ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბაჭია პიტერი, ბატი ტასიკო (იგივე ჯემაიმა) და … ჩვენ

თუ მასწავლებელი ხართ და თქვენს მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლების დადგმა გიყვართ, ბეატრიქს პოტერის ნამცეცა ამბები თქვენთვის ნამდვილად მიგნება იქნება. მრავალფეროვანი სიუჟეტები დაწყებითი კლასების (ან საბავშვო ბაღების) მოსწავლეებს არა მხოლოდ გაახალისებს, დაანახვებს კიდეც რა მოსდევს ცელქობას და გაუმაძღრობას (ბაჭია პიტერისა და ციყვ ტიმი თიფთოუს მაგალითზე), მიახვედრებს როგორ არ უნდა მოიქცნენ სტუმრებთან (ანუ ფისუნია ტომის კნუტებს არ მიბაძონ), თანაგრძნობით აავსებს გულუბრყვილო ჯემაიმა ტყაპუნას მიმართ, მოხიბლავს ტინკლი-ვინკლის სანიმუშო სისუფთავით, გლოსტერელი მკერავისა და მისი მეგობარი თაგვების ამბავი კი გაჭირვებაში თანადგომასა და დახმარებას ასწავლის.

 

დახატული ამბები

კლასიკური საბავშვო ლიტერატურის თარგმანებს თვალყურს თუ ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ზღაპრების ავტორისა და ილუსტრატორის ბეატრიქს პოტერის ზღაპრები უკვე ერთი წელია რაც ქართულ ენაზე ითარგმნა.  წიგნი ცხრა ზღაპარს აერთიანებს და ავტორისეული ილუსტრაციებიც ერთვის. ეს ნახატები ტექსტის განუყოფელი ნაწილია და ამბებს უფრო თავშესაქცევს ხდის.

დარწმუნებული ვარ, დიდი თუ პატარა გაცნობისთანავე უზომოდ შეიყვარებთ ბაჭია პიტერსა და მისი და-ძმებს (ფლოპსის, მოპსისა და კუდფუმფულას), ქვიშიან სანაპიროზე, მაღალი ნაძვის ქვეშ გათხრილ სოროში რომ ცხოვრობენ. არც ბატონი ჯერიმი ფიშერის მიმართ დარჩებით გულგრილი – ეს სევდიანი მეთევზე ბაყაყი პატარა ნესტიან სახლში ბინადრობს, შესასვლელსა და საკუჭნაოში მუდამ წყალი ჩასდის, მაგრამ ეს სულაც არა აწუხებს. თავის სტუმრებს (ხვლიკ ისააკ ნიუტონსა და ლუ პტოლემეოსს) კი ჭიამაიების სოუსში შემწვარი კალიებით (ბაყყების დელიკატესით) უმასპინძლდება.

ტანსაცმლის დაკარგვა პოტერის გმირების უცნაური ახირებაა: ბაჭია პიტერი თავისი დაუდევრობით ორ კვირაში ორ წყვილი ქურთუკსა და ორ წყვილ ფეხსაცმელს კარგავს, ფისუნია ტომის კნუტების ტანსაცმლის ბედი აჯობებს თავად გამოიკვლიოთ, პატარა გოგონა ლუსის კაბებისა და ცხვირსახოცების კვალსაც  გაჰყევით, ოღონდ გაფრთხილებთ, მრეცხავ ზღარბს ჩაჩიდან და კაბიდან ეკლები გამოსჩრია და თუ გადაეყრებით, ჩაის სმის დროს მოშორებით დაუჯექით.

მოგზაურობა თუ გიყვართ,  ჯონისა და ტიმის ამბავი არ გამოტოვოთ. ჯონი ქალაქელი თაგვია, ტიმი კი სოფელში დაიბადა. ჯონი კარგად აღზრდილია და არ იმჩნევს, როდესაც ტიმს ჭამის დროს თეფში უვარდება ან დელიკატესებს ვერ ანსხვავებს. თაგვები ქალაქიდან სოფლისკენ თუ პირიქით მოწნულ კალათას დაჰყვებიან და არკვევენ სად ყოფნა ჯობს და ვის რა შეეფერება.

ჯემაიმა ტყაპუნას ამბავი ჩვენთვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმის, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს“ ფაბულა გახლავთ. წაიკითხეთ, ფილმიც გაიხსენეთ, მერე კი განსხვავებასა და მსგავსებაზე იმსჯელეთ.

 

ბეატრიქს პოტერი

პოტერმა ზღაპრების წერა და ხატვა ბაყაყების სიყვარულით დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს მისმა ექსტრავაგანტურმა და ხელოვნებით გატაცებულმა მამამ ლონდონის სახვითი ხელოვნების გალერეაში ნაყიდი, რენდოლფ კოლდეკოტის ორი მცირე ზომის ესკიზი, კალმითა და მელნით დახატული ბაყაყები სახლში მიიტანა. გოგონა მოიხიბლა და მას მერე მოუთმენლად ელოდა და ყიდულობდა კოდელკოტის ილუსტრირებულ წიგნებს. მომავალში კი თავისი “სევდიანი მეთევზე” სწორედ კოლდეკოტის ჯენტელმენი ბაყაყის მიხედვით შექმნა.

ბეატრიქს პოტერმა სულ 23 “პატარა წიგნი” დაწერა და დაასურათა. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და დღემდე პოპულარულია. თუმცა, წარმატებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა. ვიქტორიანული ეპოქის ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა და შესაბამისად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ძიძების გარემოცვაში იზრდებოდა და თანატოლებს არ იცნობდა. ხატვა პატარაობიდან მისი უსაყვარლესი თავშესაქცევი გახლდათ, რვა წლისას რამდენიმე სახატავი ალბომი ჰქონდა შევსებული ცხოველების და მცენარეების ნახატებით. მისი საუკეთესო მეგობარი კი დღიური იყო, რომელსაც მინიატურული საიდუმლო კოდის გამოყენებით წერდა. ეს უცნაური ჩვევა პოტერს 30 წლამდე გაჰყვა. დღიური მისი გარდაცვალების შემდეგაც საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ იგი 1958 წელს არ ამოხსნეს.

ბეატრიქს პოტერი საკმაოდ ნიჭიერი ნატურალისტი და მიკოლოგიც ყოფილა და არაერთი საინტერესო აღმოჩენის საფუძველზე სამეცნიერო ნაშრომებიც დაუწერია, თუმცა იმის გამო რომ ქალი იყო სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, არც მოხსენების წაკითხვის უფლება მისცეს, სამეცნიერო სხდომაზე დასწრების უფლებით მაშინ მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ. წლების შემდეგ, როდესაც ქალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მეცნიერთა საზოგადოებამ ბეატრიქს პოტერის წინაშე ბოდიში ოფიციალურად მოიხადა.

ბაჭია პიტერიდან გოჭუნა რობინსონამდე

მეცნიერებაში წარუმატებლობის გამო პოტერი მხატვრობას დაუბრუნდა და თანდათან წიგნების გამოცემა საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც აქცია. მისი პირველი ზღაპარი ბაჭია პიტერზე (The Tale of Peter Rabbit) ექვსმა გამომცემლობამ დაიწუნა. გაბრაზებულმა პოტერმა საკუთარი, ხელნაკეთი ეგზემპლარი შექმნა, რომლის ნახვის შემდეგაც გამომცემლობამ Frederick Warne & Co წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა. კომპანიას სამი ძმა მართავდა. The Tale of Peter Rabbit უმცროსს, ნორმან უორნს ჩააბარეს. წიგნს წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა: მკითხველის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, ტირაჟი ექვსჯერ გაიმეორეს, საბოლოოდ კი 20 000 ეგზემპლარი გაყიდეს.

1905 წელს ნორმან უორნმა ბიატრიქს პოტერს ხელი სთხოვა, რასაც პოტერის მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა (უორნების სოციალური სტატუსი არ აკმაყოფილებდათ), თუმცა ქალიშვილს უარი ვერ უთხრეს, სამაგიეროდ ნიშნობა არ გაახმაურეს და მხოლოდ ახლო ნათესავები მიიწვიეს. სამწუხაროდ ბეატრიქსი და ნორმანი მაინც ვერ დაოჯახდნენ, საქმრო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, სისხლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ბეატრიქსმა დიდი ტრავმა მიიღო, სტრესიდან გამოსასვლელად რამდენიმე წელი დასჭირდა. საბოლოდ კი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, წელიწადში ერთ ან ორ წიგნს გამოსცემდა, პარალელურად კი ფერმის მართვას სწავლობდა.

1909 წელს პოტერმა კამბრიაში ფერმა შეიძინა, მშობლების სახლი დატოვა და “ტბების მხარეში” დასახლდა. ფერმერობა სიცოცხლის ბოლომდე მის საყვარელ საქმედ დარჩა. სიამოვნებდა ყოველდღიური ფიზიკური შრომა, შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა. ჰერდვიკის ჯიშის ცხვრების გამრავლებაში ექსპერტიც კი გახდა და სწორედ მისი დამსახურებაა რომ ეს ჯიში გადაშენებას გადურჩა. მხედველობის გაუარესებასთან ერთად პოტერი ნაკლებს ხატავდა. მისი ახალი წიგნები ადრე დახატული ესკიზების გამოყენებით გამოდიოდა. ბოლო სერიოზული ნამუშევარი 1930 წელს, გოჭუნა რობინსონის შესახებ დაწერილი წიგნი The Tale of Little Pig Robinson გახლდათ.

ბუნების დამცველი მწერალი

წიგნების გაყიდვით მიღებული ფულით ბეატრიქს პოტერმა უნიკალური ლანდშაფტები შეიძინა და გაჩეხვისგან გადაარჩინა. თავისი ქონება (14 ფერმა და 4000 აკრი მიწა) საბოლოოდ ბრიტანეთის ნაციონალურ ფონდს დაუტოვა. ამ მიწებს დღემდე იცავენ მშენებლობებისგან და იქ ჰერდვიკის ჯიშის ცხვრებს ამრავლებენ. სავტორო უფლებები პოტერის წიგნებსა და ნახატებზე კი, გამომცემლობის F. Warne & Co საკუთრებაა.

დღესდღეობით, არავინ იცის სადაა ბეატრიქს პოტერის საფლავი. 1943 წელს შობის დღესასწაულზე პოტერის მეუღლე თავიანთ ერთგულ მწყემსს ტომ სტორის ეწვია, გადასცა ურნა თავისი ცოლის ფერფლით და წერილით: “აი ფერფლი, თქვენ იცით როგორ უნდა მოიქცეთ.” ტომ სტორიმ ურნა დაიტოვა და ტბების მხარეში, ერთ საიდუმლო ადგილას მოაფრქვია. პოტერს არ სურდა იმ ადგილის შესახებ ვინმეს გაეგო, ვინაიდან განსაკუთრებით უფრთხილდებოდა იქაურობის პირველქმნილ სილამაზეს და ტურისტების სანახაობად არ ემეტებოდა. ტომ სტორი კი უეცრად გარდაიცვალა, საკუთარ შვილსაც ვერ მიასწავლა ის ულამაზესი ადგილი, რომელიც ალბათ დღესაც ისეთივე მშვენიერია, როგორც ასი წლის წინ, ტბების მხარე კი კვლავ აღაფრთოვანებს მნახველს, როგორც ბაჭია პიტერზე გამოცემული წიგნები.

P.S ამ საოცარი ავტორისა და ილუსტრატორის შესახებ 2006 წელს რეჟისორმა კრის ნუნანმა გადაიღო ბიოგრაფიული დრამა „მის პოტერი.“ ფილმში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და იუენ მაკგრეგორი ასრულებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი