შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მუშტი და კრიტიკა

აკაკი ბაქრაძე იგონებს, როგორ იკითხა ერთმა მწერალმა (თუ კინორეჟისორმა, ზუსტად აღარ მახსოვს), მის წიგნზე (თუ ფილმზე) დაწერილი ნეგატიური კრიტიკის წაკითხვის შემდეგ: რამდენს მისცემდნენ ავტორს ამის დაწერაშიო. როცა პასუხი მიიღო, დაამატა: ორმაგს მივცემდი, ოღონდ ეს არ დაეწერაო, და წნევააწეული წავიდა სახლში.
ეს იყო მაშინ ტიპური, თუმცა ლოიალური მიდგომა კრიტიკოსის მიმართ ავტორის მხრიდან. სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებში, მეორე და მესამე ხარისხოვანი ავტორები უფრო აგრესიულად უდგებოდნენ საკითხს: უბრალოდ და მარტივად ცვხირ-პირს უმტვრევდნენ კრიტიკის ავტორს, შემდეგ ლეგენდად დადიოდა ეს ამბები ბოჰემურ წრეებში. პირადად მომისმენია მსგავსი ისტორია მოკრძალებული ნიჭის პოეტის, თუმცა კარგი კაცის მოყოლილი, თუ როგორ გაუნგრია თავ-ყბა ოთხმოციანი წლების დასაწყისში ერთ ცნობილ კრიტიკოსს, რომელმაც მისი სადებიუტო წიგნი (სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ,) მიწასთან გაასწორა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაშინაც და დღესაც, ზოგიერთ კრიტიკოსს, განსაკუთრებით თუ ირონიული პათოსი აქვს არჩეული, უჭირდა და უჭირს ზომიერების დაცვა და ტექსტის დაცინვასთან ერთად, ავტორის შეურაცხყოფაზე გადადის. ირონიული პათოსით კრიტიკული წერილის წერა ყველა, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულ და იუმორის მქონე ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ტექსტზე, ეს მარტივი და ბანალურად მომგებიანი გზაა, ამიტომ, ჩვენი ჭკუით, თავმოყვარე კრიტიკოსმა სხვა გზები უნდა ეძებოს.
ერთ დროს ლიტერატურული საიტების მჩქეფარე ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, საინტერესო ამბები ხდებოდა. ამ საიტებზე ბლომად გადააწყდებოდი მოძველბიჭო ელემენტებს, მათ ცხოვრებისეულ გაგებასთან სრულიად შეუსაბამო ნიკებით. ისინი, როგორც წესი, ლექსის მთხზველები იყვნენ, პროზას ნაკლებად ეტანებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ პროზის წერას ბევრი კითხვა, დრო და წვალება უნდა. უარყოფით, თუნდაც ძალიან კულტურულ, კომენტარზე მათი რეაქცია სამ ეტაპად იყოფოდა: პირველი, ეს იყო იქვე, კომენტარებში პასუხის მოთხოვნა, თუ რატომ არ მოეწონა მავანს მისი ლექსი („მე რაც მტკივა, იმას ვწერ, ძმაო, შენ ამას ვერასოდეს გაიგებ”, “თუ არ მოგწონს, რას კითხულობ, ვინ გეხვეწება”, „ეგეთები სხვას დაუკომენტარე” და უფრო მწვავე რაღაცები.); მეორე ეტაპი იყო კორექტულობის ჩარჩოებიდან დიდი მანძილით გასული წერილის გაგზავნა პირადი შეტყობინების სახით (ჰქონდა ასეთი ფუნქცია იმ საიტებს), ანუ ისეთი სიტყვების მიწერა, რასაც, ბანის დადების შიშით, კომენტარებში ვერ გამოიყენებდნენ. თუ კომენტარის ავტორი მედგრად დაუხვდებოდა, ამის შემდეგ უკვე იწყებოდა ტელეფონის ნომრების გაცვლა და შეხვედრის დათქმა სადმე, მოფარებულ ადგილას. ხოლო თუ კომენტარის ავტორი დაშინდებოდა, არც ნომერს გასცემდა და არც საჩხუბრად გავიდოდა, უახლოეს პოეზიის საღამოზე (იცოცხლე, საღამოებს ყოველ კვირა ვატარებდით) ხდებოდა მისი დაჭერა და გალახვა. მე არავის ვუწერდი უარყოფით კომენტარებს და ყველასთან ვმეგობრობდი, შეიძლება ზოგიერთებს ლექსები არ უვარგოდათ, მაგრამ სულაც არ იყვნენ ცუდი ბიჭები.
ახლა დავსერიოზულდეთ: ავტორი, რომელსაც მშვიდად არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა, საერთოდ არ მიმაჩნია შემდგარ მწერლად ან პოეტად. ნეგატიური კრიტიკის შემთხვევაში ავტორს ყოველთვის რჩება გადამწყვეტი უპირატესობა: არ ეთანხმებოდეს, და სულაც არაა აუცილებელი ამისი ხმამაღლა და უხეში ფორმებით აფიშირება. აქსიომა: ავტორის სიმშვიდე მისი თვითრწმენისა და სიძლიერის დამადასტურებელია. გული მიკვდება, როცა ფეისბუქზე უამრავი ლაიქით და გაზიარებით ნირვანაში მყოფი კარგი ავტორის სამარცხვინო რეაქციას ვაწყდები, როცა ვინმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამს მის ტექსტთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ პატივისცემა მეკარგება ასეთი ავტორისადმი.
არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენში კრიტიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს, მეტწილად, ტენდენციურია და ავტორთან კრიტიკოსის მეგობრობა განსაზღვრავს, ან სულად დაკვეთით იწერება. არსებობს მესამე მოტივიც: პირფერობა და პირადი გამორჩენის იმედი.
ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ძალიან კარგი თანამედროვე პოეტის (და ლიტწრეებში დიდად მიღებული კაცის) ძალიან კარგი წიგნიდან ძალიან კარგი ლექსები დავდე ჩემს ფეისბუქგვერდზე, ერთმა ძალიან კარგმა, თუმცა მაშინ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა ყველა ლექსზე დააფიქსირა თავისი უარყოფითი და, ერთგვარად, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ამ ტექსტებისა და მათი ავტორისადმი. დღეს ხსენებული პოეტი ხსენებული მწერლისთვის ერთ-ერთის საუკეთესო პოეტია, იმიტომ კი არა, რომ პოეტმა უკეთესად წერა დაიწყო. არა. უბრალოდ ისინი ახლა მეგობრები არიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ეს მიხარია, რადგან ხსენებული მწერლის დამოკიდებულება ხსენებული პოეტის შემოქმედებისადმი აბსოლუტურად სწორია, უბრალოდ ეს არის ტიპური მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
დაბოლოს: ვისთვის იწერება კრიტიკა?! რა თქმა უნდა, მკითხველისთვის. ზოგიერთს ჰგონია, რომ კრიტიკა მწერლისთვის იწერება, კრიტიკამ მწერალი უნდა გაზარდოს და ა.შ. ეს სისულელეა, ლიტერატურა სპორტი არაა, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს, ეს ის ხელობაა, სადაც სწავლება არა რჩევის, არამედ მაგალითის მიცემით ხდება.
ფოლკნერი ამბობდა: მირჩევნია შეცდომა დავუშვა, ვიდრე სხვისი რჩევა გავითვალისწინოო. ჩვენის მიხვედრილობით კი უფალ უილიამს უფრო დაეჯერება, ვიდრე კრიტიკის არსებობის ისტორიაში ერთად აღებულ ყველა კრიტიკოსს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი