პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პრაქტიკული წერა: სამოტივაციო წერილი

სკოლაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებში წერითი აზროვნების კულტურის გამომუშავებას. თუმცა ნაკლები ყურადღება ექცევა წერითი უნარების იმ მიმართულებით დახვეწას, რაც გარესამყაროს მოთხოვნებს მიესადაგება. მაგალითისთვის,  მასწავლებლების დიდ ნაწილს უჭირს ისეთი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა, როგორიცაა, წლიური გეგმა (კურიკულუმი, სილაბუსი), გაკვეთილის სცენარი, შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი, კათედრის სემესტრული ანგარიში, რეზიუმე, სამოტივაციო ესე, განცხადება და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ მრავლად მოიძებნება ერთგვარი გზამკვლევები, თუ რომელ კრიტერიუმებს უნდა ერგებოდეს აკადემიური წერის ესა თუ ის მიმართულება, არ არსებობს ერთიანი საგანმანათლებლო ხედვა, როგორ უნდა ვისწავლოთ და/ან ვასწავლოთ ზემოაღნიშნული დოკუმენტების მსგავსი მიზნობრივი ტექსტების წერა.

 

აკადემიური წერის ელემენტებით გაჯერებული წერითი დავალებები მოითხოვს, რომ მოზარდებმა შეძლონ არგუმენტირებული ესეს, შედარებითი ანალიზის, რეფლექსიის და სხვა მსგავსი წერითი ნაშრომის შექმნა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, სწავლების მეთოდები არაერთგვაროვანი და დამაბნეველია, რადგან ზემოაღნიშნული ნამუშევრების სტრუქტურა და შინაარსი სცდება წინა საუკუნისთვის დამახასიათებელი ე.წ. თემების ნიშას და ამის გააზრება მოსწავლეებთან ერთად მათ აღმზრდელებსაც სჭირდებათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცე სავსეა რჩევებით, თუ როგორ უნდა შევადგინოთ სამოტივაციო ბარათი, ელექტრონული წერილის ტექსტი და რეზიუმე (CV), ზემოაღნიშნული დოკუმენტების შედგენა მაინც ბევრს უჭირს. სამოტივაციო წერილის გაგზავნა მარტო სასურველ ვაკანტურ სამუშაო ადგილზე კი არა, პროფესიული განვითარების პროცესშიც ( უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (საზღვარგარეთ), სტიპენდიის მისაღებად, სტაჟირების გასავლელად, ე.წ. სტუდენტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად, სამაგისტრო საფეხურზე საგამოცდო კომისიისთვის წარსადგენად და ა.შ.) გვიწევს. მისი დახმარებით დამკვეთს შეუძლია პოტენციური თანამშრომლის დისტანციურად გაცნობა, მასზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა, რის საშუალებასაც რეზიუმე (განათლებისა და საქმიანობის მოკლე აღწერა) ნაკლებად იძლევა.

 

პირველად სამოტივაციო ბარათი ერთ-ერთი საკმაოდ პრესტიჟული ორგანიზაციისთვის შევადგინე. სამწუხაროდ, აღნიშნულ ვაკანსიაზე არ ამიყვანეს, თუმცა უამრავი რჩევის მოსმენისა თუ სანიმუშო წერილის გადაკითხვის შედეგად მიღებული გამოცდილება მორიგი ნაბიჯების გადადგმის პროცესში ნამდვილად დამეხმარა. რაღაც დროის განმავლობაში  სამოტივაციო ბარათების წერა ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ყოველი იმედგაცრუების შემდეგ უფრო ხარისხიანი (ლაკონური, დახვეწილი, ენამოსწრებული…) სამოტივაციო ბარათი იწერებოდა, თუმცა მასში უფრო გარკვევით  მოჩანდა მოტივაციის ძირგამძვრალი ფიალა. ბოლოს ისე ,,გავლაღდი“, რომ  ერთ-ერთ მეტნაკლებად შემოქმედებით ვაკანსიაზე ლექსად შეთხზული სამოტივაციო წერილი გადავაგზავნე:

 

სამოტივაციო ბარათი

 

დღეს ვიწონები:

არაფრისმთქმელ, სუფთა ფურცელზე

გადმოვცალე ჩემი ხურჯინი (მძიმე არ იყო)

და ვახარისხებ:

მოკლე გზებს და მძიმე ნაბიჯებს,

ტალახში ჯერვერგადგმულ ფესვებს

(მიწას ვინ ჩივის),

ხმამაღლობას და ხმის ჩაწყვეტებს…

ამ გზაზე ყველა ჩამვლელს ვაჩერებ,

ვეკითხები,

ისიც მარიგებს:

წესი პირველი:

ვერ(გა)მოსავლის მძიმე ზვავი

გამოცდილი სიტყვათმსვლელივით ავირიდო,

გზა გავაგრძელო!

დახრილ მზერასთან -კორექტურა: დაგიჯერებენ!

მოტივაცია მოტივია,

ყურს თუ დაუგდებს,

საკუთარ თავს, ხმას ააყოლებ.

წესი მეორე:

თუ გაგეპარა ემოცია, სითბო, სირბილე,

შეკვეც-შეკუმშე, სხვა ფურცელზე გადაანაცვლე.

მწვანილივით შეაწყვიტე შემჭკნარი სიტყვა

და სუნელივით მოაყარე

მუდამ მზადყოფნის, მონდომების, პუნქტუალობის

პუნქტუაცია.

წესი მესამე:

სწორად, გამოთქმით გამოკვეთე შენი სახელი,

არ დაგეფანტოს!

თანხმოვნების კაუჭი მოსდე ორხმოვანებას

და მისამართის კანტით შეფუთე.

მერე აწონე, რამდენ კილო-მეგა-ბაიტებს

იწონის შენი ფარატინა,

სუნთქვის ოცდაათ წელიწადზე

გამრავლებული.

 

გაგიკვირდებათ და, გასაუბრებაზე დამიბარეს. მართალია, საბოლოო ჯამში, ისევ სამსახურის გარეშე დავრჩი, რადგან გარკვეულ დეტალებზე ვერ შევთანხმდით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად გასაუბრებაზე სწორედ ამ უჩვეულო სამოტივაციო ბარათის წყალობით მოვხვდი.

 

ზემოაღნიშნული შემთხვევის მიუხედავად, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავს ,,გადახვევებს“, რადგან სამოტივაციო წერილი ოფიციალური დოკუმენტია. ისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე და არ განაზოგადოთ სათქმელი. ბარათი არ უნდა წარმოადგენდეს რეზიუმეში მოცემული ინფორმაციის მხატვრულ ვარიანტს, თუმცა აუცილებელია ტექსტის რამდენიმე აზრობრივ აბზაცად დაყოფა.

 

ხშირად ორგანიზაციები ვაკანსიას თან ურთავენ სპეციალურ ბლანკს ან მითითებებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ სამოტივაციო წერილის შედგენის დროს.  გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული რჩევების ერთგვარ რეზიუმეს:

 

I ნაბიჯი

განმარტეთ, საიდან მიიღეთ ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის/კურსის/სემინარის შესახებ, ანუ რაზე აკეთებთ განაცხადს (აუცილებლად უნდა ჩანდეს, რომ კარგად იცნობთ იმ სივრცეს, რომლის ნაწილად ქცევაც გსურთ). შემდეგ არგუმენტებით გაამყარეთ თქვენი დაინტერესების მიზეზები და შესაძლებლობები, რაც პოტენციურ დამსაქმებელს თუ საგანმანათლებლო ინტანციას ,,აიძულებს“ თქვენით დაინტერესდეს. სამოტივაციო წერილი საკუთარი თავის რეკლამირების ერთგვარი საშუალებაა. ამისათვის საჭიროა, ხაზი გაუსვათ თქვენს სამუშაო გამოცდილებას ან პოტენციალს. წარმოიდგინეთ თავი დამქირავებლის/ დამფინანსებლის ადგილას და ივარაუდეთ, რა მოხიბლავს მას ვაკანური სამუშაო ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურის ძიების პროცესში. ამისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ორგანიზაციის/ მისი მმართველის შესახებ.

 

საკუთარ თავზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიცვათ ზომიერება, იყოთ გულწრფელი და თქვენი მონათხრობი ზღაპარს არ დაემსგავსოს. შეგიძლიათ ახსენოთ დადებითი თვისებები, ოღონდ მხოლოდ პროფესიული საჭიროების ჭრილში. მაგალითად, ხაზი გაუსვათ გუნდური მუშაობის უნარს, რაც, კონკრეტული ვაკანსიის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს და არა – თავის ქებას. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ სუსტ მხარეებზეც. თუმცა მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების სურვილი კი არ უნდა დააფიქსიროთ, არამედ იქონიოთ ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის ამოქმედებასაც აღნიშნული ვაკანსია შეუწყობდა ხელს.

 

II ნაბიჯი

სამოტივაციო წერილში აუცილებლად უნდა ჩანდეს, რატომ დაინტერესდით N ორგანიზაციით და მის მიერ გამოცხადებული ვაკანსიით. თქვენი ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული განვითარების, გამოცდილების შეძენისა და კარიერული წინსვლის სურვილმა, ასევე – მატერიალურმა მხარემ ან ყველაფერმა ერთად. არ მოგერიდოთ დაინტერესების მიზეზის გამჟღავნება, მთავარია თქვენი მოტივაცია ლამაზად ,,შეფუთოთ“ და კომპანიის ხედვას ისე მოარგოთ, რომ თქვენი მიზანდასახულობა არსებული საქმის ხარისხიანად შესრულების წინაპირობას წარმოადგენდეს.

 

III ნაბიჯი

შეიძლება ფიქრობთ, რომ გამოცდილებისა და უნარების მიხედვით, თქვენ იდეალურად ერგებით აღნიშნულ ვაკანსიას, მაგრამ მაინც არ აგიყვანონ. ამისათვის საჭიროა დამქირავებელს კარგად დაანახოთ, თუ კონკრეტულად რას შეჰმატებს თქვენი პოტენციალი მის ორგანიზაციას, ანუ წარმოადგინოთ იდეები, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებდა არა მარტო თქვენს, არამედ კომპანიის მომავალსაც.

 

ბოლო აბზაცში სამომავლოდ თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობეთ თქვენი წერილის ადრესატს (ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას) და გამოხატეთ პატივისცემა მის მიმართ, როგორც ამას ჩვეულებრივ წერილის ფორმატი ითვალისწინებს.

 

ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო წერილის ვიზუალურ მხარესაც. აღნიშნული დოკუმენტის ბეჭდური ვერსია არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ერთ, ცალკეულ შემთხვევებში, ორ გვერდს. აუცილებელია ტექსტის თანმიმდევრულ, აზრობრივ აბზაცებად დაყოფა და კორექტირება, ავტორის ხელმოწერა (თუ ბეჭდურ ვერსიას ვაგზავნით და არა – ელექტრონულს), ავტორისა და ადრესატის მისამართების სრულად, უშეცდომოდ მითითება და ა.შ. გამოიყენეთ ერთი ფონტი (ყველაზე მისაღები ვარიანტია ,,Sylfaen“). რაც შეეხება შრიფტის ზომას, ოფიციალური დოკუმენტების უმრავლესობა იბეჭდება 11 ზომის შრიფტით. ამას გარდა, თუ ინფორმაციის წყაროდ მოიხმობთ ფიზიკურ პირს, მიუთითეთ მისი პროფესიული სტატუსი (სამუშაო ადგილი, თანამდებობა), რათა მეორე მხარემ ადვილად შეძლოს წყაროს სანდოობის გადამოწმება.

 

ვრცელი (400-450 სიტყვა) მოტივაციო ბარათი, აკადემიურ ნაშრომთან და რეზიუმესთან ერთად, მაგისტრანტობის კანდიდატის პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილია. გავბედავ და ნიმუშად შემოგთავაზებთ ჩემ მიერ შედგენილ სამაგისტრო პროგრამაზე წარსადგენ სამოტივაციო ესეს, რომელმაც N უნივერსიტეტის საგამოცდო კომიისიისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა:

 

 

 

სამოტივაციო წერილი

სახელი, გვარი: თამთა დოლიძე

პირადი ნომერი: ………………………………………..

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: ………………………………………………….

მისამართი (ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერი)

ტელეფონის ნომერი: …………………………………

თარიღი:

 

N უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დავინტერესდი. აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადის შემოტანამდე ვაწარმოე ერთგვარი კვლევა და დავასკვენი, რომ პროფესიული ზრდისა და ახალ საგანმანათლებლო გამოწვევებთან გამკლავებისთვის საჭირო ცოდნასა და აკადემიურ უნარ-ჩვევებს სწორედ ზემოხსენებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩემ მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამის დახმარებით შევიძენ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ აქ ურთიერთთანამშრომლობითი და მუდმივად განვითარებადი საგანმანათლებლო გარემო დამხვდება.

პროფესიით ფილოლოგი (ლიტერატორი) განათლების სფეროში უკვე შვიდი წელია ვმოღვაწეობ. ამჟამად ვასწავლი ,,ათასწლეულის სკოლაში“, ვხელმძღვანელობ საგნობრივ კათედრას და ვთანამშრომლობ საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთთან ,,მასწავლებელი.ჯი“. რამდენიმე წლის წინ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის სპეციალისტის სტატუსით ვაკვირდებოდი განათლების სამინისტროსა და აღნიშნული ცენტრის მიერ განხორციელებული თანამედროვე სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს, რამაც ჩემი საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესება გამოიწვია.

ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურმა ჩართულობამ გარკვეული გამოცდილება შემძინა. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე უკვე ბევრი რამ ვიცოდი ინოვანიური სასწავლო მეთოდების, დოკუმენტაციის წარმოებისა თუ კლასის მართვასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ და სასკოლო სისტემასაც ადვილად მოვერგე.  საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილებას კოლეგებსაც ვუზიარებ, მათ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ვეხმარები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროცესების ეფექტურად წარმართვას შევძლებ.

განათლების  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში ჩართვის სურვილი დიდი ხანია მაქვს, თუმცა, სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორის გამო, ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება მხოლოდ ახლა მომეცა. ვფიქრობ, ჩემი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები დააკმაყოფილებს სკოლის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტანდარტს.

იმედი მაქვს, N უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მივიღებ სისტემურ ცოდნას განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებული თეორიებისა და კონცეფციების შესახებ; დავეუფლები ლიდერობისთვის საჭირო თანამედროვე ტენდენციების შესაბამის მენეჯერულ უნარებს; საჭიროების შემთხვევაში, შევძლებ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, საგანმანათლებლო პრობლემების დროულად შემჩნევასა და ეფექტური გზით მათ გადაჭრას, ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს შექმნას, საჭირო კადრების მოზიდვასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას,  სოციალური თუ აკადემიური პროექტების მხარდაჭერას და სასკოლო საჭიროებებზე ფინანსური რესურსის ეფექტურად გადანაწილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებას.

მჯერა, რომ სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ, სასკოლო სისტემის მართვისა და გაუმჯობესების პროცესში საკუთარი წვლილს შევიტან. ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკადემიური სირთულეების დაძლევა, მაგალითად: მოსწავლეთა ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული, აკადემიური უნარების თანაბარ განვითარებაზე აქცენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ინკლუზიური სასწავლო სივრცისა და პროგრამების შექმნა; თვითრეგულირებადი სწავლის მთავარი პრინციპების დანერგვა; ფორმალურ გარემოში არაფორმალური სწავლის ცალკეული მიმართულებების (დისტანციური სწავლა, კლუბური სისტემა, შემოქმედებითი/სოციალური აქტივობები) პოპულარიზაცია; წიგნიერების ხელშეწყობა (სამკითხველო სივრცის მედიაწიგნიერების განვითარებისთვის საჭირო ტექნიკური რესურსითა და მრავალფეროვანი ბეჭდური გამოცემებით მომარაგება, ამავე გარემოში თემატური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება…) და სხვ.

იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ თქვენს უნივერსიტეტში მივიღებ სასურველ პროფესიულ განათლებას და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს საფუძვლიანი ცოდნით შეიარაღებული დავხვდები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი