პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

90-იანების ნარატივი დღეს

ჩვენ ბევრნი ვიყავით, ალბათ ორმოცდაათნი, ისინი – კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ჟანგიანი ჯაჭვები გვქონდა, ბოთლების ნამტვრევები, სახლებიდან მოპარული ერთი-ორი დანა. იმათი საბრძოლო არსენალიც იგივე იყო. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რო იმათგან ერთმა ჩვენგან ერთ-ერთს უთხრა, ეგრე რატო მიყურებო და დაიწყო შეკრება და ამბები. იმ დღეს იმათგანაც დაიჭრნენ ვიღაცები, ჩვენგანაც. ალბათ 2002 წელი იყო.

იჯდა და სისხლს აფურთხებდა. ვიღაცები დარბოდნენ და ჯაბა-ბერდიებს ეძებდნენ, ეძახდნენ. ქალები კიოდნენ აივნებიდან, კაცები სხვებს აჩერებდნენ და ხმამაღლა უყვიროდნენ. მე მასთან ვიდექი, ხელში ვიღაცის მოჩეჩებული რაღაც ჯაჭვის ნაგლეჯი მეჭირა. ლოყაში შუშის ბოთლის ნამტვრევი ჰქონდა შერჩენილი და სისხლი სდიოდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მარა პირის მცირე მოძრაობაზეც შუშა უფრო უჭრიდა ხორცს, სისხლიც იმატებდა. ეს ტიპი, ჩემზე ალბათ ორი-სამი წლით დიდი იქნებოდა, 14-15 წლის.

ერთი ძლივს წაიჩურჩულა, რა მჭირსო. ჩვენ სკვერის ბოლოში ვიყავით, მაღალ ბუჩქებთან, ჯერ ვერცერთი უფროსი ასაკის ადამიანს ვერ მოეღწია. ჩვენამდე დაჭრილების და ნაცემების მთელი არმია ოხრავდა, იგინებოდა. მე გვერდით მივუჯექი და გარეუბნების კორპუსებს და რენე მაგრიტის ცას ვუყურებდით. მერე სიცილი ამიტყდა. ჯერ გამომხედა, შეიგინა, მე უფრო ვიცინოდი დაგროვილი მძაფრი ემოციებისგან, ბოლოს მასაც სიცილი აუტყდა, თან ყველა მიმიკის ცვლილებაზე წამოიყვირებდა და ლოყაზე შერჭობილ შუშას ოდნავ ხელს ადებდა.

ათი წლის მერე დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერა: „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“. ალბათ ეს ფრაზაა მთელი 90-იანი წლების და დღემდე ჩვენი რეალობის ისტორია. პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომკური, ღირებულებითი ნარატივის ისტორია. ეს ფრაზაა მთელი შესაძლებლობების აბსურდულობის ამსახველი ტექსტი, ისეთი მძაფრი და მრავლისმთქმელი, რომ ალბათ სემუელ ბეკეტიც კი მოაწერდა ხელს მათ და თავის რომელიმე ტექსტში შეიტანდა.

მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა ვუყურებდით, როგორი აცდენილი იყო სასკოლო მასალა და ჩვენი რეალობა ერთმანეთს. და ახლა, 90-იანების მერე, როცა ინტერნეტიც გვაქვს, ინფორმაციული წვდომა ყველაფერზე, ტრანსპორტი დადის, ელექტროენერგია მოგვეწოდება და თანამგზავრების მიერ ჩაწერილ კოსმიურ ხმებსაც ვუსმენთ, მაინც იმავე გარემოში ვრჩებით. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

იქნებ ის, რომ კომპასის და კომპასიტოს გამოჩენისთანავე სხვადასხვა ჯგუფმა არასწორი ინფორმაციები გაავრცელეს, რომ ეს წიგნები მათ შვილებს სიკეთეს კი არა, უფრო დიდ ბოროტებას მოუტანდა, სადაც ეწერა, რომ უფროსი ასაკის ადამიანის მიმართ, სხვათა და სხვათა მიმართ არ უნდა იყო მზრუნველი და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, პირველ რიგში, ისმენს და იჯერებს იმას, რასაც ტელეეკრანებიდან ეუბნებიან ცნობილი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა, ერკვევიან თუ არა ეს პირები იმ საკითხებში, რაზეც საუბრობენ, მაინც მათ აქვთ ნდობა.

და რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ? ის, რომ მეტი ვიდეორგოლი გაავრცელოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, სხვა კერძო ტელეარხის თუ ინტერნეტის მეშვეობით ახალ წიგნებზე, სწავლების ახალ მიდგომებზე, ახალ სამყაროზე. სხვა შემთხვევაში, ვიღაცები ისევ ისხდებიან ბუჩქებთან, ჩვენგან შორს, ათობით სხვა დასახიჩრებულის იქით, და უყურებენ რენე მაგრიტის ცას, ცარიელს წარსულისგან, აწმყოსგან, მომავლისგან და მხოლოდ ერთ ბიუსტს, საკუთარი თავის ხსოვნის ბიუსტს, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი სდის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი