პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნუ მოვთხოვთ ბავშვს, იყოს იდეალური

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლის ყველაზე დიდი ოცნებაა, ჰყავდეს წარმატებული და რეალიზებული შვილი. თუმცა აღზრდის ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც მშობელთა არცთუ ისე მცირე ნაწილი იყენებს, ხშირად სრულიად საწინააღმდეგო  შედეგს იძლევა.

ყველა იმ შეცდომას შორის, რომელიც შეიძლება უფროსებმა ბავშვის აღზრდის  პროცესში დაუშვას, განსაკუთრებით დიდი რისკის მატარებელია მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა – იყოს იდეალური, უშეცდომო, ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძი. ასეთი მოთხოვნები ხშირად უამრავ თავსატეხს და პრობლემას უჩენს ბავშვს:

  • უფროსების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, წარმატებისა და სრულყოფილებისთვის „ბრძოლა“ შეიძლება ბავშვისთვის დეპრესიის მიზეზი გახდეს. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იყო ყოველთვის საუკეთესო, წარმატებული, იდეალური, უნაკლო და უშეცდომო ძალიან ძნელია, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც, და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც. უნდა ითქვას, რომ ამას ბავშვები კარგად ამჩნევენ და აფიქსირებენ კიდეც. ამაზე კარგად მეტყველებს პატარა ბიჭუნას სიტყვები,  რომელმაც ერთხელ ჩემთან საუბარში გულისტკივილით აღნიშნა, რომ უფროსები მისგან ხშირად ისეთი რამის გაკეთებას მოითხოვენ, რასაც თვითონაც ვერ ახერხებენ:
  • ბავშვი, რომელიც მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ შეცდომა არ დაუშვას, იყოს ყველასათვის მოსაწონი, უნაკლო და მისაბაძი, კარგავს ბავშვურ უშუალობას და იმით სიხარულის უნარს, რაც კარგია მის ცხოვრებაში;
  • უჩნდება პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • იმის შიში, რომ რაიმეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც მისგან მოითხოვენ, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ბავშვს სწავლის პროცესში. ის ძლიერ განიცდის უმნიშვნელო სასწავლო წარუმატებლობასაც კი. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება მისი მოწყენილობის მიზეზი გახდეს. ეშინია გაკვეთილზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის, დაბალი ნიშნების მიღებას და შენიშვნებს მტკივნეულად განიცდის. სასკოლო წარუმატებლობები ხშირად მის მიერ აღიქმება, როგორც კატასტროფა. მაღალი ნიშნების მიღება ასეთი ბავშვისაგან დიდ ძალისხმევას  და დასჯის შიშის დაძლევას საჭიროებს;
  • დანაშაულის მუდმივი გრძნობა – იმის გამო, რომ „მომთხოვნელობითი“ სიყვარულით გარემოცული ბავშვი ყოველთვის ვერ ახერხებს უფროსების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და იდეალურ ადამიანად „გარდაქმნას“, მას მუდმივად აწუხებს დანაშაულის გრძნობა და უჭირს მასთან გამკლავება, ვინაიდან ფიქრობს, რომ მშობელი მისით უკმაყოფილოა;
  • შფოთიანობა – უფროსების განაწყენების შიშით ცხოვრებას, ვითარებისაგან დამოუკიდებლად, თან სდევს შფოთიანობა. ხანდახან მას უჭირს იმის გაგება, თუ რა აშფოთებს, რადგანაც არ არის მღელვარების არანაირი საფუძველი. დროთა განმავლობაში ასეთი მდგომარეობა შეიძლება გადაიზარდოს მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში;
  • გულფიცხობა, გულისწყრომა – ნერვული სისტემა ვერ რჩება გულგრილი მუდმივი დაძაბულობის მიმართ. ბავშვი იწყებს გაღიზიანებას ნებისმიერი წვრილმანის გამო და გამოხატავს სერიოზულ გულისწყრომას გარშემომყოფების მიმართ;
  • მიდრეკილება მარტოობისაკენ – იმის მუდმივი შიში, რომ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებს, როგორც მისგან მოითხოვენ, ბავშვში იწვევს დაცვით რეაქციას – სწრაფვას განმარტოებისაკენ. ეს მისწრაფება ქვეცნობიერად ყალიბდება. როცა ადამიანი მარტოა, ის უსაფრთხოდაა, არსაიდან საფრთხეს არ გრძნობს;
  • ემოციური სიცივე – მუდმივი შიში და უნდობლობა ახშობს და თრგუნავს სხვა ემოციებს. შედეგად იზრდება ადამიანი, რომელიც მოკლებულია რაიმეს ან ვინმეს გამო მწუხარების, სიხარულის განცდისა და გამოხატვის უნარს;
  • უხეშობა და დესპოტურობა – მშობლების „მომთხოვნელობით“ სიყვარულზე და გადაჭარბებულ მოთხოვნებზე ბავშვის ფსიქიკის უკურეაქციაა უხეშობისა და სისასტიკის ჩამოყალიბება. თუ ბავშვს არ ეძლევა საშუალება, გამოხატოს თავისი გრძნობები მის მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნების მიმართ, არ ისმენენ მის ახსნა-განმარტებას, არ ცდილობენ მისი ქცევის გაანალიზებას, გამართლებას და უბრალოდ ითხოვენ მისთვის წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ბავშვმა შეიძლება ისწავლოს მიზნისკენ სიარული პირობებისა და გარშემომყოფებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე. ასეთი ბავშვისაგან შეიძლება გაიზარდოს უხეში და დესპოტური ადამიანი.

მნიშვნელობა არა აქვს, თუ სახელდობრ როგორი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს „მომთხოვნელობითი“ სიყვარული – სუსტი და შფოთიანი, თუ უხეში და უგრძნობი, მთავარია, რომ ჩვენ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის წინაშე ვაყენებთ. გადაჭაბებული მოთხოვნების და ბავშვისაგან იდეალური ქცევის მოლოდინის პირობებში ვერასოდეს გაიზრდება ბედნიერი ადამიანი.

რეკომენდაციები მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად:

  • ვიყოთ გულწრფელი. ვისწავლოთ საკუთარი არასრულყოფილების აღიარება და ბავშვისთვის მისი ნაკლოვანებების, შეცდომების, არასრულყოფილების პატიება;
  • ნუ დავუსახავთ ბავშვს მიუღწევად ამოცანებს. ნებისმიერი ჩვენი მოთხოვნა და მოლოდინები მისი შესაძლებლობების ადეკვატური უნდა იყოს. დავფიქრდეთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი მოთხოვნები ბავშვის უნარებსა და შესაძლებლობებს. თითოეულ ბავშვს აქვს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები  და ჩვენი მოთხოვნები ამ შესაძლებლობებს არ უნდა აჭარბებდეს;
  • გულწრფელად გავიხაროთ ბავშვის თუნდაც სრულიად უმნიშვნელო წარმატებითაც კი;
  • ბავშვთან ურთიერთობისას ჩვენი ლექსიკონიდან გამოვრიცხოთ ფრაზები: „მე ასეც ვიცოდი“; „მე შენ გაფრთხილებდი“; „მე შენ გეუბნებოდი“; ეს ის ფრაზებია, რომლებიც გამორიცხავს ბავშვის ინიციატიურობის თავად ფაქტს და მისი აქტიურობის სერიოზულ შემაფერხებლადაც შეიძლება იქცეს;
  • უარი ვთქვათ „იდეალური ბავშვის“ აღზრდის ამბიციებზე და, რაც მთავარია, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასთან. გავითვალისწინოთ, რომ წარმატება ცხოვრებაში ყოველთვის სასკოლო ნიშნებზე არ არის დამოკიდებული;
  • აღვზარდოთ ბავშვში სწორი დამოკიდებულება შეფასებებთან. ავუხსნათ, რომ მას ყოველთვის და ყველგან ექნება შეხება შეფასებასთან და არ შეიძლება, რომ ის სრულად განსაზღვრავდეს მის გუნება-განწყობას და წარმოდგენას საკუთარ თავზე. დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენ ის გვიყვარს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ მას სასკოლო წარმატება-წარუმატებლობის მიუხედავად;
  • მივცეთ ბავშვს შეცდომის უფლება. იმის მოლოდინი, რომ ის არანაირ შეცდომას არ დაუშვებს, ნიშნავს მისდამი დამოკიდებულებაში უზომო სისასტიკის გამოვლენას და მისთვის ცხოვრებაზე არასწორი წარმოდგენის შექმნას. ავუხსნათ ბავშვს, რომ მას აქვს შეცდომის უფლება. ამის გაცნობიერება დაეხმარება მას, გადალახოს რაიმეს არასწორად გაკეთების ან თქმის შიში;
  • თუ ბავშვი მწვავედ რეაგირებს სხვა ადამიანების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე, ავუხსნათ მას, რომ ის არ არის ვალდებული, იყოს იდეალური გარშემომყოფთა თვალში;
  • შევეცადოთ განვავითაროთ მასში იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი. გავითვალისწინოთ, რომ ოპტიმისტი ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, ადვილად ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან და სარგებლობს ავტორიტეტით მათ წრეში.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი აღზრდის პროცესში მაინც პირადი მაგალითია. არ შეიძლება მოვითხოვოთ ბავშვისაგან ის, რისი გაკეთებაც ჩვენ თავად არ შეგვიძლია. ვიყოთ ისეთივე მიმტევებელი ბავშვის მიმართ, როგორც საკუთარი თავის მიმართ ვართ. თუ შევძლებთ, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები ბავშვთან ურთიერთობაში, ჩვენ მისთვის ავტორიტეტული პიროვნება გავხდებით და თავადაც ვერ შევამჩნევთ, თუ როგორ შეასრულებს ბავშვი ჩვენს მოთხოვნებს. ის არაფერს გააკეთებს აკრძალულს უბრალოდ იმიტომ, რომ არ ენდომება ჩვენი განაწყენება. ვისწავლოთ ბავშვის პატივისცემა, გაგება და ის აუცილებლად სიყვარულით, პატივისცემითა და გაგებით გვიპასუხებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი