პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რეპეტიტორი

(მონოლოგი რეალურ ამბებზე ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორის ორმოცწლიანი პრაქტიკიდან)

ამას წინათ  ჩემმა თანაკლასელმა მითხრა:

-რა ბედნიერი ხარ, რომ რეპეტიტორობ და იოლად შოულობ ფულსო.

ჯერ დავიბენი, მერე გამეცინა და გამახსენდა კონსტანტინე პაუსტოვსკი, რომელიც ავტობიოგრაფიაში წერს: „დედ-მამა რომ გაიყარნენ, მე სხვა გზა არ დამრჩა, ჩემით უნდა მერჩინა თავი და ხელი მოვკიდე ყველაზე რთულ და უმადურ საქმეს, რეპეტიტორობასო“. სწორედაც რომ რეპეტიტორს მიესადაგება  შესიტყვება – „უმადური საქმე“ . ვისაც ეს არ გამოუცდია, იმას ჰგონია, რომ ამ შრომით ნაშოვნი ლუკმა „იოლია           “.

დაქირავებულ მუშები

ერთხელ ერთ გამომცემლობაში მოვხვდი ვახტანგ როდონაიასთან ერთად. ვისხედით და ვსაუბრობდით. ჩვენთან ერთად იქ იყვნენ სხვა საგნების სპეციალისტებიც – ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები. აღმოჩნდა, რომ ყველა ვრეპეტიტორობდით. მაშინ ვახტანგ როდონაიამ იხუმრა, მაგრამ სინამდვილეში სიმართლე თქვა: ჩვენი, რეპეტიტორების, გადარჩენილია 90-იანი წლების საქართველო, მაშინდელმა ბავშვებმა თუ რამე იციან, ჩვენი დამსახურებააო.

რეპეტიტორი რომ ნერვიულობს, არ ვიცი, რომელიმე პროფესიის ადამიანი თუ ნერვიულობს იმდენს. უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს ბავშვის, მშობლის და თუ საკუთარი თავის წინაშე. რთული პროფესიაა. სიმართლე კი ის არის, რომ რეპეტიტორი ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაა, რომელსაც ფულს უხდიან.

„რა ამბავ“ ხდება რეპეტიტორთან

ის, რომ ჩვენს შვილებს არ უნდათ ქართულის სწავლა და არ აინტერესებთ, ამაში ყველა ვცოდავთ – მშობლებიც, მასწავლებლებიც და სისტემაც. ერთხელ ერთი მოსწავლის მშობელი მეუბნება (შვილი იტალიურ სკოლაში დაჰყავდა): ქალბატონო ნანა, მიშველეთ რამე, ჩემს შვილს სძულს ყველაფერი ქართული, მეუბნება, რომ ქართული ლიტერატურა არ არსებობს და რაც ქართულია, არაფერი არ წაიკითხებაო.  ეს წუხდა მაინც  და, სამწუხაროდ,  ისეთი მშობლები უფრო მრავლად არიან, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართული ლიტერატურა მართლა არაფრად ვარგა და არც არის საჭირო მისი სწავლება.

ერთ ბავშვს ვამეცადინებდი. დედამისმა პირველივე გაკვეთილზე მისი თანდასწრებით გამომიცხადა: ძალიან გთხოვთ, გრიგოლ ორბელიანი გამოტოვეთ, არ მინდა ჩემმა შვილმა მის შესახებ რაიმე იცოდესო.  რატომ-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე. ჯერ ერთი-რუსის გენერალი  იყო, მეორეც- საქართველოს მოღალატე იყო და მესამეც – საკუთარ დისშვილს ფულს არ აძლევდა და ის გენიოსი ბიჭი უპატრონოდ მოკვდაო… ვუყურებდი და არ ვიცოდი, ვინ შემცოდებოდა, გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ყოველ წერილში ფულს დებდა ეფემიას მიუტანეთო, რომელმაც ტატოს და გაამზითვა, ოღონდ გაუთხოვარი არ დარჩესო, თუ თვითონ ის ქალბატონი… რა უნდა ქნა ასეთ დროს? კამათი არ ღირს, მაინც ვერ გაიგებენ…

ერთხელაც, ეს სხვა იტორიაა, მოსწავლემ გაკვეთილზე დაიგვიანა,  მწვრთნელს არ გამოუშვია დროზე. ყოჩაღი, ხალისიანი ბიჭუნა იყო. ელიზბარი ერქვა. ვსხედვართ მე და დედამისი და ვსაუბრობთ. კარი გაიღო და აქოშინებული ბავშვი შემოვიდა. ვაჟას გავდიოდით. გავეხუმრე: „გვიამბე ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა…“ ვაიმე, ეს რა იყო, ქალბატონო ნანა, – გაოცებულმა გადმომხედა დედამ. ვაჟას „ბაკური“ არ გახსოვთ-მეთქი? მომაკვდინებელი პასუხი მივიღე: რა გაუნათლებელი იყო, არა ის საწყალი!..

ასეთი შემთხვევებიც მქონია: გიწვევენ რეპეტიტორად და პირველად მიდიხარ მოსწავლესთან. ბავშვის მშობლების გარდა იქ გხვდება  უამრავი ადამიანი: დედა, მამა, ბიცოლა, ბიძა, პაპა-ბებია, მოსამსახურეები, მძღოლი, კარის მეზობლები… და იმის მაგივრად მე მომისმინონ, რა პირობებს ვთავაზობ, რის ვალდებულებას ვიღებ, რას ვითხოვ მათგან ან ბავშვისგან, ისინი იწყებენ საუბარს (თან უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი), თუ როგორ  უნდა ვასწავლო   ბავშვს ქართული ენა და ლიტერატურა, საიდან დავიწყო, რაზე გავამახვილო ყურადღება და ა.შ.    ახალგაზრდა რომ ვიყავი,  მერიდებოდა  პასუხის გაცემა. ახლა ბოლომდე ვისმენ მათ „დარიგებას“, მერე ვდგები და თავაზიანად ვეუბნები: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ისე კარგად გცოდნიათ ჩემი საგანი, რომ მე აქ ზედმეტი ვარ, თავადაც მშვენივრად გაართმევთ თავს!.. და მშვიდი სინდისით მოვდივარ იქიდან.

საფრთხე

მე მაინც მგონია, რომ სკოლაში ბავშვებს ისეთ ნაწარმოებებს ვთავაზობთ, რომელთა გაგებაც უჭირთ, რომელთა აღსაქმელადაც  ბავშვი მზად არ არის. არავინ კითხულობს, არიან კი კომპიუტერს მიჯაჭვული ჩვენი შვილები ამისთვის მზად?! „ჯაყოს ხიზნებზე“  არაფერს ვამბობ, ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ არანაკლები სირთულის ნაწარმოებია.  ჩვენ ჯიუტად არ გვინდა დავიჯეროთ, რომ  ბავშვებს ამბავი უფრო აინტერესებთ და ნაკლებად სწვდებიან იდეას (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმრავლესობა ასეა), რადგან იდეით დაინტერესება და სახეებით აზროვნება,  ცოტა გვიან იწყება, როცა ამბისადმი ინტერესი ნელდება და წინ იდეა, გამომსახველობითი საშუალებები და მწერლის სტილი წამოიწევს. ან რა იდეაზეა ლაპარაკი, მაშინ, როცა ბავშვებს თხრობა არ შეუძლიათ. იშვიათად, რომ  მოსწავლემ თვიდან ბოლომდე დალაგებულად გიამბოთ რომელიმე ნაწარმოების შინაარსი. ნაწარმოები კი არა, მარტივ კითხვებსაც ვერ პასუხობენ გასაგები ენით. ქართულად ლაპარაკი დაავიწყდათ ჩვენს შვილებს. ორმოცი წელია რეპეტიტორი ვარ და თითებზე შემიძლია იმ ბავშვების ჩამოთვლა, რომელთაც ლიტერატურული სმენა და ალღო ჰქონიათ. დანარჩენები  საშუალო ბავშვები არიან. ბავშვს რომ აზროვნების პრობლემა აქვს, ამაში მშობლების ბრალეულობაც ძალიან დიდია. იმიტომ, რომ ისინი ადრეული ასაკიდან შეჰყავთ უცხო ენებზე და ქართულად რომ აზრი გადმოსცენ, ინგლისურიდან ან, რუსულიდან თარგმნიან  ჯერ და ისე მიყვებიან. ამას ემატება კომპიუტერი.  ჩვენი შვილები კომპიუტერული თამაშებით სწავლობენ ინგლისურს ბავშვობიდანვე. მულტფილმებსაც ინგლისურად უყურებენ. ქართულად გახმოვანებული მულტფილმები ხომ ცალკე უბედურებაა (ნეტა გამაგებინა, სად პოულობენ ასეთ მთარგმნელებს!).  ამას წინათ ტელევიზორიდან მოვისმინე  ასეთი ფრაზა: „ბოდიში, რომ ეს მომიხდა ფანჯარასთან დაკავშირებით“.  ასეთი ქართულით ლაპარაკობენ ჩვენი ბავშვები (და ხშირად მშობლებიც).  ერთმა ბავშვმა „შუშანიკის წამების“ შინაარსი იუმორით და ჟარგონით დამიწერა, და იცით რატომ? იმიტომ რომ ლიტერატურული ენით დაწერა ვერ შეეძლო, და რადგან გონიერი ბიჭია, სერიოზული სახე არ მისცა ნაწერს, რომ გული არ გამხეთქვოდა. მე გამიფრთხილდა, გესმით, ასე ამიხსნა თვითონ, ეს ფორმა ამიტომ ავირჩიე, სხვა გზა არ მქონდაო. რაღაც სერიოზულია მოსაფიქრებელი, რაღაც უნდა ვუშველოთ მომავალ თაობას და მშობლიურ ენას.

„მოსიარულე“ და „სახლის“ რეპეტიტორი

როდესაც ქალქის ცენტრში სახლში დადიხარ მოსწავლესთან (რაც უნდა კარგი სპეციალისტი იყო, ცენტრში თუ არ ცხოვრობ, სახლში არავინ მოვა შენთან და, ფაქტობრვად, უმუშევარი რჩები), შენ უკვე „მოსიარულე“ რეპტიტორის იარლიყი გაქვს მიწებებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნები, გარეუბანში ცხოვრობ, ძალიან გიჭირს და შენი შეფასება-დაფასების ხარისხიც, შესაბამისად, დაბალია. როგორც ზემოთ ვთქვი, ხარ ჩვეულებრივი დაქირავებული მუშა, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრონ. თუ ცენტრში ცხოვრობ და მოსწავლე შენთან მოდის სახლში,  დაღლით კი იღლები, მაგრამ მოულოდნელი სტრესებისგან ხარ დაცული. სტრესი კი მშობლისგან მოდის, თორემ ბავშვები (ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი დასკვნა გამომაქვს ჩემი მრავალწლიანი სარეპეტიტორო პრაქტიკიდან) ცენტრალურ უბნებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფერი აქვთ, ხშირად  უფრო „საყვარლები და დაუცველები“ არიან. ვეცდები, უფრო ზუსტად აგიხსნათ, რას ვგულისხმობ:  ზოგჯერ მშობლები ისე ექცევიან შვილებს, გული მოგიკვდება. ამ შემთხვევაში უფრო პატარა ასაკის მოსწავლეებს ვგულისხმობ. დიდი ხანი არ არის, რაც პატარებთან დავიწყე მუშაობა და მივხვდი, რომ ახალგაზრდა მშობლების შვილები ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს განიცდიან. მათ ენატრებათ მოსაუბრე, მომფერებელი. მშობლები დილიდან საღამომდე სახლიდან გასულები არიან, მათი შვილები კი, უზარმაზარ კომფორტულ სახლებში გამოკეტილები, მხოლოდ თავიანთ ძვირადღირებულ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან  ურთიერთობენ. ისინი, შეიძლება  ამას სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ მიტოვებულად და დაუცველად გრძნობენ თავს. ამიტომ შენ უკვე იცი, რომ ცოდნასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მისცე მათ – სითბო და სიყვარული, და ისინიც ძალიან მალე გიმეგობრდებიან, მოიწევენ შენთან გულის გადასაშლელად, ჩასახუტებლად, გიჯერებენ, გისმენენ, აღარ იციან, სიყვარული როგორ გამოხატონ. და აქ, უცებ, გაუთვალისწინებელი რამ იჩენს თავს: როგორც კი მშობლები ხვდებიან, რომ შენ მათ შვილს შეუყვარდი, ეგოისტდებიან, ეჭვიანობენ შენზე, უკმაყოფილო სახით დადიან, შენიშვნებს გაძლევენ. შეიძლება „თავაზიანად“ გამოგისტუმრონ კიდეც.

შემთხვევა 1

ერთ ცნობილ ოჯახში მიმწვიეს პედაგოგად. ბავშვის დედამ დამირეკა, მეგობრებში დავიჩივლე და თქვენი თავი მირჩიესო. აბიტურიენტი გოგონა ჰყავდა. ზოგადად  ინტელექტუალური ბავშვი იყო, მაგრამ ქართული  ლიტერატურა საერთოდ არ იცოდა (დედა რუსულ ლიტერატურას ანიჭებდა უპირატესობას), გრამატიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არადა, სკოლის გამოცდებიც ჩასაბარებელი ჰქონდა და ეროვნულ გამოცდებამდეც ცოტა დრო იყო დარჩენილი, დაახლოებით 5 თვე. კვირაში სამჯერ დავდიოდი და იმდენ ხანს ვამეცადინებდი, რომ ზოგჯერ დედა   ოთახის კარს შემოგვიხსნიდა და გვეუბნებოდა, დაასრულეთო.  მე სხვა გზა არ მქონდა, პასუხისმგებლობა ავიღე, დრო არ იცდიდა. სკოლის გამოცდაში გოგონამ უმაღლესი შეფასება მიიღო. წესით, მშობლისთვის, ეს უნდა ყოფილიყო  იმის ნიშანი, რომ  მე თავს არ ვზოგავდი. მაგრამ, თუ არ უნდათ, შენს შრომას არ დაინახავენ:

სწორედ ეროვნული გამოცდების წინ სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია. მასალა ფაქტობრივად, გავლილი გვქონდა, მხოლოდ  ერთი ნაწარმოები გვქონდა გადასამეორებელი და ბოლო გაკვეთილზე ვაპირებდი ამის გაკეთებას. მოხდა ისე, რომ  წინასაოპერაციო დღე ბოლო გაკვეთილს დაემთხვა. ვიფიქრე, მივალ დილით, ვამეცადინებ, ჰონორარს ავიღებ და გულდამშვიდებული წავალ საავადმყოფოში -მეთქი. ეს იყო პირველი შემთხვევა, გაკვეთილი შედარებით ადრე რომ დავასრულე. ბავშვი გავიდა, რომ დედისთვის ეთქვა ჩემი წასვლის შესახებ. თბილად, მეგობრულად მინდოდა გამომშვიდობება, მაგრამ შემოდის  გაცოფებული დედა და ისტერიკული ხმით მიკივის: „იმას ხომ უზიხარ სამეცადინოდ მთელი დღე – ერთი საერთო ნაცნობის ბავშვზე მეუბნება – ეს არის თქვენი პედაგოგობა, გამოცდები კარზეა მომდგარი, თქვენ კი ასე სწრაფად გარბიხართ“.

გაოცებული ვუყურებდით მეც და ბავშვიც, მაგრამ სიმშვიდე არ დამიკარგავს, წყნარად ვუთხარი: მაპატიეთ,  ახლა ამ თემაზე  კამათის არც დრო მაქვს და არც განწყობა, ამიტომ, თუ შეიძლება, მხოლოდ ჩემი წიგნები მომეცით და წავალ-მეთქი. ფული, რა თქმა უნდა, აღარ მომითხოვია. წიგნები შემოიტანა და კი არ მომცა, მესროლა. გავშრი. ბავშვს  შევხედე. სახეგათეთრებული კუთხეში აბუზული იდგა და კანკალებდა. მეც რომ ამეწია ხმა,  კიდევ უფრო დიდ სტრესს მიიღებდა. ამიტომ ავიღე წიგნები და  უხმოდ გამოვედი. ფული საერთოდ აღარ გამხსენებია. დამეწია, ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა, ფული ჩამიტენა და მითხრა, თქვენი მათხოვარი ვინ არისო. უამრავ ჩემს ყოფილ აბიტურინტთან დღემდე ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს,რომ უკვე მათ აბიტურიენტ შვილებს და შვილიშვილებს ვამზადებ. ეს გოგონა კი (მას მერე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს) დღემდე თვალს მარიდებს. ჰო, ეროვნულ გამოცდებზეც მაღალი ქულები მიიღო, უმაღლესი შეფასება. დედის განერვიულების მიზეზი კი, რამდენჯერაც ეს ამბავი გამახსენდება, ვფიქრობ, რომ მისი ეგოიზმი იყო – გოგონა დამიმეგობრდა და ეს ვერ აიტანა.

შემთხვევა 2

მირეკავს მოსწავლის დედა, მეათეკლასელს ვამეცადინებდი, და მეუბნება, ხვალ დილის 7 საათზე  ჩვენთან უნდა იყოთ სახლში აუცილებლადო.  ვუხსნი, ასე ადრე გამორიცხულია, მეც მყავს ოჯახი, შვილები და ჩემს საქმეებსაც დილით ვაკეთებ, თანაც სანამ ტრანსპორტი თქვენამდე მომიყვანს… ვინ გისმენს?  არაო, უნდა მოხვიდეთ აუცილებლადო, სკოლის მასწავლებლმა უთხრა ჩემს შვილს,  საკონტროლო უნდა გაწერინოო. აიყვანეთ ტაქსი, სადარბაზოსთან დაგხვდებით და  ფულს მე გადაგიხდითო (ასეთ დროს ხან მძღოლებს გიგზავნიან, ხან ტაქსს. თვლიან, რადგან ფულს გიხდიან, ნებისმიერ დროს უნდა მიხვიდე. დამავიწყდა მეთქვა, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რა შესაძლებლობები აქვს მათ შვილს, ნიჭიერია თუ უნიჭო, რომ დიდი მოლოდინები არ ჰქონდეთ, უფრო სწორად, ჰქონდეთ ადეკვატური მოლოდინი და მე არ შემაწმინდონ ხელები). რაღას ვიზამდი, დავთანხმდი. გავაჩერე დილაუთენია ტაქსი და წავედი. რა თქმა უნდა, არავინ დამხვედრია. გადავიხადე ფული და ავედი. ჰო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რაც ამ ოჯახში დავდიოდი, მხოლოდ დედასთან მქონდა ურთიერთობა და არასოდეს შევხვედრივარ ბავშვის მამას. ოღონდ ვიცოდი, რომ არსებობდა. დავრეკე ზარი და კარს მიღებს შიშველი მამაკაცი. დგას ტრუსების ამარა. ცალი ხელით  წინ გაზეთს  იფარებს, მეორეთი ბორჯომის ბოთლი აქვს საფეთქელზე მიდებული. სახე აღაჟღაჟებული. წინა ღამის ნაქეიფარია. ხრინწიანი ხმით მეკითხება: ვინა ხარ, ქალბატონო, ამ დილაუთენია რას მერჩიო. ავუხსნი  ვინ ვიყავი და „რას ვერჩოდი“. ის კიდევ, არც მობრძანდით, არც უკაცრავად, არც დილა მშვიდობისა, შებრუნდა, გაზეთი ახლა უკანალზე მიიფარა და მთელი ხმით დასჭექა ტკბილ ძილში მყოფ ცოლ-შვილს: მე თქვენი… ამ დილაუთენია რას დამაყენეთ თავზე ეს ქალი, ხაშიაო!  რა დღეში ჩავვარდი, როგორი შეურაცხყოფილი დავრჩი, ამას ვინ აღწერს, ისე გავმწარდი და გავნერვიულდი, ათასი ბოდიშიც რომ ეხადათ, გაკვეთილის ჩამტარებელი არ ვიყავი. წამოვედი და აღარც მივსულვარ. თურმე მე რომ დამირეკა და დილაუთენია გზას გამიყენა, დედიკომ ძილი გააგრძელა და არც მე გავხსენებივარ და არც ის, რომ ტაქსისტისთვის ფული უნდა გადაეხადა. დაუხოცავთ მერე  ცოლ-ქმარს ერთმანეთი, ჩვენმა საერთო ნაცნობმა მიამბო, მაგრამ გვიანი იყო.

შემთხვევა 3

რეპეტიტორის უპატივცემულობის კიდევ ერთი ნიშანია მოსწავლესთან დაულაგებელ სახლში მისვლა. მივედი ერთხელ ერთ მოსწავლესთან. ძალიან შეძლებული ოჯახი იყო. ვრეკავ ზარს. იღება კარი. გავიარე კორიდორი. ამის მერე მისაღებია და  მერე ბავშვის სამეცადინო ოთახი, მაგრამ მისაღებში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ იატაკზე დაგებული უზარმაზარი ხალიჩა მთლიანად ვერცხლის დანა-ჩანგლითაა მოფენილი. ნოხზე ფეხის დასაბიჯებელი ადგილი არ არის. არადა, მობრძანდით, ქალბატონო ნანა, მობრძანდით, მეძახის ოთახიდან ბავშვის დედა. შევიცხადე, კი მაგრამ, როგორ შემოვიდე, ფეხი სად დავადგა-მეთქი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ელზა( მოსამსახურე) მოვა მალე და აალაგებს. ჩემი პატარა ერთობა (მოსწავლის 4 წლის და), ფეხით მისწი-მოსწიეთ ყველაფერი და მიხვალთ სამეცადინო ოთახამდეო. ზურგი გამიცივდა. ბავშვობა გამახსენდა: არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ პატარამ ჩანგალი ჩავირჭე თავში, ბეწვზე გადავრჩი, და უცებ ძალიან შემეშინდა,  რამე მსგავსი არ დაემართოს-მეთქი ამ ბავშვს. ან ფეხით როგორ მივყრიდი ამდენ დანა-ჩანგალს. თასი გამოვართვი, ჩემი ხელით სათითაოდ წამოვკრიფე და მხოლოდ ამის შემდეგ შევედი მოსწავლესთან.

იცი, შეიძლება ვინმემ არც დაიჯეროს, მაგრამ თავიდან, წლების წინ, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, რომ მივიდოდი მოსწავლესთან და იქურობა უწესრიგოდ დამხვდებოდა, სანამ ბავშვი მოემზადებოდა, მე ოთახს ვალაგებდი. რა აღარ დამხვედრია მაგიდაზე დახვავებული – ტანსაცმელი, ნაჭამი თეფშები, თხილამურები, მტვერზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ… სკამს ვერ ვპოულობდი დასაჯდომად.  ახლა   ასე აღარ ვიქცევი, დასალაგებელი ჩემი სახლიც მყოფნის. არ ვუყურებ, ოთახში რა ხდება. ავიღებ ბავშვის სვიტრს ან პერანგს, მოვასუფთავებ მაგიდის იმ ნაწილს, რომელიც მჭირდება, დავაწყობ წიგნებს და ვიწყებ გაკვეთილს.

რეპეტიტორის ჰონორარი

ზოგადად, რეპეტიტორისთვის ჰონორარის მიცემის დაუწერელი კანონი ასეთია: ჰონორარს გიხდიან წელიწადში ორჯერ, ოთხჯერ ან ყველა თვის ბოლოს – რვა გაკვეთილის შემდეგ. როგორც წესი, მშობლებიც და რეპტიტორებიც, უმეტესად უკანასკნელს ირჩევენ ხოლმე. ყოველი მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ შენ  ბავშვსაც და მშობელსაც ახსენებ (თვითონ იმდენი საქმე აქვთ, არ ამახსოვრდებათ), რომ შემდეგი გაკვეთილი არის ჰონორარის დღე. ახლა რას დავაკვირდი ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე: მერვე გაკვეთილს, როგორც წესი, ბავშვი აცდენს, უფრო სწორად, გირეკავენ და გეუბნებიან, რომ  რომ არ მიხვიდე ამა თუ იმ მიზეზის გამო.  და ეს შეიძლება გაიწელოს ორ კვირას; ან გთხოვენ, რომ ამ თვეში ფულს ვერ მოგცემენ,  მაგრამ მაინც უნდა იარო და მერე ერთად გადაგიხდიან ორი თვისას. და როდესაც ეს ორი თვეც გავა, ანუ 16 გაკვეთილი,  და როცა იძულებული ხარ, ისევ შეახსენო ჰონორარის გადახდის დღე, მშობლები ურცხვად გეუბნებიან: „ვაიმე, რა ჩქარა მოვიდა გადახდის დრო, ქალბატონო ნანა!“ ანდა: „უი, კი გამოვართვი ჩემს ქმარს ფული, მაგრამ თქვენს მოსვლამდე შემომეხარჯა“…

ცალკე თემაა ფულის საერთოდ არ გადახდა და ამის გამო ბოდიშის არმოხდა. ისედაც თითქმის ყოველ წელს მყავს 1-2 ისეთი მოსწავლე – ახლობლების, მეგობრების შვილები – რომლებისგანაც ფულს ვერ და არ ვიღებ, მაგრამ ამასთან ერთად, ყოველთვის არის რამდენიმე ისეთიც,  რომლებიც ისე დაიკარგებიან ბოლო მეცადინეობებიდან, რომ არც თვითონ გეტყვიან მადლობას, არც მშობელი გამოჩნდება და მოგიბოდიშებს და ამის გამო ის წესიერი ადამიანები  გრძნობენ თავს დამნაშავედ, ვინც ეს ბავშვები გამოგიგზავნა. მაგრამ არა უშავს, შეჩვეული ვარ ამას. ალბათ სხვებთანაც ხდება მსგავსი რამ.

რეპეტიტორის არჩევა

არ დაიჯერებ და, რეპტიტორს მიკროსკოპულად ამოწმებენ მშობლები, ზოგჯერ ბავშვებიც. ბოლო ათი წელია ამ მიზნით აქტიურად იყენებენ კომპიუტერს. მოკლედ, სანამ ოჯახში მიხვალ, ინტერნეტიდან ამობეჭდილი შენი CV უდევთ მაგიდაზე. მინდა გითხრათ, მარტო ცოდნას და საქმიანობას კი არ გიმოწმებენ, გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, და არა მხოლოდ გარეგნობას: ერთ ოჯახში მითხრეს, თქვენამდე გავუშვით მასწავლებელი იმიტომ, რომ  ბორშის სუნი ასდიოდა და ბავშვმა ვერ იგუაო. კალიგრაფიასაც  აკვირდებიან, თუმცა თვითონ ბატიფეხურით წერენ. ცალკე თემაა „მზრუნველ-მეთვალყურე“ ბებიები: „ქალბატონო ნანა, 15 წუთით ადრე მოხვედით!“ ან: „ ქალბატონო ნანა, 15 წუთით დაიგვიანეთ!“ – თითქოს ისინი ამ ქალაქში არ ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ საცობების ამბავი. ერთხელ ცნობილი სუნამო შანელი მაჩუქეს. დავისხი და ერთ შეძლებულ ოჯახში წავედი გაკვეთილის ჩასატარებლად. ჩემს მოსწავლეს სუნის ამოცნობა არ გაუჭირდა და გაოცებულმა მკითხა: „ვა, ნანა დეიდა, კოკო შანელი, თქვენ საიდან?!“

იმდენი ასეთი ისტორიაა, „ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“… ამიტომ ჯობია, შევწყვიტო მოყოლა.

მოგადგება მერე ვინმე ბრიყვი და გეტყვის: რა იოლად შოულობ  ფულსო…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი