ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფერის დაბადება და  21-ე საუკუნის ფერწერა

მსოფლიოს ენებზე სიტყვა „მხატვრობას“ უამრავი სინონიმი აქვს, მაგრამ ხელოვნების ამ დარგს ყველაზე მეტად მაინც „ფერწერა“ შეესაბამება: მხატვარი ფერებით წერს იმას, რისთვისაც სხვები სიტყვებს იყენებენ. კიდევ ერთი: განცდისა თუ გამოხატვის ეს მეთოდი გაცილებით ძველია, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი თუ მივიწყებული დამწერლობა.

ჩვენმა წინაპარმა თავდაპირველად გამოქვაბულის კედლებზე დაიწყო ხატვა – უფუნჯოდ და უსაღებავოდ, ნახშირისა და ფანტაზიის ამარა. თანდათან შეამჩნია, რომ მისი ნახელავი რეალურ სამყაროსავით ფერადი არ იყო და ფერების ძებნას მიჰყო ხელი. ბევრი ეძება თუ ცოტა, მიწაში მიაგნო: ნიადაგს ზოგან ისეთივე ფერი ჰქონდა, როგორიც აქვს მოწმენდილ ცას, ფოთლებს გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, ზოგან კი სისხლისფერიც დაჰკრავდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა ფერადი მინერალები. იმ დღიდან დედამიწა მისთვის მარტო ხორცის კი არა, სულის საზრდოც გახდა.

ცხადია, მინერალების მოპოვება არ კმაროდა – ისინიც ნახშირივით რბილი როდი იყო, რომ კედელზე ერთი ჩამოსმით დაეტოვებინა კვალი. ადამიანს ახალი თავსატკივარი გაუჩნდა. ქვის ფილთაქვა უკვე ჰქონდა. ადგა და მინერალების ხორბალივით დაფქვა დაიწყო. არ აღმოჩნდა მთლად იოლი საქმე, მაგრამ წადილმა აჯობა. უღირდა ჯაფად. ერთი კია – ყოველი ახალი მიგნება ახალ პრობლემას ბადებდა, მინერალის ნაფხვენი ცერცვის მარცვალივით არ ჩერდებოდა კედელზე. ადამიანმა აქაც იპოვა გამოსავალი: აღმოაჩინა, რომ ზეთში ან კვერცხის ცილაში შერევის შემდეგ ნაფხვენის კედელზე წასმა შეიძლებოდა. ასე გაჩნდა პირველი შემკვრელი მასალა ლაქ-საღებავების ტექნოლოგიაში. მალე ეს „დარგი“ ორად გაიყო: ვისაც ფილთაქვა ფუნჯზე მეტად უჭრიდა, საღებავების დამზადებას მიჰყო ხელი, ვისაც პირიქით – ხატვას.

ასე დაიბადა ორი ურთიერთგანსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი: ქიმიაში – ქიმიური ტექნოლოგია, ხელოვნებაში – ფერწერა. მას შემდეგ პირველმა ტექნოლოგიის უამრავ სახეს დაუდო დასაბამი, მეორემ კი – მხატვრობის არაერთ მიმართულებას. ეს ორი დიამეტრულად განსხვავებული სფერო ერთმანეთის პარალელურად ვითარდებოდა და ხშირად ერთმანეთის წინსვლის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

როცა რენესანსის ტილოებს უცქერი, ავტორთა ხელისა და გონების ოსტატობასთან ერთად გაკვირვებს ფერთა გამაც. იმდროინდელი საშუალებების გათვალისწინებით, ეს თითქმის ჯადოქრობის ტოლფასია… დღეს კი, პირიქით, პიგმენტების რაოდენობაა გასაოცარი.

ფერის გენერირების ტექნოლოგიამ დიდი გზა და არაერთი ეტაპი გამოიარა. მე-20 საუკუნემდე ფერის მიღების მხოლოდ ერთი, ქიმიური მეთოდი არსებობდა. ადამიანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერ მინდორ-ველად დაეძებდა მინერალების ბუდობებს, მერე თავადაც ისწავლა სხვადასხვა ნაერთის ურთიერთშერევით ფერადი ნივთიერებების მიღება. ორგანული ქიმიის ჩამოყალიბებამდე უმთავრესად ბუნებრივი თუ სინთეზური წარმოშობის არაორგანულ პიგმენტებს იცნობდნენ. მათი ასორტიმენტი და ფერთა გამა არ იყო დიდი. სასურველი ფერის დეფიციტს პალიტრაზე ფერთა შერევის ტექნიკა ავსებდა. ორგანული ქიმიის განვითარების შემდეგ, მე-19 საუკუნის ბოლოდან, გაჩნდა ახალი თაობის ორგანული საღებრები, რომელთა გამოყენების არეალმაც ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგი მოიცვა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ფერის „წარმოქმნის“ ქიმიურ მეთოდს ციფრულ-ელექტრულიც დაემატა. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით კითხულობთ ახლა ამ ბლოგს ფერად ეკრანზე, სურათის გადაღებისას აღარ გიწევთ ფოტოაპარატში ფირის ჩადება/შეცვლა. ციფრული ფერების რაოდენობამ არნახულ რაოდენობას მიაღწია.

თხევად-კრისტალურ ეკრანზე ფერის წარმოქმნას სამი პატარა შუქდიოდი – ე.წ. პიქსელი უზრუნველყოფს. ერთი მათგანი ლურჯად ანათებს, მეორე – წითლად, მესამე – მწვანედ. მათი ფერის ინტენსიურობა მიწოდებული დენის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც ციფრული მონაცემებით 0-დან 255-მდე იცვლება. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით მივიღებთ, რომ თხევადკრისტალურ მონიტორს შეუძლია 16,777,216 ფერის გენერირება, რაც ჩვენი თვალის გარჩევადობაზე გაცილებით მეტია.

ციფრული ფერების გაჩენასთან ერთად დაიბადა ფერწერის კიდევ ერთი მიმდინარეობა – კომპიუტერული გრაფიკა. სურათის შესაქმნელად აღარ არის საჭირო ტილო, საღებავი, პალიტრა, ფუნჯი. უფრო სწორად, მათ როლს კომპიუტერის ეკრანი, ციფრული ფერთა პალიტრა და თაგუნა ან სხვა მსგავსი მოწყობილობა ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური და ციფრული ფერები თვისებრივად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი რამ მაინც აქვთ საერთო: ორივე მათგანი ინფორმაციას ინახავს ბრტყელ ზედაპირზე. პეიზაჟის დახატვაც და ფოტოს გადაღებაც ინფორმაციის შენახვაა ორ განზომილებაში.

ჩვენ სივრცეში – სამ გაზომილებაში არსებობას ვართ მიჩვეული და ნებისმიერი ნახატი თუ ფოტოსურათი სიბრტყეზე სივრცის პროექციას წარმოადგენს. ეს საერთო „დიდი ნაკლი“ აქვს რენესანსის ეპოქისა თუ თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის შედევრებს.

თუმცა კირკიტა ადამიანებს რა გამოლევს… გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩინეს, რომ ზედაპირზე გამოსახულების ჩაწერა ჰოლოგრაფიულადაც შეიძლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პოლიმერისა და სპეციალური საღებრის ბაზაზე დამზადებულ მასალაზე გამოსხივების სამი პარამეტრი: სიხშირე, ინტენსიურობა და ფაზა, – იწერება. სამი პარამეტრი კი სამგამზომილებიანი სურათის მიღების საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიით ვინმეს რომ სურათი „გადაუღოთ“ ცილინდრულ ფირზე, გარს შემოვლისას მის ყველა მხარეს დაინახავთ – თითქოს ის ნამდვილად იდგეს თქვენ წინაშე. აქვე დავძენ, რომ ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი ქართველი ფიზიკოსი შერმაზან ყაყიჩაშვილია. მისი დაარსებული ლაბორატორია კვლავაც ფუნქციონირებს კიბერნეტიკის ინსტიტუტის ძველ კორპუსში (დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო), სადაც შეგიძლიათ იხილოთ სამგამზომილებიანი ფერწერის უნიკალური ნიმუშები, ნამდვილი შედევრები. შედიხართ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და კედელზე ხედავთ სურათის ცარიელ ჩარჩოს. არც მინა აქვს, არც ტილო ჩანს სადმე. საკმარისია, ჩართოთ სპეციალური პოლარიზებული სხივი, რომ ჩარჩო უმალ სურათად იქცევა. თანაც მასზე გამოსახული სხეული იმდენად რეალისტურია, რომ შეხების სურვილიც კი გიჩნდება… ეს ტექნოლოგია უკვე იმდენად სწრაფად და ფართოდ იკიდებს ფეხს სხვადასხვა სფეროში, რომ მომავლის ფერწერაშიც აუცილებლად პოვებს გამოყენებას.

დასასრულ, მინდა ისევ რენესანსის ეპოქას დავუბრუნდე. როდესაც რაფაელის, ტიციანის, ბოტიჩელის, ჯოტოს, ვაზარისა და სხვათა ქმნილებებს ვუყურებ, აღფრთოვანებასთან ერთად გულზე ლოდის სიმძიმესაც ვგრძნობ: ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაწურა ღვინო, რენესანსამდე მთელი ცხრა საუკუნით ადრე შექმნა ანბანი, ახალი გამოწვევაც – ქრისტიანობა – ბევრ სხვა ერზე ადრე მიიღო. მაშ, მერე რად გავიყინეთ? სად გაცამტვერდა რენესანსის ეპოქა ჩვენთვის? ალბათ, ხმლის ქნევასა და სისხლისღვრაში, მონობასა და თავდაღწევაში, შინაური თუ გარეშე მტრის მოგერიებაში, დასვენების ჟამს კი – სულის ძლივს მოთქმაში.

თუ ასეა, მაშ, მშვიდობისა ყოფილიყოს პირველი 3D-ფერწერული „ტილო“, რომელიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან გამოჩნდება და შეგვახსენებს თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი