორტუნა, ნამდვილი მეგობრობა ერთადერთ მხარდამჭერად ევლინება ყველას, როგორც გადამრჩენელი და იმედის მომცემი.

 

P.S. თემატიკით დაინტერესებულებს შემიძლია შემოგთავაზოთ მიხაილ ბულგაკოვის შესანიშნავი მოთხრობა „ძაღლის გული“.

***

ჩაპლინს მუსიკალური განათლება არ მიუღია, სამაგიეროდ მამისგან (მიუზიკ-ჰოლის არტისტი) მემკვიდრეობით მიეცა: სმენა, შესანიშნავი რიტმის გრძნობა, ხელოვნებისაკენ მისწრაფება და პროფესიისადმი დიდი სიყვარული.

16 წლის ჩაპლინი ვიოლინოზე ყოველდღიურად ოთხ-ოთხ, ზოგჯერ ექვს საათს უკრავდა. კვირაში ერთხელ კი დასის დირიჟორის გაკვეთილებს ესწრებოდა. ვინაიდან ჩარლი ცაცია იყო, ვიოლინოზე სიმებს გადაუნაცვლებდნენ ხოლმე. მომავალში დიდი რეჟისორი საკონცერტო შემსრულებლის პროფესიაზე ოცნებობდა, უარეს შემთხვევაში, მზად იყო მიუზიკ-ჰოლისთვის პროგრამა მაინც მოემზადებინა. მაგრამ თანდათან მიხვდა, ასეთი შრომით ბევრს ვერაფერს გახდებოდა და მეცადინეობა მიატოვა. მიუხედავად ამისა, ჩაპლინი საკუთარი ფილმებისთვის მუსიკას თავადაც წერდა. ჩაპლინის გარდა არავის შეეძლო ერთდროულად ეწერა სცენარები, ემუშავა როგორც რეჟისორს, ეთამაშა ფილმებში და ფილმებისთვის შეექმნა მუსიკა. და მხოლოდ ჩარლი ახერხებდა მუსიკის დახმარებით ცხოვრების მთელი ტრაგიკომიკურობის ჩვენებას თავის ქმნილებებში.

ჩაპლინის მუსიკის ინდივიდუალური სტილისთვის დამახასიათებელი იყო რომანტიკული ვალსის თემები რუბატოს რიტმში, ცოცხალი მელოდიები 2/4 ზომის რიტმში. ასევე ტანგო ძლიერი მძიმე წილებით (ჩარლის ცეკვებს შორის ყველაზე მეტად ტანგო უყვარდა).

საინტერესო და სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღების სურვილით გემშვიდობებით 2017 წლის მიწურულს. შეხვედრამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი