ავტორი: თამთა დოლიძე
წიგნიერების ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კითხვის საათის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპიუტერის, ტაბლეტისა თუ სმარტფონის ეკრანს მიჯაჭვული ახალი თაობისთვის ორ ყდას შორის მოქცეული თავგადასავლების მოკრძალებული ხიბლი დღითიდღე უფერულდება. მე კი ჩემს პატარა „სამზარეულოში” ხანდახან მაინც ვახერხებ გასული საუკუნის შემოტყუებას.
პატარების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად: სასურველი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის მოკლე მიმოხილვის ჩვენება, როლური თამაში, თოჯინების თეატრის შექმნა და წიგნის პერსონაჟების გაცოცხლება…
ამას წინათ ინტერნეტსივრცეში ახალი ანიმაციური ფილმი გამოჩნდა.https://naxe.org/load/animaciuri/patara_uplistsuli_kartulad_the_little_prince_multfilmi_patara_ufliswuli_qartulad/3-1-0-4832 მეც შესაძლებლობა მომეცა დავბრუნებულიყავი ჩემთვის ყველაზე ამოუწურავი უასაკო წიგნის სამყაროში და კიდევ ერთხელ მემოგზაურა „ყველაზე მშვენიერ და სევდიან პეიზაჟში”, ოღონდ ამჯერად პატარა თანამგზავრებთან ერთად.
ბავშვებს ჯერ ანტუანზე ვუყვები – ორი საუკუნის გზაგასაყარზე (1900 წ.) დაბადებულ პატარა უფლისწულზე, რომელიც დაქვრივებულმა დედამ ექვს შვილთან ერთად რის ვაივაგლახით გაზარდა.
ახალგაზრდა ეკზიუპერის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაშინ დადგა, როცა ანტუანი ჯარში გაიწვიეს (1921 წელი) და პილოტთა კურსზე გაანაწილეს. ერთი წლის შემდეგ მომავალმა მწერალმა მფრინავის მოწმობა, მოგვიანებით კი – კომპანიაში „აეროპოსტალი” პილოტის ადგილიც მიიღო (მას საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე). ანტუანი პარიზში დასახლდა. დედაქალაქში დაიწყო მისი, როგორც მწერლის კარიერაც. 30-იან წლებში „აეროპოსტალის” ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ჟურნალისტისა და კორესპონდენტის საქმიანობასაც ითავსებდა.
„პატარა უფლისწული” წარსულისა და აწმყოს გასაყარზე მდებარე ბავშვური გულუბრყვილობისა და უსაზღვრო ფანტაზიის პლანეტიდან გახლავთ. სამშობლოდან გადახვეწილ მწერალს სასოწარკვეთის უდაბნოში ერთმანეთისთვის შეუხვედრებია ბავშვობის მთავარი მოგონება – „ცოტათი დაბერებული” საკუთარი თავი და ყველაფრის შეცვლის იმედი.
პატარა ანტუანი წუხს, რომ დიდებს ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა. იქნებ სჯობდეს, არასდროს გაიზარდო და პატარა უფლისწულად დარჩე. თან, თუ მხოლოდ შენ შეგიძლია ქუდის სილუეტში მახრჩობელა გველის მუცელში გამომწყვდეული სპილოს დანახვა, მეგობრის პოვნაც გიძნელდება. ერთხელაც მოგბეზრდება საკუთარ თავთან გულითადი საუბრის გამართვა და ფანტაზიის სამეფოც მზადაა გადარჩენის გაკვეთილების ჩასატარებლად.
დიდების გასაგონად ვიტყვი, რომ პატარა უფლისწული „ასტეროიდი ბ–612–ის” ბინადარი გახლავთ. თუმცა ახლა ხომ დიდებისთვის არ ვირჯები, ბავშვებს კი პატარა უფლისწულის არსებობაში დასარწმუნებლად მისი ახალი მეგობრის მიერ დახატულ ყუთში ჩაძინებული ბატკნის დანახვაც ჰყოფნით.
„სანამ ბაობაბი დიდი ხე გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა”; ადამიანიც, სანამ დიდი გაიზრდებოდეს, პატარაა. სიცოცხლე ცხოვრების ყველაზე საინტერესო საფეხურიდან იწყება და ყველა ამ საფეხურზე რაც შეიძლება დიდხანს გაჩერებას ნატრობს. პატარა უფლისწულს გაზრდა არ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, იგი ამ იმედით აგრძელებს მოგზაურობას ერთი მკითხველის წარმოსახვიდან მეორისაში.
წიგნის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, პატარა მსმენელებს მელიისა და უფლისწულის შეხვედრის ამბავს ვუკითხავ. ,,პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ”, ამიტომაც შემოვლითი გზებით შევეცდები გამოუცდელი აუდიტორიის გულამდე ყველაზე მთავარი სათქმელის მიტანას. ჯერ მელიის ტყავში შევძვრებით, მერე – უფლისწულისაში, მეგობრებსაც ვიპოვით და ,,მოვიშინაურებთ”… მერე რა, რომ ეს სიტყვა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.
სანამ ბავშვებს წიგნის ილუსტრაციებს და მის ეკრანიზაციას ვაჩვენებდე, ჯერ ვთხოვ, თავად წარმოიდგინონ და დახატონ ახლადდამეგობრებული პერსონაჟები. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ოცდამეერთე საუკუნის თვალით დანახული ასი ათასი სხვა მელიისგან გამორჩეული – ერთადერთი, მოშინაურებული მეგობარი და ყანის შრიალივით იდუმალი ოქროსფერთმიანი მოგზაური.