პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

,,ქვეყნის წახდენის მიზეზით…

ენას რომ ბევრი რამის თქმა შეუძლია ერის ხასიათის თავისებურებების შესახებ, ეს თქვენც მოგეხსენებათ.
ალბათ, ისიც ბევრჯერ შეუხსენებიათ თქვენთვის, ნოდარ დუმბაძე რას წერდა ,,მარადისობის კანონში” ზმნისწინ ,,შემო”-სა და ქართული ხასიათის ჯაჭვური კავშირის შესახებ. 

მე სხვა გამოთქმაზე მინდა გესაუბროთ, ასევე ქართული ხასიათის სრულყოფილად გამომხატველ ფრაზეოლოგიზმზე, რომელიც ხშირად გსმენიათ: ,,ქვეყანა არ დაიქცევა”.

იქნებ  პირველად ეს ფრაზა მაშინ გავიგონეთ, სკოლაში წასვლა რომ არ გვინდოდა, თავს რომ ვიავადმყოფებდით, რომ მიგვიხვდნენ და ბებია რომ გამოგვესარჩლა: ,,ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ერთ დღეს გააცდენსო.” ცოტა კი გვეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გავაცდინეთ და მართლა არაფერი მომხდარა განსაკუთრებული და ასე მივხვდით, რომ ეგებ თუ სიცივეში ნაყინს შევჭამდით, მაშინაც არ დაქცეულიყო ქვეყანა, ის კი არა, არც გავციებულიყავით…

მცირედი უსიამოვნებები ბევრი იყო, მაგრამ ქვეყანა მაინც არასოდეს იქცეოდა: არც მაშინ, როცა საკონტროლოებს ,,შპარგალკებიდან” ვიწერდით, არც მაშინ, როცა გამოცდაზე მოუმზადებლები მივდიოდით, არც მაშინ, როცა საკუთარ პროფესიაზე არცთუ სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდა, არც მაშინ, როცა ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაღიზიანებდა, თუ მის გამო ვიჩაგრებოდით, ხოლო თუკი ჩვენ ,,წაგვიკრავდნენ ხელს”, არა უშავდა…

ისინი მით უმეტეს ასე ფიქრობდნენ, სათავეში მყოფები, მათ უფრო უკეთ იცოდნენ, რომ ქვეყანა ბევრ რამეს უძლებს, საოცრად ბევრს: უძლებს ახირებებს, ხუშტურებს, კორუფციას, უსამართლობას, არაპროფესიონალიზმს, გულგრილობას.

მაგრამ ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, ქვეყანა დაიქცა. ქვეყნის დაქცევა რომ მოულოდნელი იყო, ესეც იმისი ბრალია, ვიღაცამ თავის დროზე რომ გაიფიქრა, ,,არა უშავს, ქვეყანა არ დაიქცევაო”.
ადიდებული ვერე ძალიან ჰგავდა დავითს, რომელმაც გოლიათი დაამარცხა, ანდა ზღაპრების უმცროს ძმას, ანდა უბრალოდ, ქაჩალს, რომელმაც თავი ჯერ არ მოიფხანა და მერე მოიძრო.

და თუმცა არ ვარ ფატალისტი, ჩემთვის ადიდებული ვერე ძალიან ჰგავდა ბედისწერას.

მერე რაც მოხდა, ყველაზე მეტად სატელევიზიო შოუებს დაეტყო. იქ, სადაც ადრე მხოლოდ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური შოუმენები საუბრობდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჟურნალისტებთან, რომლებიც ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ ჟურნალისტები არ იქნებოდნენ, ახლა პროფესიონალები გამოჩნდნენ. ჟურნალისტები მათ კითხვებს უსვამდნენ და როგორც კი პროფესიონალები სალამ-ქალამს მორჩებოდნენ და მნიშვნელოვანი საკითხებისათვის ნათელის მოფენას იწყებდნენ, სიტყვას ართმევდნენ, დრო აღარ გვაქვსო. 

პროფესიონალები გამოჩნდნენ სამთავრობო შეხვედრებზეც, რა ხდება დახურულ კარს მიღმა, არ ვიცი. თუ გამოცდილებას ვენდობით, პროფესიონალებს მოუსმენენ, მერე მათ რჩევებს საკუთარ ინტერესებთან ვერ შეათანხმებენ და ყველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებენ, თან ისე შეფუთავენ, რომ სიმართლე  ქვეყნის მომავალ დაქცევამდე აღარ გამომზეურდეს.

ანდა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ადიდებული ვერეს შემდეგ გასაკვირი რაღაა.
ერთხელ ჩემს მოსწავლეს, რომელიც იმ წელს სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებდა და მომავალში ნეიროქირურგობას აპირებდა (ის, მგონი, უკვე მუშაობს რომელიღაც საავადმყოფოში), ვუთხარი, რომ ექიმობას არასოდეს ვისურვებდი, რადგან თუკი ოდესმე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, შეშინებული უკანმოუხედავად მოვკურცხლავდი.

მან კი ნიშნისმოგებით მიპასუხა, რომ ექიმთან მისული ადამიანის გადარჩენა ღმერთის ხელში იყო, მასწავლებლებს კი საღ-სალამათი ბავშვების მომავალი გვებარა.

გაუნათლებლობა, მისგან გამომდინარე არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი ის უბედურებებია, რომლებიც უკვე ყველა ნაბიჯზე გვაფერხებს, რომელიც უფროსი თაობის დიდ ნაწილს ისე გასჯდომია ძვალსა და რბილში, რომ ავს ავსა და კარგს კარგს დიდი ხანია შეგნებულად აღარ არქმევენ. 

ესეც ქართული გამოთქმაა, ფრიად საკამათო, ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებით _ ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო”. თუ შეიძლება ამ ტრაგედიას დადებითი მხარე ვუპოვოთ, ჩვენ ამას შევძლებთ:
პირველი – ამ დღეებში ქართველი ახალგაზრდობა ბევრჯერ შეაქეს, მათმა რაციონალიზმმა, ჯანსაღმა პრაგმატიზმმა და პასუხისმგებლობის გრძნობამ მათი მშობლები სასიამოვნოდ გააოცა. ეს თაობა ნამდვილად უფრო ახლოსაა ევროპასთან, სადაც პასუხისმგებლობისაგან თავის ყოველი არიდება ,,ქვეყნის დაქცევაა”.
მეორეც –  ევროპეიზაციის სურვილი გარდაუვალად წარმოშობს კიდევ უფრო პროგრესულ თაობას, რომლისთვისაც პროფესიონალიზმი უმაღლესი ღირებულება იქნება. ამ თაობაში პურს მეპურე გამოაცხობს. 

ამ ღირებულებების დამკვიდრებას კი ისიც დააჩქარებს, რასაც მე ,,ვერეს სინდრომს” ვუწოდებდი: როცა ერთ დღესაც პატარა მდინარე უცებ ნიაღვრად მოასკდა ნაპირებს და ქვეყანამ თავის პროფესიონალებს კარდაკარ დაუწყო ძებნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი