საჭირო აქცენტები

გიფიქრიათ იმაზე, რაზე ველაპარაკებით ბავშვებს ყველაზე ხშირად?

რას ვიმეორებთ დაუსრულებლად და რატომ ვწყვეტთ ნაადრევად საუბარს სხვადასხვა მიზეზის გამო? არის თემები, რომლებზეც გვინდა მეტი ვუთხრათ და თემები, რომლებსაც არ უნდა შევეხოთ? გიკითხიათ თვითონ ბავშვებისთვის, რაზე სურთ საუბარი, რა შემთხვევაში აინტერესებთ უფროსების აზრი და გამოცდილება და რა ჰგონიათ მოსაწყენი? შეგიძლიათ მოუსმინოთ მათ და მაშინაც კი, როცა ისინი შეკითხვებს არ სვამენ, მიაგნოთ იმ კითხვებს, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ და რომლებზე პასუხებიც შესაძლოა მათთვის მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში სანდო ორიენტირად იქცეს? ან იმაზე, რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს უფროსებსაც და ბავშვებსაც გაუმართავმა კომუნიკაციამ, უნდობლობამ, კითხვების ჩვენთვის შენახვამ? ალბათ – კი. შეუძლებელია ბავშვებთან გქონდეთ ურთიერთობა და ამ თემებზე არ გეფიქროთ.  ამ კითხვები საკუთარ თავს მეც მას შემდეგ დავუსვი, რაც ჩემმა შვილებმა და მათმა მეგობრებმა ერთი შეხედვით მარტივი კითხვების დასმა დაიწყეს. მე კი მივხვდი, ახლავე, მცირე ასაკში შემეძლო მათთვის ისეთი პასუხების გაცემა, რაც მათ მომავალში უკეთეს მოქალაქეებად გაზრდიდა. ასე გაჩნდა ვრცელი სია საჭირო აქცენტების, რომელზეც ყურადღების მიქცევა პატარა ასაკიდან მარტივად და უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი და რაც, ვფიქრობ, ძალიან სუბიექტურია, მაგრამ გაზიარებად მაინც ღირს, ვინაიდან სამყაროს მაინც უნივერსალური წესები მართავს და ადამიანიც ევოლუციის მეტ-ნაკლებად მსგავს გზას გადის დაბადებიდან სიკვდილამდე.

 

მაგალითად, მე  სახლის გარეთ ხშირად მიწევს ლაპარაკი საგზაო მოძრაობის წესებზე, საცობებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და ქუჩების განტვირთვის შესაძლებლობებზე, საზოგადოებრივი სივრცეების მნიშვნელობასა და მათი მოფრთხილების ვალდებულებაზე, ნაგვის სეპარაციაზე, ჯანსაღი კვების პრინციპებზე, გენდერული ჩაგვრის მიზეზებზე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ათას მსგავს რამეზე, რაზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სამი, ოთხი, ხუთი ან თუნდაც 7 წლის ბავშვთან ვილაპარაკებდი, ის კი ყურადღებით მოისმენდა და დაიმახსოვრებდა. ცხადია, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მათ ამ საკითხების მიმართ რიგ შემთხვევაში ზრდასრულებზე მეტი მგრძნობელობა და ინტერესი ექნებოდათ. თურმე  ზუსტად ამ ასაკიდან უნდა დაიწყო საჭირო აქცენტების გაკეთება.

 

მე ქვეითად მოსიარულე ადამიანი ვარ, რომელიც, როგორც წესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასე რომ, მარტივად შემიძლია ავუსხნა ბავშვებს, რომ იმას, რაც ჩვენ გარდა, სხვებსაც ეკუთვნის, პატივისცემით უნდა მოექცნენ. თუ თვითონ არ უნდათ ჭუჭყიან სკამზე დაჯდომა, არც სხვას მოუნდება, ამიტომ მათზე ფეხები არ უნდა შემოაწყონ, არ დაჩხაპნონ და ა.შ. როცა პატივისცემასა და სურვილებს ვახსენებ, ისინი, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ არ მოსწონთ დანგრეული, ჭუჭყიანი და გატენილი ავტობუსით მგზავრობა, რომელიც ბევრად გვიან მიდის დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე მამას მანქანა ან ტაქსი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მანქანებს სწორედ იმიტომ უჭირთ გადაადგილება, რომ არჩევანს ყველა, ვისაც ეს შეუძლია საკუთარი მანქანის ან ტაქსის სასარგებლოდ აკეთებს. ისინი კი, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, საკმარისად ხმამაღლა არ ვითხოვთ უკეთეს ტრანსპორტს, რათა მათ, ვისაც ამ დანგრეული მანქანების გამოცვლა ევალება, გამოცვალონ. ეს საბაზისო დონეა, მერე მოდის აქტივიზმი, ავტობუსებისთვის განკუთვნილი ხაზების აუცილებლობა და სხვა ამბები.

თუ თქვენც ქვეითი ხართ და ბავშვებთან ერთად თბილისში დღეში ერთხელ მაინც გადაადგილდებით, გეცოდინებათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემების მხოლოდ ერთი კომპონენტია. მოუწესრიგებელი და ჩახერგილი ტროტუარები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ზებრაზე გზის დათმობის პრობლემები და ა.შ. იმდენად ყველა ნაბიჯზე გეჯახება, რომ ბავშვებს სრულიად გულწრფელად უჩნდებათ ის კითხვები, რაზეც უფროსებს არ სურთ დაფიქრება: სად უნდა იარო, თუკი სამანქანე გზაზეც და ტროტუარზეც მანქანები დადიან ან დგანან? რატომ უნდა ახვიდე ან ჩახვიდე უზარმაზარ კიბეებზე იმისათვის, რომ გზის მეორე მხარეს გადახვიდე, თუკი სხვაგან მხოლოდ შუქნიშანზე „მწვანე კაცის” ანთებას ელოდები; არ შეიძლება ეს ზებრები ბევრგან იყოს? და თუკი ზებრა იმისათვის არის, რომ მეორე მხარეს გადავიდე, რატომ არ გვითმობენ გზას? იმიტომ, რომ ქალაქი გეგმის გარეშე ვითარდება; ადამიანებმა არ იციან, რა უნდათ და რა სჭირდებათ; ჰგონიათ, რომ საკუთარ მანქანაში გამოკეტილები უფრო კომფორტულად არიან და საერთოდ, უფროსებს ბევრი რამ არასწორად ჰგონიათ და ისინი ქმნიან ისეთ გარემოს, რომელიც ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე სრულიად არ არის მორგებული.

 

გოგოებისა და ბიჭებისთვის დაყოფილი სათამაშოები და ტანსაცმელი, წესები, რომელიც ადამიანმა არა მორალური პრინციპებისა და ინტერესების მიხედვით, არამედ სქესის გამო უნდა დაიცვას და შემთხვევითი გამვლელების შემაწუხებელი ინტერესი, თუკი რაიმეს სხვანაირად, მათი დადგენილი წესების შეუსაბამოდ აკეთებ – ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მარტივია იმის ახსნა, რომ სხვებს ნაკლებად უნდა უსმინო და საკუთარ სურვილებზე მეტი იფიქრო; თუკი ვინმე ხელს შეგიშლის, ის აკეთო, რაც გინდა, მკაცრად დაიცვა საკუთარი პოზიცია, მშვიდად, მკაფიოდ და მკაცრად.

 

ბავშვებთან მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ არ არის საჭირო ამისთვის ცალკე გამოყოფილი დრო და ვრცელი ლექციები. საჭიროა მოსმენის უნარი და ინტუიცია, როდის რის თქმა შეიძლება. მანამდე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ვასწავლოთ ბავშვებს, იმისათვის, რომ ჩვენზე უკეთეს ადამიანებად გაიზარდონ, ჩვენზე უკეთეს გარემოში ცხოვრობდნენ, ჩვენზე უკეთ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას თავიანთ გარემოზე და იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი პოზიცია ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დაუდგებათ.

 

 

 

 

კომენტარები

comments