შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა წარმოადგენს შფოთვით აშლილობას და აღმოცენდება ადამიანის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ძლიერი მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების, მაგალითად, ომის, ბუნებრივი კატაკლიზმის, კატასტროფის, ტერორისტული აქტის, ძალადობის, წამების, ოჯახში სასტიკი მოპყრობის შედეგად. ამ დროს ადამიანი ხელახლა განიცდის ამ მოვლენას სიზმრებსა და მოგონებებში, გაურბის იმ ხალხსა და გარემოსთან ურთიერთობას, რომელსაც ტრავმასთან აკავშირებს და შფოთვის მაღალი დონის გამო ვერ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვას.

პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე შემდეგი ნიშნები მიუთითებს:

▪ ინდივიდი მოწმეა ან უშუალო მონაწილეა ისეთი მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია რეალურ დაზიანებასთან, სიკვდილთან ან დაზიანებისა და სიკვდილის საფრთხესთან, თავად მის ან მის გარშემო მყოფ სხვა პირთა ფიზიკური განადგურების საშიშროებასთან; ინდივიდის პასუხი მატრავმირებელ მოვლენაზე მოიცავს შიშს, უსუსურობის განცდას, ძრწოლას; ბავშვებთან ეს შესაძლოა გამოვლინდეს აჟიტირებული და დეზორგანიზებული ქცევით;

▪ მატრავმირებელი მოვლენის ინტენსიური მოგონება ხატების, აზრების, კოშმარების სახით, ფლეშბეკები – გადატანილი უბედურების დეტალური გახსენება. ბავშვებთან ხშირია განმეორებითი თამაში ამ მოვლენასთან დაკავშირებულ თემებზე;

▪ მატრავმირებელ მოვლენასთან დაკავშირებული მოქმედებებისთვის, ადამიანებისთვის, აზრებისა და საუბრებისთვის თავის არიდება;

▪ გულგრილი დამოკიდებულება და სხვებისგან გაუცხოება, იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რომელიც ადრე სიხარულს ჰგვრიდა; ემოციის დიაპაზონის შეზღუდვა – სიხარულის, სიყვარულის, სექსუალობის განცდის დაკარგვა; მომავლის დაგეგმვის სურვილის უქონლობა. ზოგ შემთხვევაში ინდივიდს აქვს დისოციაციის სიმპტომები, უჭირს საკუთარი თავის აღქმა;

▪ შიში და დანაშაულის განცდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო შფოთვის დონე იმდენად მაღალია, რომ უბრალო შეხებაზეც კი შესაძლოა პანიკის შეტევა დაეწყოს. უჭირს ძილი და ყურადღების კონცენტრაცია. ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ, სხვებისგან განსხვავებით, გადარჩა ან აწუხებს დანაშაულის განცდა იმ საქციელის გამო, რომლის ჩადენა მოუხდა თავის გადასარჩენად.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაწყებისა და მიმდინარეობის მიხედვით რამდენიმე სახეობად იყოფა.

▪ მწვავე სტრესული აშლილობა გულისხმობს სტრესორზე შფოთვითი და დისოციაციური სიმპტომების გამოვლენას 1 თვის განმავლობაში;

▪ ქრონიკული სტრესული აშლილობისას სიმპტომები ვლინდება 3 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში;

▪ გადავადებული სტრესული აშლილობის დროს სიმპტომები იწყება ტრავმული მოვლენიდან 6 თვის შემდეგ.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ადამიანს შესაძლოა დაემართოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობის ჩათვლით.
რატომ ემართებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს და არა მატრავმირებელი ამბის ყველა მონაწილეს? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა შეისწავლეს ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები, გადარჩენილთა პიროვნული თვისებები, მათი ბავშვობის გამოცდილებები, სოციალური სისტემების მხარდაჭერა და ტრავმის სიმძიმის ხარისხი. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სასტიკ მოპყრობას, შეადგენენ მოწყვლად ჯგუფს. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ინდივიდები მატრავმირებელი მოვლენის დროს განსაკუთრებით დაუცველები ხდებიან.

ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას გარეგან ფაქტორებს აკისრებენ, უფრო მეტად მწვავე სიმპტომები აქვთ, ვიდრე ინტერნალებს, რომლებსაც სჯერათ, რომ თავად მართავენ საკუთარ ცხოვრებას.

სოციალური მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში დადებითად მოქმედებს. მატრავმირებელი მოვლენის მსხვერპლი, რომელიც მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას გრძნობს, უფრო მეტად ცდილობს, დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.

ხშირად რაც უფრო მძიმეა ტრავმა, მით უფრო მეტია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამოვლენის საფრთხეც. განსაკუთრებით მაღალია რისკი მძიმე ფიზიკური ტრავმების დროს.

დღესდღეობით მკვლევრები მუშაობენ გენების როლის დადგენაზე შიშის შესახებ მოგონებების შექმნაში. მაგალითად, გასტრინის გამომყოფი პეპტიდი გადასცემს სიგნალებს ტვინს და მას შიშთან გამკლავებაში ეხმარება. როგორც კვლევებმა აჩვენა, თაგვებს, რომლებსაც ეს პეპტიდი არ გააჩნიათ, შიშის შესახებ მოგონებები უფრო მეტხანს უგრძელდებათ. გენი 5-HTTLPR, რომელსაც “ბედნიერების გენს” უწოდებენ, პასუხობს ჰორმონ სეროტონინის გავრცელებას ნერვულ უჯრედებში და კავშირი აქვს შიშის საპასუხო რეაქციასთან.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას. კოგნიტურ-ქცევითი თერაპია რამდენიმე ნაწილს მოიცავს. წარმოსახვითი ექსპოზიცია თერაპიის ნაწილია, რომელიც ადამიანებს ეხმარება თავიანთი შიშის გაგებასა და მართვაში, ითვალისწინებს განცდილი მატრავმირებელი ამბის ზეპირ წარმოსახვას ან მის შესახებ წერას, შემთხვევის ადგილის სტუმრობას მანამდე, სანამ შფოთვის დონე არ დაიკლებს და ის არ განიცდება როგორც წარსული და არა მოვლენა, რომელიც ისევ და ისევ ხდება. სტრესის მართვის ტრეინინგის დროს ადამიანს ასწავლიან შფოთვასთან გამკლავებას, რაც პტსა-ს სიმპტომებს ამცირებს.

მასობრივი კატასტროფის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი ზარალდება, მნიშვნელოვანია, მათ აღმოუჩინონ ძირითადი დახმარება: გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას, საჭიროების შემთხვევაში შეახვედრონ ექიმს, მიაწოდონ წყალი და საჭმელი, უზრუნველყონ მათი კონტაქტი მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან და შეისწავლონ, რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი