ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბავშვები „ჭკვიანი ტექნიკის“ ტყვეობაში

დღეს აღარავის უკვირს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ სმარტფონში თავჩარგული ადამიანის დანახვა. ასეთ ადამიანებს შეხვდებით ყველგან: ოჯახურ გარემოში, ტრანსპორტში, კინოში, თეატრში, ქუჩაში, სამსახურში. არც არის გასაკვირი – კომპიუტერული ტექნიკა ხომ ჩვენთვის ჩვეულებრივი მოხმარების და, თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე გამოყენებად ნივთებად იქცა. თუმცა ხანდახან შეიძლება ისეთი სცენის მოწმე გავხდეთ, რომ ნანახით გამოწვეულ გაოგნებას დიდხანს ვერ დავაღწიოთ თავი.

სწორედ ასეთ შემთხვევას შევესწარი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში – ახალგაზრდა ქალმა, მას შემდეგ, რაც დასაჯდომი ადგილი მოძებნა და თავისი სამიოდე წლის ბიჭუნაც გვერდით მოისვა, ჩანთიდან ორი სმარტფონი ამოიღო, ერთი შვილს მიაწოდა და ორივემ გატაცებით დაიწყო თამაში. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ჩასვლის დრო მოვიდა, დედამ ბავშვი ხელში აიყვანა და ისე ჩავიდა მანქანიდან, რომ თამაში არც ერთს არ შეუწყვეტია.

ბევრი იწერება და ალბათ მომავალშიც დაიწერება ადამიანის ფსიქიკაზე კომპიუტერული ტექნიკის მავნე გავლენის შესახებ. კომპიუტერზე მიჯაჭვულობა დღეს უკვე ნარკომანიის ახალ სახედ განიხილება. გაჩნდა დაავადებები, რომლებიც ექიმებს საგონებელში აგდებს და ხშირად არც კი ემორჩილება მკურნალობას. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვდგებით, როცა საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება, რაც სავსებით გასაგებია, ვინაიდან მათი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ძალზე მგრძნობიარეა და ადვილად ექცევა როგორც ადამიანების, ისე ტექნიკის გავლენის ქვეშ. კომპიუტერული თამაშების სამყარო კი ისეთი მაცდუნებელია, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოწიფულ ადამიანსაც კი უჭირს

მაინც რას შეიძლება ველოდეთ, როცა ბავშვი ვერ სწყდება კომპიუტერს და დროის უდიდეს ნაწილს მონიტორთან ატარებს?

* ვირტუალურ სამყაროში ჩაძირული ბავშვი უუცხოვდება რეალურს, კარგავს მისდამი ინტერესს, ვერ იძენს ურთიერთობის ჩვევებს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკურ განვითარებაზე, ჩნდება აუტიზმის ნიშნები;

* კომპიუტერული თამაშებით გატაცება ხშირად ხდება სწავლის, კითხვის, სპორტის, მეგობრებთან ურთიერთობის ხარჯზე, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე – როგორც ინტელექტუალურზე, ისე სოციალურზეც;

* კომპიუტერული თამაშების გავლენით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი პერსონაჟები საშინელი არსებები არიან, ბავშვს უჩნდება სიბნელის, მარტოობის, სიკვდილის შიში, იწყებს ენის ბორძიკს, აწუხებს კოშმარული სიზმრები, უძილობა, ხშირად და უმიზეზოდ ეცვლება განწყობა, ხდება აგრესიული, იმპულსური, სწრაფად იღლება. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის შემდეგ ბავშვის ფსიქიკას უჭირს იმ დატვირთვის ატანა, რომელსაც ადრე იოლად ართმევდა თავს;

* კომპიუტერული თამაშების უმრავლესობის აღმზრდელობითი ეფექტი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, ვინაიდან მათი არსი თითქმის ყოველთვის მკვლელობაზე დაიყვანება. ძალადობის სცენები, რომლებსაც ბავშვი საათობით უყურებს, მის არაცნობიერში ილექება და ადრე თუ გვიან აგრესიულობით გამოვლინდება;

* კომპიუტერული თამაშებით უზომოდ გატაცებულ ბავშვს შესაძლოა დასჩემდეს ნერვული კრუნჩხვები და ეპილეფსიური შეტევებიც კი. ასეთი თამაშების მოყვარულები ეჩვევიან „პასიური აგზნების“ მდგომარეობაში ყოფნას – როცა სიამოვნება მიიღწევა ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ იმ ქერქქვეშა სტრუქტურების აგზნებით, რომლებიც ამ ემოციას მართავს. ეს მომადუნებელ გავლენას ახდენს ადამიანზე, უკარგავს ინიციატივას, ნარკოტიკივთ მოქმედებს. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, მეტი აღარაფერი აინტერესებთ და კომპიუტერის ტყვეები ხდებიან;

* ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით იტაცებს „პრობლემურ ბავშვებს“, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, ცუდი აკადემიური მოსწრება, სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობისას… სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი ფსიქოლოგიური ბარიერი აქვს ბავშვს ცხოვრებისეულ რეალობაში, მით უფრო ღრმად იძირება ის ვირტუალურ სამყაროში. კომპიუტერული თამაშები მას რეალურ სამყაროში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების ვირტუალურ სამყაროში დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს;

* წიგნის კითხვა და, მით უმეტეს, შემოქმედებითი საქმიანობა ძალისხმევას მოითხოვს, კომპიუტერთან კი ყველაფერი მარტივადაა. ამასთან, ადამიანს რჩება საკუთარი ყოვლისშემძლეობის შთაბეჭდილება – ის „სამყაროს მბრძანებელი“ ხდება. წარმოვიდგინოთ: ბავშვი ზის მონიტორის წინ და განაგებს „პაწაწინა ადამიანების“ სიცოცხლეს. ღილაკზე თითის დაჭერით მას შეუძლია გაანადგუროს ათეულობით „მტერი“. რეალურ სამყაროში კი არაფერი შეუძლია – არც ხეზე აძვრომა, არც ხელის შებრუნება მისთვის, ვინც აწყენინა, არც თანატოლებთან ჩხუბი. მაგრამ ეს ყველაფერი მას არც სჭირდება, ვინაიდან არსებობს საკუთარი თავის სუპერმენად აღქმის გაცილებით მარტივი ხერხი. ასე გაზრდილი ბავშვი სუსტი იქნება და რეალური ცხოვრება ყოველთვის შეაშინებს. პრეტენზიების დონე ასეთ ბავშვს, წესისამებრ, საკმაოდ მაღალი აქვს, ხოლო ნებელობა, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად – არასათანადოდ განვითარებული. ასეთი ბავშვები უმცირესი სირთულის შემთხვევაშიც კი უკან იხევენ, არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა, ამიტომ ხშირად ცუდად სწავლობენ, არ უყვართ კითხვა, არ ამჟღავნებენ ინტერესს შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. რეალურ შესაძლებლობებსა და პრეტენზიების დონეს შორის შეუსაბამობის შედეგად ბავშვს უჩნდება დისკომფორტის განცდა, რაც, თავის მხრივ, შფოთიანობისა და ნევროზულობის განვითარებას უწყობს ხელს. კომპიუტერი საშუალებას აძლევს „პრობლემურ“ ბავშვებს, გაექცნენ არასასიამოვნო რეალობას და თავი გამარჯვებულად იგრძნონ. მაგრამ ვირტუალური რეალობა ნარკოტიკივით მოქმედებს და მათ თავის მორევში ითრევს, საიდანაც, სურვილის შემთხვევაშიც კი, ამოსვლა ძალიან უჭირთ;

* ბავშვი რომც არ გახდეს „კომპიუტერული ნარკომანი“, „ჭკვიანი ტექნიკა“ მაინც გამანადგურებლად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე – უპირველეს ყოვლისა, ზიანდება მხედველობა, იზრდება ახლომხედველობის ჩამოყალიბების ან უკვე არსებულის პროგრესირების რისკი. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს კომპიუტერული მხედველობის სინდრომი, რომელიც კონიუნქტივიტს მოგვაგონებს: თვალები წითლდება და ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ქვიშა შეგვაყარეს;

* იმის გამო, რომ კომპიუტერული თამაშების უმრავლესობა აგრესიასა და მკვლელობებზეა აგებული, ბავშვი ითვისებს ქცევის არცთუ სასურველ მოდელს;

* კომპიუტერული ტექნიკა, მისი არასწორი გამოყენება ამახინჯებს ბავშვის ჯანმრთელობას. ბავშვი სწავლობს აზროვნებას არა შემოქმედებითად, არამედ ტექნოლოგიურად. ხდება აზროვნების რობოტიზაცია, ქრება ემოციები, თანაგანცდა, თანაგრძნობა.

 

რეკომენდაციები ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე კომპიუტერის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად

* იმისთვის, რომ ბავშვი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან დავიცვათ, საჭიროა, შევზღუდოთ კომპიუტერთან მისი ყოფნის დრო.

* სასურველია, კომპიუტერი დაიდგას ისეთ ადგილას, სადაც დავინახავთ, რას თამაშობს ბავშვი.

* კარგი იქნება, თუ ჩვენც გავეცნობით იმ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებითაც ბავშვი ერთობა.

* თუ ბავშვს კომპიუტერთან ჯდომას ავუკრძალავთ, მას რაიმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ იმ დროის შესავსებად, რომელიც მას მონიტორთან უნდა გაეტარებინა.

* ვიზრუნოთ ბავშვის თვითშეფასების ამაღლებაზე, ვუპოვოთ ისეთი საქმე, რომელშიც წარმატებას მიაღწევს და რომელიც საკუთარი თავის რწმენას გაუძლიერებს.

* დავეხმაროთ ბავშვს, რეალურ სამყაროში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება, რათა არ გაუჩნდეს ამის ვირტუალურ სამყაროში გაკეთების სურვილი.

* გამოვუმუშაოთ კომპიუტერის სასწავლო მიზნით გამოყენების უნარ-ჩვევები.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ კომპიუტერის უარყოფა გაუმართლებელია. ის ძალიან გვიმსუბუქებს ცხოვრებას და  ბევრი პრობლემის მოგვარებაშიც გვეხმარება. ამდენად, აჯობებს, თუ ბავშვს, აკრძალვის ნაცვლად, კომპიუტერის სწორ, გონივრულ გამოყენებას ვასწავლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი